Get All Access for $5/mo

თიბისისა და შვედეთის თანამშრომლობის ფარგლებში განვითარებული სტარტაპების ისტორიები

By თიკი ბაღაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი აქტიურად აგრძელებს სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამებს, რაც საქართველოს სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების წინაპირობაა. ბანკი ორიენტირებულია შექმნას ბიზნესის განვითარებისთვის მდგრადი გარემო და საამისოდ, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოსთან თანამშრომლობას აძლიერებს.

მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსურ გარანტორს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) წარმოადგენს. თიბისისა და Sida-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან.

ხელშეკრულების თანახმად, Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს შემსუბუქებული უზრუნველყოფის მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში "თიბისი ბანკი" სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე, თიბისი და Sida რისკს თანაბრად (50%/50%) გაიზიარებენ. მეწარმეების მიერ აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%-ს გაიზიარებს.

თიბისისა და შვედეთის პარტნიორობამ განვითარების შესაძლებლობები შეუქმნა ადგილობრივ სტარტაპებს, მათ შორის არიან კონცეფციითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი კომპანია Clean House, დაარსებული 2022 წელს, ოპერირებს იმერეთის რეგიონში და სხვადასხვა ობიექტს სთავაზობს თეთრეულისა და სხვა ტიპის ქსოვილების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით რეცხვას, შრობასა და დაუთოებას. ასევე, ადგილზე მიწოდების სერვისს. Clean House-ში დასაქმებულთა რიცხვი 10 ადამიანამდეა.

Clean House-ის ბიზნესი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ბიზნესის 30 000-ლარიანი საგრანტო პროგრამით დავიწყეთ. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ აუცილებელი იყო ბიზნესის გაფართოება. თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ბიზნესში ძვირადღირებული დანადგარები იყო, რომლის შეძენასაც ჩვენი შემოსავლებით დაახლოებით 5 წლის შემდეგ შევძლებდით. სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარა "თიბისისა" და Sida-ს დაფინანსების პროგრამა, რომლის საშუალებით მოვიზიდეთ 220 000 ლარის ინვესტიცია და შევიძინეთ ძვირადღირებული დანადგარები, ეკოტექნოლოგიები. ბიზნესის შესაძლებლობები გაორმაგდა, რაც გამოიხატა 2-ჯერ მეტი მუშახელის დასაქმებასა და 2-ჯერ ნაკლები დანახარჯის მიღებით", − ნინო ჯაფარიძე, Clean House-ის დამფუძნებელი და მენეჯერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "თიბისისა" და შვედეთის პროგრამა ორიენტირებულია რეგიონებში არსებული ბიზნესების განვითარებასა და გაძლიერებაზე. შპს NutWorld არის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ ზუგდიდში, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებისგან და მოსახლეობისგან თხილის შეძენა, გადამუშავება და რეალიზება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.

"კომპანია "თიბისისა" და Sida-ს პროექტში 2022 წელს ჩაერთო. იქამდე საწარმოში დასაქმებული იყო 20-მდე პერსონალი. პროექტმა კომპანიას საშუალება მისცა დამატებით მოეზიდა $250 000-ის მოცულობის საკრედიტო ხაზი. საბრუნავი კაპიტალის გაზრდამ შესაძლებლობა მოგვცა მეტი ნედლეული (თხილი) შეგვესყიდა მომწოდებლებისგან/მოსახლეობისგან და გადაგვემუშავებინა. აღნიშნულის შედეგად შევძელით ბიზნესის გაფართოება, მეტი თხილის წარმოება, ექსპორტზე გატანა და მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა 35-40 ადამიანამდე", − რუსიკო ნინუა, LTD Nutworld-ის კომპანიის დირექტორი და თანამფლობელი.

პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა შპს "აგრობადე", რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ რუისში. კომპანია მუშაობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, სარწყავი სისტემის, სანერგე მეურნეობის, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ჩამოტანასა და დამონტაჟებაში. 2021 წლიდან კი თავად აწარმოებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს.

"საქართველოში არ წარმოებდა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, შესაბამისად გადავწყვიტეთ მისი წარმოება და საქართველოში აგრობადეების გამოყენების დანერგვა, რაშიც მოგვეხმარა USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა და გრანტის სახით გვაჩუქეს 150 000 დოლარი. ასევე, 2021 წლის აპრილის თვეში თიბისისა და Sida-ს პროექტის დახმარებით, დაგვიმტკიცდა 230 000 ლარი, რაც გამოვიყენეთ შპს "აგრობადესთვის" შენობა-ნაგებობის (საწარმოს) ასაშენებლად. ვფიქრობ, თიბისისა და Sida-ს პროექტი რომ არა, რომელმაც უზრუნველყო გირაო თიბისიში, ჩვენ ვერ შევძლებდით შპს "აგრობადის" პროექტის განხორციელებას, ანუ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოებასა და ბიზნესის გაძლიერებას", − ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ მაისურაძე.

საგარანტიო პროგრამის დაწყების დღიდან დღემდე, დაფინანსდა 1500-ზე მეტი ბენეფიციარი, საიდანაც ნახევარზე მეტი იყო სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი, 20% -ზე მეტი ქალი მეწარმე და სტარტაპი.

შედეგად, ბენეფიციარებმა შეძლეს ახალი შესაძლებლობების გამოყენებით საკუთარი ბიზნესების გაფართოება და გაძლიერება, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოსა და რეგიონების განვითარებას გულისხმობს.

აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისისა და შვედეთის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

თიბისი და შვედეთი განაგრძობენ თანამშრომლობას და გეგმავენ არსებული საგარანტიო ხაზის ლიმიტის გაზრდას, რაც თიბისის საშუალებას მისცემს გააგრძელოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