Get All Access for $5/mo

თამარა მაჭავარიანი - დუბაიში მიღწეული წარმატებიდან ქალთა გაძლიერების ავანგარდში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე ბიზნესსამყაროში, განსაკუთრებით კი მმართველობის მაღალ რგოლებში, ჯერ კიდევ მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა და საგრძნობლად ჭარბობს მამაკაცთა რიცხვი. არაერთი ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციებში აღმასრულებელ დირექტორთა შორის ქალთა წილი 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც უამრავი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება − ბიზნესიერარქია გლობალური მასშტაბით მკაცრად პატრიარქალურია.

საქმე კიდევ უფრო დრამატულადაა აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც საუბარი არა რაიმე კარიერული ან პროფესიული წარმატების მიღწევაზეა ქალებს შორის, არამედ ხშირია საზოგადოებების კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე ქალებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა და მათი სრული იზოლაცია სოციალური ცხოვრებისგან.

სწორედ ერთ-ერთ ისეთ ბაზარზე, სადაც მამაკაცთა რიცხვი კერძო სექტორში საგრძნობლად მეტია, ვიდრე ქალების, დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხილ-ბოსტნეულის გლობალურ გიგანტ კომპანია Rush Global-ს სათავეში ქართველი ქალი − თამარა მაჭავარიანი უდგას, რომელიც 2020 წლიდან ორგანიზაციის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

გამოწვევებით აღსავსე წარსულისა და უამრავი სირთულის მიუხედავად, თამარამ რამდენიმე წელიწადში მოახერხა დუბაიში თავის დამკვიდრება, არაერთი მიმართულებით მოსინჯა საკუთარი ძალები და ამჟამად, ხილ-ბოსტნეულის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის − Rush Global-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს. Rush Global-ი გაერთიანებულ სამეფოში დაარსებული კომპანიაა, რომელიც ორმოცწლიან ისტორიას ითვლის და მსოფლიოს შვიდ რეგიონში, ათობით ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

წარმატებული კარიერული გზის პარალელურად, თამარა გახლავთ ტურისტული კომპანიის Holiday Connect Tours & Travels დამფუძნებელი და დუბაიში ქართული კვების ობიექტის გახსნაზე მუშაობს. ამ შთამბეჭდავი პროფესიული პორტფოლიოს გარდა, მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალთა გაძლიერების მიმართულებას ეთმობა, ვინაიდან ვინ თუ არა მან, ყველაზე უკეთ იცის, რა სახის სირთულეების გადალახვა უწევთ ქალებს კორპორაციულ იერარქიაში თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად.

Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ თამარა მაჭავარიანი − ანტრეპრენერი, გლობალური ხილ-ბოსტნეულის იმპერიის მმართველი, Gulf News-ის მიერ 20 საუკეთესო ბიზნესლიდერთა შორის აღიარებული პროფესიონალი, რომელიც როგორც პირად ისტორიაზე, ისე გლობალურ სარბიელზე ქალთა გაძლიერებისათვის ბრძოლის დეტალებზე გვესაუბრა.

როგორც თამარა გვიყვება, ბავშვობიდან დღემდე მისთვის სამაგალითო პიროვნებად ბებია რჩება, რომელიც ვაჭრობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა და თამარასაც ყოველთვის სურდა მისნაირი წარმატებული და ჭკვიანი ყოფილიყო, ჰქონოდა საკუთარი სამუშაო კაბინეტი და ისეთივე ლიდერული უნარები, როგორსაც ბებია ფლობდა. თამარას თქმით, მას საოცარი ბავშვობა ჰქონდა. სიბეჯითით არ გამოირჩეოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ "გიჟდებოდა" თავისუფლებაზე, იყო დამოუკიდებელი და ჰყავდა უამრავი მეგობარი, ყოველთვის ახერხებდა წიგნების კითხვას და ეს სასარგებლო ჩვევა დღემდე შემორჩა.

სკოლის ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, თამარამ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, თუმცა არც პროფესიულ სასწავლებელში გამოუჩენია თავი სიბეჯითით. 2009 წელს მან გერმანიაში გადაწყვიტა სასწავლებლად გამგზავრება, ორჯერ სცადა საბაკალავრო გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და აქტიურ სააბიტურიენტო სამზადისს შეუდგა. სწორედ ამ პერიოდში, გამოცდების წინ, იგი მეგობრებთან ერთად დუბაიში წავიდა დასასვენებლად, რაც მისი შემდგომი ცხოვრების გაგრძელების გარდამტეხ მომენტად იქცა.

"დასასვენებლად გავემგზავრეთ დუბაიში, თუმცა დარჩენა გადავწყვიტე და აღარც დავბრუნებულვარ. საწყის ეტაპზე, მეგობრებმა შემიფარეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ვფიქრობ, ყველაზე დიდი სკოლა ჩემი ცხოვრების გზა იყო. დუბაიში თავგადასავლებით სავსე ცხოვრება დამხვდა და სწორედ საამიროებში გავატარე 12 წელი, რითაც ძალიან ვამაყობ. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ნელა, ეტაპობრივად ვითარდება, ადამიანად ყალიბდება, ხოლო სწრაფად მიღწეული მიზნები თითოეულ ჩვენგანში ეგოს ზრდის და ეგოცენტრულებად გვაქცევს", − აღნიშნავს თამარა მაჭავარიანი, − "ყველაზე დიდი სირთულე, რომელთან გამკლავებაც დუბაიში მომიწია, ინგლისური ენის არცოდნა იყო. როდესაც სამსახურს ვეძებდი და გასაუბრებებზე დავდიოდი, ჩემი მეგობარი მიმზადებდა კითხვა-პასუხს და ვიზეპირებდი; ხანდახან ხელზეც კი ვიწერდი, რათა რაიმე არ შემშლოდა და ასე გავატარე ძიების 3 თვე".

თამარას პირველი სამსახური, დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული სამედიცინო ცენტრი Mediclin იყო, რომელიც ამჟამად დომინანტ პოზიციებს იკავებს ბაზარზე. თავდაპირველად, იგი კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდდა, თუმცა მალევე დააწინაურეს და ფარმაცევტის თანაშემწედ დანიშნეს. როგორც თავად ამბობს, Mediclin-ში გატარებული ოთხი წელი უდიდესი გამოცდილება იყო მისთვის და ის, რომ დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ლიდერად მოიხსენიებენ, მისი უშუალო მენეჯერის დამსახურებაა, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის გუნდის წევრების სიყვარული, პატივისცემა და მათთან თანასწორობა.

2015 წელს თამარამ კარიერული ზრდის შესაძლებლობის ძიებაში, დუბაის ერთ-ერთ ბანკში გააგრძელა მუშაობა, რომლის გასაუბრების ეტაპი, კვლავ მეგობრის დახმარებით გაიარა. თუმცა სულ რაღაც ერთი წლის თავზე, ბანკის დეპარტამენტი, რომელშიც თამარა მუშაობდა დაიხურა და ის უმუშევარი დარჩა.

"როდესაც სამსახურის გარეშე აღმოვჩნდი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მომიწია ახალი დასაქმების ადგილის ძიება და საბოლოოდ, დუბაის ერთ-ერთ უმსხვილეს, ხილ-ბოსტნეულის კომპანია Farzana-ში დავიწყე მუშაობა, სადაც ამ სფეროში წარმატებული ოპერირებისათვის ყველა საჭირო უნარი და გამოცდილება შევიძინე. სწორედ აქ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში კომპანია Rush Group, რომელმაც 2018 წელს მათთან თანამშრომლობა შემომთავაზა და გასაუბრებაზე ლონდონში მიმიწვია. საკმაოდ დაბნეული ვიყავი, დიდი წნეხის ქვეშ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ამის მიუხედავად, გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და დავიწყე მუშაობა", − იხსენებს თამარა, − "ორი წლის განმავლობაში, ოფისის მაგივრობას საკუთარი ავტომობილი მიწევდა. პორტიდან პორტში დავდიოდი, მანქანაში მეძინა, გამომქონდა ხილ-ბოსტნეულით სავსე კონტეინერები პორტიდან და ვყიდდი ბაზარზე, 50 გრადუს სიცხეში, რის შემდეგაც ბრიტანეთში ანგარიშებს ვაგზავნიდი. საოცრად რთული პერიოდი იყო, თუმცა ეს ყველაფერი დამეხმარა იმ ძვირფასი გამოცდილების მიღებაში, რომელიც შემდგომ პირადი ბიზნესსაქმიანობისთვის გამომადგა".

