სოკო სტუდიო - ინოვაციური, ხელნაკეთი სანათურები ქართული ბაზრისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიზაინი და ხელობა "სოკო სტუდიოში" იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. აქ სანათურები და აბაჟურები უნიკალური ხელით მხატვრობისა და პრინტების კომბინაციით იქმნება. ბაზარზე არსებული სანათურების ერთფეროვნების ფონზე, "სოკო სტუდიო" მომხმარებელს განსხვავებულ, ვიზუალურად გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. სტუდიის თანადამფუძნებელი, ნინო ფრანგულაიშვილი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი:

"ყოველთვის ვეძებდი გამორჩეულ სანათურებსა და ჭაღებს, თუმცა ბაზარზე არსებული პროდუქცია ჩემთვის ხშირად ერთფეროვანი იყო. აქედან გაჩნდა იდეა, რომელიც ჩემს მხატვარ ბიძაშვილს, ნატა ყურაშვილს, გავუზიარე. ნატამ საკუთარი ხელით დაიწყო ხატვა და უნიკალური პრინტების შექმნა, ხოლო მე ვაწყობ აბაჟურებსა და სანათურებს. ჩვენი პროდუქტების განსაკუთრებულობას კი სწორედ ეს ხელით შექმნილი დეტალები განაპირობებს", - აღნიშნავს ნინო ფრანგულაიშვილი.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს რისკებზე წასვლასა და საკუთარი თავის რწმენას - "სოკო სტუდიოც" გამონაკლისი არ ყოფილა. ნინო Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დიდი გამბედაობა სჭირდებოდა სამსახურის დატოვებასა და საკუთარი საქმის წამოწყებას. ეს ნაბიჯი მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოეყენებინა.

"ნატა და მე ერთმანეთს ვავსებთ, რაც ბიზნესის წარმოებას გვიადვილებს. სწორად გადანაწილებული როლები უმნიშვნელოვანესია ჩვენი საქმიანობისთვის", - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ გუნდური მუშაობა განაპირობებს სამუშაო პროცესის ეფექტიანობას.

ახალი ბიზნესის განვითარებასთან ერთად ყოველთვის ჩნდება რთული გამოწვევები, და "სოკო სტუდიომაც" მრავალი დაბრკოლება გადალახა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში საჭირო მასალების ნაკლებობა იყო, რამაც პირველ ეტაპზე საქმიანობა გაართულა.

"სამუშაო მასალები აქ არ გვქონდა, რაც თავიდან სერიოზულად გვირთულებდა საქმეს. თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით ალტერნატიული მასალები, რომლებიც ახლა აქტიურად გამოიყენება წარმოებაში", - იხსენებს ნინო. მისი თქმით, ეს მიდგომა კომპანიის დამოუკიდებლობასა და კრეატიულობასაც ხაზს უსვამს.

ბუნება, ყვავილები და ხელოვნების სიყვარული "სოკო სტუდიოს" დამფუძნებელთა შთაგონების წყაროებია. ნინოსთვის ხელით მუშაობა ერთგვარი განტვირთვაა, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტების შექმნაში ეხმარება, არამედ განწყობასაც უქმნის შემდგომი განვითარებისკენ.

"როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შთაგონება თავისით მოდის. ჩემთვის ხელსაქმე ბავშვობიდანვე საინტერესო იყო. ბუნება და ყვავილები კი ჩვენი უშრეტი ინსპირაციის წყაროა", - აღნიშნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ "სოკო სტუდიო" ჯერ კიდევ განვითარებადი კომპანიაა, მისი დამფუძნებლები ამბიციურ გეგმებს ისახავენ მომავლისთვის. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს სახელოსნოს გახსნას და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას დეკორატიული ნივთებისა და აქსესუარების ხაზით, რაც სტუდიოს ვიზუალურ იერსახეს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს გახდის.

"სოკო სტუდიო" სამომავლოდ ბევრ ახალ იდეასა და პროექტს გეგმავს, რაც ქართულ ბაზარზე ხარისხიანი და უნიკალური დიზაინის პროდუქციის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. კომპანიის მისწრაფება არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებაა, არამედ იმ ადამიანების სურვილების გათვალისწინება, ვისაც სურს ყოველდღიურობაში მეტი ესთეტიკა და ხელოვნების ელფერი შემოიტანოს.