უცხო ენის სასწავლო ცენტრის SpeakUp-ის ხელმძღვანელი, მაგდა ორმოცაძე გვიამბობს, თუ როგორ დაარსდა სასწავლო ცენტრი SpeakUp და როგორ გაჩნდა იდეა საავტორო კურსის, EXPRESS YOURSELF-ის შექმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
SpeakUp – სფიქაფი წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო ცენტრს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სასწავლო ცენტრის მიზანია მარტივად, ხალისიანად და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით შეასწავლოს ინგლისური, ქართული და რუსული ენა მსმენელს. გააცნოს მათ ყოველდღიური სასაუბრო და ლიტერატურული ენის კულტურა. ასევე, აამაღლოს მოსწავლის საბაზისო ცოდნა აკადემიურ დონემდე.
სასწავლო ცენტრმა ახლახან განაახლა ვებგვერდი www.speakup.ge და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის Express Yourself-ის საკუთარი, საავტორო სახელმძღვანელოც გამოსცა. ამ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur-ი სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს, მაგდა ორმოცაძეს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა იდეა SpeakUp-ის შექმნის შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ სასწავლო ცენტრის დაარსება?
კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აქტიურად ჩავერთე საგანმანათლებლო პროექტებში, სადაც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომეცა. მალევე გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი და 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე: კერძო და საჯარო სკოლებში და ასევე, ერთ-ერთ მსხვილ უცხო ენის სასწავლო ცენტრში, ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე. ვასწავლიდი ჯგუფებს, ასევე, მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა სახის ინგლისურენოვან პროექტებს.
როდესაც მუშაობ კერძო და საჯარო დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, უნდა მიჰყვე მათ დღის წესრიგს და სასწავლო მეთოდებს. თუმცა სწავლების მოძველებული მეთოდები არაპროდუქტიული იყო და ამიტომ დავიწყე ფიქრი მეთოდოლოგიის შეცვლაზე. არაერთი საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, შევიმუშავე სწავლების ახლებური მეთოდი: მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული, რომელმაც შემდგომ პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები განიცადა და დღეისთვის წარმოადგენს სრულფასოვან მეთოდოლოგიას, რომლითაც ასეულობით მოსწავლე სწავლობს.
სასწავლო ცენტრის შექმნის იდეა ოჯახის წევრებს გავაცანი და ერთობლივი ძალებით გადავწყვიტეთ ცენტრის დაარსება, რაშიც ჩემს ძმას, სიმონ ორმოცაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ცენტრის დაარსების დღიდან ერთად ვუძღვებით ჩვენს საქმიანობას საკმაოდ წარმატებით. წლის განმავლობაში, სულ მცირე, 400 მოსწავლესთან ვთანამშრომლობთ.
ცენტრში ძალიან თბილი, მეგობრული გარემოა და გვაქვს ყველა სახის საჭირო ინვენტარი, რაც მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის პროდუქტიულად ჩატარებისთვის.
რით არის გამორჩეული SpeakUp სხვა სასწავლო ცენტრებისგან?
როგორც მოგახსენეთ, სასწავლო ცენტრი გამოირჩევა სწავლების უნიკალური მეთოდით და სასწავლო პროგრამებით. ჯგუფებს ინდივიდუალურად ვურჩევთ პროგრამებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა. 5 წლიდან ნებისმიერი ასაკის და დონის მსმენელს შეუძლია ჩვენთან სწავლა როგორც ცენტრში მოსვლით, ასევე ონლაინრეჟიმში.
გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ბაზარზე მისაღები ფასები, შედეგზე ორიენტირებული და მხიარული საგაკვეთილო პროცესები. გამოვირჩევით სტუდენტების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით. ჩვენ ვზომავთ შედეგებს და თითოეულ მსმენელს მოტივაციას ვაძლევთ, მიღწეული შედეგი ყოველდღიურად გააუმჯობესოს.