გარდამტეხი მომენტი თამარას ცხოვრებაში 2020 წელს, პანდემიის გარიჟრაჟზე დადგა, როდესაც Rush Group-მა გადაწყვიტა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის დატოვება, ხოლო თამარამ მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მის მხრებზე იდგა, არ გაეწირა მარცხისთვის.

"პანდემიის პირობებში საქმიანობა ხანდახან უბრალოდ გაუსაძლისი იყო. ვიქირავე ოფისი, შევიძინე მაცივრები და ყველა საოპერაციო პროცესს სრულიად დამოუკიდებლად ვუძღვებოდი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდით მთელი გუნდი, თუმცა შეუძლებელია დუბაისა და მის ლიდერებს არ დავუფასო ის ამაგი, რომლითაც საშუალება მოგვცეს არ გავჩერებულიყავით და დასახული მიზნებისთვის გვებრძოლა. საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი მამაკაცებისაგან ჩვენს სფეროში, ვინაიდან ერთადერთი ქალი ლიდერი ვარ ამ ინდუსტრიაში და დიდი პატივისცემა, ისევე, როგორც გულწრფელი სიხარული ჩემი წარმატების გამო, მხოლოდ მაძლიერებს და მაძლევს წინსვლის მოტივაციას", − გვიამბობს თამარი.

თამარ, გვიამბეთ, რამდენად რთულია პატრიარქალურ, აღმოსავლურ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და ბიზნესწარმატების მიღწევა? დღესდღეობით, ერთადერთი ქართველი ქალი ვარ, რომელიც დუბაიში ბიზნესს მართავს, რაც ცხადია რთულია და ბევრი სტერეოტიპის მსხვრევასთანაა დაკავშირებული.

ჩვენს სფეროში მართლაც მამაკაცები ჭარბობენ, რაც არცაა გასაკვირი, ვინაიდან ეს საქმიანობა მძიმე ფიზიკურ შრომასთანაა კავშირში და ერთი შეხედვით, ქალის ადგილი აქ არაა. თუმცა, ფიზიკური სამუშაოს გარდა, კომპანია უამრავ ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს, მათ შორის მარკეტინგულ, ადამიანური რესურსების მართვის, მენეჯერულ მიმართულებებს, სადაც ქალებს თავისუფლად შეუძლიათ ოპერირება.

არსებობს სტერეოტიპი, რომ თუკი ქალი ბიზნესშია ჩართული, იგი შეუძლებელია კარგადაც გამოიყურებოდეს, ზრუნავდეს საკუთარ გარეგნულ იერსახეზე და ამავდროულად, იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და ბიზნესს წარმატებით უძღვებოდეს. ვფიქრობ, ამ კლიშეებს ვარღვევ და როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებსაც საპირისპიროს ვუმტკიცებ. ეს იწვევს ინტერესს ჩემი პერსონის მიმართ, როგორც ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის, ისე ქალების მხრიდან, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ბიზნესსამყაროში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაბები დიდ პატივს სცემენ ქალს და ამ მხრივ პრობლემები იშვიათად მქონია. თუმცა არსებობს მამაკაცთა კატეგორია, რომელთაც უბრალოდ არ სურთ ბიზნესურთიერთობის დაჭერა ქალთან. ასევე არსებობს ენობრივი ბარიერი, ვინაიდან ბევრი არ ფლობს ინგლისურს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ყოველთვის გამოვნახო საერთო ენა ადამიანებთან, არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც მეხმარებოდნენ საწყის ეტაპზე, მამარაგებდნენ საჭირო ინფორმაციით და მგულშემატკივრობდნენ, რაც დღემდე ასეა.

მთავარი, ვფიქრობ, შიშის ფაქტორის გადალახვაა, რასაც ყველა თავისებურად ახერხებს. მნიშვნელოვანია მობილიზება, სულიერი გაძლიერება და იმის გაანალიზება, რომ სქესს, კანის ფერსა თუ ეროვნულ კუთვნილებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მკაფიო მიზანი გამოძრავებს.

თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა სახის პრობლემების წინაშე დგანან დღეს ქალები, განსაკუთრებით აღმოსავლურ საზოგადოებაში და როგორ უნდა გადალახონ მათ ეს დაბრკოლებები?
პირადი დაკვირვებით, აღმოსავლურ ქვეყნებში კულტურული ბარიერები უფრო დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ვიდრე რელიგიური დოგმები. წლების განმავლობაში უამრავ ადგილობრივ გოგონას და ქალს შევხვედრივარ, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი შინაგანი ძალა, საინტერესო ხედვები, შესაძლებლობა და სურვილი, ნებისმიერი საქმე ძალიან კარგად აკეთონ.

სამწუხაროდ, აქ, ისევე, როგორც საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს არასწორი დამოკიდებულება ქალების მიმართ. მამაკაცების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს, უნდა გათხოვდეს, ბავშვებს მიხედოს, იყოს მამის, ძმის, შემდეგ კი ქმრის დაქვემდებარებაში. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მოძველებული და სტერეოტიპული მიდგომაა, ვინაიდან ქალებს დღეს გაცილებით მეტი რამის კეთება შეუძლიათ, როგორც პირადი კარიერული მიზნების მისაღწევად, ისე საერთო ეკონომიკური დოვლათის მოსატანად.

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობ მივაწვდინო ქალებს ხმა, ავუხსნა, რომ აუცილებელია სცადონ, გაძლიერდნენ, განვითარდნენ, ხანდახან გამოვიდნენ კიდეც კომფორტის ზონიდან და გააკეთონ რაიმე ახალი, თუნდაც ვერ მიაღწიონ წარმატებას თავიდანვე, რადგან ყოველი მარცხი გვაძლიერებს და უკეთესს გვხდის. დუბაიში, ამჟამად, დასაქმებულთა უმეტესობა მამაკაცია, თუმცა ნელ-ნელა ეს ბალანსი იცვლება. დასავლურ ქვეყნებში სიტუაცია სხვაგვარადაა, მათ შორის იმიტომაც, რომ აქ ქალები თავადაც კომფორტულად გრძნობენ თავს დიასახლისების როლში, ვიდრე რეალური სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდებიან.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ნამდვილი ინსპირაცია იყო სამოტივაციო სპიკერი ქალი საამიროებიდან − სარა ალმადანი, რომელიც ხშირად საუბრობს ქალთა გაძლიერებაზე, მათი როლის წარმოჩინებაზე და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაზე. ქალებს შეუძლიათ თუნდაც ქსოვონ, ხატონ, იმუშაონ დამლაგებლად, თუმცა მოინდომონ იყონ საუკეთესო თავიანთ სფეროში და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

გვიამბეთ თქვენი აქტიურობის შესახებ ქალთა გაძლიერების კუთხით. როგორ, რა გზებით ცდილობთ მათთვის ხმის მიწვდენას და რას აპირებთ ამ მიმართულებით?
სულ ახლახან, მიწვეული ვიყავი World Corporate Summit 2022-ზე, რომელიც წელს დუბაიში ჩატარდა, სადაც ჩემი ძირითადი სასაუბრო თემა სწორედ ქალთა გაძლიერების საკითხს და მათ აქტიურ ჩართულობას ეხებოდა ბიზნესში.

გარდა ამისა, განაცხადი მაქვს შეტანილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრობაზე ამბასადორის რანგში, რაც მომცემს მეტ შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთო ქალთა გაძლიერების მიმართულებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში მივიღო მონაწილეობა და მივაწვდინო ხმა ქალებს საქართველოსა თუ რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ასეთ საზოგადოებებში, ხშირად ქალებს შინიდან მარტო გასვლის საშუალებასაც კი არ აძლევენ და ვფიქრობ, რაც უფრო მეტ და ეფექტიან კომუნიკაციას დავიწყებთ ამ თემაზე, მით მალე შეიცვლება რეალობა სამყაროში.

რაც შეეხება ქალთა როლს უშუალოდ ჩემს კომპანიებში, ვცდილობ აქტიურად დავასაქმო მოტივირებული გოგონები ადმინისტრაციულ პოზიციებზე, საოფისე სამუშაოებზე, რაც ნაკლებად მოითხოვს ფიზიკურ შრომას და მეტად ინტელექტუალურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

ჩემს ტურისტულ კომპანიაში Holiday Connect Tours & Travels, რომლის მთავარი ოფისი დუბაიში მდებარეობს, ძირითადად ქალები მუშაობენ. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი შემოვიყვანოთ, ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ამ ბაზრებზე და მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენი კულტურითა თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობებით.

რას ურჩევდით ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ბიზნესსამყაროში და ინსპირაციას საჭიროებენ?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად ყველა საჭირო გზის მოძიება. თავდაპირველად, ყველას აწუხებს შიში, რომ რაღაც არ გამოუვა, შემდეგ ამ შიშის დაძლევით იწყება ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელთა გადალახვით აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

წარუმატებლობის გარეშე დიდი გამარჯვებების მიღწევა წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბევრჯერ წაიქცეთ, წამოდგომით უფრო მეტად გაძლიერდებით და განვითარდებით. ქალებისთვის ყოველი ასეთი ვარდნა ემოციებთანაა დაკავშირებული, თუმცა თითოეულ მათგანს ვურჩევდი, რომ როდესაც საქმეს შეეჭიდებით, გათიშეთ თქვენს ტვინში ემოციური ფონი და არასოდეს დანებდეთ. ვფიქრობ, ეს უნივერსალური ფორმულაა ნებისმიერი წამოწყების გასავითარებლად − იბრძოლეთ, მიაღწიეთ მიზნებს და აუცილებლად გადადით ახალი მიზნების დასახვაზე.

რაც შეეხება განათლების როლს წარმატების მიღწევაში, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ განათლებას თავად ცხოვრება გვაძლევს. შეცდომები ცხოვრების ყველა ეტაპზე, არის განძი, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. ძალიან კარგია, თუკი ადამიანს აკადემიური ხარისხი აქვს, თუმცა ჩემს პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ სულაც არაა აუცილებელი. მთავარია, აკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა. თუ ფიქრობთ, რომ სწავლაა ის, რითაც თქვენს მიზნებს მიაღწევთ, აუცილებლად ისწავლეთ. მაგრამ თუ არ გაქვთ ამის საშუალება, დრო ან ნებისყოფა, უბრალოდ აკეთეთ ის საქმე, რომლითაც სიამოვნებას იღებთ და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღეთ მისთვის.

გარდა ამისა, ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციუმს, რაც ჩემი აზრით არც ისე გადამწყვეტია, როგორც ჩვენი შინაგანი განწყობა და მონდომება. ხშირად, ჩვენს საზოგადოებაში ზედმეტ ყურადღებას უთმობენ მშობლების, ნათესავების, ახლობლების სურვილების აღსრულებას, მათ მიერ შერჩეულ ფაკულტეტებზე გამოცდების ჩაბარებას და პროფესიულ არჩევანსაც მათ ანდობენ, რაც იმთავითვე არასწორია. თუკი ფიქრობთ, რომ მიმტანობა, დამლაგებლობა ან ნებისმიერი სხვა პროფესია სათაკილოა, ეს ასე არაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თითოეული სფეროს შეცვლა, ამოყირავება და თუნდაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ინსპირაციისთვის გამოყენება.

