წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ჰუანგმა ფინანსურ დირექტორს დაბნეული ირემი უწოდა, ახლა კი Nvidia-ს სწორედ ის მართავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლევანდელ ზაფხულს Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა ფინანსური გუნდის ხელმძღვანელები შეკრიბა და, გავრცელებული ცნობით, ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი მწარედ გააკრიტიკა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჰუანგმა პრეზენტაცია შეაწყვეტინა და მას "დაბნეული ირემი" უწოდა.
იმავე ცნობებით, ჰუანგმა ისიც თქვა, რომ კრესი უფრო ციფრების მაუწყებელს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს, ვისაც სტრატეგიის განსაზღვრა შეუძლია. დღეს კი მისი ადგილი სწორედ კრესს უკავია: ხუთშაბათს იგი დროებით აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა მას შემდეგ, რაც ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ორი საიდუმლო რომანის გამჟღავნება იქცა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ჩინელ ჯაშუშთან აკავშირებდა.
კრესს თავადაც ჰქონდა ეჭვები ჰუანგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობებით, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა Nvidia-ს მცდელობა, მილიარდობით დოლარით დაეფინანსებინა ის მომხმარებლები, რომლებსაც მისი ჩიპების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ - მათ შორის, ჰუანგის სიძის მიერ წარმართული გარიგებებიც. გარდა ამისა, კრესმა გაანახევრა Nvidia-ს თავდაპირველი ფინანსური ვალდებულება OpenAI-ის მასშტაბურ მონაცემთა ცენტრთან დაკავშირებულ გარიგებაში.
თუმცა, როგორც ჩანს, წყენა გულში არ ჩაუდია. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში კრესმა ყოფილი ხელმძღვანელი შეაქო და პირობა დადო, რომ გააგრძელებს შენებას "იმ განსაკუთრებულ საძირკველზე, რომელიც ჯენსენმა შექმნა".
თარგმანი: მარიამ ქობალია