ტრადიცია და ინოვაცია - ქორეოგრაფიის ახალი აკადემიური ეტაპი საქართველოს უნივერსიტეტში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქორეოგრაფია საქართველოში ყოველთვის იყო ენერგია, იდენტობა და სცენური ემოცია. თუმცა დღეს ის დგას ახალი ეტაპის წინაშე - პროფესიული სისტემატიზაციისა და აკადემიური გაძლიერების ეტაპზე.
სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს ქორეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ცეკვის გადაყვანას არა მხოლოდ პრაქტიკული შესრულების, არამედ სრულფასოვანი აკადემიური პროფესიის დონეზე.
პროგრამა სცდება მხოლოდ საცეკვაო ტექნიკის სწავლას. მისი ამოცანაა მოამზადოს დამოუკიდებელი შემოქმედ-დამდგმელები პროფესიონალები, რომლებსაც შეეძლებათ სრულად მართონ სადადგმო და სარეპეტიციო პროცესი, იმუშაონ საკონცერტო მიმართულებით და, ამავე დროს, ჩაერთონ ფოლკლორულ-საექსპედიციო საქმიანობაში. პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების მდიდარი ლექსიკა, ტერმინოლოგია და მუსიკალური შინაარსი, რათა შექმნან ეპოქის შესაბამისი, პროფესიული ქორეოგრაფიული რეპერტუარი.
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლის დირექტორი, თინათინ ღუდუშუარი ამბობს, რომ ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამის იდეა გასულ წელს გაჩნდა და აკრედიტაციისთვის მის მოსამზადებლად მუშაობაც შარშან დაიწყო.
ახალი მიმართულების დამატება ორი ძირითადი მიზეზით გახდა საჭირო: ერთი მხრივ, უნივერსიტეტის მისიაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ხოლო მეორე მხრივ - ქორეოგრაფიისთვის ახალი, ინოვაციური აკადემიური სტანდარტის შექმნა. როგორც ის აღნიშნავს, ტრადიცია ვერ იქნება სამუზეუმო ექსპონატი - ის ცოცხალი პროცესია, რომელსაც სისტემური განვითარება სჭირდება.
სამწლიანი, 180-კრედიტიანი პროგრამა აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას ინტენსიურ ფორმატში. პროგრამას ხელმძღვანელობენ გიორგი უშიკიშვილი, ნინო მახათაძე და გიორგი ალიმბარაშვილი - პროფესიონალები, რომლებიც მრავალი წლის გამოცდილებას აკადემიურ ჩარჩოში აქცევენ. პირველ კურსზე სტუდენტები ერთდროულად ეცნობიან როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, რაც მათ ფართო ხედვას უყალიბებს. მეორე კურსიდან კი მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიული პროფილი დიფერენცირებულად ჩამოაყალიბონ.
ნინო მახათაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დამდგმელი ქორეოგრაფები საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებდენენ, რისთვისაც მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები ყველა მოძრაობის შესრულებას სწავლობენ როგორც პრაქტიკულად, ასევე პარალელურად ეუფლებიან ამავე მოძრაობის შესრულების მეთოდოლოგიასა და ცეკვის ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორებიცაა "მუსიკის ელემენტარული თეორია", "ანატომია-ფიზიოლოგია" და თეატრალური ვიზაჟი.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ელემენტარული თეორია, ისევე ელემენტარულად ისწავლება, როგორც სახელშია გამოტანილი. ეს არის ის, რაც აუცილებლად სჭირდება დამდგმელ ქორეოგრაფს, ვიანიდან ცეკვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია მუსიკა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც შემდგომ დაეხმარება მათ, რომ მაგალითად, მუსიკის თანხლება სწორად შეარჩიონ, სწორად შეარჩიონ მუსიკალური ხასიათი და ა.შ.
რაც შეეხება დანარჩენ, საგნებსაც, რომლებიც მოიცავს ანატომია-ფიზიოლოგიასა და თეატრალურ ვიზაჟს, ეს არის ის დამხმარე საშუალებები, რომლებიც უნდა იცოდეს ქორეოგრაფმა - უნდა იცოდეს თითოეული მოძრაობის ანატომიური არსი. ასევე არის ერთ-ერთი საგანი "თეატრალური ვიზაჟი", რომელიც ეხება სასცენო ქორეოგრაფიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა ეს დისციპლინაც გაიაროს და იცოდეს", - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
ინფრასტრუქტურულად პროგრამა ეყრდნობა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამის სივრცეს - სპეციალური იატაკით, სარკეებით, ძელებით და უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემით. ეს გარემო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ პროფესიულ პირობებში, რაც მათ მომავალ კარიერაში კონკურენტუნარიანობას ზრდის.
პროგრამის შინაარსი, მისია და პერსპექტივები
ქორეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს არა უბრალოდ დამდგმელი ქორეოგრაფების, არამედ მრავალმხრივი პროფესიონალების მომზადებას. როგორც ნინო მახათაძე აღნიშნავს, სტუდენტები სწავლობენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათ მომავალ საქმიანობაში რეალურად გამოადგებათ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებთან მუშაობას ეხება. "ბავშვებთან მუშაობისას განსაკუთრებით აუცილებელია ანატომიისა და ფიზიოლოგიის ცოდნა," - ამბობს ის.
პროგრამის ხელმძღვანელის, გიორგი ალიმბარაშვილი თქმით, სამწლიანი სწავლების მთავარი მიზანი ოთხი საკვანძო კომპეტენციის ჩამოყალიბებაა: დამოუკიდებლად სადადგმო და სარეპეტიციო პროცესის მართვა, საკონცერტო მიმართულებით მუშაობა და ფოლკლორული საექსპედიციო საქმიანობა.
"კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს პროცესის სრულად დამოუკიდებლად წარმართვა - იდეიდან სცენამდე და კვლევიდან შესრულებამდე," - აღნიშნავს ის.
პროგრამა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობაზე. როგორც გიორგი უშიკიშვილი განმარტავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპულ უნივერსიტეტებთან მემორანდუმების გაფორმების მიზნით, რაც გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს გულისხმობს.
"ჩვენი სტუდენტები ისწავლიან როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ხალხთა ცეკვებს პირველივე კურსიდან, შემდეგ კი პროფესიულად დიფერენცირდებიან. დაგეგმილია ევროპელი ქორეოგრაფების მასტერკლასები, მათ შორის ფრანგი ქორეოგრაფის მონაწილეობით. ეს იქნება ღია პლატფორმა, სადაც ფართო აუდიტორიაც შეძლებს ჩართვას," - ამბობს ის.
საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად, პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა რეგიონული და საექსპედიციო საქმიანობა. სტუდენტები ჩაერთვებიან საველე კვლევებში, სადაც ჩაიწერენ და შეისწავლიან ავთენტურ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს.
"მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულს შეეძლოს ექსპედიციის დამოუკიდებლად ორგანიზება და უნიკალური მასალის მეცნიერული დამუშავება," - აღნიშნავს გიორგი უშიკიშვილი.
სტუდენტები ექსკლუზიურად გაეცნობიან იმ ფოლკლორულ ნიმუშებსაც, რომლებიც ექსპედიციებიდან არის ჩამოტანილი საქართველოს ისტორიული რეგიონებიდან, მათ შორის თურქეთში მცხოვრები ქართველების საცეკვაო და მუსიკალური მემკვიდრეობიდან.
"ეს მასალა მათ პროფესიულ ხედვას მნიშვნელოვნად გააფართოებს," - ამბობს გიორგი ალიმბარაშვილი.
პროგრამა აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას - სტუდენტები იმუშავებენ ბავშვთა ანსამბლებში, რაც მათ რეალურ პროფესიულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. როგორც გიორგი უშიკიშვილი აღნიშნავს, საქართველოში დიდი მოთხოვნაა კვალიფიციურ ქორეოგრაფებზე, განსაკუთრებით რეგიონებში.
"დღეს ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი ყველა მიმართულებით, მათ შორის ქორეოგრაფიაშიც. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდამ მიიღოს სერიოზული განათლება და შემდეგ ეს ცოდნა საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში გააზიაროს," - ამბობს ის.
ამგვარად, პროგრამა ქმნის არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეს, არამედ პროფესიული განვითარების რეალურ პლატფორმას - მათთვის, ვისაც სურს ქორეოგრაფია აქციოს არა ჰობად, არამედ სრულფასოვან და დამოუკიდებელ პროფესიად.
პროგრამის მნიშვნელობა და უნიკალურობა
ქართული ცეკვა პოპულარულია, მაგრამ, როგორც თინათინ ღუდუშუარი აღნიშნავს, პოპულარობა თავისთავად არ ნიშნავს სისტემურ განვითარებას.
"ქართული ცეკვა საჭიროებს აკადემიურ, ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მას სჭირდება განათლება, სტანდარტი და პროფესიული ჩარჩო," - ამბობს ის.
მისივე განმარტებით, პროგრამა უნივერსიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და შემოქმედებით ინდუსტრიაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას ემსახურება.
"ტრადიცია არ არის სამუზეუმო ექსპონატი - ის ცოცხალი პროცესია, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს."
პროგრამის მთავარი უნიკალურობა სწორედ ტრადიციისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების სინთეზშია. სტუდენტი სწავლობს როგორც ავთენტურ შესრულებას, ისე თანამედროვე სადადგმო ტექნიკასა და სცენურ აზროვნებას. შედეგად, ქართული ცეკვა მისთვის აღარ არის "წარსულის რელიკვია", არამედ ცოცხალი, განახლებადი ხელოვნება.
"ტრადიცია არ უნდა აღვიქვათ როგორც შეზღუდვა - ის შემოქმედებითი რესურსია," - ხაზს უსვამს თინათინ ღუდუშუარი.
აკრედიტაცია ამ მიმართულების საზოგადოებრივ აღქმასაც ცვლის. სტუდენტისთვის ეს დიპლომის და კვალიფიკაციის აღიარების გარანტიაა, საზოგადოებისთვის კი - გზავნილი, რომ ქორეოგრაფია სრულფასოვანი პროფესიაა, რომელიც კონკრეტულ კომპეტენციას მოითხოვს.
"ცეკვის დადგმას მხოლოდ ცეკვის ცოდნა არ ჰყოფნის," - ამბობს ის.
პროგრამა სტუდენტს სთავაზობს არჩევანს ქართულსა და მსოფლიო ხალხთა ცეკვების მოდულებს შორის, რაც პროფესიული პროფილის ინდივიდუალურად ფორმირების შესაძლებლობას ქმნის. ორივე გზა საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქართული კულტურის გააზრებას და მის წარმოჩენას გლობალურ კონტექსტში.
"ეს არის ჩვენი განაცხადი, რომ ქართული ცეკვა ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერია და მას სჭირდება ახალი თაობა, რომელიც მას არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ მომავალშიც გააცოცხლებს," - ამბობს თინათინ ღუდუშუარი.
ამგვარად, პროგრამა ერთდროულად საგანმანათლებლო ინიციატივაც არის და კულტურული პასუხისმგებლობაც - ნაბიჯი, რომლითაც ქორეოგრაფია პროფესიული სტანდარტით ვითარდება და ტრადიცია თანამედროვე ხედვაში იძენს ახალ სიცოცხლეს.