ტვინების გადინება – საქართველოს შრომითი ბაზრის გამოწვევები და პერსპექტივები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამყაროს პირობებში, ადამიანური კაპიტალი – ანუ ქვეყნის მოსახლეობის კოლექტიური ცოდნა, უნარები და გამოცდილებები – გარდამავალი დემოკრატიებისა და განვითარებადი ეკონომიკებისთვის ყველაზე ფასეული რესურსი და შედარებითი უპირატესობის მომტანი სტრატეგიული აქტივი გახდა. საქართველო, რომელიც ცდილობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას – ფართოდ გავრცელებული ნეგატიური სელექცია და ნიჭიერი, მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, შრომისუნარიანი და განათლებული ადამიანების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ.
ტვინების გადინების, როგორც შეუქცევადად მზარდი შიდა პროცესისგან გამოწვეული დამაზიანებელი გავლენების შერბილება, რევერსირება და კომპენსირება, ანუ ადამიანური კაპიტალის ეფექტური მართვა, არ შემოიფარგლება მხოლოდ დემოგრაფიული, სოციალური ან ჰუმანიტარული დილემით. გადაღვრის ეფექტით, ტვინების გადინებას პირდაპირი ხელშესახები ეკონომიკური შედეგები მოაქვს – იგი რეალურად ასუსტებს შრომით ბაზარს, ამცირებს ინოვაციურ/საინჟინრო/სამრეწველო პოტენციალს და აფერხებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ეკონომიკაში. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს ამგვარი უარყოფითი ტენდენცია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროდუქტიული სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად.
შრომითი ბაზრის მდგომარეობა და სოციო-ეკონომიკური შედეგები
სახელმწიფო წლების განმავლობაში ზრდის მშპ-ის წილს განათლების საბიუჯეტო ხარჯებზე. ბოლოდროინდელი მონაცემებით, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 2024 წელს 20%-ით გაიზარდა. თუმცა განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიციები, უმეტესწილად ადამიანური კაპიტალის აქტივის სახით, განგრძობითად ვერ ფორმირდება ქვეყნის შიგნით და, შესაბამისად, ვერც ტრანსფორმირდება სამუშაო ბაზარზე კონტრიბუციულ ძალისხმევად. გამორჩეულად უნარიანი ახალგაზრდები, რომლებმაც უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები დაამთავრეს, სოციო-ეკონომიკური არასტაბილურობისა და მიმზიდველი სამუშაო ადგილების დეფიციტურობის წნეხის ფონზე, ხშირად ვერ ახერხებენ პროფესიული პერსპექტივების იდენტიფიცირებას (შეზღუდული ოფციებიდან გამომდინარე) და მათთვის ხელსაყრელ სამსახურში დასაქმებას. საქართველოს შრომის ბაზარი ჯერ კიდევ ვერ ქმნის იმ რაოდენობის, ანაზღაურების და ხარისხის ღირსეულ სამუშაო ადგილებს, რაც მოთხოვნად ადამიანურ კაპიტალზე ორიენტირებულ დასაქმების მიწოდებას გულისხმობს. დაბალი ხელფასები, არაცხადი კარიერული პერსპექტივები, არარსებული მერიტოკრატიული სოციალური ლიფტი, დაუცველი შრომითი გარემო და პროფესიული კულტურის არასტაბილურობა, კომბინირებულად აჩენს მრავალშრიან, სტრუქტურულად ფესვგადგმულ ბარიერებს, რომლებიც ახალგაზრდებს შიდა ადგილობრივი ბაზრის ნაცვლად, გარე ალტერნატივებისკენ და, შესაბამისად, მიგრაციისკენ უბიძგებს.
მაშინ, როდესაც საქართველო კარგავს პროფესიონალ კადრებს, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ჯანდაცვა, საინჟინრო სფერო, განათლება, უცხო ქვეყნები იღებენ იმ ადამიანური კაპიტალისგან სარგებელს, რომლის შექმნაშიც ქართული საზოგადოება და სახელმწიფო დროს და მატერიალურ რესურსებს უწყვეტლივ ასხამდა. საქართველოს შრომითი ბაზარი ცალსახად ასახავს ეკონომიკასა და ინდუსტრიებს შორის დისბალანსს. ერთი მხრივ, არსებობს კადრების ჭარბი მიწოდება იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებებში, მეორე მხრივ კი – მწვავე დეფიციტი ტექნიკურ და მეცნიერების სფეროებში (STEM). აქედან გამომდინარე, ქვეყნის შემოქმედი, ეფექტური და პროდუქტიული სამუშაო ძალის აბსოლუტური უმრავლესობა ან NEETs ჯგუფია, ან იძულებულია სპეციალობის მიღმა, როგორც დასაქმების ერთადერთ წყაროდ, აირჩიოს არასტაბილური და დაბალანაზღაურებადი სექტორები, როგორიცაა სერვისის სფერო. საქსტატის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მონაცემებით, ახალგაზრდული უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში. ამას ემატება შრომის ბაზრის სეგმენტირებული კონცენტრაცია – 40%-ზე მეტი დასაქმებულის პოზიციები უკავშირდება არაფორმალურ და პირველად ეკონომიკას, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური გარანტიები და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა.
ემიგრაცია და ტვინების გადინება, როგორც ზრდისა და განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორი
გლობალიზებული და ჰიპერსპეციალიზებული ეკონომიკის პირობებში ადამიანის გონება, ნიჭი, უნარები, განათლება და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოადგენს საქართველოს ძირითად უპირატესობას. ქართულ კონტექსტში და ქვეყნის შიდა სოციო-ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, ერთადერთი კრიტიკული მნიშვნელობის რესურსის ქვეყნიდან მასობრივად გადინება ნიშნავს ინოვაციების, სტარტაპების, სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მეტად შენელებას. მაგალითად, ბევრ ქართველ სპეციალისტს უწევს უცხოეთში სამუშაოს ძიება, რადგან ადგილობრივი კომპანიები ვერ სთავაზობენ კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობებს.
ფისკალური თვალსაზრისით, ემიგრაციის და ტვინების გადინების პროცესი ერთგვარად ნიღბავს ყოვლისმომცველ მწვავე სოციო-ეკონომიკური საკითხების კასკადს. ემიგრანტებიდან წამოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შეადგენს ქვეყნის მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა ეს ვერ იქნება მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული განვითარების ეკონომიკური მოდელი. ამ ტიპის ფულადი გზავნილები განკუთვნილია ძირითადად მოხმარებაზე და არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ინკლუზიურ კაპიტალს ან დოვლათის მომტან პროდუქტიულ სექტორებს ქვეყანაში.
მომავლის სტრატეგია: ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების სისტემური მიდგომების რეფორმების აუცილებლობა კონკურენტუნარიანობის ტრანსფორმაციის გზაზე
- შრომის ბაზრის მოდერნიზაცია – აუცილებელია შრომითი კანონმდებლობის გაუმჯობესება და სპეციფიკურად ქართულ დინამიკაზე ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს სტაბილურობას და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონულ დეცენტრალიზებულ პოლიტიკას, რათა ახალგაზრდებმა დაინახონ განვითარების პერსპექტივა დედაქალაქის მიღმაც.
- მიზნობრივი საგანმანათლებლო პოლიტიკა – განათლება საჭიროა იყოს მორგებული და სინქრონიზებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ოპტიმალურია ტექნიკური და პროფესიული განათლების (TVET) განვითარება, ასევე STEM მიმართულებების გაძლიერება. ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო დინამიკის შესახებ დაეხმარება პოლიტიკის დაგეგმვას და ეფექტურ ინდუსტრიათაშორის თანამშრომლობის პროცესს.
- ინოვაციური ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება – სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უნდა ემყარებოდეს ინოვაციების განვითარებას და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების სტიმულირებას. სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და თანამედროვე კვლევითი ცენტრების განვითარება, თანაბრად სამართლიანი წვდომა ფინანსურ რესურსებზე და მატერიალურ კაპიტალზე – ეს ყველაფერი ქმნის ნიადაგს ხარისხიანი და მაღალის დონის სამუშაო ძალის დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად.
- რეინტეგრაციის პროგრამა – იმ კვალიფიური და კონკურენტუნარიანი დარგის პროფესიონალებისთვის, ვინც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების კონკურენტულ ბაზრებზე მოღვაწეობენ და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას, საჭიროა ისეთი პოლიტიკის და ინსტრუმენტების იმპლემენტაცია, რომლებიც მათ საქართველოში დაბრუნებისკენ უბიძგებს და შესაბამის სამუშაოებში ინტეგრირებას გაუმარტივებს.
- პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება – წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. სახელმწიფოებრივად მყარი საფუძველი და ინსტიტუციური ჩარჩოს მექანიზმები უზრუნველყოფს პროგნოზირებად და უსაფრთხო გარემოს ინვესტიციებისთვის, აძლიერებს შრომის ბაზრის მიმართ ინტერესს და მის კონკურენტუნარიანობას და ქმნის მოქნილ პირობებს ადამიანური კაპიტალის განვითარების ინიციატივებისათვის.
ქართული ნახტომის წინაპირობა
ადამიანური კაპიტალის შენარჩუნება და განვითარება XXI საუკუნის ეკონომიკური მდგრადობის საფუძველია. საქართველო, როგორც პატარა და ღია განვითარებადი ეკონომიკა, ვერც სამხედრო და ვერც ბუნებრივი რესურსების პოლიტიკით ვერ გაიმარჯვებს გლობალურ კონკურენციაში. ქვეყნის გრძელვადიანი წარმატება და განვითარების ტრაექტორიით გარღვევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ის საკუთარი ხალხის – განსაკუთრებით კი ახალგაზრდების – დასაქმებას, გადამზადებას, განათლებას, ტექნიკური სპეციალიზების მხარდაჭერასა და ქვეყანაში დარჩენის მოტივაციას.
ადამიანური კაპიტალის საკითხების გარშემო თუკი სახელმწიფო და საზოგადოება ვერ ჩამოაყალიბებს თანმიმდევრულ, ინფორმირებულ სტრატეგიულ ხედვას და კრიტიკულ დღის წესრიგზე დაფუძნებულ კალკულირებულ სამოქმედო გეგმას, ტვინების გადინება მხოლოდ გეომეტრიული პროგრესიით გაგრძელდება და საქართველო აღმოჩნდება იმ მძიმე ვითარებაში, როცა არ ეყოლება არც ცვლილების მომტანი ინოვატორები და არც პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი დარგის სპეციალისტები. ისე როგორც არასდროს, დროა სერიოზული, ეკონომიკაზე ორიენტირებული კონსტრუქციული დიალოგისთვის იმის შესახებ, როგორ გადაიქცეს საქართველო ისეთ ადგილად, სადაც ღირს დარჩენა, ცხოვრება, მუშაობა და განვითარება – არა პრინციპულად პატრიოტული სულისკვეთების, არამედ მიმზიდველი ეკონომიკური პერსპექტივებიდან და პროფესიული პრაგამატული ინტერესებიდან გამომდინარე.