ტექნოლოგიური განათლების ახალი მოდელი: Tech Bloom-ის გზა Google-ის აღიარებამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური სექტორის მიღწევების მიღმა ხშირად ერთი კრიტიკული ბარიერი იმალება, რაც ბიზნესის სფეროდან მოსული პროფესიონალებისთვის საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებში გამოიხატება. ეს გამოწვევა სტრატეგიული ბიზნესხედვისა და რთული IT არქიტექტურის ურთიერთქმედებას უკავშირდება, სადაც ორი სრულიად განსხვავებული აზროვნების სტილის თანაკვეთაა საჭირო. სწორედ მართვისა და საინჟინრო ლოგიკის ერთმანეთთან შეუსაბამობა ქმნის დღეს ინდუსტრიაში იმ დიდ საკადრო დეფიციტს, რომელიც პროექტების ეფექტურ რეალიზაციას აფერხებს.

საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული ზედაპირული და მოკლევადიანი კურსები ამ პრობლემას სრულყოფილად ვერ პასუხობს, რადგან მსგავსი ფორმატი რეალურ პროექტებში მუშაობისთვის საჭირო ცოდნას ვერ იძლევა. ეს წყვეტა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალების შემთხვევაში, რომლებსაც ხშირად აქვთ მყარი ბიზნესგამოცდილება, თუმცა აკლიათ წვდომა ისეთ სიღრმისეულ პლატფორმებზე, რომლებიც მათ სისტემურ და საინჟინრო დონის აზროვნებას ჩამოუყალიბებდა. ამ მოცემულობის გამო, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, სადაც IT არქიტექტურა და ბიზნესანალიზი იკვეთება, გენდერული დისბალანსი კვლავ გამოწვევად რჩება.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა Tech Bloom – პლატფორმა, რომელიც ბიზნესგამოცდილებისა და მაღალტექნოლოგიური საინჟინრო ცოდნის სინთეზს ემსახურება. პროექტის კონცეფცია ეფუძნება რეალურ საჭიროებას: შეიქმნას ეფექტური სასწავლო მოდელი მათთვის, ვინც ბიზნესის ადმინისტრირებიდან IT არქიტექტურის მიმართულებით გეგმავს კარიერულ განვითარებას. Tech Bloom მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული საკადრო დისბალანსის აღმოფხვრას და ქალების ჩართულობის გაზრდას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა IT Solution Architecture და Business Analysis.

,,ჩვენი მიზანია, ტექნოლოგია არ იყოს აღქმული, როგორც რთული და მიუწვდომელი პროფესია. ბაზარზე შემოვიტანეთ გამოცდილება, რომელშიც ტექნიკური განათლება შერწყმულია მენტორობასთან. გარდა პროფესიული კურსებისა, Tech Bloom ატარებს საქველმოქმედო ფორმატის შეხვედრებს, რათა ცოდნა ხელმისაწვდომი გახდეს მათთვისაც, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ ხელსაწყოებს, არამედ სისტემურ აზროვნებას, რაც ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანს ტექნოლოგიურ ლიდერად აქცევს", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ცირა გვრიტიშვილი, BOG App – Solutions Architect და Tech Bloom-ის დამფუძნებელი და CEO.

ბაზარზე ოპერირების პირველმა წელმა ცხადყო, რომ პლატფორმის შექმნისას გაწეული რისკი სრულად გამართლდა. პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა მისი სოციალური და პროფესიული მნიშვნელობა, რასაც მალევე მოჰყვა ინსტიტუციური მხარდაჭერა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპად საქართველოს ბანკის "სიცოცხლის ხის" ფონდის დაფინანსება იქცა. საოპერაციო ხარჯებისა და სამუშაო შეხვედრების დაფარვამ გუნდს საშუალება მისცა, მთელი ყურადღება ხარისხზე გადაეტანა, რაც თავისთავად იყო პირველი სერიოზული აღიარება და იმის დასტური, რომ არჩეული გზა საჭირო და პერსპექტიული აღმოჩნდა.

ნამდვილი გარდატეხა და მასშტაბების ზრდა უკვე საერთაშორისო აღიარებას უკავშირდება. იმ სკეპტიციზმის ფონზე, რომელიც ხშირად ახლავს ახალბედა სტარტაპებს, Tech Bloom-მა მაინც შეძლო გლობალური ლიდერების ყურადღების მიპყრობა. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც Google-მა და Lenovo-მ პლატფორმის პოტენციალი დაინახეს და გრანტი გამოყვეს EdTech London 2026-ში მონაწილეობის მისაღებად.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ ასწავლა გუნდს, პირველ რიგში კი ის, რომ წარმატება არ არის საბოლოო წერტილი – ეს არის მუდმივი ადაპტაციის პროცესი. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რესპონდენტი სხვებსაც ურჩევს, არ შეუშინდნენ სიახლეებს:

"ყველას ვურჩევდი, ნუ აირჩევთ ე.წ. უსაფრთხო კარიერას მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება ასე მოელის. ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი ზრდა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტად გვეშინია შესვლის. ტექნოლოგია არ არის მხოლოდ კოდი, ეს არის შემოქმედება და პრობლემების გადაჭრის ხელოვნება. ნუ ელით იდეალურ მომენტს, დაიწყეთ იქ, სადაც ხართ და იმ რესურსით, რაც გაქვთ", – აღნიშნავს ცირა გვრიტიშვილი.

