წარმატება როგორც სტრატეგია – ნატა ქავთარაძის კარიერული გზა "თავისუფალი უნივერსიტეტიდან" Amazon-მდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის სამყაროში წარმატება, როგორც წესი, სწორად დასმული კითხვების, ზუსტი გათვლებისა და მუდმივი განვითარების შედეგია. ნატა ქავთარაძის პროფესიული გზა სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. "თავისუფალი უნივერსიტეტიდან" ჩიკაგოს ბიზნესსკოლამდე (Chicago Booth), შემდეგ კი კომპანია Amazon-ამდე – დღეს მისი საერთაშორისო კარიერა მუდმივი განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგის კარგი მაგალითია.
ნატა ქავთარაძე Amazon-ის ნიუ-იორკის საოპერაციო მენეჯერია (Pathways Operations Manager), რომლის პროფესიული უნარები ფინანსებს, აუდიტორულ გამოცდილებასა და სტარტაპების მართვას აერთიანებს. "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამთავრების შემდეგ, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა EY, "საქართველოს ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". 2023 წელს ნატამ მაგისტრის ხარისხი (MBA) ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში (Chicago Booth) მოიპოვა. კორპორაციული კარიერის პარალელურად, მისი ანტრეპრენერული პორტფოლიო ასევე მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა სასტუმროების ჯავშნის პლატფორმა Delloway და HR-ტექნოლოგიური სტარტაპი Higher.
Entrepreneur ნატა ქავთარაძეს თავისი კარიერული გზის შესახებ ესაუბრა:
"ბავშვობიდანვე ინტუიციურად ყოველთვის იქით მივიწევდი, სადაც რაღაცის ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა იყო საჭირო. ჩემთვის ეს მხოლოდ ინტერესი კი არა, ერთგვარი შინაგანი საჭიროება იყო – მხიბლავდა პროცესების "შიგნიდან" დანახვა, რთული თავსატეხების ამოხსნა და იმ გზის პოვნა, რომელსაც იდეა რეალურ შედეგამდე მიჰყავს. სწორედ ამიტომ, როცა მომავალ პროფესიაზე დაფიქრების დრო მოვიდა, ზუსტად ვიცოდი, რომ განვითარება მენეჯმენტის მიმართულებით მინდოდა. განათლების ფასი დედამ პატარაობიდანვე მასწავლა. თავდაპირველად გეოგრაფია, ახალი ქვეყნები და კულტურები მაინტერესებდა, შემდეგ ჩემი ინტერესი მათემატიკურ საგნებს დაუკავშირდა და უნივერსიტეტში სწავლა ფინანსების მიმართულებით გავაგრძელე. თავიდან მენეჯმენტზე ვფიქრობდი, მაგრამ იმ წელს "თავისუფალ უნივერსიტეტში" მენეჯმენტის ფაკულტეტი გაუქმდა – რაც, ვფიქრობ, ადმინისტრაციის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. შედეგად, არჩევანი ფინანსებს, მარკეტინგსა და კომპიუტერულ მეცნიერებებს შორის უნდა გაგვეკეთებინა. დღეს ვხვდები, რომ ფინანსების არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო – მივიჩნევდი, რომ "მრგვალი მაგიდის" სათავეში ვერ დავჯდებოდი, თუ ფინანსებში მარტივად გამაცურებდნენ. მსურდა, კომპანიის ფინანსები საფუძვლიანად შემესწავლა, რომ ეს ჩემი "ბრმა წერტილი", ე.წ. Blind Spot არ ყოფილიყო. რაც შეეხება Chicago Booth-ს, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დასრულების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ჩემი ცოდნა და პროფესიონალიზმი მსოფლიო ბაზარზე შემეფასებინა. ასე აღმოვჩნდი ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესსკოლაში", – გვიყვება ნატა.
ნატა ქავთარაძისთვის საერთაშორისო განათლება არა მხოლოდ აკადემიური ხარისხი, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გლობალურ სტანდარტებთან შედარების საშუალება აღმოჩნდა. ამ გზაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესსკოლამ (Chicago Booth) ითამაშა – სასწავლებელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგების სათავეშია და გამორჩეული ფინანსური სკოლის რეპუტაციით სარგებლობს. როგორც ნატა ამბობს, როცა ამერიკაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, სურდა, რომ მისი სწავლის ორი წელი მაქსიმალურად სწორ და შედეგიან გარემოში გაეტარებინა. არჩევანის Chicago Booth-ზე შეჩერება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნებოდა: Booth-ს ყველაზე მეტი ნობელიანტი პროფესორი ჰყავს და გლობალურად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ სკოლად ითვლება – არა მხოლოდ იუჯინ ფამას, არამედ ბევრი სხვა ბრწყინვალე ლექტორის გამო. იმ წელს, როცა ნატამ მაგისტრატურა დაამთავრა, U.S. News-ის რეიტინგით, Chicago Booth ამერიკის ნომერ პირველ ბიზნესსკოლად დასახელდა.
ნატასთვის პრიორიტეტული სწორედ ისეთი გარემო იყო, სადაც ცოდნასთან ერთად, უმაღლესი დონის პროფესიული ნეთვორქინგიც ხელმისაწვდომი იქნებოდა:
"უდიდესი გამოცდილებაა, ესწრებოდე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების ლექციებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიიდან და ქვეყნიდან მოდიან და ყოველდღიურად გიზიარებენ უნიკალურ ბიზნესქეისებს. ტოპ ბიზნესსკოლის კონკურენტული გარემო, მძლავრ ნეთვორქთან ერთად, უამრავ სამუშაო უნარსა და სრულიად ახალ პერსპექტივას გაძლევს".
ნატა ქავთარაძის კარიერის საკვანძო მომენტი Amazon-ში მოხვედრა და მის კორპორაციულ ეკოსისტემასთან ადაპტაცია იყო. Pathways Operations Manager-ის პოზიციაზე შერჩევისას გადამწყვეტი როლი მისმა მრავალმხრივმა ბექგრაუნდმა და გამოცდილებამ ითამაშა:
"ვფიქრობ, Amazon-ის გუნდთან ჩემი იდეალური თანხვედრა სამმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა: Chicago Booth-ის MBA-მ, სტარტაპულმა უნარებმა და აუდიტორულმა გამოცდილებამ. სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობამ მომცა საშუალება, გავმხდარიყავი Pathways Operations Manager-ის პროგრამის ნაწილი. ეს არის აქსელერებული პროგრამა ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის, რომელიც მათ ამზადებს, რათა შესაბამისი გამოცდილების მიღების შემდეგ დაიკავონ წამყვანი საოპერაციო პოზიციები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ბიზნესის განვითარებაში".
Amazon-ის შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მკაცრი და სპეციფიკურია – კომპანია ეძებს ადამიანებს, რომლებსაც პრობლემის ერთდროულად რამდენიმე შრეზე დანახვა შეუძლიათ. ნატას აზრით, სწორედ მისი მრავალფეროვანი ბექგრაუნდი აღმოჩნდა ის მთავარი "ინსტრუმენტების ყუთი", რომელმაც Amazon-ის მოთხოვნები დააკმაყოფილა. როგორც ნატა ქავთარაძე ამბობს, ჩიკაგოს ბიზნესსკოლის გამოცდილება, მისი მოდელები და სპეციფიკური მექანიზმები დაეხმარა, ბიზნესის გამოწვევები როგორც ზოგადი, ე.წ. ზედა შრის, ისე დეტალური პერსპექტივიდან დაენახა. აუდიტორულმა გამოცდილებამ კი სისტემის შიგნიდან დანახვისა და ეფექტურად მართვის შესაძლებლობა მისცა. ამასთან ერთად, სტარტაპულმა წარსულმა პასუხისმგებლობის აღების ისეთი გრძნობა ჩამოუყალიბა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Amazon-ის კულტურისთვის.
"Amazon-მა ახალი გამოწვევა დაისახა: იმუშაოს ისე, როგორც მოქნილმა სტარტაპმა, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი კომპანიის რესურსებით. შესაბამისად, კომპანია პოზიციონირებს, როგორც "მსოფლიოს ყველაზე დიდი სტარტაპი". მათი სტრატეგია ეფუძნება სამ მთავარ საყრდენს: ნაკლები იერარქია, მეტი პასუხისმგებლობა და სწრაფი გადაწყვეტილებები. ეს არის კულტურული რესეტი, რომელიც თანამშრომლებს მოუწოდებს, იყვნენ არა უბრალოდ შემსრულებლები, არამედ სრულად ფლობდნენ პროცესებს".
ნატა ქავთარაძისთვის Amazon-ის მასშტაბის გარემოში ოპერაციული პროცესების მართვა საინტერესო და გამოწვევებით სავსე პრივილეგიაა. მისი აზრით, მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რათა ლიდერმა თანამედროვე, ტექნოლოგიურად სწრაფად ცვალებად გარემოში გუნდის ინტერესების საუკეთესოდ დანახვა და შესაბამისად მოქმედება შეძლოს.
ყველაზე დიდ პროფესიულ გამოწვევად ნატა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და აჩქარებულ ტექნოლოგიურ წინსვლას მიიჩნევს, თუმცა მას განსხვავებული პერსპექტივით უყურებს:
"ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა, ეს უფრო დიდი შესაძლებლობაა, ისევე როგორც თავის დროზე ინტერნეტი ან CD იყო. თუმცა, AI გაცილებით მასშტაბურია და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე გვინახავს. ხელოვნური ინტელექტი ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანმა არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიღოს და მისი სიკეთეები გამოიყენოს".
ნატას ხედვით, მენეჯერებს დღეს ახლებური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, რათა ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები სწორ ინსტრუმენტად აქციონ და მისი დახმარებით სამუშაო გარემო კიდევ უფრო ეფექტური გახადონ.
"მენეჯერი და ლიდერი ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ თავს, რომ ასეთი მასშტაბის მართვა პრივილეგიაა. განსაკუთრებით დღეს, როცა ტექნოლოგიური პროგრესი უნიკალურ სამუშაო გარემოს ქმნის, ჩვენი მიდგომებიც შესაბამისად უნდა ტრანსფორმირდეს", – ამბობს ნატა ქავთარაძე.
როგორც ქალი ლიდერი, ნატა ქავთარაძე ხაზს უსვამს, რომ წარმატების გასაღები საკუთარი პროფესიონალიზმის რწმენაშია. გოგოებისთვის, ვინც კარიერულ გზას იწყებს და მიზნად ისახავს, ტოპმენეჯერის პოზიცია დაიკავოს, ნატას კონკრეტული გზავნილი აქვს:
"მიმაჩნია, რომ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების გენდერული პერსპექტივიდან დანახვა ქალებისთვის წაგებიანია. თუ საკითხს ისე შეხედავთ, რომ სქესის გამო შესაძლოა რომელიმე კვოტაში მოხვდეთ, ეს თავიდანვე არასწორი პოზიციაა. ოპრა უინფრი ამბობს: "რასაც აკეთებ, იმაში საუკეთესო უნდა იყო და ეს აუცილებლად დაგიფასდება. როდესაც გარშემო მყოფები დაინახავენ, რომ შენს საქმეს უნაკლოდ ფლობ, მათ თავად გაუჩნდებათ სურვილი, რომ პროცესების მართვის სათავეში სწორედ შენ იდგე".
წლების მატებასა და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ნატა ქავთარაძის ხედვა წარმატების ფენომენზე რადიკალურად შეიცვალა. თუ კარიერის დასაწყისში პრიორიტეტები გარეგნულ ატრიბუტებზე გადიოდა, დღეს წარმატების ალგორითმი ბევრად უფრო შინაგან და პრაგმატულ წონასწორობას ეფუძნება.
ნატა ქავთარაძის ხედვით, საერთაშორისო კარიერა იმაზე რეალურია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია, თუმცა ის რამდენიმე ფუნდამენტურ უნარსა და მიდგომას ეფუძნება. მათ შორის უპირველესია შეუპოვრობა, რაციონალური დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება. მიაჩნია, რომ გლობალურ სივრცეში წარმატებისთვის აუცილებელია პოზიტიური მაინდსეტი და ნეთვორქინგი – უნარი, დაიხმარო ადამიანები შენ გარშემო და ზუსტად იცოდე, სადაა შენი საბოლოო დანიშნულების წერტილი.
გლობალური კარიერისკენ მიმავალ პროცესს ის სამ მთავარ ნაწილად ყოფს: მიზნის გააზრება, სტრატეგიული დაგეგმვა და უშუალოდ აღსრულება.
"პირველი ნაბიჯია, კარგად გაარკვიოთ საკუთარი "რატომ", რათა დრო არ დაკარგოთ იმაზე, რაც თქვენი არ არის. ეს თითქმის პრობლემის ფორმულირებას ჰგავს – უნდა განსაზღვროთ, რას აკეთებთ და რატომ. მეორე ეტაპი გეგმის, ვადებისა და კონკრეტული "ჩარტის" შედგენაა: როგორ მიხვალთ მიზნამდე, რა რისკებია და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ – იქნება ეს ენის გამოცდის ჩაბარება თუ საჭირო ინფორმაციის მოძიება. მესამე კი უშუალოდ აღსრულებაა, სადაც გეგმას საჭიროებისამებრ აკორექტირებთ და სტრატეგიებს ცვლით".
ნატა ხაზს უსვამს, რომ ტექნიკურ უნარებზე მეტად მნიშვნელოვანი საკუთარი თავის პოვნა, შინაგანი ძიება და ინტუიციის ნდობაა. მისი თქმით, იმის გაგება, თუ "რატომ" ვაკეთებთ რამეს, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე "რა" და "როგორ".
ცნობისმოყვარეობა და კითხვების დასმის კულტურა ნატასთვის ბავშვობიდანვე ნაცნობი მდგომარეობაა. მისი პიროვნული და ინტელექტუალური საძირკველი სწორედ იმ გარემოში ჩაიყარა, სადაც ნებისმიერ "რატომ"-ს ყოველთვის დეტალური და არგუმენტირებული პასუხი ხვდებოდა. მის პიროვნულ ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ბებიამ ითამაშა, რომელიც მისთვის დღემდე დიდ ავტორიტეტად რჩება:
"ბებიაჩემი ჩემი ცხოვრების ცენტრალური ფიგურაა. ის პროფესიით ფიზიკოსი იყო, ორომგამოვლილი ადამიანი, რომელზე ჭკვიანი, გონიერი და კეთილი მე არავინ შემხვედრია. ბავშვობაში, როცა სოფელში მასთან ერთად ვატარებდი დროს და სამყაროს შეცნობის პროცესში ვიყავი, ყველა კითხვას მას ვუსვამდი. კითხვა – "რატომ?" პირველად სწორედ მასთან გაჩნდა და ისიც ყოველთვის დეტალურად მიხსნიდა ყველაფერს. მან ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის – მათემატიკის სიყვარული და სამუშაო ეთიკა. შრომისმოყვარეობა პირველად სწორედ მისი მაგალითით ვისწავლე, თუმცა ყველაზე დიდი რამ, რაც მისგან მივიღე, ადამიანების სიყვარულია", – ამბობს ნატა.
ნატა ქავთარაძის სამომავლო გეგმები კვლავ მასშტაბურია. ის საკუთარ კარიერას დიდ სურათში უყურებს, სადაც ყოველი მომდევნო საფეხური ახალ სიმაღლეებს უკავშირდება:
"თუ ხუთწლიან გეგმაზე ვისაუბრებთ, ჩემი მიზანი გენერალური მენეჯერის პოზიცია და მთლიანი დაწესებულების მართვაა – მიმაჩნია, რომ ეს სრულიად რეალისტური შედეგია. ამასთანავე, მსურს რეგიონული დირექტორის პასუხისმგებლობაც ავიღო. ათწლიან პერსპექტივაში კი საკუთარ თავს Amazon-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ვხედავ. ჩემი საბოლოო მიზანია, ვიყო Fortune 500-ის სიაში შემავალი კომპანიის CEO. პარალელურად, ვგეგმავ განვავითარო ჩემი ბიზნესები და იმ ცოდნითა თუ გამოცდილებით, რაც დავაგროვე, სხვებს დავეხმარო"