ტექსტილის ტრანსფორმაცია: ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერების აუცილებლობა მდგრადი განვითარების გზაზე – კვლევა ინდუსტრიის გამოწვევების დასადგენად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერი მწარმოებლისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და ევროპის ბაზარზე პროდუქტის გატანა წარმოებისა და შემოსავლის ზრდის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. თუმცა იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ ევროპულ ბაზარზე წარმატებით დაიმკვიდროს თავი, აუცილებელია იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვა, რომლებიც ექსპორტს შესაძლებელს ხდის.

Entrepreneur-ის მკითხველი კარგად იცნობს QUIS-ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ემსახურება. მოდისა და ტექსტილის სექტორი ამ პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, QUIS აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთან და სხვადასხვა აქტივობით მათ გაძლიერებას ცდილობს იქნება ეს ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგები თუ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები.

ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციასთან (GAFA) ერთად QUIS-მა ახლახან ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით "ტექსტილის ტრანსფორმაცია: ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება მდგრადი განვითარებისათვის", რომელსაც სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ერთობლივად განიხილეს ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კვლევის შედეგების წარდგენა, რომელიც QUIS-მა ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციასთან ერთად ჩაატარა. აღნიშნული კვლევა ასახავს ტექსტილის სექტორის ძირითად გამოწვევებს, მათ შორის დასაქმებულების უნარებსა და ხარისხის სტანდარტებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის შესახებ Entrepreneur-ს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) კონსულტანტი და კვლევის ავტორი, ქეთევან მეფარიშვილი ესაუბრა:

"ჩვენი მიზანი ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებლების საჭიროებების გამოვლენა იყო. გამოვკვეთეთ ის მიმართულებები, რომლებიც შემდგომში მიზნობრივ მხარდაჭერას საჭიროებს. კვლევა ოთხ ძირითად კომპონენტად დაიყო.

პირველი იყო შესაბამისობის გარემო, რაც მოიცავს ექსპორტის ჩარჩოებსა და კრიტერიუმებს მათ შორის სერტიფიცირებას. სწორედ აქ გამოვლინდა ძირითადი გამოწვევები, რაც პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანასთან არის დაკავშირებული. მეორე მიმართულება მარკეტინგული ბარიერებია, რომლებიც ქართულ პროდუქციას უცხოურ ბაზრებზე წარმატებით შესვლის შესაძლებლობას უზღუდავს. მესამე წარმოების ციკლი და სამუშაო პროცესებია. მწარმოებლებს სჭირდებათ კადრები, რომლებიც შეძლებენ რეგულაციების დაცვასა და ხარისხის კონტროლს. მეოთხე მიმართულება მდგრადობა და ინოვაციებია. მწარმოებელმა უნდა იცოდეს, რა ტენდენციებია გლობალურ ბაზარზე, როგორ ვითარდება ინდუსტრია და რას გულისხმობს მდგრადობა, რაც განსაკუთრებით პრიორიტეტულია დასავლურ ქვეყნებში".

ექსპორტზე საუბრისას ქეთევან მეფარიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია მწარმოებელმა იცოდეს რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ. ექსპორტისთვის კომპანიებმა წარმოება, პირველ რიგში, ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. "ჩვენი ამოცანაა, სექტორს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და დავეხმაროთ ამ პროცესში. ხარისხის დაცვასა და კონტროლთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია მუშახელის გადამზადება. ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობს აგრეთვე შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლებას", ამბობს ქეთევან მეფარიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, ტანსაცმლისა და ტექსტილის ინდუსტრია QUIS-ისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პროექტის ექსპერტი, ქეთა ბუაჩიძე აღნიშნავს, რომ ამ ინდუსტრიის მხარდაჭერისას აქცენტი კეთდება მდგრადობასა და ინოვაციების დანერგვაზე, ასევე ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

"აქტიურად ვთანამშრომლობთ სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენი პროექტები მოიცავს კვლევებს, შემეცნებით აქტივობებს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას და მიზნად ისახავს ქართული წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას. ამით კი იზრდება მათი კონკურენტუნარიანობა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციასთან ერთად ჩატარებულ კვლევაში 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. შედეგად გამოვლინდა ინდუსტრიის ძირითადი გამოწვევები, რომელთა გადაჭრის პროცესშიც აქტიურად ჩავერთვებით", აღნიშნავს ქეთა ბუაჩიძე.

კვლევამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. მაგალითად, მხოლოდ 16,7% პროდუქციაა სერტიფიცირებული SGS-ის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით. 57,7% რესპონდენტისთვის სერტიფიცირების მიღებასაა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული მთავარი დაბრკოლება ხარჯებია.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ რესპონდენტების ნახევარს, კომპანიაში ხარისხის კონტროლის თანამშრომლებს, არ აქვთ ინდუსტრიის სპეციფიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული შესაბამისი ცოდნა.

ამასთან, 77,5%-მა დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში წარმოებაში ინოვაციური მასალა არ გამოუყენებიათ და ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ახალი საწარმოო ტექნოლოგიები გამოუკვლევიათ.

ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციისა (GAFA) და Materiel Tbilisi-ს წარმომადგენელი, ანა ვეფხვაძე, აღნიშნავს, რომ მრავალი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობიდან იღებს სათავეს:

"საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად მწარმოებლები ჯერ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით იმ რეალობაში, სადაც კომპანიებს არ აქვთ სრულყოფილი ცოდნა ევროკავშირის მოთხოვნებზე.

სანამ ამ ინფორმაციულ ბარიერს არ დავძლევთ, რთული იქნება სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის სრულყოფა. ცხადია, მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ხარჯები, თუმცა იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე კომპანიები წარმატებით გავიდნენ, ეს სტანდარტები აუცილებლად უნდა დაიცვან. ევროპის ბაზარზე გასვლის შემდეგ კი წარმატება და შემოსავლების ზრდა რეალურია", ანა ვეფხვაძე.

შეხვედრაზე ინდუსტრიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ კვლევის შედეგებს. მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის დროს კი კიდევ უფრო გამოიკვეთა ინდივიდუალური საჭიროებები და პრეცედენტები, რომლებიც კვლევის ავტორებს არსებული გამოწვევების სიღრმისეულად გააზრებაში ეხმარება.

ღონისძიების დასასრულს აუდიტორიას საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა ნინა ქებურიამ ქართული მოდის სახლის, KEBURIA-ს გენერალურმა დირექტორმა. KEBURIA-ს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ მუშაობას და მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებას გლობალური შესაძლებლობების შექმნა და მწარმოებლის საერთაშორისო ბრენდად ქცევა.