სტუდენტური AI ჰაკათონის მხარდამჭერი საერთაშორისო აიტი კომპანია Devexperts-ია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
20000-ლარიანი ინვესტიცია ინოვაციური იდეების განსახორციელებლად, გლობალურ სტარტაპ ფონდზე საკუთარი იდეის წარდგენის შესაძლებლობა, მუშაობა კვალიფიციურ მენტორებთან ერთად - საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი სტუდენტისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და საერთაშორისო კომპანია Devexperts-ის მხარდაჭერით, მასშტაბური AI ჰაკათონი გაიმართება. Devexperts-ი გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი ფინტექ კომპანიაა, რომელიც გერმანიაში, აშშ-სა და სინგაპურში წარმატებით ოპერირებს.
ჰაკათონი რეგიონში მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტის, AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას აერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.
დაინტერესებულ სტუდენტებს ჰაკათონზე რეგისტრაცია 18 იანვრამდე შეეძლებათ.
რეგისტრირებული მონაწილეები ორ შესარჩევ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე, სტუდენტებს მიეცემათ წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური დავალება, რომელიც მათ ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარებს გამოავლენს. შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდები კი მიიღებენ დასკვნით დავალებას, რომელზეც სტუდენტები, კვალიფიციურ მენტორებთან ერთად, 7 დღის განმავლობაში იმუშავებენ. შედეგად კი, მონაწილეები შექმნიან საბოლოო პროდუქტს, რომელსაც ჟიურის წინაშე წარადგენენ.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი, რომელიც 20000 ლარს შეადგენს, 3 გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდება. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები მიღებულ ინვესტიციას საკუთარი იდეის პროტოტიპირებისთვის გამოიყენებენ. გარდა ამისა, BTU-ს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისში, მონაწილეობას მიიღებენ გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც საკუთარ ინოვაციურ იდეასა და პროტოტიპს ამერიკის, ისრაელისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ანგელოზ ინვესტორებს წარუდგენენ.
რა ბენეფიტების მომტანი იქნება AI ჰაკათონში მონაწილეობა სტუდენტებისთვის და როგორ უწყობს ხელს მსგავსი ტიპის პროექტები საქართველოს ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებას? - ამ და სხვა კითხვებს Devexperts-ის ადმინისტრაციული ასისტენტი, ნატა ვაჟინსკაია პასუხობს:
ნატა, რა როლი აქვს Devexperts-ს AI Hackathon-ში და რა მოლოდინი არსებობს ამ პარტნიორობის ფარგლებში?
Devexperts-ის როლი AI Hackathon-ში მრავალმხრივია. როგორც მენტორები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკურსის მონაწილეებს, ვუზიარებთ ინდუსტრიაში არსებულ ტრენდებსა და ტენდენციებს და ვეხმარებით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული იდეების დახვეწაში. ეს მენტორობა ხელს უწყობს კოლაბორაციული სასწავლო გარემოს შექმნას და უზრუნველყოფს რეალურ სამყაროზე დაფუძნებული პერსპექტივის შეტანას ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებად სფეროში.
როგორც AI ჰაკათონის სპონსორი, Devexperts მოხარულია, ფინანსურად წაახალისოს გამარჯვებულები და სხვა მონაწილეები, რომლებიც წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. ეს მხარდაჭერა სტუდენტებისთვის არის ერთგვარი წამახალისებელი მექანიზმი, გამოიკვლიონ საკუთარი ტექშესაძლებლობები, უფრო მეტად განივითარონ უნარები და ჩამოყალიბდნენ ამ საზოგადოების IT პროფესიონალებად.
AI ჰაკათონში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა ტექსაზოგადოების ნეთვორქის შესაქმნელად. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სტუდენტებს, პროფესიონალებსა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ლოკალური ტექკომუნა და საფუძველი ჩავუყაროთ სამომავლო კოლაბორაციულ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი ძალისხმევა ჰაკათონში, რაც მოიცავს: მენტორობას, რეკრუტირებასა და სპონსორობას, წარმოადგენს სტრატეგიულ მიდგომას საქართველოს IT ეკოსისტემის მდგრადი განვითარებისთვის. BTU-სთან პარტნიორობა კი ჩვენთვის გადამწყვეტია, ვინაიდან ამით გვიჩნდება სტრატეგიული წვდომა პერსპექტიული უნარების მქონე სტუდენტებზე და ამასთან, ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩამოყალიბებას ბაზარზე.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის AI ჰაკათონი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვისა და სტუდენტებისთვის?
AI ჰაკათონი წარმოადგენს ერთგვარ დინამიკურ პლატფორმას, სადაც ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები, გაუმკლავდნენ რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებს და კრეატიულ გადაწყვეტილებებზე იფიქრონ. ჰაკათონი არის ხიდი აკადემიასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, იდეების გაცვლის ხელშეწყობისა და ტექლიდერების შემდეგი თაობის აღსაზრდელად. ეს კოლაბორაცია და ინოვაციური მისწრაფება, რაც ამ შემთხვევაში AI ჰაკათონით გამოიხატება, უმნიშვნელოვანესია საქართველოში IT ეკოსისტემის მდგრადი განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის.
როგორ შეაფასებდით კავშირს ხელოვნურ ინტელექტსა და განათლებას შორის? როგორ ფიქრობთ, შემოიტანს თუ არა ეს ტექნოლოგია ციფრულ ტრანსფორმაციას განათლების სფეროში?
ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და განათლებას შორის კორელაცია უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც AI-ს აქვს პოტენციალი, განათლება გახადოს უფრო ხელმისაწვდომი - მორგებული სასწავლო გამოცდილების ინტეგრაციით, რეალურ დროში უკუკავშირის მიღების შესაძლებლობითა და ადაპტაციური რესურსების შეთავაზებით, სტუდენტებისთვის ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას, როგორიცაა Machine Learning და Natural Language Processing, აქვს პოტენციალი, გააძლიეროს საგანმანათლებლო პროცესების ეფექტურობა და გახადოს ისინი უფრო მიმზიდველი სწავლის მსურველთათვის. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ქმნის უფრო დინამიკურ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს, მიიღონ მრავალმხრივი, ფართომასშტაბიანი ცოდნა უფრო სწრაფად და ეფექტიანად.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს საფრთხეც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი სტუდენტი მას იყენებს როგორც მარტივ ინსტრუმენტს სხვადასხვა ინტელექტუალური ამოცანის შესასრულებლად. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანია, დავიცვათ სასწავლო პროცესის მთლიანობა და ხელი შევუწყოთ განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებას.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ხელოვნური ინტელექტი მზად არის, განახორციელოს არსებითი ციფრული ტრანსფორმაცია განათლების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიური და პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შექმნას სტუდენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში MIT-ის სპიკერი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
ჰაკათონის მხარდამჭერები არიან: გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საერთაშორისო კომპანია Devexperts.