სპექტრუმი პირველ ეროვნულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსს გამართავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპექტრუმი წარმოადგენს თბილისში დაფუძნებულ არქიტექტურულ კომპანიას, რომლის საქმიანობაც 100-ზე მეტ განხორციელებულ პროექტს მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. კომპანიის საერთაშორისო გუნდი სხვადასხვა დარგის ექსპერტებს აერთიანებს. აღნიშნული ახალბედა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გამოცდილ პროექტის ხელმძღვანელებთან თუ არქიტექტორებთან ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ეფექტური გაზიარება შეძლონ.
სპექტრუმისთვის ახალი თაობის პროფესიული განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რითიც არის შთაგონებული ახალი ინიციატივაც. კომპანია წელს პირველად გამართავს ეროვნულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსს Shape The Future Together, რომელიც საქართველოში ახალგაზრდა არქიტექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და აკადემიური წრეების დაახლოებას ისახავს მიზნად.
"ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ინდუსტრიის საფუძველი ახალი თაობისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნაა. კონკურსი სპექტრუმისთვის ინვესტიციაა მომავალ არქიტექტორებში – გვსურს, ახალგაზრდებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და იგრძნონ, რომ ინდუსტრია მათ ელოდება", – ამბობს სპექტრუმის არქიტექტორი ანანო ქურდაძე.
კონკურსი 8 მაისს "ჰილტონ თბილისში" გაიმართება კლაუზურას ფორმატით, რომლის თემასაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შექმნა წარმოადგენს. კონკურსანტებისთვის მომზადებული იქნება მკაფიოდ განსაზღვრული დავალება დეტალური აღწერით, სადაც ასახული იქნება საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური თავისებურებები და ადგილმდებარეობის სპეციფიკა.
მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის სპეციალობის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 60 სტუდენტით. რეგისტრაცია მიმდინარეობს სპექტრუმის ვებგვერდზე. განაცხადისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუდენტობის ცნობა, პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია პროფესიული სფეროს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებით: მათ შორის წარმოდგენილნი არიან სპექტრუმის არქიტექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საპროექტო დავალების თემასთან შესაბამისობა, მოცემულ გარემოსთან ინტეგრირება, ასევე სივრცითი და არქიტექტურული გადაწყვეტა.
შეფასების პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ნამუშევარს მიენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და მონაწილეთა ვინაობა ჟიურის წევრებისთვის კონფიდენციალური იქნება. ჟიური გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი კრიტერიუმის გათვალისწინებით ინდივიდუალურად. ქულათა შეჯამება მოხდება ჟიურის წვერებისგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე საავტორო უფლებები სრულად შეუნარჩუნდებათ კონკურსანტებს.
კონკურსის სამი გამარჯვებული მონაწილე დაჯილდოვდება სრულად დაფინანსებული შემეცნებითი ტურით ევროპის არქიტექტურულად გამორჩეულ ერთ-ერთ ქალაქში - ვენაში, პრაღაში, ბუდაპეშტში, ბარსელონასა ან პარიზში, სადაც ისინი გაეცნობიან არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს და მოამზადებენ ვიზუალურ და წერილობით ნაშრომს, ასევე ფოტომასალასა და ესკიზებს. საუკეთესო ნაშრომის ავტორი დამატებით მიიღებს კომპანიაში სტაჟირების შესაძლებლობას, რის შესახებაც სპექტრუმი გაავრცელებს ინფორმაციას.