მინდა აუცილებლად შევეხო დახმარების თხოვნის აუცილებლობასაც, რისაც ბევრს რცხვენია, თუმცა ამაში არაფერია სასირცხვილო და მე თავად არაერთხელ მიმიმართავს თხოვნით მეგობრებისთვის თუ პარტნიორებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესრჩევებს, ქალ ანტრეპრენერებს ვურჩევდი აუცილებლად თავად აკეთონ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ. ერთი შეხედვით, ყველაზე ელემენტარული ამოცანებიც კი, დამოუკიდებლად გადაჭრან. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც თავიდანვე ბევრ თანამშრომელს ქირაობენ და ყველაფერს მათ ავალებენ, რა დროსაც ბიზნესის კეთების ხიბლი და ის გამოცდილება თუ ცოდნა, რომელსაც დამოუკიდებელი საქმიანობით იღებ, იკარგება. თითოეულმა წარმატებულმა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს საქმის სიტკბოც და სიმწარეც, რათა ბიზნესი სწორად მართოს და შემდგომში ის ადამიანები დაიქირაოს, რომლებიც გაიზიარებენ მის ღირებულებებს, ხედვებს და ერთი მიმართულებით იმოძრავებენ.

რით ხართ დაკავებული ბიზნესსაქმიანობის გარდა? რომელ საშუალებებს მიმართავთ პროდუქტიულობის ასამაღლებლად და ეფექტიანობის შესანარჩუნებლად?
თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ მედიტაციას მივმართო და ამ თემის შესახებ ბევრი წიგნი ვიკითხო. ყველა წარმატებული ადამიანი თანხმდება, რომ მედიტაცია და ვიზუალიზაციის ტექნიკები დიდი წარმატების საწინდარია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მექნებოდა ჩემი კომპანია, ვიქნებოდი წარმატებული ქალი ანტრეპრენერი და ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას მოვახდენდი მედიტაციის დროს. ადამიანის ტვინი ისეა შექმნილი, რომ რასაც ნათლად წარმოიდგენს და მკაფიო სურათს დახატავს, იმას აუცილებლად მიაღწევს. ამ დროს სხეულიც კარგავს რეალობისა და წარმოსახვის აღქმას და თავად "მიჰყავხარ" წარმატებისკენ. 40-მდე წიგნი მაქვს წაკითხული ვიზუალიზაციისა და მედიტაციის კუთხით, მყავს "ლაიფ-ქოუჩი", რომელთანაც სერიოზულად ვმუშაობ ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში.

მედიტაციის გარდა, გატაცებული ვარ ჩოგბურთით, საკმაოდ ხშირად ვთამაშობ და ხანდახან ვხუმრობ კიდეც − რომ არა ბიზნესი, აუცილებლად ჩოგბურთის ჩემპიონი გავხდებოდი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დღეის მდგომარეობით, კომპანია Rush Global იზრდება და ვითარდება რეგიონის მასშტაბით. ვხსნით ოფისს საუდის არაბეთში, რომელიც გაცილებით დიდი ბაზარია და სადაც მალე ახალი ფილიალი გვექნება. ასევე, ვმუშაობთ წარმომადგენლობის გახსნაზე აშშ-ში, კერძოდ ატლანტაში, რომელიც ცალკე ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი იქნება, როგორც აშშ-იდან ჩვენს რეგიონში, ისე პირიქით.

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ამ დროს დუბაიში ჩვენი სახაჭაპურე გვექნება, რომლის გახსნაზეც დაწყებული გვაქვს მუშაობა და პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ მისული. სხვათა შორის, ხაჭაპური ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს დუბაიში, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და გვსურს არსებულ მოთხოვნას ხარისხიანი მიწოდებით ვუპასუხოთ. ვფიქრობთ, მომავალ წელს Global Village-ზე წარვდგეთ ჩვენი ნაწარმით და მომხმარებელს გავასინჯოთ ხაჭაპურის მრავალფეროვანი ასორტიმენტი − როგორც სხვადასხვა ზომის, ისე განსხვავებული ნაირსახეობის.

ასევე, როგორც აღვნიშნე, შეტანილი მაქვს განაცხადი UN Women ამბასადორობაზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლებ ქალთა გაძლიერების მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით.

თამარას გუნდი:

სალომე − პირადად ჩემთვის, თამარა საუკეთესო ლიდერია, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების ძიებაზე და გვერდით გვიდგას, გუნდს გვაძლევს მოტივაციას და ვფიქრობ, აქვს კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო თვისება. მოგეხსენებათ, არსებობს ლიდერების რამდენიმე ტიპი, რომელთა შორის, თამარა, ნამდვილად ტრანსფორმაციული ლიდერია.

ჯონნა − თამარას გუნდს 2022 წლის თებერვალში შევუერთდი და გასაუბრების მომენტიდანვე ვიგრძენი რაღაც სულიერი კავშირი მასთან, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენი, რომ მის კომპანიაში დიდი ხნით გავჩერდებოდი. ის არ გვექცევა როგორც დასაქმებულებს, არამედ ოჯახის წევრებივით გვეპყრობა. გუნდის წევრები თამარას კორპორაციული მართვისა და პიროვნული ბალანსის სტილისაგან დიდ შთაგონებას ვიღებთ. თანამშრომლები კომპანიებში მხოლოდ კარგი ანაზღაურების გამო არ ჩერდებიან. მათ სჭირდებათ პატივისცემა, აღიარება, ჩართულობა, შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი არიან კომპანიისთვის, რასაც თითოეული ჩვენგანი თამარასთან მუშაობით ვგრძნობთ.

ტანვერი − თამარას მსგავსი ექსტრაორდინარული უფროსის ფონზე, დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი სხვაგან მუშაობით. მან, კარგი გაგებით, შეზღუდა ჩემი კარიერული გზის არჩევანი, ვინაიდან ვერც კი წარმომიდგენია პროფესიული განვითარების სხვა ვარიანტი, გარდა მასთან მუშაობისა.

ჰამედი − თამარა იმაზე მეტია, ვიდრე ლიდერი. იგი ინსპირაციის წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის. მისი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა იყო ის, რამაც უდიდესი შთაგონება მომანიჭა თამარას გუნდთან შეერთების მომენტიდანვე.

სიდიქუ − ბუნებრივი ლიდერობის უნარები, მის უზარმაზარ პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, თამარას საუკეთესო პიროვნებად აყალიბებს გუნდის სამართავად. თანაც, იგი ამ ყველაფერს იმდენად მარტივად ართმევს თავს, თითქოს სინამდვილეში მენეჯმენტი უდიდეს გამოწვევას არ წარმოადგენდეს. ვამაყობ, რომ მისგან უნარების თუნდაც ნაწილის დაუფლება მაინც შევძელი.

ბაშირი − მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა თამარასთან მემუშავა და მისი ლიდერობით პროფესიული გამოცდილება მიმეღო. მისგან უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები მივიღე, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამომადგება.

ჰანა − თამარა არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია სწორი ინსტრუქციებისა და მხარდაჭერის მოცემა ჩვენთვის − საკუთარი გუნდის წევრებისთვის. მის მიერ გამოწვევების მიღმა დანახული შესაძლებლობები დიდი ინსპირაციის წყაროა თითოეული ჩვენგანის კარიერულ გზაზე. ის ყველას აძლევს საშუალებას, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პროექტებში და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ჩვენი გუნდი დიდ პატივს სცემს თამარს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს ჩვენს აზრებს, ღირებულებებს და ხელს უწყობს რეალური გუნდური მუშაობის შეგრძნების გაჩენას კომპანიაში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"