უხილავი ადამიანური სიმდიდრე ადამიანის ინდივიდუალური განვითარება და პერსონალური ზრდა მხოლოდ ფორმალურ განათლებასა და ტექნიკურ კომპეტენციებზე როდია დამოკიდებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მსოფლიოში წარმატება ხშირად განისაზღვრება სიმბოლური ატრიბუტებით – დიპლომი, პროფესიული ტიტული, თანამდებობა, სოციალური სტატუსი ან სამუშაო ანაზღაურება. თუმცა, ხშირად ყველაზე გავლენიანი ფაქტორები, რომლებიც ადამიანების მომავალს აყალიბებენ, რეზიუმეში ან სოციალური მედიის პროფილზე პრაქტიკულად არც კი აისახება.

ადამიანის ინდივიდუალური განვითარება და პერსონალური ზრდა მხოლოდ ფორმალურ განათლებასა და ტექნიკურ კომპეტენციებზე როდია დამოკიდებული. ის ეფუძნება იმ ფართო სპექტრის რესურსებსა და შეძენილ "აქტივებს", რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ვაგროვებთ - ჩვენს ცოდნას, გამოცდილებებს, სპეციალიზაციას, ურთიერთობებს, პიროვნულ თვისებებს, რეპუტაციასა და საჯარო იმიჯს, რასაც საზოგადოება გვანიჭებს.

უხვი პოტენციური რესურსების ცხადად იდენტიფიცირება, დახვეწა, გამრავალფეროვნება, გაძლიერება და განვითარება აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, დაბალანსებული და ნაყოფიერი პირადი ცხოვრებისათვის.

I. ადამიანური კაპიტალი - კოლექტიური ცოდნა, უნარები და გამოცდილება

ადამიანური კაპიტალი ყველაზე გავრცელებული და ცნობადი ტიპის შინაგანი რესურსია. ეს უკანასკნელი შედგება აკუმულირებული ცოდნის, გამოცდილებების და უნარებისგან, რომელშიც ადამიანები დროისა და ძალისხმევის ინვესტირებას ახდენენ და განგრძობითად აგროვებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოახდინონ თავიანთი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება, როგორც საზოგადოების პროდუქტიულმა წევრებმა.

ადამიანური კაპიტალი უმეტესწილად "ხილული" აქტივია, რომელსაც საჯარო, საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეებში ხშირად უსვამენ ხაზს. თუმცა, ადამიანური კაპიტალი მხოლოდ ტიტულატურას არ გულისხმობს - ის მოცულობითი ღირებულებით იზრდება კომფორტის ზონის მიღმა, როცა შევიმეცნებთ, ვსვამთ შეკითხვებს, ვთანხმდებით ახალ გამოწვევებს და მივისწრაფვით ამბიციური და რთულად მისაღწევი მიზნების შესრულებისკენ. ფართო დიაპაზონის ადამიანური კაპიტალის მატარებელი ინდივიდები სწავლასა და განვითარებას არ წყვეტენ მაშინაც კი, როცა სხვები ჩერდებიან.

II. სოციალური კაპიტალი - ურთიერთობების და კავშირების ძალა

სოციალური კაპიტალი მოიცავს იმ არსებით ღირებულებას, რაც ჩვენს ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესშია ჩადებული. ეს არის ნდობა, აღიარება, დაფასება, თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რომელსაც მეგობრებისგან, ნაცნობებისგან ან პროფესიული წრიდან ვიღებთ და გვაძლევს საშუალებას, ცხოვრებისეული თუ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები პრაგმატიზმით და პროაქტიულობით წარვმართოთ. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რეალურად რამდენად დიდ როლს თამაშობს ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში - ის, ვინც რეკომენდაციას გაგვიწევს, გვერდით დაგვიდგება ან კარს გაგვიღებს.

სოციალური კაპიტალი მხოლოდ კონტაქტების რაოდენობა და ურთიერთობების ქსელის სიდიდე არ არის - არამედ მათი ხარისხი. სოციალური კაპიტალის კონტექსტში ტრუიზმი, რომ "შენ ირგვლივ მყოფები განსაზღვრავენ შენს გზას", სინამდვილეს ჭეშმარიტად ასახავს.

III. კულტურული კაპიტალი - გარემოს გაცნობიერებული აღქმის კომპეტენცია

კულტურული კაპიტალი მოიცავს თვითკორექტირების იმ უნარების წყებას, რაც ადამიანების მიერ მრავალფეროვანი სოციალურ ნორმების გააზრებას, კულტურულ სპეციფიკაზე მორგებას და მათ სიტუაციური პოზიციონირების კალიბრაციას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ენების ცოდნას, კულტურათაშორის მოქნილობას, ან თუნდაც სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში თავდაჯერებულად ქცევას.

