უორენ ბაფეტი AI-ის მიმზიდველ აქციებს არასდროს მისდევდა – აი, როგორ შოულობს იგი უზარმაზარ ქონებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უორენ ბაფეტმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო – ამჯერად თითქოს შემთხვევითობის დამსახურებით, თუმცა ვინ იცის, სად გადის მისი გენიალურობის საზღვარი.

"ომაჰას ორაკულმა", რომელიც უკვე 96 წლისაა, გასულ კვირას Berkshire Hathaway-ს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მისი წარმატების საიდუმლო ისეთ ჩვეულებრივ სექტორებში ინვესტირება იყო, როგორებიცაა დაზღვევა, რკინიგზა და ენერგეტიკა. ამ სფეროებს აკლია OpenAI-ისა თუ Anthropic-ის მსგავსი გიგანტების ბრწყინვალება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას მნიშვნელობა არც ჰქონია. ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი ოქროს საბადო იქ აღმოჩნდა, სადაც არავინ ელოდა – ენერგოკომპანიებში.

2000 წელს Berkshire-მა MidAmerican Energy შეიძინა: ენერგოკომპანია, რომელიც აიოვასა და შუა დასავლეთს ემსახურებოდა. მაშინ ხელოვნურ ინტელექტზე არავინ ფიქრობდა. დღეს კი აიოვა მონაცემთა ცენტრების მთავარ ჰაბად იქცა, AI-ის კოლოსალურმა ენერგომოთხოვნამ კი ეს ძველი გარიგება კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მახვილგონივრულ AI-სვლად აქცია.

"ზოგჯერ ბიზნესში ყველაზე სტაბილური მოგება სწორედ იმას მოაქვს, რაც ერთი შეხედვით მოსაწყენია", – აღნიშნა CNN-თან Mahoney Asset Management-ის ხელმძღვანელმა, კენ მაჰონიმ.

ამას კიდევ უფრო საინტერესო დეტალი ემატება: 2016 წელს ტურბინების მწარმოებელი Precision Castparts-ის ყიდვა იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ ბაფეტმა თავად აღიარა, ზედმეტი გადავიხადეო, რასაც 11 მილიარდი დოლარის ჩამოწერა მოჰყვა. დღეს კი ეს ტურბინები მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე დეფიციტური რესურსია.

წინასწარ არაფერი ყოფილა გათვლილი.

"ამ სტრატეგიაში AI-ის გამოყენებაზე საუბარიც კი არ ყოფილა, ეს, უბრალოდ, იღბალი იყო", – ამბობს ქეთი საიფერტი CFRA Research-იდან.