წარმატებული მეორე გამოშვების შემდეგ თბილისის დიზაინის ფესტივალი კონკურსს აცხადებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის მაისში თბილისში დიზაინის ფესტივალის მეორე გამოშვება გაიმართა. ორგანიზატორებმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული პროტესტების ფონზე ფესტივალის ფორმატი შეცვალეს და ამ გადაწყვეტილებამ სრულად გაამართლა.

Tbilisi Design Festival – Workshop Edition პროგრამით დაგეგმილი ყველა ვორქშოპ სესია რეგისტრაციის გახსნიდან რამდენიმე საათში სრულად შეივსო. ინტერაქციულ სესიებს ჯამში 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო მიმართულებებით. ფესტივალის ვორქშოპ სესიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიც არის: ლოგოს დიზაინი; სტრატეგია, როგორც დიზაინის საფუძველი; წიგნის ყდის დიზაინი; ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია დიზაინში; შრიფტის დიზაინი და სხვა.

დაინტერესებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ Talks & Networking ზონაში გამართულ საჯარო შეხვედრებს. ქართველმა და პოლონელმა სპიკერებმა თემის – In Creative Resistance-ის ირგვლივ საინტერესო დისკუსიები გამართეს. განხილვის თემებს შორის იყო: საბჭოთა მემკვიდრეობა არქიტექტურაში, ხელოვნება რეპრესიულ გარემოში, პროტესტის ფოტოგრაფია, სოციალური დიზაინი და სხვა.

ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ქართველი დიზაინერებისა და ილუსტრატორების ნამუშევრების, ასევე ხელოვნებისა და დიზაინის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

შარშან ფესტივალის ფარგლებში დიზაინერებმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს. პროექტის კურატორი სტეფან ზაგმაისტერი იყო. ფესტივალის ორგანიზატორებმა ამ ინიციატივის გაგრძელება გადაწყვიტეს და 2025 წლის საკონკურსო თემად წარადგინეს – "დიზაინერები კრეატიულ წინააღმდეგობაში", რაც საქართველოში და საერთაშორისო ველზე ავტორიტარიზმის გაძლიერებას ეხმიანება.

თბილისის დიზაინის ფესტივალის ორგანიზატორები დიზაინერებს მოუწოდებენ, შექმნან პოსტერი, რომელიც ასახავს ავტორიტარიზმის, ცენზურისა და თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის წინააღმდეგ კრეატიულ ბრძოლას. პროექტის კურატორია ლეგენდარული გრაფიკული დიზაინერი, პოლა შერი, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული, თამამი ვიზუალური ენითა და საზოგადოებრივ საკითხებზე ზემოქმედების უნარით.

თბილისის დიზაინის ფესტივალის ორგანიზატორების ხედვაა, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურად ჩართონ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების განხილვაში. ახალი საკონკურსო პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იდეას, რომ კრეატიულობა ძალადობრივი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის უძლიერესი იარაღია.

"ავტორიტარულ რეჟიმებს ყოველთვის ეშინოდათ კრეატიულობის. საქართველოში დღეს, როგორც მსოფლიოს მრავალ წერტილში, სწორედ ხელოვანები, დიზაინერები, კინემატოგრაფისტები, მუსიკოსები და მწერლები არიან პირველები, ვისი ხმის ჩახშობასაც ცდილობენ, აპატიმრებენ, დევნიან. კრეატიული თვითგამოხატვის ძალა მხოლოდ საფრთხე კი არაა რეპრესიული სისტემებისთვის – ის პირდაპირი წინააღმდეგობაა. დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის. ის კომუნიკაცია, ზემოქმედება და წინააღმდეგობაა. წელს ვიწვევთ დიზაინერებს, რათა ვიზუალურად გამოხატონ, რას ნიშნავს წინ აღუდგე ავტორიტარიზმს, ცენზურას და თავისუფალი აზრის განადგურების მცდელობას", – ვკითხულობთ კონკურსის აღწერაში.

მონაწილეები თავიანთი პოსტერებით ეცდებიან აჩვენონ: როგორ გამოიყურება კრეატიული წინააღმდეგობა დღეს; როგორ შეიძლება დიზაინი იქცეს დაუმორჩილებლობის აქტად და როგორ ერთვებიან თავად დიზაინერები ამ ბრძოლაში.

პროექტი განკუთვნილია დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომლებმაც პირადად გამოცადეს ან შეესწრნენ პოლიტიკურ რეპრესიებს, ცენზურას, კრეატიული თავისუფლების შეზღუდვას. ის მიზნად ისახავს გააერთიანოს ის პროფესიონალები, რომლებიც ხედავენ ავტორიტარიზმის ზრდას მსოფლიოში და მზად არიან ამ საფრთხეს წინააღმდეგობა გაუწიონ. განაცხადის ბოლო ვადა 2025 წლის 1 ივლისია.

თბილისის დიზაინის ფესტივალს წელს სხვადასხვა კრეატიული ინდუსტრიებისა და ბიზნესსექტორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: TBC, UN Women, MINI Georgia, Bakuriani, Karva, Smartsoft, D Block, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, Design Institute, თბილისის კომუნიკაციების სკოლა, Contact, Windfor's, Windfor's Workshops, Legacy, Holy Motors, Indigo, Favorite – Color Pack, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, Polish Graphic Design, პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში.

მედია პარტნიორები: Entrepreneur, April, Marketer.