TechCrush - ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელში შემავალი ერთ-ერთი ნაწილი 2014 წელს გახსნილი FabLab Iliauni-ა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტარტაპებისთვის პროდუქტების შექმნაში დახმარებაა.

ავთანდილი 2017 წლიდან ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში. მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი პროგრამის ფარგლებში მათ 300-ზე მეტ სკოლაში ჩამოაყალიბეს ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები, სადაც 25-ზე მეტი მიმართულება უფასოდ ისწავლებოდა.

"ეს იყო, მაგალითად, რობოტიკა, ელექტრონიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D დიზაინი, PYTHON-ის პროგრამირება, ვებდეველოპმენტი, მობაილდეველოპმენტი და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების კუთხით, არაფორმალური განათლების მიმართულებაზე ვმუშაობდით და ვაზიარებდით ცოდნას", - ამბობს მღებრიშვილი.

რამდენიმე წლის წინ მას და მის კოლეგებს გაუჩნდათ იდეა, რომ მათი გამოცდილების გაზიარების არეალი კიდევ უფრო გაეფართოებინათ და განსხვავებული ფორმატით მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ. ავთანდილ მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ "განათლება და გაზიარება არის ორი ისეთი რამ, რაც მუდმივად უნდა ვაკეთოთ, რათა განვვითარდეთ და წინ წავიდეთ".

იდეის საწყისები

YouTube არხის შექმნის იდეა მას და მის ექვს თანაგუნდელს 3 წლის წინ გაუჩნდათ. ავთანდილ მღებრიშვილის თქმით, იმ პერიოდში RedBull SoapBox-ის შეჯიბრი ტარდებოდა, რომელიც ხშირად იმართება უცხოეთში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ამდენი საქმისა და პროექტის შემდეგ თავად შესულიყვნენ მონაწილის ამპლუაში.

"სახელის - TechCrush-ისიდეაც აქედან წამოვიდა. Crush ჯენზური ტერმინია - ლტოლვა რაღაცის მიმართ, აგრეთვე ტექნოლოგიების ტესტირებასაც აღნიშნავს. ტექნოლოგიების მიმართ ლტოლვა და თან მათი ტესტირება - სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს სახელიც. SoapBox-ის გუნდსაც ეს სახელი დავარქვით და ამითვე დავიწყეთ საზოგადოებაში დამკვიდრება", - ამბობს მღებრიშვილი.

შეჯიბრისთვის გუნდმა გააკეთა მანქანა, გადაიღეს ყველა ეტაპი და შემდეგ, ავთანდილის თქმით, "შემთხვევით გაიმარჯვეს" კიდეც.

"პროცესით ძალიან გავერთეთ, ხოლო ამ გამარჯვების შემდეგ საკითხზე ფიქრი უფრო სერიოზულად დავიწყეთ. დავამონტაჟეთ ვიდეო, მაგრამ შემდგომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა - რუსული კანონი, აქციები. ასეთი პერიოდი დაემთხვა და აღარავის ეცალა ამ ყველაფრისთვის. ქვეყანაში კარგი მდგომარეობა ახლაც არ არის, მაგრამ ახლა ყველა პროექტი, რაც გვქონდა, გავაჩერეთ - მოგვიწია ზოგის გაჩერებამ, რადგან ბევრი ტიპის დაფინანსება შეიზღუდა. გაჩერდა ის პროექტებიც, რომლებითაც ბავშვებს რეგიონებში ვეხმარებოდეთ. გაზიარების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უფრო რთულად მისაწვდომია მსგავსი ტექნოლოგია და უნარები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანების მოძიებაც რთულია, ვისაც ადგილობრივები, მაგალითად, რჩევას ჰკითხავენ. ასეთი სირთულეები გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში", - აღნიშნავს ავთანდილ მღებრიშვილი.

მისი თქმით, ასეთ სტრესსა და უიმედობაში გაახსენდათ ვიდეოს შესახებ და გადაწყვიტეს, სხვებისთვის ცოდნის გაზიარების მიზანი ამ სახით განეხორციელებინათ.

"პირველი ვიდეო დავდეთ, შემდეგ კი განვაგრძეთ და ახლა უკვე ოთხი ვიდეო გვაქვს. სამი კვირაა დავიწყეთ და თითქმის 800 გამომწერზე მეტი მოგვემატა ამ კვირაში, რაც მგონია, რომ არ არის ცუდი შედეგი, ვინაიდან სულ ახალი ამოქმედებულია არხი და მიზანი გვაქვს, გავაგრძელოთ ეს საქმე".

მიზანი და ფორმატი

როგორც ავთანდილ მღებრიშვილი ამბობს, TechCrush-ის მთავარ მიზანს ტექნოლოგიური ცოდნის მარტივად და ყველასთვის გასაგებად გადმოცემა წარმოადგენს.

"ჩვენს გამოცდილებას გავაზიარებთ ვიდეოებით, რომლებსაც ინფორმაციული ხასიათი ექნება, მაგალითად, რაიმეს აწყობის, AI ხელსაწყოების. ამას ცალკე გავაკეთებთ".

გუნდმა პოდკასტების ერთ-ერთ მიმართულებად კეთება კი იმიტომ დაიწყო, რომ სხვა ქართველებიც გააცნონ მაყურებელსა და მსმენელს, რომლებიც ჩართულები არიან კრეატიულ და შემოქმედებით ინდუსტრიაში, თუმცა ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ.

"ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობენ, ოღონდ აქედან. გვსურს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბაბლში არიან, მოვიწვიოთ პოდკასტებში და ხალხს გავაცნოთ. გვსურს, რომ მათზე იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვისაც ამ სფეროში მოხვედრა სურთ და არ არიან დარწმუნებული, ღირს თუ არა ამის კეთება და ღირს თუ არა ეს, ზოგადად, საქართველოში. მოტივაცია საკმაოდ დიდი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებზე დადებითად ვიმოქმედოთ".

ავთანდილ მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ YouTube სივრცეში მეტწილად გასართობი კონტენტია.

"ბოლო დროს საგანმანათლებლო ხასიათის ბევრი პოდკასტი დაიწყო, მაგრამ ეს არ ეხება ტექნოლოგიების ნაწილს. ძირითადად არის ხელოვნება, პოლიტიკა ან სხვა. გვინდა ვნახოთ, რამდენად დიდია ამ მიმართულებით ინტერესი და რამდენად საინტერესოდ გამოგვივა ეს ყველაფერი. ჩვენთვის კამერებთან მუშაობა არ არის მაინცდამაინც ჩვეული გარემო და ახლაც სულ სწავლის პროცესში ვართ. ვიღებთ ძალიან კარგ უკუკავშირს, ეს კი გვაბედნიერებს".

რაც შეეხება ფორმატს, YouTube პლატფორმის გარდა, TechCrush-ი ხელმისაწვდომია Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. აუდიონაწილი Spotify-ზე არის, ხოლო გუნდი გეგმავს, შემდგომში SoundCloud-ზეც განათავსოს.

"გვსურს უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ტექნოლოგია, რობოტიკა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ქვეყანაში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო რობოტების აწყობას იწყებს და ჩვენ ჯერ სხვა პრობლემებს ვართ შეჭიდებული. მიზანიც ეს არის, - მოვახდინოთ ამ ყველაფრის პოპულარიზება, გავაზიაროთ ჩვენი თავგადასავლები და ვნახოთ, რა უკუკავშირი გვექნება ადამიანებისგან, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებთ".

მსოფლიო ტექნოლოგიური ფონი და საქართველო

ავთანდილ მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხზე საუბრის შემდეგ ყველა პოდკასტერის აზრი ერთია - მსოფლიოს მომავალი ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკას ეკუთვნის, რაც, მისი თქმით, ბევრს საშიშად ეჩვენება.

ისინი ავტომატურად ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა და მათი განვითარება ბევრი ადამიანის უმუშევრად დატოვებას ნიშნავს, რაც რეალობას მოწყვეტილი ნამდვილად არ არის. მაგრამ ზოგ საკითხს ზოგჯერ არასწორად ვუყურებთ, რადგან პროფესიული განვითარება ყოველთვის იყო და ახლაც არის პროფესიები, რომლებიც დროსთან ერთად ქრება იმიტომ, რომ სიახლეები მოდის და მათი ჩანაცვლება ხდება. როდესაც ახალი ტექნოლოგია ჩნდება, ჩნდება ახალი პროფესიებიც, ახალი მიმართულებები, ახალი როლები და საქმეები".

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუკი ამ ახალი პროფესიების დროულად ათვისება მოხდება.

"ადრე, ხშირ შემთხვევაში, კომპიუტერი და ინგლისური მიიჩნეოდა ყველაფრის ცოდნად, რაც ახლა ასე აღარ არის. ყოველ წელს შეიძლება ახალი უნარი დაგჭირდეს. მუდმივად გჭირდება ადამიანს განვითარება. რომ ამბობენ ხოლმე, ერთხელ ისწავლი და მორჩა, კენწეროში გატკბილდებისო, ეგ კენწერო ყოველ წელს მაღლდება. მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ვეძიოთ სიახლეები. რაც მთავარია, ყველაზე კარგი უნარი ისაა, რომ ჩვენი კრეატიული მიმართულების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ, დღეში ერთხელ მაინც წავიკითხოთ ან ვუყუროთ ისეთ რამეს, რაც ჩვენს ძირითად სფეროს არ ეხება. ბიზნესი და ტექნოლოგია ცდილობს იაფად აკეთოს ყველაფერი, რაც გულისხმობს საქმეში ადამიანების ნაკლებად ჩარევას - ნაკლები ფული გადაუხადოს მუშახელს, სამაგიეროდ კი სისტემების ავტომატიზაცია გააკეთოს. დროულად უნდა ვიყოთ სწორ ადგილას. რასაც ვაკვირდები, მსოფლიოში ერთეული დიდი კომპანიები არიან, რომლებიც ამ სფეროში ბაზარს იჭერენ. ასეთი დომინაცია რომ არ მოხდეს, საჭიროა ავჩქარდეთ და ტემპს მივყვეთ".

რაც შეეხება საქართველოს, მღებრიშვილის თქმით, ინდივიდუალურ დონეზე კონკრეტული ადამიანები ცდილობენ მსოფლიო პროგრესისთვის ფეხის აწყობას. ის აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ დონეზე ბევრი წარმატებული ქართველია ინდუსტრიაში, რომლებიც, სამწუხაროდ, არა საქართველოში, არამედ უცხოეთში საქმიანობენ და იქ ცდილობენ საკუთარი უნარების განვითარებას.

"სახელმწიფო კი ძალიან ნელა მიდის წინ, ვერ ვუწყობთ ფეხს ამ ტექნოლოგიურ პროგრესს. ჯამურად, შესაძლოა ითქვას, საზოგადოების ბრალია, რომ ტექნოლოგიების ნაწილი საქართველოსთვის პრიორიტეტი ვერ ხდება როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა მიმართულებებით. ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს. შესაძლოა შეიქმნას ტექნოლოგიური ჰაბები, რითაც რესურსების იდეალურად გამოყენებას შევძლებთ, რაც ფინანსურადაც მიმზიდველი იქნება და ბევრ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზეც დააინტერესებს".

მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებში მიღწეული კონკრეტული განვითარება ჩვენთან წლების შემდეგ შემოდიოდა ხოლმე, ახლა კი ამის დრო საგრძნობლად შემცირებულია.

"ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ არსებობს საზოგადოება - 200-300 ადამიანი, ვისაც მეტ-ნაკლებად თავისი პატარა წრე ჰყავს. გაზიარების ნაწილი გაიზარდა - ადამიანების, ვისაც შეუძლიათ ეს თანამედროვე უცხოური ინფორმაცია დაამუშაონ და მერე სხვებს გაუზიარონ. გვინდა, რომ შევინარჩუნოთ და, ამასთან ერთად, კარგი იქნება, განვავითაროთ კიდეც, რადგან სულ დევნაში ყოფნაც უინტერესოა. რაღაც მომენტში მოგვიწევს, აუცილებლად ახალი შევთავაზოთ ბაზარს, ახალი უნდა შევთავაზოთ მსოფლიოს".

ავთანდილ მღებრიშვილის აზრით, დიდი მნიშვნელობის მატარებელია ტექნოლოგიური კვლევებიც, რაც საქართველოში არ ტარდება.

"ეს, პირველ რიგში, უნივერსიტეტების ერთ-ერთი ვალია, შემდეგ კი სახელმწიფო მიდგომის, რომ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში კვლევები ტარდებოდეს. მაგალითად ავიღოთ ელექტრომანქანები, რომელთა შექმნაც უმარტივესია, მაგრამ არ არსებობს აქ ამის საშუალება, რადგან არც ქარხნებია ამისთვის და არც რესურსი და, ცხადია, კვლევებიც არ ტარდება. კვლევების გარეშე ტექნოლოგიური სიახლეები არ იქმნება. ეს არის სიახლეებისა და ინოვაციების მთელი ფორმულა".

TechCrush-ის სამომავლო გეგმები

YouTube არხის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობა საზოგადოებისთვის პოდკასტების ნაწილით. გარდა ამისა, აპირებენ დაიწყონ საინფორმაციო ვიდეოების განთავსება ტექნოლოგიებსა და მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე. მისი თქმით, შინაარსი იქნება საგანმანათლებო, დაემატება გაიდლაინ ვიდეოებიც - მაგალითად, ხელსაწყოების გამოყენებაზე.

"ასევე, გვექნება ჩელენჯები. გვსურს, რომ დიდი საგანმანათლებლო და არა მხოლოდ, ღონისძიებები შემოვიტანოთ, როგორიცაა რობოტების ბრძოლა. შარშან ეს ჩვენ ნაწილობრივ დავიწყეთ კიდეც და გვსურს, უფრო მეტად გავაძლიეროთ. ჩვენი მიზანია, თითოეულ სკოლასა და უნივერსიტეტს ჰყავდეს გუნდი - გვსურს განვავითაროთ სპორტული ხაზი საგანმანათლებლო და საბრძოლო რობოტებში. ასევე, ვმუშაობთ დრონების რობოტების მიმართულებით, რაც საკმაოდ საინტერესოა გლობალურ ბაზარზეც.

გარდა ამისა, აქცენტს გავაკეთებთ ზოგადად სტარტაპებზე, სამეწარმეო განათლებაზე, ტექნოლოგიურ განათლებაზე. ასევე, გვექნება პატარა ექსპერიმენტები. იგეგმება მიმართულება, რომლის სახელი დაახლოებით იქნება - "რა იქნებოდა?", სადაც გავაერთიანებთ იმ ფრაზებსა და გამონათქვამებს, რომლებიც ბავშვობაში ხშირად გვესმოდა. ახლა ვმუშაობთ ვიდეოზე - "მამაჩემმა მამაშენს რომ დაარტყას, ამერიკაში გადააფრენს", სადაც ვზომავთ, რა მატერიის უნდა იყოს მამა, რა აჩქარებით და რამდენი გრადუსით უნდა დაარტყას, რა სიჩქარე იქნებოდა საჭირო და რამდენ ხანში ჩაფრინდებოდა ამერიკაში. ასეთი იუმორისტული ფრაზების გამოთვლას გავაკეთებთ ფიზიკით, ქიმიითა და ტექნოლოგიურად".