Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით შექმნილი სადღესასწაულო განწყობა პროგრამის ბენეფიციართაგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, საახალწლო სათამაშოები, ტკბილეული, სხვადასხვა სახის საინტერესო, საავტორო ნაკეთობა და გასართობი აქტივობები ვიზიტორთათვის, რომლითაც დატვირთული იყო 4 დეკემბერს გამართული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა USAID-ის პროგრამების ორგანიზებით, ნამდვილ დღესასწაულად იქცა დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.

დედაენის პარკში ჩატარებულმა გამოფენა-გაყიდვამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად დეკემბრის დასაწყისში იმართება, 100-ზე მეტ დამწყებ თუ უკვე შემდგარ მეწარმეს მოუყარა თავი მთელი საქართველოდან და მისულ სტუმრებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა.

USAID YES-Georgia-სა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები. გამოფენაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ მეწარმეები და მათი პროდუქცია და შეეძინათ სასურველი საახალწლო ნობათი თუ საჩუქარი საყვარელი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, სტუმრების, განსაკუთრებით კი ბავშვების გასართობად, მოწვეულნი იყვნენ ანიმატორები და ჩატარდა მასტერკლასები, როგორც ჩურჩხელის ამოვლების, ისე საახალწლო ჯინჯერის ორცხობილების მოხატვის მიმართულებებით.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას აგრეთვე იღებდნენ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ოსტატები და არტიზანები, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ბენეფიციარები და საქველმოქმედო ორგანიზაციის reWoven ხალიჩების ქსოვის ოსტატები.

გამოფენის, ისევე, როგორც USAID YES-Georgia-ს თუ სხვა პროგრამების მთავარ მიზნად კვლავ მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და მათი ბიზნესისა და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა რჩება. ამასთანავე, მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას USAID/საქართველოს მისიისა და მისი საქმიანობის შესახებ საქართველოში.

Entrepreneur, როგორც ყოველთვის, თვალს ადევნებს პროგრამის ბენეფიციართა საქმიანობას და არც საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ყოფილა გამონაკლისი. ამჯერად, გვსურს გაგაცნოთ გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების საქმიანობა, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიებისთვის სტუმრებს საინტერესო სიურპრიზები მოუმზადეს.

ანი ზარნაძე − სტუდია "არტ-ლაბი"

ანი ზარნაძისთვის ხელნაკეთი აქსესუარებისა და სხვადასხვა სახის ნივთების წარმოება დიდი ხნის განმავლობაში ჰობის წარმოადგენდა და საქმიანობის ბიზნესად გარდაქმნაზე არასოდეს ფიქრობდა. თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოაჩინა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ტექნოლოგია, შეისწავლა ეს საქმე, დაეუფლა პროდუქტის გამოწვისა და დამუშავების ტექნიკას და გადაწყვიტა საკუთარი ნაწარმის რეალიზებაზე ეზრუნა.

ამჟამად, ანი ძირითადად საყურეებს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდასაც ფიქრობს.

"არასდროს ვქმნი ისეთ აქსესუარს, რომელსაც თავად არ გავიკეთებდი. მიხარია, რომ ჩემი ჩანაფიქრი, შემექმნა განსხვავებული დიზაინის აქსესუარები, რეალობად ვაქციე და თავადაც ყოველთვის ჩემ მიერ შექმნილ საყურეებს ვატარებ, ხოლო გარშემომყოფებისგან სასიამოვნო ქათინაურებს ვიღებ. "არტ-ლაბის" აქსესუარების შეხამება, შესაძლებელია როგორც კლასიკური სამოსისთვის, ისე ყოველდღიური Look-ისთვის. საყურეებთან ერთად, ვაწარმოებ სამკაულის სათავსო თეფშებს, თმის აქსესუარებსა და ნაძვის ხის სათამაშოებს. ვფიქრობ, წლის ბოლომდე აქსესუარების ასორტიმენტს გავზრდი და ერთგულ მომხმარებლებს მნიშვნელოვან სიახლეებს შევთავაზებ", − აცხადებს ანი ზარნაძე.

ანის თქმით, წელს პირველად გადაწყვიტა საახალწლო თემატიკის პროდუქციაზე მუშაობა და ცდილობს მომხმარებლებს განსხვავებული დიზაინის აქსესუარები და დეკორატიული ნივთები შესთავაზოს, რომლებიც აუცილებლად შეუქმნიან მყიდველს საახალწლო, სადღესასწაულო განწყობას.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე ანის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცა, დააგროვა მნიშვნელოვანი უკუკავშირი, გაიცნო ახალი ადამიანები და შეხვდა უკვე არსებულ მომხმარებლებსაც, რომელთაც "არტ-ლაბის" განახლებული პროდუქცია შეიძინეს.

"პროგრამა USAID YES-Georgia-ს მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია. მათი დახმარებით, მეწარმეები ერთმანეთს ინფორმაციას ვუზიარებთ, ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებას და ერთმანეთს ვამხნევებთ, რაც ერთიან ძალად გვაყალიბებს", − ამბობს ანი.

ამჟამად, "არტ-ლაბი" ამთავრებს მუშაობას ვებგვერდზე, რომლითაც მომხმარებელი ბრენდის პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას შეძლებს. ხოლო სამომავლოდ, ანი აპირებს სავაჭრო ცენტრებში სტენდების განთავსებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

თამთა ჭოჭუა − "მაქმანი"

თამთა ჭოჭუას ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "მაქმანი", ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციითაა წარმოდგენილი და აერთიანებს როგორც ლეპტოპებისა და პლანშეტების ხელნაკეთ ჩანთებს, ისე სახლის დეკორს, საბავშვო სათამაშოებს, საახალწლო სათამაშოებს და ქალის აქსესუარებს. 2022 წლიდან ბრენდმა ახალი ხაზი − "მაქმანი ვუდი" დაამატა, რომელიც ხის მასალისგან დამზადებულ, ტრადიციული ორნამენტებით გამშვენებულ თანამედროვე ქართულ სუვენირებს სთავაზობს მომხმარებელს.

"მაქმანი" საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე სახლისა და ოფისების ეკომეგობრული დეკორაციებით და სათამაშოებით იყო წარმოდგენილი, რომელთა გამოყენება როგორც ნაძვის ხის მოსართავად, ისე კედლის დეკორად თუ ავტომობილის სარკის აქსესუარად არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ბრენდმა Secret Santa-ს მოთამაშეებს განსხვავებული და საინტერესო სასაჩუქრე ნივთებიც მოუმზადა.

"ეს არ არის ჩვენი პირველი გამოფენა-გაყიდვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო ყველაფერი. წარმოდგენილი გვქონდა საახალწლო თემატიკის პროდუქცია, რამაც სტუმრები ძალიან მოხიბლა. დამთვალიერებლების მოწონება, ვაჭრობაზე რა თქმა უნდა, დადებითად აისახა", − აცხადებს თამთა, − "პროგრამა, მსგავსი გამოფენებისა და ღონისძიებების გარდა, არაერთ საინტერესო ტრენინგს გვთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ჩვენი პროდუქციის ცნობადობის გაზრდის კუთხით. თითოეული მეწარმისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობაა ასეთი ტიპის მხარდაჭერა მათი მხრიდან".

როგორც "მაქმანის" დამფუძნებელი აცხადებს, მისი მიზანია წარმოების გაზრდა და რაც შეიძლება მეტი ოსტატის მოძიება, ვინაიდან ბრენდის თითოეული პროდუქტი ხელნაკეთია და განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. 2023 წლისათვის კი, ბრენდი უკვე საკუთარი ოფიციალური ვებგვერდით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პროდუქციის ასორტიმენტს რამდენიმე ახალი მიმართულება შეემატება.

ნანა იარალიშვილი − NanArt

პროგრამის ბენეფიციარი ზემო რაჭიდან, ნანიკო იარალიშვილი გახლავთ ონში გახსნილი სახელოსნო NanArt-ის დამფუძნებელი, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებზე, ტიხრულ მინანქარზე, ჯვრული ნაქარგობის სამკაულებზე, თემატურ თექის სათამაშოებსა და რაჭული ყვავილებისაგან შექმნილ სამკაულებზე მუშაობს. გარდა ამისა, ნანიკოს ოჯახი ონში ჩასულ სტუმრებს კაფეში "ნიტა" ნამცხვრებითა და სხვადასხვა ადგილობრივი ნუგბარით უმასპინძლდება და ხელნაკეთი აქსესუარების ადგილზევე შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს.

რაც შეეხება საახალწლო თემატურ ნაკეთობებს, ნანიკო წელს ყანწითა და დროშით წარმოდგენილ, ხელნაკეთი ბაჭიების სუვენირებს ამზადებს, რომლებიც აუცილებლად გაუხალისებენ მომხმარებლებს შობა-ახალ წელს და შესაფერის განწყობასაც შეუქმნიან.

"USAID-ის დახმარებით დედაენის ბაღში მოეწყო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც არაჩვეულებრივი შანსი იყო ყველა ქალი მეწარმისთვის, უკეთ გაგვეცნო ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის და შეგვეძინა ახალი გულშემატკივრები. მიუხედავად ცუდი ამინდისა, იმდენად ამაღლებული განწყობა გვქონდა თითოეულ მონაწილეს, რომ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. NanArt-მა აღნიშნულ ღონისძიებაზე 18 აქსესუარის გაყიდვა მოახერხა, რაც ნამდვილად არ არის ცოტა და ამავდროულად, 18 ბედნიერ ადამიანს ნიშნავს", − აღნიშნავს ნანა იარალიშვილი, − "USAID YES-GEORGIA-ს ხელშეწყობა უდიდესი სტიმულია პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა ქალი მეწარმისთვის, რადგან დაგეგმილი ტრენინგები, ვორქშოფები, გამოფენა-გაყიდვები, მუდმივი, უწყვეტი ციკლია, რომელიც გვახსენებს, რომ არ უნდა გავჩერდეთ და წარმატება ჯერ კიდევ წინ გველის".

NanArt-ის დამფუძნებლის თქმით, იგი არ აპირებს გაჩერებას და ცდილობს მუდმივად ჩაერთოს სხვადასხვა პროექტსა და აქტივობებში, იზრუნოს საკუთარი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, იყოს კონკურენტუნარიანი და გაზარდოს გაყიდვები რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის ბედნიერების მისანიჭებლად.

ნანუკა ქობულაძე − "გლოუ"

ბრენდ "გლოუს" დამფუძნებელი ნანუკა ქობულაძე სხვადასხვა სახის ნამცხვრისა და ტკბილეულის ფორმის სურნელოვან სანთლებს აწარმოებს, რომლებიც უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებელთა შორის.

ნანუკამ სურნელოვანი სანთლების წარმოება 2020 წელს, პანდემიის გამო შინ ჩაკეტვის პერიოდში დაიწყო. სწორედ ამ ვითარებაში, მას საყვარელი საქმიანობისთვის მეტი დრო მიეცა, რამაც უბიძგა იდეა რეალობად ექცია. ნანუკას თქმით, იგი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მთავარ მიზნად ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისათვის საკუთარი ბრენდის შეყვარებას ისახავს.

"გლოუ" აქტიურად ემზადება ახალი წლისათვის და ოთხზე მეტ ახალ სადღესასწაულო ნაწარმს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იყიდება. ასევე, ბრენდი მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მოერგოს მომხმარებელთა ინტერესებს და საინტერესო პროდუქტი შესთავაზოს.

"გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემი სტარტაპის წარმატებისთვის. საქართველოში არსებული პროდუქციის გასაცნობად და რაც მთავარია, გამოფენებში მონაწილეობისას, გაცილებით მარტივია მომხმარებლის ინტერესების გაგება. გამოფენების დროს, მომხმარებელი, რომელიც ჩვენს დახლთან მოდის, ყოველთვის ყიდულობს ჩვენს პროდუქციას, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს", − გვიამბობს ნანა, − "პროგრამა USAID Yes-Georgia-მ საშუალება მომცა ის იდეა განმეხორციელებინა, რომელსაც სიგიჟედ აღიქვამდნენ, ვიდრე რეალობად არ ვაქციე. დღეს კი, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმეს − ბოლომდე იმუშავეთ საკუთარ თავზე და ნებისმიერი იდეა განხორციელებადია".

ნანუკა სამომავლოდ "გლოუს" წარმოების გაზრდასა და ექსპორტზე გასვლას აპირებს, რათა უცხოელი აუდიტორიაც ისევე დააინტერესოს საკუთარი ნაწარმით, როგორც ქართველი მომხმარებლები.

ნინო ჯაფარიძე − "შემომექსოვა"

პროგრამის ბენეფიციარი ნინო ჯაფარიძე, გახლავთ ბრენდის "შემომექსოვა" დამფუძნებელი, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და პანდემიური სირთულეების მიუხედავად, საკმაო პოპულარობაც მოიპოვა.

სხვადასხვა ასაკსა და ინტერესებზე გათვლილი პროდუქციით, ბრენდმა მრავალი მომხმარებლის გული მოიგო და ბაზარს სრულიად განსხვავებული ნაქსოვი ნაწარმი შესთავაზა. "შემომექსოვა"-ს პროდუქცია შესრულებულია ხელით, ჟაკარდისა და Fair Isle-ის მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და ფასის ხელმისაწვდომობას ქართველი მომხმარებლებისათვის. ბრენდის განვითარებაში ჩართულია ნინოს ოჯახის ხუთივე წევრი და ცხადია, ბრენდის ერთგული მომხმარებლები.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე "შემომექსოვა" პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანით იყო წარმოდგენილი და მრავალი სტუმრის ინტერესიც გამოიწვია.

"USAID YES-Georgia-სა და Crystal Consultings-ის ხელშეწყობით, შევისწავლე და გამოვიყენე ის უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებელთან სწორად ურთიერთობისათვის და ბრენდის სწორად განვითარებისთვის. წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობამ, საშუალება მომცა კიდევ უფრო ფართოდ წარმედგინა ჩემი ნაწარმი, გავცნობოდი სხვადასხვა ქართული ბრენდის დამფუძნებლებს, გაგვეცვალა ინფორმაცია, გამოცდილება და ჩვენ შორის შემდგარიყო გარკვეული სახის თანამშრომლობაც", − აცხადებს ნინო, − "დასაფასებელია USAID YES-Georgia-ს როლი და მხარდაჭერა ქალი მეწარმეების მიმართ. ეს არის უდიდესი წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქალებს შეგვიძლია ვაკეთოთ უამრავი რამ, მათ შორის ბიზნესიც. ეს ძალიან კარგად წარმოჩინდა თუნდაც 4 დეკემბრის საშობაო-საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე, სადაც თითქმის 130 ქალი, მათ შორის უკვე შემდგარი და ასევე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მეწარმე იღებდა მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ მეც და ჩვენი "შემომექსოვა"-ც მათ შორის ვიყავით".

ამ ეტაპამდე, მომხმარებელი ბრენდის ნამუშევრების მხოლოდ ნაწილს იცნობს, თუმცა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ნინო გაფართოებასა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, რათა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით წარდგეს აუდიტორიის წინაშე. ასევე, ზამთრის აქსესუარების გარდა, "შემომექსოვა" აპირებს საზაფხულო ნივთების წარმოებასაც, რაც ნინოს აზრით, ძალიან დააინტერესებს მომხმარებელს.

ლია სახიაშვილი − LiaArt

პროგრამა USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ლია სახიაშვილი, გახლავთ სამხატვრო პროფესიული განათლების მქონე მეწარმე, რომელმაც თექაზე, მოგვიანებით კი სამკაულების დამზადებაზე მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო. ლია ტრადიციული რეწვის ოსტატი გახლავთ და მიკრობიზნესის სტატუსით უკვე წლებია დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მონაწილეობს ფესტივალებზე და ცდილობს ყოველთვის თემატური, სახასიათო პროდუქციით იყოს წარმოდგენილი.

წინასაახალწლო პერიოდში ლიამ გადაწყვიტა გაეხარებინა თავისი მომხმარებლები და საგანგებოდ ამ დღესასწაულისათვის დეკორატიული თოვლის ბაბუები და კურდღლების სუვენირები დაემზადებინა. მისი თითოეული ნამუშევარი ექსკლუზიურია და შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

"გამოფენა-გაყიდვებმა შემძინა დიდი გამოცდილება. ვითვალისწინებ მომხმარებლის მოთხოვნას და ვცდილობ, ყველა ასაკის ადამიანს მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქცია შევთავაზო. გარდა ამისა, მსგავსი გამოფენა-გაყიდვები თითოეულ ჩვენგანს კონტაქტების დამყარებაში გვეხმარება, როგორც ორგანიზატორებთან, სხვა ბენეფიციარებთან და მეწარმეებთან, ისე უშუალოდ მომხმარებლებთან", − აცხადებს ლია სახიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც პროგრამის ბენეფიციარია და აქტიურადაა ჩართული ტრენინგებში, ლიამ უკვე უამრავი წარმატებული მეწარმისაგან მიიღო რჩევები და რეკომენდაციები.

სამომავლოდ, ლია სახიაშვილი გეგმავს საკუთარი სახელოსნოს გახსნას, სადაც ნებისმიერ მსურველს თექის სათამაშოების დამზადების ტექნიკას შეასწავლის.

------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პროგრამა USAID YES-Georgia (ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ერთად. პროგრამა ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროგრამის მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება, ცოდნა და საკონსულტაციო მომსახურება ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. 2015 წლიდან მოყოლებული, USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში და ზრუნავს როგორც განათლებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ბენეფიციართა საქმიანობის ცნობადობის ამაღლებაზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"