სტატუსზე მეტი: რას ნიშნავს CIS Membership სტატუსი ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბრიტანულ-ქართული აკადემია Council of International Schools-ის (CIS) წევრი სკოლა გახდა და 1,600-ზე მეტი სკოლისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან შემდგარ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას შეუერთდა.
CIS Member School-ის სტატუსის მიღებას წინ უძღვის სტრუქტურირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლა აანალიზებს საკუთარ მისიას, ღირებულებებს, ლიდერობისა და ეთიკური პრაქტიკის სისტემებს, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მექანიზმებს, სწავლა-სწავლებასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის წევრობა უკვე ჩამოყალიბებული მაღალი სტანდარტების საერთაშორისო გაგრძელებაა და, ამავე დროს, ახალი შესაძლებლობა გააძლიეროს საკუთარი პრაქტიკა, ისწავლოს გლობალური გამოცდილებიდან და თავადაც გაუზიაროს ცოდნა საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას.
სტატუსი, რომელიც ავტომატურად არ გაიცემა
Council of International Schools (CIS) საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული სწავლის, თანამშრომლობის, კვლევაზე დაფუძნებული რესურსებისა და საერთაშორისო ქსელების შესაძლებლობებს სთავაზობს.
CIS-ის ოპერაციული დირექტორის, კიმ ჩენზაკის (Kim Czenszak) განმარტებით, ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო განათლების განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ლიდერების ჩამოყალიბების მხარდაჭერა.
"პროფესიული სწავლის, საერთაშორისო ქსელების, აკრედიტაციისა და საგანმანათლებლო სფეროში ლიდერული აზრის განვითარების გზით, ჩვენ ვეხმარებით განათლების პროფესიონალებსა და ინსტიტუტებს საკუთარი პრაქტიკის გაძლიერებაში და მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ვაკავშირებთ", - ამბობს კიმ ჩენზაკი.
მისი თქმით, CIS Member School-ის სტატუსი გამოხატავს სკოლის ერთგულებას საერთაშორისო განათლების ფუნდამენტური ღირებულებებისადმი: ეთიკური პრაქტიკის, მოსწავლეთა კეთილდღეობის, კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისა და უწყვეტი სწავლის მიმართ.
წევრობის პროცესი სკოლას შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად განიხილოს საკუთარი მისია და საგანმანათლებლო მიდგომა, განსაზღვროს ძლიერი მხარეები და გამოკვეთოს შემდგომი განვითარების პრიორიტეტები.
"ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიერ CIS Membership-ის მიღება აჩვენებს სკოლის მზაობას, შექმნას მხარდამჭერი და საერთაშორისო აზროვნებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემო და ითანამშრომლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების პროფესიონალებსა და ინსტიტუტებთან", - აღნიშნავს კიმ ჩენზაკი.
სკოლის მასშტაბით ჩატარებული სამუშაო
CIS Membership-ის მოპოვების პროცესი ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის იმ სისტემური მუშაობის გაგრძელება იყო, რომელსაც სკოლა წლების განმავლობაში საერთაშორისო საგანმანათლებლო ჩარჩოებში ახორციელებს.
აკადემია არის Council of British International Schools-ის (COBIS), IB World School-ისა და Cambridge International School-ის წევრი. შესაბამისად, სკოლას უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოცდილება მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის (safeguarding), უსაფრთხო დაქირავების, სწავლა-სწავლების ხარისხის, პროფესიული რეფლექსიისა და საერთაშორისო აზროვნების მიმართულებით.
პროცესს აკადემიაში ხელმძღვანელობდა მარტინ კეონი (Martin Keon), IB პროგრამის ხელმძღვანელი და CIS Membership-ის პროექტის ლიდი.
"CIS-ში გაწევრიანება უბრალოდ ადმინისტრაციული განაცხადი არ არის. ეს არის მრავალმხრივი და ძირეული პროცესი, რომელიც მოიცავს სკოლის სხვადასხვა სფეროს, თანამშრომლობასა და საკუთარი პრაქტიკის გააზრებულ შეფასებას", - ამბობს მარტინ კეონი.
მუშაობაში ჩართული იყვნენ სკოლის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული თანამშრომლები და მასწავლებლები; განხილვებში გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა გამოცდილება და მათი პერსპექტივაც. გუნდმა გააანალიზა, როგორ აისახება აკადემიის მისია და ღირებულებები ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში, როგორ მუშაობს უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის სისტემები და სად არსებობს შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა.
პროცესმა მკაფიოდ წარმოაჩინა აკადემიის ძლიერი მხარეები: უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, safeguarding-ის ჩამოყალიბებული პრაქტიკა, მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის პირობები და ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის მქონე განვითარებაზე ორიენტაცია.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოიკვეთა სკოლის მთავარი ღირებულებების - "პატივისცემა, პასუხისმგებლობა და მედეგობა" (Respect, Responsibility, Resilience) - კიდევ უფრო თანმიმდევრულად ასახვა სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, საგნობრივ სფეროსა და სასკოლო გამოცდილებაში. იგივე ეხება საერთაშორისო აზროვნებისა და გლობალური მოქალაქეობის განვითარებას.
სტრატეგიული არჩევანი და საერთაშორისო თანამშრომლობა
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის, სალომე დანელიას შეფასებით, CIS Membership-ის მიღება მხოლოდ ახალი საერთაშორისო სტატუსის მოპოვების სურვილით არ ყოფილა განპირობებული. ეს იყო სკოლის განვითარების ლოგიკური ეტაპი და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომის გაგრძელება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგულარულად შევაფასოთ საკუთარი პრაქტიკა, შევადაროთ იგი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას და განვსაზღვროთ, სად შეგვიძლია კიდევ უფრო გავძლიერდეთ", - ამბობს სალომე დანელია.
CIS-ის ხედვა აკადემიის ფართო სტრატეგიულ მიზანსაც ეხმიანება - შექმნას სკოლამდელი და სასკოლო განათლების ერთიანი, თანმიმდევრული ეკოსისტემა, სადაც ბავშვის განვითარება პირველივე საგანმანათლებლო გამოცდილებიდან სკოლის დასრულებამდე ერთიან გზად განიხილება.
ამ მიდგომაში ხარისხი მხოლოდ აკადემიური შედეგებით არ იზომება. იგი მოიცავს უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, ასაკის შესაბამის და თანმიმდევრულ სწავლას, მასწავლებლებთან ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, სოციალური და ემოციური განვითარების მხარდაჭერასა და შემდგომი განათლებისთვის მომზადებას.
წევრობა აკადემიას აძლევს წვდომას პროფესიულ რესურსებზე, კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, ტრენინგებზე და სხვა სკოლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ამავე დროს, სკოლას თავადაც აქვს საერთაშორისო პროგრამების, სწავლა-სწავლების, მოსწავლეთა მხარდაჭერისა და უსაფრთხოების სისტემების მრავალწლიანი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც CIS-ის საზოგადოებისთვის ღირებული შეიძლება იყოს.
სალომე დანელიას თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი ღირებულება სწორედ ამ ორმხრივობაშია: აკადემია სწავლობს სხვა ინსტიტუტების გამოცდილებიდან და საკუთარ წარმატებულ პრაქტიკასაც უზიარებს კოლეგებს.
რას ნიშნავს წევრობა მოსწავლეებისა და ოჯახებისთვის
CIS Membership-ის პრაქტიკული შესაძლებლობები მთელი სასკოლო საზოგადოების განვითარებას მოიცავს.
კიმ ჩენზაკის განმარტებით, წევრი სკოლის მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო მრჩევლებს, ხელმძღვანელებსა და პროფესიული მხარდაჭერის თანამშრომლებს წვდომა აქვთ საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაზე, სწავლის შესაძლებლობებსა და კვლევაზე დაფუძნებულ რესურსებზე.
ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობებს სწავლა-სწავლების, ლიდერობის, safeguarding-ის, მოსწავლეთა კეთილდღეობისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CIS-ის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ქსელი, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. სკოლის საუნივერსიტეტო მრჩევლებს შეუძლიათ ამ კავშირების გამოყენება ცოდნისა და ინფორმაციის გასაზიარებლად და მოსწავლეების დასახმარებლად, რათა მათ შემდგომ განათლებასთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
მშობლებისთვის წევრობის მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ სკოლა დაკავშირებულია საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებასთან, მუდმივად ეცნობა ახალ საგანმანათლებლო მიდგომებს, ავითარებს თანამშრომლებს და საკუთარ პროცესებს სისტემურად აანალიზებს.
სალომე დანელიას შეფასებით, წევრობის გავლენა უნდა აისახოს გააზრებულ გადაწყვეტილებებში, თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში, მოსწავლეთა მხარდაჭერის გაძლიერებასა და საერთაშორისო შესაძლებლობების სასკოლო ცხოვრებაში მიზნობრივად გამოყენებაში.
განვითარების ახალი ეტაპი
შემდეგ ეტაპზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიზანია CIS Membership-ის შესაძლებლობების სისტემურად გამოყენება: საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა, სხვა სკოლებთან და განათლების პროფესიონალებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ეფექტიანი პრაქტიკის გაცნობა და დანერგვა, safeguarding-ისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის სისტემების განვითარება და საუნივერსიტეტო ორიენტაციის საერთაშორისო კავშირების გაფართოება.
მარტინ კეონის თქმით, სკოლა CIS-ის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და სამომავლოდ რეგიონული თუ საერთაშორისო პროფესიული შეხვედრების მასპინძლობის შესაძლებლობასაც განიხილავს.
CIS Membership ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის უკვე არსებული პროფესიული კულტურის საერთაშორისო გაგრძელებაა - არჩევანი, რომ ხარისხი განიხილოს არა როგორც დასრულებული შედეგი, არამედ როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა.
წევრობის სრული ღირებულება ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოჩნდება: უფრო ძლიერი სწავლა-სწავლებით, უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოთი, თანამშრომელთა გაზრდილი პროფესიული შესაძლებლობებით და მოსწავლეების უკეთესი მზადყოფნით, წარმატებით იმოქმედონ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში.