წიგნის ინდუსტრია – BookTok, Netflix... ვისთვის იქმნება ლიტერატურა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წინა სვეტში ვსაუბრობდი, არის თუ არა ლიტერატურა ბიზნესი. დღეს კი, ალბათ, უფრო მართებული იქნება, სხვა კითხვა დავსვა: საერთოდ დარჩა კი წიგნში რამე ისეთი, რაც დღეს სუფთა ხელოვნებაა და ბიზნესის წესებს არ ექვემდებარება?

ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ეს სიმბიოზი გუშინ არ დაწყებულა. როგორც კი გუტენბერგის პრესამ წიგნი მასობრივ პროდუქტად აქცია, წიგნის ინდუსტრიაში მაშინვე გაჩნდა ბიზნესის ელემენტები. 1477 წელს ინგლისში უილიამ კექსტონმა გამოსცა პირველი სარეკლამო ფლაერი, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია საეკლესიო კრებულის შესახებ და გასაყიდად ზუსტი მისამართი მიუთითა. პირველი Product Placement ლიტერატურაში გვხვდება ჟიულ ვერნის 1873 წლის წიგნში "80 დღე დედამიწის გარშემო". აქ კონკრეტულ სავაჭრო და სატრანსპორტო კომპანიებს ზუსტი დასახელებები აქვთ, ასე რომ, Product Placement ლიტერატურაში არც ისე ახალი ამბავია.

მაგრამ საინტერესო ის არის, როგორ გადაიქცა ეს ყველაფერი თანამედროვე ეკონომიკის უძლიერეს ინსტრუმენტად.

აი, თუნდაც 1998 წლის კინოკლასიკის "თქვენთვის წერილია" მაგალითი განვიხილოთ. ერთი შეხედვით, ეს რომანტიკული კომედიაა, სადაც ტომ ჰენკსისა და მეგ რაიანის გმირებს ანონიმური და ვირტუალური მიმოწერა აქვთ და ერთმანეთს ეკრანს მიღმა ეძებენ. რეალურად კი ეს არის წიგნის ინდუსტრიის დიდი გარდატეხის დოკუმენტური ქრონიკა, თუ როგორ ანაცვლებს პატარა, მრავალწლიანი ისტორიისა და მოგონებების მქონე წიგნის პატარა მაღაზიას გიგანტური ქსელური "მონსტრი". მაშინ კაპიტალიზმმა და დაბალმა ფასებმა ტრადიცია დაამარცხა. თუმცა ირონია ისაა,რომ სულ რამდენიმე წელში, ზუსტად იმავე გიგანტურმა ქსელებმაც დათმეს პოზიციები ციფრული ეპოქისა და ონლაინგიგანტების წინაშე.

დღეს კი კიდევ უფრო საინტერესო მოვლენების მონაწილენი ვართ – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც წიგნის გაყიდვების მთავარი ძრავა BookTok-ია.

დააკვირდით ამ აბსურდულ პარადოქსს: მოკლე, 15-წამიანი ვიდეოების ეპოქაში, სადაც ადამიანის ყურადღების კონცენტრაცია კრიტიკულ ზღვრამდეა დასული, ბესტსელერებად იქცევა არა მსუბუქი ბროშურები, არამედ 800-გვერდიანი, სქელტანიანი ფენტეზი-რომანები (როგორიცაა სარა ჯ. მაასის სერიები). როგორ ახერხებს თაობა, რომელსაც გრძელი ტექსტები ღლის, ასეთი "აგურების" წაკითხვას?

პასუხი მარტივია, BookTok არ ყიდს ტექსტს, ის ყიდს ემოციის ილუზიასა და ესთეტიკას. ეკრანიდან არავინ გვთავაზობს ლიტერატურულ ანალიზს. ჩვენ გვაჩვენებენ ცრემლებს წიგნის ბოლო გვერდზე, კარგად შერჩეული ფონი, ფინჯანი ყავა და ლამაზად ილუსტრირებული წიგნის ყუა. ირთვება კლასიკური შიში, რომ რაღაც ტრენდს ტოვებ. შედეგად, მკითხველი ყიდულობს წიგნს არა იმიტომ, რომ ფილოსოფიური ტრაქტატები იზიდავს, არამედ იმიტომ, რომ მას სურს ამ ვიზუალურ იდენტობასთან საკუთარი თავის გაიგივება, ცდილობს არ ჩამორჩეს ტრენდს და თავადაც გახდეს ამ პატარა "კლუბის" წევრი. წიგნი დღეს სტატუსის სიმბოლოდ იქცა. შედეგად, მკითხველი ყიდულობს წიგნს და ცნობისმოყვარეობით იღებს ხელში. თუმცა, გამომცემლის მთავარი მიზანიც ხომ ზუსტად ეს არის, მიიზიდოს მკითხველი, მისცეს მას წიგნი და აგრძნობინოს იმ სამყაროს ძალა, რომელიც ფურცლებს შორის იმალება. ბიზნესი აქ მხოლოდ საშუალებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადაფურცლოს ის 800 გვერდი.

აქედან იწყება მეორე, არანაკლებ საინტერესო პროცესი – კავშირი კინოსა და სტრიმინგ პლატფორმებთან.

კინოინდუსტრია მჭიდროდ არის დაკავშირებული წიგნის ინდუსტრიასთან. ისინი ერთმანეთის ჩამნაცვლებლები კი არა, შემავსებლები გამოდიან. ვინაიდან დღეს დიდი პლატფორმები, როგორებიცაა: Netflix, HBO თუ სხვა, ცდილობენ ისეთი სცენარის კინოეკრანიზაციებს, რომლებზეც წიგნი უკვე არსებობს.

სტატისტიკურად, წიგნის ეკრანიზაციებით გლობალურ სალაროებში 50%-ით მეტის გენერირება ხდება, ვიდრე დამოუკიდებელი სცენარის ნამუშევრებით. რატომ? რადგან ბესტსელერს უკვე ჰყავს მილიონობით "მზა აუდიტორია", რომელიც პრემიერამდე თვითონვე აკეთებს უფასო მარკეტინგს სოციალურ ქსელებში.

და ეს ორმხრივი პროცესია: როცა ეკრანებზე დიდი ჰიტი გამოდის, გამომცემლობები მომენტალურად ბეჭდავენ ახალ "კინო-გარეკანებს" და წიგნის გაყიდვებიც ასობით პროცენტით იზრდება. წიგნი კინოს აძლევს უსაფრთხოებას, კინო კი წიგნს – გლობალურ მასშტაბს.

ლიტერატურა არასოდეს ყოფილა სოციუმისგან ცალკე მდგომი ხელოვნება. ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია რეალობის გადმოსაცემად, თუმცა იმისთვის, რომ მუდამ აქტუალური იყოს, აუცილებელია თანამედროვეობასა და ტექნოლოგიურ გამოწვევებს აუწყოს ფეხი, მეტიც: გამოიყენოს ეს პროგრესი იმისთვის, რომ მთავარი სათქმელი კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ალგორითმები და ციფრული პლატფორმები თამაშის წესებს ცვლიან, ლიტერატურა, უბრალოდ, ახალ ფორმას იძენს. ტექნოლოგიები შეიცვლება, ინსტრუმენტები დაიხვეწება, მაგრამ ლიტერატურა იარსებებს მანამ, სანამ ადამიანს ამბის მოყოლისა და მოსმენის სურვილი ექნება.

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“