კულტურული კაპიტალი გვეხმარება ადეკვატურ თვითპრეზენტაციაში უცხო და ცვალებად მოცემულობებში - იქნება ეს საერთაშორისო გარემო, თაობათაშორისი დიალოგი თუ პროფესიული ეკოსისტემა. სხვა სიკეთეებთან ერთად, იგი ადამიანში შინაგანად აყალიბებს ღრმა ემპათიის შეგრძნებას, სოციალურ ინტელექტის კულტურას და პასუხისმგებლობაზე დამყარებულ თვითშეგნებას.

IV. ემოციური კაპიტალი - შინაგანი სამყაროს კოლექცია

ყველას თანამდევია შიში, შერეული შეგრძნებები, სურვილები და მოლოდინები, მაგრამ სწორედ ის, თუ როგორი პრინციპულობით და რა მოქმედების წესით ვარეგულირებთ და ვაკონტროლებთ ამ ემოციებს, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტილსა და ხარისხს.

ემოციური კაპიტალი არის ჩვენი შინაგანი უნარი და გაცნობიერებული დისპოზიცია, შევინარჩუნოთ ხასიათის სიმტკიცე, ოპტიმიზმი, მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და განვაგრძოთ მიზანზე ორიენტირებულობა სტრესის წნეხის პირობებშიც. მძლავრი ემოციური კაპიტალი გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ ჩვენში ოპტიმალური ბალანსი, ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი ურთიერთობები და ვიყოთ ლიდერები რთულ დროს. სამყაროში, რომელიც ხშირად ქაოსურია, დინამიკაში საკუთარი თავის მართვა სუპერძალას უდრის.

V. სიმბოლური კაპიტალი - იმიჯის და პერსონალურობის ეფექტი

სიმბოლური კაპიტალი ხშირად ადამიანური კაპიტალის უგულველყოფილ ფორმად რჩება, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, როგორ გვხედავს და აგღვიქვამს გარე სამყარო. ფრანგმა სოციოლოგმა, პიერ ბურდიემ, სიმბოლური კაპიტალი აღწერა, როგორც პატივისცემა, რეპუტაცია და სოციალური ავტორიტეტი.

ეს არ ნიშნავს მხოლოდ პოპულარობას ან აღიარებას. სიმბოლური კაპიტალი წარმოადგენს იმ ნდობას და პატივისცემას, რომელიც მოცემულ სოციალურ წრეში დაიმსახურე შენი მოქმედებით, იმიჯით, ღირებულებებითა და საზოგადოებრივი წვლილით. საზოგადოების მხრიდან აღქმებმა შესაძლებელია დიდწილად განსაზღვროს, რამდენად სერიოზულად მიგიღებენ, მოგისმენენ ან შემოგთავაზებენ შესაძლებლობებს. ზოგჯერ სწორედ სიმბოლური კაპიტალი ხსნის იმ კარს, რომელიც სხვაგვარად დახურული იქნებოდა. კარგი სახელი ხშირად ადამიანის წინსმწრები მეგზური და თანდასწრების პირველადი ეფექტის მომტანია.

რატომ არის სიმბოლური კაპიტალი მნიშვნელოვანი?

ამ რესურსების გაცნობიერება ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას და მიდგომას თვითგანვითარებისადმი. ცხოვრება არ არის მხოლოდ ცოდნის დაგროვება ან კარიერულ კიბეზე სიმაღლეების დაპყრობა. შესაბამისად, იგი მოითხოვს მრავალმხრივ ზრდას:

  • ადამიანის ინტელექტუალური განვითარების გზით (ადამიანური კაპიტალი)
  • ურთიერთობების გაღრმავებით (სოციალური კაპიტალი)
  • საზოგადოების ღირებულებების გაგებით (კულტურული კაპიტალი)
  • შინაგანი ძალების გაძლიერებით (ემოციური კაპიტალი)
  • ნდობისა და პატივისცემის დამსახურებით (სიმბოლური კაპიტალი)

ზემოთ ხსენებული რესურსები ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელია. ერთის აქტიური განვითარება მეორეზეც ახდენს პირდაპირ თუ ირიბ გავლენას.

ადამიანური კაპიტალი გამორჩეულია იმით, რომ ის განახლებადი რესურსია. როგორც ყველაზე ძვირფასი და ღირებული აქტივი, იზრდება ძალისხმებით, შრომითა და მიზანმიმართულობით.

ამიტომ შემდეგში, როცა დაფიქრდები საკუთარი მომავლის განვითარების ტრაექტორიაზე, პირველ რიგში, იკითხე არა მხოლოდ "რა მაქვს, რა გამაჩნია ან რა მსურს?" არამედ - "ვინ ვხდები?"

განვითარების პროცესში ეს კითხვა ხშირად უფრო შორს მიმავალია, ვიდრე ნებისმიერი მიღწევა.

ინსპირაცია

როდის უნდა გარისკო ყველაფერი

Blavity-ის დამფუძნებელ მორგან დებაუნის რჩევები დამწყებ ანტრეპრენერებს

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"