Get All Access for $5/mo

Tutorium - ახალი პლატფორმა საქართველოში, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, ისწავლოთ და ასწავლოთ ნებისმიერი ლოკაციიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გაციფრულებულ თანამედროვე ყოველდღიურობაში განათლების მიღება აღარ ასოცირდება ტრადიციულად მხოლოდ სასწავლო კურსებზე დასწრებასთან. შესაძლებლობა გვაქვს, ცოდნის მიღებისა თუ სწავლების პროცესი გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და კომფორტული. ციფრული სამყარო გვაძლევს საშუალებას, თვითგანვითარებაზე, კარიერულ წინსვლასა თუ, უბრალოდ, ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვიზრუნოთ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

სწორედ ამ შესაძლებლობებსა და მოთხოვნაზე დაფუძნებით გაჩნდა ახალი ონლაინპლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც ქმნის ცოდნის მიღების სივრცეს ყველასთვის, ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის.

როგორც პლატფორმა Tutorium-ის თანადამფუძნებელი, მარიამ ბერიძე, Entrepreneur-თან აღნიშნავს, პლატფორმა მიზნად ისახავს მომხმარებლებს (როგორც ტუტორებს, მასწავლებლებს, ასევე სწავლის მსურველებს) შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულებით ინდივიდუალური, ონლაინგაკვეთილები – იქნება ეს ჰუმანიტარული, ტექნიკური საგნები, უცხო ენები, დიზაინი თუ სხვა მრავალი თემა, რაც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიულ, ასევე პირად განვითარებას.

"ეს იდეა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მისი აუცილებლობა გავაცნობიერე მაშინ, როდესაც თავად მივიღე გადაწყვეტილება, შემესწავლა ლიეტუვური ენა და ამ პროცესში ვიფიქრე, რატომაც არა, იქნებ საქართველოშიც გაამართლოს ასეთმა პროდუქტმა-მეთქ.

ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც დაანონსებიდან რამდენიმე საათში გამოთქვა ინტერესი სხვადასხვა მიმართლებით მხარდაჭერაში, იქნება ეს ლოგოზე მუშაობა, ფოტოსესია თუ ინფორმაციის გაზიარება. ყველაზე დიდი მადლობა ჩემს საქმროს, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს პლაფორმის შექმნაში, მისი მხარდაჭერა და ერთობლივი ხედვა გახდა იმ ინსპირაციის წყარო, რომელმაც ამ იდეის რეალობად ქცევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ლიეტუვიდანაა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა თავიდან ლიეტუვურის სწავლის სურვილი, საიდანაც წამოვიდა Tutorium-ის შექმნის იდეაც", - გვიყვება მარიამი.

Tutorium-ის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ექნება წვდომა პლატფორმაზე - განურჩევლად იმისა, სად იმყოფება და რამდენად დატვირთული ყოველდღიურობა აქვს. პლატფორმა მოქნილ გარემოს სთავაზობს ყველას - აქ ტუტორებს, ტრენერებსა და მასწავლებლებს შეეძლებათ, შექმნან კალენდარი, დააწესონ მათ სასწავლო კურსებზე გადასახადი და საბოლოოდ, მიიღონ შეფასებები, რითაც რეიტინგი გაეზრდებათ. თავის მხრივ, "სტუდენტები" შეძლებენ მოქნილ პლატფორმაზე იპოვონ სწორედ ის კურსი თუ ტუტორი, ვინც სჭირდებათ, ჰქონდეთ საცდელი ჩართვა და ეს ყველაფერი ნებისმიერი წერტილიდან განახორციელონ.

საბოლოო ჯამში, პლატფორმის დახმარებით განათლების მიღების მსურველები და ტუტორები ზოგავენ დროს, გადაადგილების ხარჯებს და მათთვის კომფორტულ გარემოში რეალიზდებიან.

"ჩვენი ხედვაა შევქმნათ ისეთი სწავლების მოდელი, რომელიც ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას, აირჩიოს მისთვის საჭირო დრო და მასწავლებელი, რათა განათლების მიღება სრულიად შეესაბამებოდეს მის პირად გრაფიკსა და საჭიროებებს".

მარიამი ამბობს, რომ Tutorium-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიმართულებით ან საგნით. ის მოიცავს ფართო სპექტრის შესაძლებლობებს და მასწავლებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

Tutorium-ი ამჟამად დამუშავების ეტაპზეა. პლატფორმაზე მომუშავე გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება მოკლე დროში წარადგინოს სატესტო პირველი ვარიანტი, რათა მიიღონ უკუკავშირი და საბოლოო ვარიანტის ჩაშვებისას ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული.

"ჩვენთის მნიშვნელოვანია, Tutorium-ი ვითარდებოდეს და იცვლებოდეს უკეთესობისკენ დროთა განმავლობაში, ამისთვის კი აქტიურ კომუნიკაციას ვგეგმავთ ჩვენს მომავალ კლიენტებთან, რადგან მათი უკუკავშირი იქნება ის მთავარი გასაღები, რითაც პლატფორმა განვითარდება და დაიხვეწება", - ამბობს მარიამ ბერიძე.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"