ტურიზმის ტექნოლოგიები, ახალი ხედვები და კავშირები - "ტურისტერი 2025" სამიტმა ქართული ტურიზმის მომავალი განვითარება განიხილა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ტურიზმის სამიტი "ტურისტერი 2025" კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე ერთმანეთს ხვდება -კერძო სექტორი, განათლება, ტექნოლოგიები, მედია და საჯარო უწყებები. წლევანდელმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ "ტურისტერი" აღარ არის უბრალოდ ღონისძიება - ის გახდა პლატფორმა, სადაც ყალიბდება ხედვები, თანამშრომლობები და იწყება საუბარი იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს ტურიზმის მომავალი.
ტურისტერი 2025-ის უმთავრესი მიზანი სწორედ იმ უნიკალური ეკოსისტემის შექმნა იყო, სადაც ინდუსტრიის სხვადასხვა რგოლი ერთმანეთთან ეფექტურ კომუნიკაციას შეძლებდა. ორგანიზატორთა ხედვით, სწორედ ერთ სივრცეში შეკრებილ პროფესიონალთა დიალოგი და ნეთვორქინგი უნდა გამხდარიყო ის საძირკველი, რომელზეც ქართული ტურიზმის მომავალი და ახალი თანამშრომლობები აშენდებოდა.
ორ დღეზე გაწერილი პროგრამა იყო ინტენსიური: 33 სპიკერი საქართველოდან და უცხოეთიდან, 7 პრაქტიკული ვორქშოფი, 300-ზე მეტი დამსწრე და 200-მდე ბიზნეს შეხვედრა ახალ ნეთვორქინგ პლატფორმაზე. აქ მიღებული ცოდნა და კონტაქტები მხოლოდ ერთი ღონისძიების ფარგლებს სცდება - ისინი გარდაიქმნება კონკრეტულ პროექტებად, კამპანიებად და პარტნიორობებად ქართულ ტურიზმის ინდუსტრიაში.
"მთავარი მიზანი იყო, განგვეხილა ტურიზმში მარკეტინგი, გაყიდვები და განსაკუთრებით ის, თუ როგორ ეხმარება ამ სფეროებს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ხელოვნური ინტელექტი. ამას ემატება სასტუმრო ინდუსტრიაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პირდაპირი ჯავშნების გაძლიერება. ვისაუბრეთ მდგრადი ტურისტული სერვისების განვითარებაზე. მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორ უნდა მოხდეს რეგიონების მენეჯმენტი ტურისტული მიმართულებით," – ამბობს სამიტის ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი.
სპეციალურად შექმნილმა ნეთვორქინგ პლატფორმამ გაამარტივა 200-მდე შეხვედრის ჩანიშვნა და ერთმანეთთან დააკავშირა სასტუმროები, ტუროპერატორები, ტექნოლოგიური კომპანიები და სხვადასხვა მომსახურების პროვაიდერები.
გიორგი ახალაია, "ვანდერის" დამფუძნებელი, სამიტის მნიშვნელობას ასე აფასებს:
"ტურისტერს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ამ სფეროში მოთამაშეების წასახალისებლად და მათ წარმოსაჩენად. ეს არის ნეთვორქინგის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ერთმანეთში ვცვლით სიახლეებს, იწყება პარტნიორობები და ეს პლატფორმა დიდ როლს თამაშობს მათ განვითარებაში როგორც პიროვნულ, ისე კომპანიის დონეზე"
ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის გლობალური ტრენდები ცვლის თამაშის წესებს: სტუმარი უფრო ინფორმირებულია, არჩევანი - მრავალფეროვანი, ხოლო კონკურენცია - გლობალურად მზარდი. სწორედ ამიტომ წლევანდელ "ტურისტერზე" განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, პირდაპირი გაყიდვების ზრდასა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ყოველდღიურ ოპერაციებში.
Exely-ს სპიკერმა, ლევან ლეშკაშელმა, საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ონლაინ გარემო სასტუმროებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს:
"წლევანდელ ღონისძიებაზე ონლაინ მარკეტის ანალიზსა და ტრენდებზე ვისაუბრეთ მომავალი წლისთვის. ანალიზმა, პირველ რიგში, გვაჩვენა, რომ მომავალი წლიდან თითოეული სასტუმროსთვის თუ განთავსების ნებისმიერი ობიექტისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთარი ვებსაიტის ქონა – ფუნქციური, სადაჯავშნო მოდულითა და ასევე ონლაინ გადახდის სისტემით, ჩაშენებული ამ მოდულთან. სხვა ტრენდებს რაც შეეხება, AI-ის დამატება ყოველდღიურობაში ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - ის შეგიმსუბუქებთ მუშაობას და მონაცემების დამუშავებაშიც დაგეხმარებათ."
ჯანკარლო დე ლუკა (Giancarlo De Luca), Data Appeal Company-ის პარტნიორობის და ბიზნეს განვითარების მენეჯერი და ტურისტერის ერთ-ერთი სპიკერი მონაცემების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი აზრით, როგორც განთავსების ობიექტის, ისე სხვა ნებისმიერი ბიზნესის მართვისას მონაცემები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჯანკარლო დე ლუკა ხაზს უსვამს, რომ ყველანაირი გადაწყვეტილება, იქნება ეს სტრატეგიული თუ ოპერაციული, მონაცემებზე დაფუძნებული უნდა იყოს.
ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენას ტურიზმის სფეროზე Data Appeal Company-ის წარმომადგენელი უახლოესი ხუთი წლის განმავლოაბში "დიდ ევოლუციად" ხედავს და არა უშუალოდ 2026 წლის ცვლილებად. დე ლუკა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს იმის მიმართ, თუ როგორ მოხდება "Google-ის რეკლამირებიდან AI რეკლამირებაზე" გადასვლა და ეს ცვლილება რეკლამირების ინდუსტრიაში როგორ შეაღწევს.
"ჩვენ აუცილებლად გადავალთ Google რეკლამირებიდან AI რეკლამირებაზე და მე ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხდება ეს."
"ტურისტერი 2025"-ის მასშტაბურობა შეუძლებელი იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. წლევანდელი სამიტი მხარდაჭერილი იყო ისეთი კომპანიების და ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: ბეტა ჰოლდინგი, RECONOMY / Helvetas / Swiss Agency for Development and Cooperation SDC /LED Georgia, Exely, Julius Meinl, გლობალ სელი, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, ibis Styles Batumi, Miele Georgia, Liebherr Appliances Georgia, იმედი L, კერკი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, იკონსული, მეღვინეობა არჩეული 1920, BMG.ge, Entrepreneur Georgia და travelnews.ge.
ამ პლატფორმისთვის უკვე ტრადიციული პარტნიორია "ბეტა ჰოლდინგი", რომლის მხარდაჭერაც "ტურისტერის" ეკოსისტემურ როლს კიდევ უფრო უსვამს ხაზს:
"ბეტა ჰოლდინგი უკვე სამი წელია, ტურისტერის მხარდამჭერია. ეს პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის ტურიზმის მომავალს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორ კომუნიკაციასა და ხარისხიან რეკლამას შეუძლია დიდი წვლილის შეტანა საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. დღეს ეს პლატფორმა იძლევა იმის საშუალებას, რომ კომუნიკაცია გვქონდეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს," - ამბობს გენო ირემაძე, "ბეტა ჰოლდინგის" ხელმძღვანელი.
ყველა ასეთი ღონისძიების უკან დგას გუნდი, რომლისთვისაც ტურიზმი მხოლოდ სექტორი კი არა, პროფესიული და პირადი მისიაც არის. "ტურისტერი 2025" ისევ ერთად შექმნეს ტურიზმის ინსტიტუტმა და ციფრულმა მარკეტინგულმა სააგენტომ Shindi – შინდი. სწორედ მათი დაგეგმილი პროგრამა, შერჩეული სპიკერები და დეტალური ორგანიზება ქმნიდა იმ ატმოსფეროს, რომელიც სამიტს ყოველწლიურად გამორჩეულს ხდის.
"ტურისტერი 2025"-ის შედეგი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება -ეს არის რეალური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის - ახალი კონტრაქტები, ერთობლივი კამპანიები, რეგიონული პროექტები და ის ცოდნა, რომელიც ადგილობრივ ტურიზმს გლობალურ სტანდარტებს კიდევ უფრო აახლოებს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამიტის მთავარი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა — ინდუსტრიაში ახალი, სიცოცხლისუნარიანი კავშირები დაიბადა. სპეციალური ნეთვორქინგ პლატფორმისა და უშუალო ინტერაქციის შედეგად, ბაზრის მოთამაშეებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს, რის შედეგადაც კონკურენცია პარტნიორობის პოტენციალად გადაიქცა. "ტურისტერმა" შექმნა გარემო, სადაც იდეები რეალურ პროექტებად ტრანსფორმირდა, ხოლო დამყარებული კონტაქტები იმის გარანტიაა, რომ დარგის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება — არა ცალკეული ნაბიჯებით, არამედ კოორდინირებული და ერთიანი ძალისხმევით.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს "ტურისტერი" გახდეს ადგილი, სადაც არა მხოლოდ ვსაუბრობთ გამოწვევებზე, არამედ ვხედავთ რეალურ გზებს, როგორ უნდა გავზარდოთ ქართული ტურიზმის კონკურენტუნარიანობა," – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.
სამიტი ამ სიტყვებით დასრულდა: "შევხვდებით 2026 წელს!" - ისევ იმ მიზნის გარშემო გაერთიანებულები, რომ ერთად შეიქმნას ახალი კავშირები და კიდევ უფრო ძლიერი, ინოვაციური და მდგრადი ტურიზმის მომავალი საქართველოში.