Tech Bloom-ის დამფუძნებლის ხედვით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და მკაფიო სტრუქტურას იქ პოულობს, სადაც სხვები მხოლოდ ქაოსსა თუ გადაუჭრელ პრობლემებს ხედავენ. ეს არის ერთგვარი არქიტექტორი, რომელიც ტექნიკურ სისტემებთან ერთად სოციალურ ცვლილებებსაც აპროექტებს. საბოლოო ჯამში, ანტრეპრენერობა საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რომ შენი იდეა სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

,,ყველაზე დიდი ინსპირაცია კი იმ მომენტში მოდის, როდესაც სტუდენტი "შიშის" მდგომარეობიდან "თავდაჯერებულობის" ფაზაში გადადის. იმის დანახვა, რომ რთული ტექნიკური ამოცანა ადამიანისთვის გასაგები და სამართავია, უდიდესი ენერგიის წყაროა. ეს არის განცდა, რომ სწორედ ახლა იქმნება ქართული ტექნოლოგიების ისტორია და თითოეული ჩვენგანი შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყოს", – განმარტავს რესპონდენტი.

გენდერული სტერეოტიპები ცირა გვრიტიშვილის პროფესიული გზის თანმდევ გამოწვევად იქცა, რამაც მის კარიერულ არჩევანზეც იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური სფერო თავიდანვე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მასში, პირველი ნაბიჯები მაინც ბიზნესგანათლების მიმართულებით გადადგა. ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში დამკვიდრებული "სანდო" და "ხელსაყრელი" გზის მიმართ ერთგვარ ქვეცნობიერ ნდობას ეფუძნებოდა. ათი წლის წინანდელ გარემოში ტექნოლოგიური სექტორი ქალების თვითრეალიზაციის სივრცედ ნაკლებად აღიქმებოდა, რამაც საზოგადოებრივი მოლოდინების სასარგებლოდ გარკვეული დათმობა განაპირობა.

"შინაგანი ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე რადიკალური ცვლილება. ბიზნესიდან ტექნოლოგიურ სექტორში გადასვლისას ჩემი უდიდესი მხარდამჭერი "საქართველოს ბანკის" პროგრამა "ლიდერატორი" აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამამ მომცა ის საჭირო ბიძგი და რესურსი, რამაც ჩემი, როგორც IT პროფესიონალის, ფორმირება განაპირობა და ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობის.

ჩემი პასუხი არსებულ სტერეოტიპებზე ყოველთვის იყო მაღალი ხარისხის მუშაობა და კონკრეტული შედეგი. სწორედ ამ გამოწვევამ და "ლიდერატორში" მიღებულმა პოზიტიურმა გამოცდილებამ მიბიძგა Tech Bloom-ის შექმნისკენ. მსურდა, ის მხარდაჭერა, რაც მე მივიღე, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა. მინდოდა შემექმნა გარემო, სადაც გოგონებს აღარ მოუწევთ იმავე ბარიერების გადალახვა და თავიდანვე ეცოდინებათ, რომ ტექნოლოგია მათთვისაცაა. ჩვენ არ ვებრძვით სტერეოტიპებს მხოლოდ ლოზუნგებით; ჩვენ მათ ვამსხვრევთ იმით, რომ ქალებს ვაძლევთ რეალურ ძალას, ცოდნასა და თავდაჯერებულობას. ჩემი მიზანია, ეს მხარდაჭერის ჯაჭვი გაგრძელდეს და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქალების ეკონომიკურ და პროფესიულ გაძლიერებაში", – აცხადებს Tech Bloom-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების პერსპექტივას, Tech Bloom-ის უახლოესი გეგმა საერთაშორისო მასშტაბირებას უკავშირდება. Google-ისა და Lenovo-ს მხარდაჭერით EdTech London 2026-ზე წარდგენის შემდეგ, გუნდი ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიებისა და პერსონალიზებული სწავლების დანერგვას გეგმავს. Tech Bloom-ის მიზანია, მომავალ წელს მინიმუმ 500-ზე მეტ ქალს დაეხმაროს მაღალტექნოლოგიურ პოზიციებზე დასაქმებაში და Tech Bloom იქცეს რეგიონულ ჰაბად, რომელიც მომავლის ტექნოლოგიურ ლიდერებს აღზრდის.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and Entrepreneurship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.