სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+: პლატფორმა ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება თანამედროვე ეკონომიკაში სულ უფრო მეტად ეფუძნება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების სისტემურ მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროგრამებს, რომლებიც ანტრეპრენერებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ კიდევ იდეის ჩამოყალიბებისა და დახვეწის ფაზაში მიიღონ სტრუქტურირებული ცოდნა, მენტორული მხარდაჭერა და ბაზარზე ორიენტირებული ხედვა.

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ უნივერსიტეტის მიერ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების საუკეთესო მაგალითია.

CUnicorn+ წარმოადგენს ტექნოლოგიურ სტარტაპებზე ორიენტირებულ პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია ადრეულ ეტაპზე მყოფი გუნდების გაძლიერება და მათი გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და ორგანიზებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შერჩევა მოხდა განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე. მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 30 - მდე სტარტაპმა, საიდანაც შეირჩა 10 სტარტაპ გუნდი, ჯამში 40 - მდე მონაწილე. 10 კვირის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ინტენსიური სასწავლო პროგრამა რომელიც მოიცავდა სტარტაპის განვითარების ყველა ძირითად კომპონენტს მათ შორის - მომხმარებლის კვლევა და ვალიდაცია, თანამედროვე ბიზნეს მოდელის სტრუქტურის ფორმირება, ბრენდინგი, პროდუქტის განვითარება, მასშტაბირება და სხვა. სწავლებას საფუძვლად დაედო რეალური პრაქტიკული გამოცდილებები და ბაზრის სიღრმისეული ანალიზი.

მონაწილე სტარტაპები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ინდუსტრიასა და ტექნოლოგიურ მიმართულებას, მათ შორის AdTech, ხელოვნურ ინტელექტს და Deep Tech-ს, EdTech-ს, FilmTech-სა და On-Demand სერვისებს. სექტორული მრავალფეროვნება ხაზს უსვამს პროგრამის ინკლუზიურობასა და მის შესაბამისობას გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებთან.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი იყო ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, მიუხედავად მათი კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებისა. აღნიშნული მიდგომა სცდება ტრადიციული საუნივერსიტეტო პროგრამების ჩარჩოს და ქმნის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ერთიან ინოვაციურ სივრცეში.

CUnicorn+ სრულ თანხვედრაშია კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიასთან, რომელიც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ ცენტრალურ მიმართულებად განსაზღვრავს საერთაშორისო აკადემიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განხორციელდა მჭიდრო პარტნიორობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროგრამის კურიკულუმის განახლებასა და შინაარსობრივ განვითარებაში.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ სმიტის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროგრამის პირველი ორი კვირის სასწავლო შეხვედრები, რომლებიც ფოკუსირებული იყო სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებულ აზროვნებასა და საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებულ მიდგომებზე. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც სტარტაპებს საერთაშორისო მასშტაბზე ოპერირებისთვის ამზადებს.

CUnicorn+ პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპი გახლდათ დემო დღე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ცხრა სტარტაპ გუნდმა საკუთარი იდეები წარადგინა ინვესტორების, დარგის ექსპერტების, პოტენციური პარტნიორებისა და ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.

დემო დღის ღონისძიებაზე ჟიური დაკომპლექტებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჟიურის წევრები:

  • კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
  • ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე
  • ჰარვი სერნოვიცი - ამერიკის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი
  • მიხეილ ჯანელიძე - სტარტაპ Rebut - ის თანადამფუძნებელი და CEO
  • ქეთევან ხუნწარია - ანგელოზი ინვესტორი, Axel - ის საინვესიტიცო საბჭოს წევრი

ღონისძიების დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო სტარტაპები,რომლებსაც ჯილდოს სახით ფულადი პრიზები გადაეცათ.

  • პირველი ადგილი — Klics.io (10 000 ლარი)
  • მეორე ადგილი — Extera (7 000 ლარი)
  • მესამე ადგილი — WashyWashy (4 000 ლარი)

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები:

  • Klics.io- პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს შექმნან მიმზიდველი და მონაცემების ანალიტიკით შექმნილი მარკეტინგული გამოცდილება. უზრუნველყოფს წინასწარ ჩაშენებული მინი თამაშების ბიბლიოთეკას, კონფიგურირებად შაბლონებს და მძლავრ ანალიტიკას, რათა დაეხმაროს ბიზნესს კონვერტაციის გაზრდაში, მომხმარებლის ღირებული მონაცემების შეგროვებაში.
  • WashyWashy გთავაზობთ პრემიუმ კლასის, უწყლო ავტომობილის რეცხვას თქვენს კართან — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას — მარტივი აპლიკაციის საშუალებით.
  • Stipendia.ge — პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო სტიპენდიებისა და სასწავლო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. Stipendia.ge ერგება ყველა ასაკის და ინტერესის მქონე განათლების მაძიებელს - მათ შორის აბიტურიენტებსაც, რომლებიც მალე შეძლებენ AI ხელსაწყოს მეშვეობით შესაბამისი ინტერესების მქონე რეპეტიტორებთან დაკავშირებას.
  • TwinO არის AI SaaS პლატფორმა, რომელიც ბიზნესების მარკეტინგის, გაყიდვების და თანამშრომელთა მართვის გუნდებისთვის პერსონალიზდება. TwinO გარდაქმნის ყოველდღიურ რუტინულ ამოცანებს ოპტიმიზირებად და ავტომატიზირებულ სისტემად, რაც პროცესებს 5-ჯერ აჩქარებს.
  • LakLaka - ეს არის კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ქმნის ქართულ AI ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიებით კი იქმნება, ინტელექტუალური აგენტები როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისთვის.
  • Owlee — ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება პედაგოგებს ეფექტურად მართონ სასწავლო პროცესი და გაყიდონ თავიანთი ონლაინ კურსები ერთიან სივრცეში. სისტემა აერთიანებს სასწავლო მართვის (LMS) ფუნქციებს და მარკეტფლეისს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი კურსების მონეტიზაცია, ხოლო სტუდენტები — მარტივად მოძებნონ, ჩაირიცხონ და ისწავლონ მათთვის შესაფერისი მასწავლებლებისგან. Owlee ამცირებს დროის დანახარჯს, ზრდის მასწავლებელთა შემოსავალს და ქმნის მოსახერხებელ, ტექნოლოგიურად თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას.
  • Sivrce.AI — პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებსა და ბიზნესებს.
    იგი გეხმარება იპოვო ადგილები, რომლებიც შეესაბამება შენს განწყობას, ბიუჯეტსა და ხასიათს — იქნება ეს კაფე, რესტორანი, სამუშაო სივრცე თუ ღონისძიების ლოკაცია — ხოლო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაიზარდონ, მიიზიდონ მიზნობრივი აუდიტორია და გააძლიერონ ხილვადობა.
  • Stamo.ai არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს წუთებში შექმნან პროფესიონალური ვიდეო რეკლამები, ყოველგვარი გადამღები გუნდის ან მონტაჟის გარეშე. პლატფორმა ასევე სთავაზობს ჭკვიან, მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ ანალიზს, რაც ეხმარება ბრენდებს ზრდასა და აუდიტორიის მოზიდვაში.
  • Extera — ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ფილმის გადაღებებისთვის დამატებითი მსახიობების დაქირავებას და მართვას.

ღონისძიებას უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის საერთაშორისო პარტნიორობების სპეციალისტი კერი სლატერი.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ეფესი.

"ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს."