სტივ ჯობსის წარმატების 7 წესი, რომლებიც დღესაც აქტუალურია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტივ ჯობსის გავლენა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დიზაინსა და კომუნიკაციაზე შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს. iPhone-დან და Mac-დან Pixar-ამდე და ციფრულ მუსიკამდე, მისმა იდეებმა შეცვალა ჩვენი მუშაობისა და ურთიერთობის წესები. მეწარმეებისთვის, ლიდერებისა და შემქმნელებისთვის ჯობსის უდიდესი წვლილი არა მხოლოდ მის მიერ შექმნილ პროექტებშია, არამედ იმ პრინციპებში, რომელთა ხელმძღვანელობითაც იგი ცხოვრობდა.
ჯობსის კარიერისა და ფილოსოფიის წლების განმავლობაში შესწავლის შემდეგ, მისი მიდგომები შვიდ ძლიერ წესად ჩამოვაყალიბე, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია. სტივ ჯობსის წარმატების ეს პრინციპები დაგეხმარებათ კრეატიულობის გამოვლენაში, ლიდერობის გაძლიერებასა და თამამი იდეების განხორციელებაში.
1. აკეთეთ ის, რაც გიყვართ
ჯობსი თვლიდა, რომ მიზანდასახულობა უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა იყო. მისი ცნობილი ფრაზაა: "მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა". როდესაც ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა დამწყებ მეწარმეებს, მან მარტივი აღნიშნა: "დავსაქმდებოდი ავტობუსის მძღოლად ან სადმე მსგავს ადგილას, სანამ არ გავარკვევდი, რა მაინტერესებდა სინამდვილეში".
მიზანდასახულობა ხელს უწყობს მდგრადობას, გამძლეობასა და ინოვაციას – განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გამოწვევები ჩნდება.
მთავარი დასკვნა: მიზანდასახული მუშაობა იწვევს მაღალ კრეატიულობასა და გრძელვადიან წარმატებას.
2. დატოვეთ კვალი სამყაროში
ჯობსის ლიდერობა დიდ და თამამ ხედვაზე იყო დაფუძნებული. როდესაც Pepsi-ს მაშინდელი პრეზიდენტი, ჯონ სკალი Apple-ში გადასვლაზე დაარწმუნა, მან ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინადადება წარმოთქვა: "მთელი ცხოვრების განმავლობაში შაქრიანი წყლის გაყიდვა გსურთ თუ სამყაროს შეცვლა?"
დიდი ლიდერები პროდუქტებზე ბევრად შორს ფიქრობენ. ისინი მისდევენ მისიებს, რომლებიც გუნდებს შთააგონებს და იზიდავს მომხმარებლებს.
ძირითადი დასკვნა: ხედვა ინოვაციის, ბრენდის ლოიალობისა და ორგანიზაციული იმპულსის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა.
3. დაამყარეთ კავშირები
ჯობსი კრეატიულობას განსაზღვრავდა, როგორც "საგნების დამაკავშირებელ" ელემენტს. მას სჯეროდა, რომ ინოვაცია ყვავის, როდესაც ადამიანები იკვლევენ მრავალფეროვან ინტერესებსა და გამოცდილებას. მისი კალიგრაფიის გაკვეთილები – რომლებიც იმ დროს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო იყო – ჩამოაყალიბა Macintosh-ის რევოლუციური შრიფტები. ინდოეთსა და აზიაში მისმა მოგზაურობამ გავლენა მოახდინა Apple-ის მიერ სიმარტივის, ინტუიციისა და სილამაზისადმი აქცენტირებაზე.
ნუ დარჩებით იმავე ხაზზე, გააფართოეთ თქვენი მოსაზრებები თქვენივე იდეების გასაზრდელად.
ძირითადი დასკვნა: დისციპლინური აზროვნება აუცილებელია ორიგინალური იდეებისა და რევოლუციური პროდუქტების შესაქმნელად.
4. თქვით უარი 1000 რამეზე
ფოკუსირება ჯობსის ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარე იყო. როდესაც ის 1997 წელს Apple-ში დაბრუნდა, მან კომპანიის პროდუქციის ხაზი 350 ერთეულიდან მხოლოდ 10-მდე შეამცირა. ამან Apple-ს საშუალება მისცა, თავისი საუკეთესო ტალანტები და ენერგია მცირე რაოდენობის მსოფლიო დონის პროდუქტებში ჩაედო.
ჯობსი ამაყობდა იმით, რაც Apple-მა არ გააკეთა.
ძირითადი დასკვნა: სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია ქმნის სიცხადეს, თანმიმდევრულობასა და სრულყოფილ პროდუქტს.
5. შექმენით წარმოუდგენლად განსხვავებული გამოცდილება
ჯობსმა იცოდა, რომ ნამდვილი ინოვაცია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას სცილდებოდა – ის მომხმარებლის გამოცდილებაზეც ვრცელდება. Apple Store-ის შექმნისას ის ამტკიცებდა, რომ მიზანი ყუთების გაყიდვა კი არა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო.
განლაგებიდან დაწყებული, განათებითა და Genius Bar-ის მხარდაჭერით დამთავრებული, ყველა დეტალი გათვლილი იყო მომხმარებელსა და ბრენდს შორის უწყვეტი ემოციური კავშირის შესაქმნელად.
ძირითადი დასკვნა: განსაკუთრებული მომხმარებლის გამოცდილება განასხვავებს შესანიშნავ კომპანიებს კარგი კომპანიებისგან.
6. დაეუფლეთ ინფორმაციის მიწოდების ხელოვნებას
ჯობსი ფართოდ იყო აღიარებული, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციული მთხრობელი. მისი ძირითადი მოხსენებები არამხოლოდ ინფორმაციას წარმოადგენდა – ეს ინფორმაცია გასართობიც იყო, შემეცნებითიც და შთამაგონებელიც. ყოველი სლაიდი შეგნებულად იყო შექმნილი. ყოველი მომენტი დაგეგმილი იყო, ხოლო ყოველი გზავნილი – ნათელი.
ძლიერი კომუნიკაციის გარეშე საუკეთესო იდეებიც კი წარუმატებელია.
ძირითადი დასკვნა: ეფექტური სთორითელინგი აძლიერებს თქვენს გავლენასა და ბრენდის ხილვადობას.
7. გაყიდეთ ოცნებები და არა პროდუქტები
ჯობსმა გაიაზრა ის, რასაც ბევრი ბიზნესი ვერ ამჩნევს: მომხმარებლები უბრალოდ მოწყობილობებს კი არა, შესაძლებლობებს ყიდულობენ. სწორედ ამიტომ აქვს iPad-ს ერთი მთავარი ღილაკი. კომპლექსურობა და სირთულე მოიხსნა, რათა მომხმარებლებს ჰქონოდათ საშუალება, ყურადღება გაემახვილებინათ იმაზე, რისი შექმნა და სწავლა შეეძლოთ.
საბოლოო ჯამში, თქვენს აუდიტორიას საკუთარი მიზნები აინტერესებს და არა თქვენი მახასიათებლები.
ძირითადი დასკვნა: ბრენდები, რომლებიც მომხმარებლის მისწრაფებებს აკმაყოფილებენ, ლოიალობას და ემოციურ კავშირს ამყარებენ.
ბოლო გაკვეთილი: იოცნებეთ უფრო მასშტაბურად
ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია, რომელიც ჯობსის აზროვნებას ასახავს, ეხება აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც მას რჩევისთვის მიმართა Disnay Store-ის რეორგანიზაციის დროს. ჯობსმა მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა: "იოცნებე უფრო ფართოდ".
შესაძლოა, ეს ყველაზე ძლიერი ლიდერობის გაკვეთილი იყოს, რაც კი მას ოდესმე გაუზიარებია. დაინახე გენიალურობა შენს "გიჟურ" იდეებში. დაიჯერე ხედვა, რომლის დანახვაც სხვებს ჯერ არ შეუძლიათ. დაიცავი, დახვეწე და რეალობად აქციე.
წარმატების ეს შვიდი წესი – მიზანდასახულობა, ხედვა, ცნობისმოყვარეობა, ფოკუსირება, მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა, სთორითელინგი და ოცნებებზე დაფუძნებული აზროვნება – არის პრინციპები, რომლებმაც სტივ ჯობსის შესანიშნავი მოგზაურობა განაპირობა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ლიდერს ან მეწარმეს დაეხმარონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ინოვაციებისა და შთაგონების თვალსაზრისით.
თარგმანი: მარიამ ქობალია