Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც მოგზაურობა, ახალი ქვეყნების აღმოჩენა, მრავალფეროვან კულტურებთან შეხება და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობები ყოველდღიური რეალობა ხდება, უცხო ენის ფლობა ხშირად უმნიშვნელოვანესი უნარი და წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, ახალი ენის შესწავლა არაერთ დაბრკოლებასთან ასოცირდება - ბევრისთვის ეს გზა იწყება ძვირადღირებული კერძო გაკვეთილებით, არცთუ ისე საინტერესო სასწავლო მასალებითა და არადინამიური პროგრამებით, რომელიც ვერ ერგება ინდივიდის უნარებს, საჭიროებებს, ტემპსა და მიზნებს. შედეგად, სწავლა რუტინულ და უმოტივაციო პროცესად იქცევა, სადაც პროგრესი ან ძალიან ნელა მიმდინარეობას, ან საერთოდ შეუმჩნეველი რჩება.
ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით კი ე.წ. დიდი ენის მოდელების (LLM) განვითარებამ, სრულად შეცვალა ეს რეალობა - ახლა ინდივიდუალური სწავლების პერსონალიზებული გამოცდილება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახდა. ტრადიციული აპლიკაციები მხოლოდ საბაზისო დონეზე ასწავლიდნენ მომხმარებლებს ენას, ხოლო ხელოვნური ინტელექტის წყალობით, უკვე შესაძლებელია სწავლების ღრმად პერსონალიზება და ხარისხიანი, რეალისტური აუდიოკომუნიკაციის იმპლემენტაცია შესწავლის პროცესში - საგრძნობლად დაბალ ფასად.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Talkpal - საუკეთესო გადაწყვეტა მათთვის, ვისაც ახალი ენის შესწავლა თანამედროვე, მოქნილი, ცოცხალი და შედეგზე ორიენტირებული მეთოდებით სურს. Talkpal ქმნის ციფრულ მასწავლებელს, რომელიც მუდმივად აანალიზებს მომხმარებლის პროგრესს, სთავაზობს რელევანტურ სავარჯიშოებს, აფიქსირებს შეცდომებს და ეხმარება საკუთარი ცოდნის მიზამიმართულად გაღრმავებაში. მაღალი ხარისხის აუდიო-კომუნიკაცია, კონტექსტზე მორგებული მითითებები და სხვადასხვა სცენარების სიმულაცია სწავლის გამოცდილებას რეალურ ურთიერთობებთან მაქსიმალურად აკავშირებს. შედეგად, ინდივიდი იღებს იმ დონის ინდივიდუალურ მხარდაჭერას, რასაც იდეალურად მორგებული კერძო მასწავლებელი შესთავაზებდა - თუმცა, ბევრად უფრო სწრაფად, მოქნილად და ხელმისაწვდომად.
Talkpal AI დავით გეგეჭკორისა და დიმიტრი დეკანოზიშვილის მიერ შექმნილი ვებ- და მობილური აპლიკაციაა, რომელიც იდეის გაჩენიდან სულ რაღაც 30 დღეში შეიქმნა და გაეშვა ბაზარზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე თვეს, მიუხედავად მინიმალური მარკეტინგული აქტივობებისა, პლატფორმაზე უკვე რამდენიმე ათასი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს იმ დიდ ინტერესსა და მოთხოვნას, რომელიც ბაზარზე არსებობს უცხო ენების პერსონალიზებული და თანამედროვე მეთოდით შესწავლის მიმართ. ამჟამად, ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება. პლატფორმას ყოველთვიურად დამატებით 400,000 ენის შესწავლის მსურველი უერთდება.
"Talkpal-ი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ სერვისებს, მათ შორის აღსანიშნავია ძლიერი პერსონალიზაცია და გასართობი კონტენტი, რომელიც სწავლას უფრო მოტივაციურსა და სახალისოს ხდის. ასევე, მომხმარებელი იღებს რეალურ დროში უკუკავშირის, რაც მოიცავს გრამატიკისა და წარმოთქმის კორექციას.
Talkpal-ის ყველაზე გამორჩეული უპირატესობა მისი სახალისო და საინტერესო რეჟიმები გახლავთ: მომხმარებლებს შეუძლიათ ისწავლონ უცხო ენა სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებით. მაგალითად, როლური თამაშის რეჟიმში მომხმარებელს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში საუბარი უწევს. პერსონაჟის რეჟიმი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ესაუბროს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სხვადასხვა როლს ან ისტორიულ პერსონაჟს თამაშობს. წინადადების რეჟიმში მომხმარებელი სწავლობს სწორად ააწყოს და გამოიყენოს წინადადებები, ითვისებს ახალ სიტყვებს და გრამატიკას. დებატების რეჟიმი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა საინტერესო თემაზე ხელოვნურ ინტელექტთან იკამათოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს დავით გეგეჭკორი.
Talkpal დღეს მომხმარებლებს 57-ზე მეტი ენის შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს და პლატფორმის ინტერფეისი 43 ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიისთვის არამხოლოდ ტექნიკური უპირატესობა, არამედ - გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიის მიდგომა ეფუძნება ენის სწავლის რეგიონალურ თავისებურებებსა და მრავალფეროვან მოთხოვნებს: მაგალითად, მომხმარებელთა უმრავლესობა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში ინგლისურის შესწავლას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ცალკეულ ბაზრებზე განსხვავებული პრიორიტეტები იკვეთება. აზიურ ქვეყნებში ინგლისურის პარალელურად, მოთხოვნად ენებად კორეული, იაპონური და ჩინური გვხვდება. ევროპასა და ლათინურ ამერიკაში კი, ინგლისურის გარდა ხშირად იჩენენ ინტერესს ისეთი ენებისადმი, როგორიცაა: გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური და პორტუგალიური. Talkpal მიზანმიმართულად პასუხობს ამ მრავალფეროვან ტენდენციებს - პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო მასალები, მომხმარებლის ინტერფეისი და ფუნქციონალი მორგებულია ადგილობრივ ენებსა და კულტურულ კონტექსტზე. სწორედ ამ სრულფასოვანი ლოკალიზაციისა და პერსონალიზაციის მეშვეობით ახერხებს Talkpal გლობალურ ბაზარზე გაფართოებასა, მომხმარებლებთან სიახლოვესა და მათი საჭიროებების ეფექტურად დაკმაყოფილებას.
"ენების სწავლის ბაზარი გლობალურია, ამიტომ თავიდანვე გვჯეროდა ჩვენი აპლიკაციის საერთაშორისო პოტენციალის. საერთაშორისო წარმატებისთვის გადამწყვეტია არამხოლოდ მრავალენოვანი ინტერფეისის შექმნა, არამედ - ასევე ადგილობრივი ვალუტების, პოპულარული გადახდის მეთოდებისა და შესაბამისი ფასების ინტეგრაცია ვებ-პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაში. ამასთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რეკლამები, ონბორდინგის პროცესი და პროდუქტის ძირითადი ფუნქციებიც მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეული ქვეყნის კულტურულ თავისებურებებზე. მხოლოდ ასეთი სრულფასოვანი ლოკალიზაციით არის შესაძლებელი გლობალურ ბაზარზე წარმატება.
ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს სწავლის რეჟიმებს მისი ენის ცოდნის დონისა და მიზნებიდან გამომდინარე. დამწყები მომხარებლებისთვის ეფექტურია ბაზისური რეჟიმები, როგორიცაა დიალოგის რეჟიმი და წინადადების რეჟიმი. ლაპარაკის გასაუმჯობესებლად მომხმარებლები იყენებენ ზარისა და ჩატის რეჟიმებსაც, რისი მეშვეობითაც მათ შეუძლიათ ისაუბრონ ხელოვნურ ინტელექტთან და მიიღონ სწრაფი უკუკავშირი. ხოლო იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ ენას კარგად ფლობენ, განკუთვნილია ისეთი რეჟიმები, როგორიცაა როლური თამაშები და დებატები, სადაც რეალური ცხოვრების სიტუაციების გათამაშებაა შესაძლებელი. აღნიშნული მათ ეხმარებათ სრულყოფილად განავითარონ ენობრივი უნარები", - განმარტავს დიმიტრი დეკანოზიშვილი.
გარდა ინდივიდუალური მომხმარებლებისა, ბიზნესისა და განათლების სექტორები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ენების შესწავლის იმ თანამედროვე და ეფექტური მეთოდებისადმი, რომელსაც Talkpal სთავაზობს. მრავალი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუცია უკვე აცნობიერებს, რომ თანამედროვე განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება დაკავშირებულია ენების სიღრმისეულად შესწავლასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს წარმატებულ კარიერასა და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, Talkpal-მა ორგანიზაციებისთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა, რომელთა დახმარებით, ისინი არამხოლოდ საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს აძლევენ წვდომას პლატფორმაზე, არამედ - უზრუნველყოფენ სწავლების პროგრესის დეტალურ მონიტორინგსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ შესაბამის უკუკავშირს. ეს შესაძლებლობა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართონ თითოეული მონაწილის სწავლების პროცესი და მიიღონ გამართული, მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები, რაც დადებითად აისახება კომპანიის განვითარებასა და წარმატებაზე.
როგორც ყველა სწრაფად მზარდ ორგანიზაციას, განვითარების პერიოდში Talkpal-საც შეხვდა გამოწვევები. ზრდის მაღალი ტემპის პირობებში, როდესაც კომპანია პრაქტიკულად ყოველ ექვს თვეში ორჯერ იზრდება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შესაბამისი კადრების შერჩევა იქცა. "აუცილებელია, გუნდს ჰქონდეს სხვადასხვა კულტურული თავისებურებების ცოდნა და ეს გამოცდილება წარმატებით მოარგოს პროდუქტისა და მარკეტინგის მიმართულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ახალი მომხმარებელი გვიერთდება. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოზიდვა. მუდმივად ვეძებთ ჭკვიან და მოტივირებულ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით - მარკეტინგი, დეველოპმენტი, გაყიდვები, კონტენტი, SEO და დიზაინი", - განმარტავენ Talkpal-ის დამფუძნებლები.
აღნიშნული სირთულეები Talkpal-მა გადალახა ისეთი გუნდის წყალობით, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის - გერმანულ და ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით. Talkpal-ის ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი კომპანიის მართვის მოქნილ სტილს იყენებს, რომელიც ეფუძნება ე.წ. OKR (Objectives and Key Results) სისტემას, რაც ეფექტურად ეხმარება თითოეულ წევრს მიზნების სწორად განსაზღვრასა და მიღწევაში. კომპანიის სამუშაო კულტურა აგებულია პერფორმანსსა და მიზნების ეფექტურად მიღწევაზე, რაც უზრუნველყოფს კომპანიაში მუდმივ განვითარებასა და მაღალ ხარისხს.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ხედვას, Talkpal-ის მიზანია, გახდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი და წამყვანი პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ენის სწავლებაში. ამ ამბიციური მიზნის მიღწევას საფუძვლად უდევს არამხოლოდ არსებული ტექნოლოგიური პოტენციალი და მილიონობით აქტიური მომხმარებელი, არამედ - ის ტენდენციებიც, რომელიც მომდევნო წლებში განსაზღვრავს ენის სწავლების ინდუსტრიას. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის როლს პროგრესულად მზარდად აფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და სწორედ AI-ზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწავლების მეთოდები იქცევა მომავლის სტანდარტად. Talkpal ამ პროცესში არამხოლოდ ტექნოლოგიური პლატფორმა, არამედ - ინოვატორია, რომელიც მუდმივად მუშაობს ახალი ფუნქციონალების, ალგორითმებისა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების განვითარებაზე.
მომდევნო წლების განმავლობაში Talkpal განაგრძობს გლობალურ ექსპანსიას კერძო და განათლების სექტორებში. ამასთან, კომპანია გეგმავს თანამშრომლობის გაძლიერებას უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და კორპორაციულ სტრუქტურებთან, რათა ენის ეფექტური შესწავლა ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის. Talkpal-ის გუნდში ღრმად სწამთ, რომ ენის შესწავლა უნდა იყოს არამხოლოდ ეფექტური, არამედ - გასართობი და პერსონალიზებულიც. სწორედ ამ ხედვით, ტექნოლოგიის, პროფესიონალიზმისა და გლობალური ამბიციების შერწყმით, კომპანია აქტიურად განაგრძობს სვლას, გახდეს ლიდერი განათლების ტექნოლოგიების მომავლის ფორმირებაში.