"თვითი" - ავეჯი, რომელიც მშობელს ეხმარება, ბავშვს კი ასწავლის

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თავის ნებაზე მიუშვი" - ბავშვების მისამართით ეს ფრაზა, ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგონია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ იდეას ეფუძნება ქართული კომპანია "თვითიც", რომლის განმავითარებელი ავეჯით ბავშვებს მოქმედების თავისუფლება ეძლევათ და ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ნაცვლდება ე.წ. გაჯეტების მოთხოვნილება.

"ჩემი პროფესიის – ქცევის თერაპევტისა და სპეციალური მასწავლებლის – დამსახურებით ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. პროცესში ხშირად ვხვდებოდი გამოწვევას: არ მქონდა მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და სწორად განკუთვნილი მასალები, რომლებიც ბავშვების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობდნენ ხელს", - სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, ნინო ჩიტაძემ შექმნა კომპანია "თვითი", რომელიც ბავშვების განვითარებისთვის საჭირო ხარისხიან, უსაფრთხო და ფუნქციური მასალების დეფიციტს ჭრის. "თვითი" ქმნის მონტესორისა და სხვა განვითარებაზე ორიენტირებულ ავეჯსა და სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობას, მოტორიკასა და კრეატიულობას.

"მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ფართო მასშტაბით გამომეყენებინა და უფრო მეტ ბავშვს დავხმარებოდი, ვიდრე ეს ინდივიდუალური კონსულტაციებით იყო შესაძლებელი. გადამწყვეტი მომენტი იყო ის დრო, როცა ჩემი პირველი შვილი გაჩნდა და სამსახურს დროებით ჩამოვშორდი. სწორედ მაშინ ვიგრძენი ძალა და თავდაჯერებულობა, შემექმნა რაღაც საკუთარი, რაც არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ სხვა ოჯახებსაც გამოადგებოდა.

ეს არ ყოფილა უბრალოდ ბიზნესის დაწყება – ეს იყო ჩემი პროფესიული და პიროვნული მისიის გაგრძელება. ამიტომაც ავირჩიე ანტრეპრენერობა და არა კორპორაციული კარიერა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი გარემო და პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს განვითარებაში, მათ ოჯახებს კი – დროის უფრო ხარისხიანად და აზრიანად გატარებაში", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნინო ჩიტაძე.

როდესაც ნინო ჩიტაძე თავადაც მშობელი გახდა, წლების განმავლობაში ნაგროვები პროფესიული გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსცადა - დაიწყო დაკვირვება და ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ის საგნები, რომელიც არ ზღუდავს ბავშვის მოძრაობის თავისუფლებას, თვითაღმოჩენის სურვილს და ზრდის ბუნებრივ პროცესს. ზოგ შემთხვევაში აძლიერებს კიდეც. ასე გაჩნდა სახელი "თვითი", რომელიც ზუსტად იმ იდეას გამოხატავს, რასაც კომპანიის საქმიანობა ემსახურება: თვითონ, თავად ანუ დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით ბუნებრივად განვითარებული ბავშვი.

ნინო ჩიტაძის განმარტებით, დამოუკიდებელი საქმიანობის გზის არჩევა ნამდვილად საჭიროებდა გაბედულებას და არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ ეტაპობრივად. მას შემდეგ, რაც თამამად გადადგა ნაბიჯი და საკუთარ სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, დაინახა, რამდენად არასტაბილური და დაუნდობელი შეიძლება იყოს ბაზარი მიკრომეწარმეებისთვის.

"...და მერე იყო ხანძარი, - იხსენებს ნინო, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელმაც 4 წლის შრომა, ცოდნა, რესურსები, გამოცდილება და სიყვარული ერთ ღამეში ფერფლად აქცია. ამ ყველაფერმა ნათლად დამანახვა, რომ გაბედულება ნიშნავს წინსვლის ძალის პოვნას მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი თითქოს აღარ გაქვს. ეს არ არის მხოლოდ სიმამაცე, ეს არის რწმენა, რომ შენი საქმე ღირებულია.

ეს არ იყო მხოლოდ მატერიალური ზიანი, ეს იყო წლების შრომის, ხედვის, იმედებისა და მომავლის გეგმების ერთიანად დანგრევა. იმ წუთებში მჭირდებოდა არა მხოლოდ ფინანსური რესურსები, არამედ იმედი, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისგან მივიღე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ძალა სწორედ ადამიანების მხარდაჭერასა და შინაგან რწმენაშია. გადავწყვიტე, არ დავნებებულიყავი. ნულიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ხელებით და მეგობრების დახმარებით სახელოსნო თავიდან ავამუშავეთ. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ხანდახან ყველაზე გადაუჭრელი სირთულეები ხდება გარდატეხის წერტილი, სადაც ვიღაც მართლა არ ნებდება. და იქ იწყება ახალი, უფრო კარგი ისტორია", - აცხადებს "თვითის" დამფუძნებელი.

გარდა ამ გამოწვევებისა, ნინო ჩიტაძეს ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი შეფარულად მოუწია გენდერულ სტერეოტიპებთან შეჯახებამ. "მახსოვს, რამდენჯერმე ეს შეკითხვებიც კი დაუსვამთ: "შენ თვითონ ამზადებ?", "ამ ინსტრუმენტებს იყენებ?" თითქოს ეს ბუნდოვანი და დაუჯერებელია ქალისთვის. ასევე, დედობაც ხშირად აღიქმება, როგორც დაბრკოლება პროფესიული განვითარებისთვის. თითქოს არჩევანი უნდა გააკეთო: ან ოჯახი, ან საქმე. მაგრამ ჩემთვის ეს არჩევანი არასოდეს ყოფილა. პირიქით, დედობამ გამაძლიერა და "თვითის" ხედვა და კონცეფცია კიდევ უფრო გამიმყარა.

ქალებსა და გოგონებს კი, ვინც საქმეს იწყებენ ან ოცნებობენ, შეიძლება ეგონოთ, რომ ჯერ არ არიან მზად, რომ ჯერ აკლიათ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, რესურსი... მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არცერთი ბიზნესი ზუსტი გათვლებით არ იწყება... და როცა სხვებს ხედავ, ვინც ამას ახერხებს, გახსოვდეს: ისინი არ იყვნენ სხვანაირად განსაკუთრებულები. მათ, უბრალოდ, დაუჯერეს საკუთარ თავს", - აღნიშნავს რესპონდენტი.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გზას, "თვითის" გუნდს მასშტაბური და მრავალფეროვანი გეგმები აქვს, თუმცა თითოეულ მიზანს ღირებულებები აერთიანებს. "თვითის" განვითარების ხედვა მუდმივად ეფუძნება ორ მთავარ ღირებულებას: შეიქმნას ნივთები ბავშვების განვითარებისთვის და ამ პროცესში კომპანია დარჩეს გულწრფელ, ადამიანურ და ხარისხიან გზაზე.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს ახალი და მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნას. გარდა ამისა, წვრილფეხა ცხოველებისთვის სახლების ხაზის განვითარებას, რაც "თვითის" საქმიანობას კიდევ უფრო ეკოლოგიურს გახდის, ვინაიდან კომპანია ამისთვის ნარჩენ მასალას იყენებს. ამასთან, "თვითის" გუნდი გეგმავს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, რათა მათი პროდუქტი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და გაზარდონ ექსპორტის შესაძლებლობებიც. ამ მასშტაბური გეგმების შესასრულებლად კი ენერგიასა და მოტივაციას ნინო ჩიტაძეს სწორედ ბავშვები აძლევენ.

"ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია არიან ბავშვები: მათი თავისუფლება, სუფთა ბუნება და უსაზღვრო ფანტაზია. როცა ვუყურებ, როგორ ითვისებენ სამყაროს, როგორ რეაგირებენ ჩვენ მიერ შექმნილ ნივთებზე - როგორ ამჩნევენ ყველაზე პატარა დეტალებს, ვხვდები, რომ ყველაფერს აზრი აქვს. ასევე, დიდი მოტივაციაა ის მშობლები, რომლებიც ისეთივე ზრუნვითა და სიყვარულით ქმნიან სივრცეს შვილებისთვის, როგორც მე ვცდილობ ეს მოვახერხო ჩემი პროდუქტებით. როცა მათგან მესმის სიტყვები, როგორ დაეხმარა ჩვენი ნივთი შვილს განვითარებაში ან დამოუკიდებლობაში - ეს ჩემთვის ყველაფერია. და, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი - რომელმაც თვითონ გამოსცადა ყველა ის ნივთი, რაც სახელოსნოდან გამოვიდა", - განმარტავს რესპონდენტი.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.