წაგების ძალა "დიდება და ტკივილი ერთად დადიან. მე მოვრჩები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ბევრად საშიში დავბრუნდები", – ილია თოფურია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპორტის ლეგენდები გვასწავლიან, რომ ნამდვილი წარმატება დაცემის შემდეგ წამოდგომის ხელოვნებაა. ყველაზე დიდი გამარჯვებები ხშირად სწორედ ყველაზე მტკივნეული დამარცხების შემდეგ იბადება.

"ჯასტინ, გილოცავ! შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ასეც მოიქეცი. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალი დამიზიანე, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაც. არანაირი გამართლება! ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა – სრულ მზადყოფნაში ვიყავი, მაგრამ გუშინ შენი ღამე იყო, ასეთია ამ სპორტის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. მე მოვრჩები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ბევრად საშიში დავბრუნდები. დამერწმუნე, ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ რემატჩში".

ეს სიტყვები ილია თოფურიას ეკუთვნის, მას შემდეგ, რაც 2026 წლის 15 ივნისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ისტორიული ბრძოლაში (UFC Freedom 250) ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

"ილია თოფურიამ UFC Freedom 250-ის წინ ჯასტინ გეიჯის "კუბოზე" თეთრი ვარდი დადო, თუმცა ახლა მსუბუქი წონის ახალ ჩემპიონს პატივს მიაგებს და აღიარებს მის გამარჯვებას", – ამ სიტყვებით გამოეხმაურა CBS Sports ილია თოფურიას მიერ გავრცელებულ საჯარო მიმართვას ჯასტინ გეიჯისთან თეთრი სახლის ფონზე გამართულ სანახაობრივ და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხების შემდეგ.

ხშირად ხდება, როცა მებრძოლები მარცხის გამართლებას ცდილობენ, მიზეზად ტრავმასა და სხვადასხვა ხელის შემშლელ გარემოებებს ასახელებენ. ილია თოფურიამ განსხვავებული მიდგომა აირჩია! No Excuses! განაცხადა მან და საჯაროდ აღიარა, რომ მეტოქემ აჯობა.

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გამარჯვებულის უნარია. ამიტომაც, მიუხედავად განცდილი მარცხისა, ილია თოფურია კვლავ გამარჯვებულად რჩება, რადგან მან იმ მძიმე წუთებშიც მოიკრიბა ძალა და მიზეზების ძებნის ნაცვლად და მარცხის მსაჯზე, ტრავმაზე, უიღბლობასა თუ გარემო პირობებზე (თეთრ სახლში გამართული ბრძოლა მართლაც დამატებით გამოწვევას ქმნიდა არაამერიკელი სპორტსმენისთვის) გადაბრალების ნაცვლად, მარცხზე პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე აიღო!

სწორედ აქ ჩანს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც დამარცხებულსაც გამარჯვებულად აქცევს!

მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შინაგანი ძალის უმაღლესი გამოხატულებაა, როცა ადამიანი გამართლებების ძებნას კი არ იწყებს, არამედ მარცხზე პასუხისმგებლობას თავად იღებს და იმ წუთიდანვე იწყებს განცდილი მარცხის მომავალ გამარჯვებად გადაქცევაზე ფიქრს. სწორედ ამ მომენტში იწყება ნამდვილი გამარჯვება, ნამდვილი ზრდა.

მარცხი არ არის პრობლემა. პრობლემაა, როცა მისგან ვერაფერს სწავლობ!

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც წარმატება თითქმის ყოველთვის გამარჯვებასთან ასოცირდება. მედია გვაჩვენებს თასებს, მედლებს, ტრიუმფსა და ბედნიერ მომენტებს. გვიყვებიან ადამიანებზე, რომლებმაც "ყველაფერი შეძლეს", მაგრამ იშვიათად ვისმენთ იმ ისტორიებს, რომლებიც ამ წარმატებას წინ უძღოდა – იმ ღამეებზე, როცა ჩემპიონები საკუთარ თავთან მარტო რჩებოდნენ, საკუთარ შეცდომებს აანალიზებდნენ და თავიდან სწავლობდნენ ფეხზე წამოდგომას.

თუმცა სპორტის ისტორია ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გვასწავლის: არცერთი დიდი ჩემპიონი მხოლოდ გამარჯვებებით არ გამხდარა ჩემპიონი.

დიდ ადამიანებს დიდი მარცხებიც განცდილი აქვთ. ხშირად სწორედ ეს მარცხები ქმნის მათ ნამდვილ ძალას.

სპორტის ისტორია მარცხისა და წაგების სხვა შეფასებებსაც ინახავს. ვნახოთ, როგორ უყურებენ წაგებას მსოფლიო დონის ტრიუმფატორი სპორტსმენები:

მაიკლ ჯორდანი: წარმატების ფასი წარუმატებლობაა

სპორტის ისტორიაში ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომლის სიტყვებიც წარმატების არსს ასე ზუსტად გადმოსცემს:

"მე ავაცილე 9 000 სროლაზე მეტი ჩემს კარიერაში, დავმარცხდი თითქმის 300 თამაშში, 26-ჯერ მანდეს გადამწყვეტი სროლის უფლება, რომელიც ვერ გამოვიყენე. გამუდმებით ვმარცხდებოდი ცხოვრებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც მივაღწიე წარმატებას!"

ეს სიტყვები მხოლოდ სპორტს არ ეხება, არამედ ბიზნესის, ლიდერობისა და ცხოვრების უნივერსალურ კანონადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ადამიანი, რომელიც არასოდეს მარცხდება, შესაძლოა, არც არასოდეს ცდილობს საკმარისად დიდი მიზნების მიღწევას.

კობი ბრაიანტი: ტკივილი დროებითია, განვითარებამუდმივი

კობი ბრაიანტისთვის "მამბას მენტალიტეტი" მხოლოდ სპორტული ტერმინი არასოდეს ყოფილა. ეს მისი ცხოვრების ფილოსოფია იყო.

"ყველაფერი ნეგატიური – ზეწოლა, გამოწვევები – ჩემთვის ზრდისა და აღმასვლის შესაძლებლობაა".

ამბობდა კობი ბრაიანტი, რომლისთვისაც მარცხი არასოდეს ნიშნავდა დასასრულს. პირიქით, ეს იყო შესაძლებლობა, გამხდარიყო უკეთესი, უფრო ძლიერი და უფრო მომზადებული დაბრუნებულიყო მოედანზე ახალი გამარჯვებებისთვის.

ნამდვილი ჩემპიონები კონკურენტებში მტრებს კი არა, საკუთარ მასწავლებლებს ხედავენ.

ზოგჯერ სწორედ ის ადამიანები გვაიძულებენ გავხდეთ უკეთესები, ვინც გვამარცხებენ.

ძლიერი მეტოქე გვაიძულებს, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი გავარღვიოთ.

და სწორედ ამიტომ, მარცხი ხშირად ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომელსაც ცხოვრება გვაძლევს.

"შენ ხშირად მიგებდი. უფრო ხშირად, ვიდრე მე და სწორედ ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენ მაყენებდი ისეთი გამოწვევების წინაშე, რაც შენ გარდა სხვას არავის შეეძლო", – ეტყვის ფედერერი ნადალს სპორტული კარიერის დასრულებისას.

სპორტის გაკვეთილი ანტრეპრენერებისთვის

სპორტსა და ბიზნესს შორის ბევრი საერთო რომ არსებობს, ამაზე არერთხელ გვისაუბრია. ორივე სამყაროში წარუმატებლობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

არცერთი დიდი კომპანია არ შექმნილა შეცდომების გარეშე. არცერთი წარმატებული მეწარმე არ გამხდარა ლიდერი რთული გადაწყვეტილებებისა და მტკივნეული გამოცდილების გარეშე.

ყველა დიდ ისტორიას ერთი საერთო ელემენტი აქვს: მარცხი.

მაგრამ საბოლოოდ წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც მარცხს დასასრულად კი არა, ცოდნად, გამოცდილებად და მომავალში ჩადებულ ინვესტიციად აღიქვამენ.

და ბოლოს,

ყველა წაგება არჩევანს გვაძლევს. შეგვიძლია დავრჩეთ იმედგაცრუებულის ამპლუაში. ან შეგვიძლია ავდგეთ, ვისწავლოთ და კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ ბრძოლა.

სპორტის უდიდესი ლეგენდები გვასწავლიან, რომ წარმატება არ არის უწყვეტი აღმასვლა. ეს არის დაცემებისა და წამოდგომების ისტორია.

საბოლოოდ კი იმარჯვებს არა ყველაზე ძლიერი, არა ყველაზე ნიჭიერი და არც ყველაზე იღბლიანი, არამედ იმარჯვებს ის, ვინც მარცხის შემდეგ მოძრაობას არ წყვეტს.

რადგან ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანს მარცხის შემდეგ ჰყოფნის ძალა, თქვას:

"დიდება და ტკივილი ერთად დადიან. მე მოვრჩები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ბევრად საშიში დავბრუნდები".

მადლობა, ჩემპიონო!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge