Get All Access for $5/mo

თამასა აწეულია! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა! თამასა, რომელიც ბიჭებმა ასე მაღლა ასწიეს, ჩემთვის აწეული თამასაა და მე არ მაქვს ამ თამასის დაწევის უფლება!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ის ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის!"

ეს სიტყვები საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც მან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გახსნაზე, 1990 წლის 30 მარტს წარმოთქვა.

ფეხბურთი რომ მხოლოდ სპორტი არაა, ამაში საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ამ ნანატრ დღეს, რომლის დადგომას სწორედ 1990 წლიდან ველოდით, ასრულდა ნება ქართველი ხალხისა და ეს ნება არ არის მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა და საქართველოს გამარჯვების ურყევი ნება.

და დღეს, როცა გამარჯვების ნების, გამარჯვების ვნების სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებს თბილისსა და მთელ საქართველოში, მთავარი კითხვა, რაც ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, არის შემდეგი:

მე, საქართველოს რიგითმა შვილმა, რომელმაც უკვე არამხოლოდ ჩემი სასახელო წინაპრების, არამედ ჩემს თანამედროვეთა მიღწევებითაც შემიძლია ვიამაყო, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თამამად შემეძლოს თქმა – მე ვარ საქართველო!

რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თამასა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ასე მაღლა ასწიეს, არასოდეს დაეშვას და მხოლოდ ზევით, მაღლა და მაღლა მიიწევდეს და ამაში მეც ჩემი წვლილი შემქონდეს?!

გავაგრძელო გულმხურვალე გულშემატკივრობა? რა თქმა უნდა!

და კიდევ რა?

გამარჯვების მხოლოდ მაყურებელი ვიყო თუ თავადაც შემიძლია გავხდე გამარჯვების შემოქმედი, გამარჯვების გმირი?!

რა შეიძლება იყოს ის მთავარი, რაც მეც შემიძლია გავაკეთო ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ქართველმა ფეხბურთელებმა გააკეთეს?!

როგორ და რით შეიძლება დავუბრუნო მათ ის სიხარული, რაც მთელ საქართველოს მოგვანიჭეს?

რა შეიცვალა 26 მარტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში?

რისი უფლება აღარ მაქვს 26 მარტის შემდეგ? სადაა ჩემი წილი პასუხისმგებლობა?

ამ კითხვებს უნდა უპასუხოს ყველა ქართველმა:

სპორტსმენმა

ხელოვანმა

მეცნიერმა

სტუდენტმა

მოსწავლემ

მასწავლებელმა

მძღოლმა

პოლიციელმა

საჯარო მოხელემ

პოლიტიკოსმა

მეწარმემ

ბანკირმა

იურისტმა

ფილოლოგმა

ისტორიკოსმა

მათემატიკოსმა

აგრონომმა

ექიმმა

ვეტერინარმა

ტექნოლოგმა

მშენებელმა

არქიტექტორმა

მეღვინემ

მევენახემ

ხელოსანმა

მენეჯერმა

მკვლევარმა

ჟურნალისტმა

მწერალმა

პროგრამისტმა

თუ ფერმერმა

და პასუხი უნდა იყოს შემდეგი:

თამასა, რომელიც ბიჭებმა ასე მაღლა ასწიეს, ჩემთვის აწეული თამასაა და მე არ მაქვს ამ თამასის დაწევის უფლება!

ეს გამარჯვება ჩემი გამხნევებისთვის და მომავლის იმედის ჩასახვისთვის მიღწეული გამარჯვებაა და მე, მიუხედავად ჩემი პროფესიისა თუ საქმიანობისა, არ მაქვს უფლება, ყოველდღიურად არ ვიშრომო, ბოლომდე არ დავიხარჯო, ისეთივე ჟინით, თავდადებით, ღირსებით, პროფესიონალიზმითა და გამარჯვების სულისკვეთებით მუდმივად არ გავაუმჯობესო ჩემი შედეგები!

სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე! სული და გული უნდა ჩავდო! შეუძლებელი უნდა შევძლო! მთელ ქვეყანას უნდა დავუმტკიცო, რომ არავისზე ნაკლები არ ვარ და ტოლს არავის არაფერში დავუდებ!

მე შეიძლება შემეშალოს, შეიძლება შევცდე, შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ არასოდეს გავჩერდები, ყველა დაცემის შემდეგ კვლავ ფეხზე წამოვდგები და როგორც მეომარი "უშიში ვითარცა უხორცო", უფრო მეტი შემართებითა და სიმამაცით გავაგრძელებ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე.

მე, სახელოვან ქართველ მებრძოლთა და მეომართა შთამომავალსა და თანამედროვე გმირთა სისხლსა და ხორცს, წარუმატებლობისა და დანებების უფლება აღარ მაქვს. ვერ ვუღალატებ ბიჭებს. ვერ ვუღალატებ ჩემს ქვეყანას.

ჩემ უკან ხომ საქართველოა!

ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ სპორტი აღარაა. ეს ქართული სულისკვეთების, ეროვნული ღირსების დაბრუნების, საკუთარ თავსა და ძლიერ მოწინააღმდეგეზე უთანასწორო ომში გამარჯვების სიმბოლოა. გმირობის სიმბოლოა.

მე ვაცნობიერებ, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მეც მექნება დასარტყმელი ჩემი წილი პენალტი და როცა გადაწყვეტილება მექნება მისაღები, არ უნდა ვიყოყმანო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღო, გავბედო და დავარტყა. ამისთვის კი დღეიდანვე უნდა დავიწყო მზადება.

უნდა წარმოვიდგინო, რომ სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემს ქცევას, ჩემს მოქმედებას მაყურებლებით გადაჭედილი სტადიონი და ტელეეკრანებთან მიჯაჭვული ყველა ქართველი უყურებს და მე არ მაქვს მათთვის იმედისა და ნდობის გაცრუების უფლება.

მე არ ვიცი, როდის დადგება ეს გადამწყვეტი მომენტი, როცა ჩემი ცხოვრების პენალტის დარტყმა მომიწევს, ამიტომ ამ მომენტისთვის ყოველდღიურად უნდა მოვემზადო, ბევრი ვიშრომო, საკუთარ თავზე ვიმუშაო, გამოვასწორო ყველა ხარვეზი, ვისწავლო დაშვებულ შეცდომებზე, დავიჯერო საკუთარი შესაძლებლობების, ვძლიო საკუთარ თავს და მოვემზადო ჩემი ცხოვრების პენალტისთვის, როგორც 26 მარტის ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გმირი, გიორგი ქოჩორაშვილი:

"სამი-ოთხი წელი ძალიან დიდი შრომა ჩავდე. შეიძლება ამ მომენტისთვისაც კი. რამდენიმე პენალტიც ავაცილე, რამდენიმე გავიტანე. მაგრამ ამჯერად ეს იყო დანიშნულება, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა და მე ამისთვის მზად ვიყავი".

მოემზადე შენც!

ოქროს საწმისი დაბრუნებულია!

თამასა აწეულია!

ჩვენ ევროპაში ვართ!

ბრძოლა მოგებულია!

ომი მოსაგებია!

გამარჯვება ჩემშია!

მე ვარ გამარჯვება!

მე ვარ საქართველო!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი