ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, როგორც ქალების კარიერული ზრდის ახალი შესაძლებლობა ინტერვიუ "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილესთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი ყველა ინდუსტრიის დღის წესრიგს ცვლის, რაც შრომის ბაზარზე ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს აჩენს. ამ პროცესში ქალების ჩართულობა და მათი პოტენციალის რეალიზება არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის, არამედ პროფესიონალი კადრების გაჩენის წინაპირობაც არის.

რა ბარიერებს აწყდებიან ქალები კარიერაში, რა როლი აკისრია ბიზნესს მათ მხარდაჭერაში და როგორ უწყობს ხელს შრომის ბაზარზე ტექნოლოგიის დომინაცია ქალების პროფესიულ შესაძლებლობებს? ამ თემებზე Entrepreneur "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილეს, თინა კობერიძეს ესაუბრა.

"დღეს ტექნოლოგია აღარ არის განცალკევებული სექტორი – ის ყველა ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას ხშირად საზოგადოების აღქმა ბოლომდე ვერ ეწევა. ბევრისთვის ეს სფერო კვლავ მხოლოდ კოდის წერასთან, პროგრამირებასთან ან რთულ მათემატიკურ გამოთვლებთან ასოცირდება. სინამდვილეში, ტექნოლოგიური კარიერა ბევრად უფრო მასშტაბურია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, მომხმარებლის გამოცდილება (UX), მარკეტინგი, ბიზნესინოვაციები, მონაცემთა ანალიზი და პროცესების ავტომატიზაცია.

ვინაიდან ყველა კომპანიას სჭირდება ტექნოლოგიური გაძლიერება, ციფრული უნარების საჭიროება ყველა პოზიციაზე იზრდება. ამ ტრანსფორმაციამ უამრავი ახალი შესაძლებლობა გააჩინა, რაც ქალებს (და არამხოლოდ მათ) საშუალებას აძლევს, გადამზადების გზით სრულიად ახალი მიმართულებით მოსინჯონ ძალები", – ამბობს თინა კობერიძე.

თინა კობერიძის განმარტებით, პროფესიაში სტერეტოპები, მათ შორის გენდერული სტერეოტიპები, რამდენიმე ეტაპზე იჩენს თავს – ერთ-ერთი ასეთი ეტაპი სკოლის პერიოდია, სწორედ ამიტომ, საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

"პროფესიული არჩევანისას გადამწყვეტი მომენტი სკოლაში, განსაკუთრებით კი დამამთავრებელ კლასებში დგება. სამწუხაროდ, აქ ხშირად ხდება მოსწავლეების სტერეოტიპული დაყოფა: თითქოს ტექნოლოგიები მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ე.წ. მათემატიკური ნიჭი აქვს, ხოლო ჰუმანიტარებისთვის ეს პროფესია შეუთავსებელია. აუცილებელია, მოსწავლეებმა ადრეულ ეტაპზევე გაიგონ, რომ ნებისმიერი სფერო დღეს არა მხოლოდ თავსებადია ტექნოლოგიებთან, არამედ მის გარეშე წარმოუდგენელიც არის. სკოლებში უნდა არსებობდეს სრულფასოვანი ინფორმაცია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, კარიერული განვითარების გზებსა და იმ რეალურ საჭიროებებზე, რაც დღეს ინდუსტრიაშია".

თანამედროვე სამყაროში სპეციფიკური, ვიწროპროფილური ცოდნის მიღება უმაღლესი განათლების შემდგომაცაა შესაძლებელი. გადამწყვეტ როლს გადამზადებისა და ხელახალი განათლების როლი ასრულებს. სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ ტრენინგების მეშვეობით აიმაღლონ ტექნოლოგიური ცოდნა და სურვილის შემთხვევაში პოზიციებიც კი შეიცვალონ. პასუხისმგებლიანი კომპანიების როლი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ეკოსისტემების შექმნაა, სადაც ადამიანებს ექნებათ მოტივაცია, მუდმივად განავითარონ ციფრული უნარები.

"ჩვენთან – "ჯიპიაი ჰოლდინგში" ტექნოლოგიური მიმართულება მუდმივად ფართოვდება. ამ მიმართულებით დასაქმებულები არიან სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები: ტესტერებიდან დაწყებული, Agile-სპეციალისტებითა და პროდუქტის მფლობელებით (Product Owners) დასრულებული.

ჩვენი მიდგომა რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. ერთ-ერთი მათგანია განათლების ხელმისაწვდომობა – კომპანია აფინანსებს სწავლასა და სერტიფიცირებას. როგორც "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (VIG) წევრებს, ჩვენს თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ საერთაშორისო პროგრამებსა და ელექტრონული სწავლების კურსებზეც. ასევე ჩვენთან დანერგილია შიდა როტაციის მეთოდი: თუ სხვა დეპარტამენტის თანამშრომელს ტექსფეროში გადანაცვლების სურვილი აქვს, ჩვენ მას ამაში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. VIG-ის პრინციპების შესაბამისად, ჩვენი საკადრო გადაწყვეტილებები არასდროს ეფუძნება გენდერულ ნიშანს – ჩვენ ყველას თანაბარ შესაძლებლობებს ვთავაზობთ. გარდა ამისა, "ჯიპიაი ჰოლდინგი" მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს იყენებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი თანამშრომლებისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევს, სამუშაო გრაფიკი საკუთარ საჭიროებებს მოარგონ და კარიერა ოჯახს, სწავლასა თუ პირად ინტერესებს ეფექტურად შეუთავსონ. ასევე "ჯიპიაი ჰოლდინგი" სრულად აფინანსებს დეკრეტულ შვებულებას, რასაც ქართულ შრომის ბაზარზე ყველა ორგანიზაცია არ სთავაზობს დასაქმებულს", – "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილე.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგის" კორპორაციული კულტურა ქალებს თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობას უქმნის. სამუშაო გარემო მორგებულია მათ საჭიროებებზე და არ უშლის ხელს პირად თუ ოჯახურ ცხოვრებას. ტექნოლოგიური პროფესიების განვითარების კვალდაკვალ "ჯიპიაი ჰოლდინგის" საკადრო პოლიტიკა კი ქალების პროფესიული ზრდის ხელშემწყობი გარემოებაა.