თამარ კამკამიძე - ქალი, რომელიც დეკორატიული ლესვის ხელოვნებას ასწავლის და ქმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ყველაფერი საკუთარი სახლის რემონტიდან დაიწყო - Wabi Sabi-ის სტილის სიყვარულითა და სურვილით კედლები დეკორატიული ლესვით დამემუშავებინა. საქართველოს ბაზარზე კარგი შემსრულებლის მოძიება გამიჭირდა - ამიტომ დავიწყე სწავლა და გადავწყვიტე, თავად გამელესა კედლები, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის", - სწორედ ასე შექმნა თამარ კამკამიძემ კომპანია Project Folie, რომელიც ადამიანებს ეხმარება, კურსების მეშვეობით შეისწავლონ და საკუთარი ხელით შექმნან მაღალი ხარისხის გემოვნებიანი კედლები. აღნიშნული კომპანია არა მარტო ავითარებს დეკორატიული ლესვის მიმართულებას საქართველოში, არამედ ქალებს მნიშვნელოვნად ეხმარება სტერეოტიპების დამსხვრევაში ისეთ სფეროში, სადაც გენდერული დისბალანსი განსაკუთრებით შეინიშნება.
როგორც Entrepreneur-თან საუბარში Project Folie-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანიის შექმნამდე უამრავი ხელის შემშლელი პირობა არსებობდა მისთვის. თამარ კამკამიძეს 15-წლიანი გამოცდილება აქვს პროექტების მართვის მიმართულებით და ამ სფეროში კარგად ჰქონდა თავი დამკვიდრებული. თუმცა, დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების სურვილით, დათმო კარგი ანაზღაურება, კომფორტული გარემო და გადადგა გაბედული ნაბიჯი საკუთარი კომპანიის ასაშენებლად. "მიმაჩნია, რომ აწყობილი საქმიდან წამოსვლა და რაიმე ახლის დაწყება, რომელიც ჯერ არ იცი, როგორ იმუშავებს, ნამდვილად დიდ გაბედულებას მოითხოვს. გეშინია, უკვალოდ არ ჩაიაროს იმან, რისთვისაც ამდენი იშრომე. არ არის მარტივი, უცებ შენი მრავალწლიანი გამოცდილება და საქმიანობა რაღაც ახლით ჩაანაცვლო და სრულიად ახალი მიმართულება შეისწავლო. ასევე, ამ საქმიანობის წამოწყებისას ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდი, რადგან ეს ქალის საქმე არ არის და საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. მართლაც, დიდ ძალისხმევასა და ძალას მოითხოვდა ამ ობიექტზე მუშაობა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ სწორად მივდიოდი და განვაგრძე შრომა იმისათვის, რომ ეს სფერო შემესწავლა", - განმარტავს თამარ კამკამიძე.
როგორც ყველა ადამიანს, ვინც დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევა, Project Folie-ზე მუშაობისას თამარ კამკამიძესაც შეხვდა გამოწვევები. საწყის ეტაპზე ყველაზე რთული გამოწვევა ფინანსები იყო - მაშინ, როდესაც ყოველთვიურად დიდი რაოდენობის თანხა ჰქონდა შესატანი ბანკში, თუმცა ამდენის გამომუშავებას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნულ სფეროში არცთუ ისე ბევრი ქალი გვხვდება, დამფუძნებელს გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებაც უწევდა. თუმცა, უდიდესი ძალისხმევითა და შრომით, ეს გამოწვევები ახალ შესაძლებლობად აქცია და Project Folie-ს საქმიანობაც მნიშვნელოვნად განავითარა.
"რა თქმა უნდა, არ არსებობდა ობიექტი, სადაც მივდიოდით და ხელოსნებისთვის სასაცილოები არ ვიყავით. ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა - ამბობდნენ, ამათ რა უნდა გააკეთონ, რა უნდა მიტყიპნონო. სოციალურ ქსელებშიც იყო მსგავსი გამოხმაურებები. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ვინც ჩვენი გუნდის მუშაობის პროცესს შეესწრო, ყველამ აღიარა ჩვენი შესაძლებლობები და ნელ-ნელა უფრო მეტადაც გვაფასებდნენ. დღეს კიდევ უფრომ მეტმა მამაკაცმა ხელოსანმა იცის ჩვენ შესახებ და როდესაც ობიექტზე შევდივართ, გვეუბნებიან, ვიცოდით თქვენზე და ყოველთვის გვაინტერესებდა, როგორ მუშაობდით, რა კარგია, რომ აქ აკეთებთ თქვენს საქმესო, - აცხადებს რესპონდენტი.
როგორც თამარ კამკამიძე აღნიშნავს, გარდა სფეროში გაბატონებული გენდერული დისბალანსისა, ზოგადად, საქართველოში ხელოსნებს არ მიიჩნევენ წარმატებულ ადამიანებად. მისი აზრით, ეს სტერეოტიპებიც დასამსხვრევია, ვინაიდან ნებისმიერი პროფესია დაფასებასა და სწორ მიდგომებს საჭიროებს. ამ სტერეოტიპებს კი ანტრეპრენერი ებრძვის, რომელიც, თამარის აზრით, ის ადამიანია, ვისაც აქვს უნარი, უკეთესად დაინახოს საჭიროება და გადადგას გაბედული ნაბიჯები მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს მისი არ სწამთ.
"როდესაც საკუთარ ბიზნესს მარტო იწყებ, თავიდან ყველაფერი შენ ხარ: მარკეტინგი, ხელოსანი, ფოტოგრაფი, ფინანსისტი და დამლაგებელიც. ალბათ, დასაწყისშივე ეს უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, ვინაიდან საკმაოდ რთულია ყველაფრის ერთად კეთება. იმ ადამიანებს, ვისაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ, ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ რაიმე ძალიან გინდა და გჯერა, აუცილებლად გამოგივა. არ უნდა შეგაფერხოს სხვისმა აზრმა და შენმა ხელმოცარვის შიშებმა", - აღნიშნავს თამარ კამკამიძე.
რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, Project Folie-ს ძირითადი მიზანი შოურუმის გახსნაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება იხილოს კომპანიის უნიკალური ნამუშევრები. გარდა ამისა, Project Folie-ს გუნდი ახალი პროდუქციის, მასალებისა და ახალი საინტერესო კურსების დამატებასაც გეგმავს.