საგაკვეთილო პროცესები სრულიად უცხო ენაზე მიმდინარეობს, მოსწავლეებს არ ვაძლევთ მშობლიურ ენაზე ფიქრის საშუალებას. ვთავაზობთ ადგილზე სწავლებას, სახლში დავალების გარეშე, რაც დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის. ვუყურებთ ფილმებს და ვკითხულობთ ადაპტირებულ კლასგარეშე ლიტერატურას, რაც ეხმარებათ მოსწავლეებს, გაეცნონ თანამედროვე მწერლებს და გაიღრმაონ ზოგადი ცოდნა.
გარდა სასაუბრო და ზოგადი ინგლისურისა, მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ კურსებს, როგორებიცაა: გრამატიკის ინტენსიური კურსი, ქართული ენის, ბიზნესინგლისურის და ბიზნესრუსულის კურსები. ასევე, ჩვენს სასწავლო ცენტრში დიდი ადგილი უჭირავს საბავშვო ინგლისურისა და საბავშვო რუსული ენის კურსებს.
თქვენ ახსენეთ საავტორო კურსი Express Yourself. როგორ გაჩნდა პროგრამის სახელმძღვანელოდ გამოცემის იდეა?
ინგლისურ ენაში უამრავი სახელმძღვანელო არსებობს, რომელიც გვეხმარება, მოსწავლეებს ინგლისური ენის გრამატიკა საფუძვლიანად შევასწავლოთ, ლექსიკური მარაგის, სმენითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ, თუმცა ნაკლებად არის კონკრეტულად სასაუბრო პროგრამები, სადაც მხოლოდ საუბარს დავუთმობთ დროს და მოსწავლეები მაქსიმალურად შეძლებენ თავის გამოხატვას.
საგაკვეთილო პროცესზე ყოველთვის მიწევდა დამატებითი სასაუბრო თემების შეტანა, რათა მოსწავლეებს შესწავლილი მასალის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება ჰქონოდათ. ამიტომ გადავწყვიტე, დამატებითი მასალები, რომლითაც ვხელმძღვანელობდი, შემეგროვებინა, თემატური იდიომებითა და ვიდეომასალებით გამემდიდრებინა და ამ ყველაფრისგან სპეციალური სასწავლო კურსი შემექმნა.
შევქმენი დრაფტი, რომელიც კოლეგებსაც გავუზიარე და მათთვისაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, რასაც მოწმობს 100-ზე მეტი მოსწავლის პოზიტიური შეფასება. კურსი მოკლე დროში ძალიან მოთხოვნადი გახდა.
პროგრამის დრაფტს დაახლოებით ორი წელი აქტიურად ვიყენებდით და მას შემდეგ, რაც შენიშვნები, ფაქტობრივად, ამოვწურეთ, დავიწყეთ წიგნის დიზაინზე მუშაობა. აღნიშნული პროგრამის სახელმძღვანელოს გამოცემის ძირითადი მიზანია, ამ წიგნით ისარგებლოს როგორც მოსწავლემ, ასევე გავუმარტივოთ და მეტად პროდუქტიული გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი ინგლისური ენის პედაგოგებისთვისაც.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი Express Yourself?
კურსი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც აქვთ სიტყვების მარაგი და გარკვეული გრამატიკული ცოდნა, თუმცა არ იციან ამ რესურსების სასაუბროდ გამოყენება. კურსი დაეხმარება მათ, ვისაც სურს თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს და დაძლიონ საუბრის კომპლექსი.
კურსს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს, როგორც დასწრებით, ისე დისტანციურ რეჟიმში. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია და იძლევა ზოგად განათლებას ინგლისურ ენაზე, თუმცა, არ არის თვითმასწავლებელი.
რა ლექსიკური და გრამატიკული ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლემ კურსით ხელმძღვანელობა შეძლოს?
მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლე მინიმუმ B1 დონეს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან გაკვეთილები სრულიად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა აქვთ, ამ ცოდნის გამოყენებაში დავეხმაროთ და ამასთანავე, შევძინოთ ლოგიკური აზროვნებისა და უცხო ენაზე მსჯელობის უნარ-ჩვევები.
სახელმძღვანელოში შეტანილია საკითხავი სტატიების შესაბამისი ვიდეომასალა, რაც ეხმარება მოსწავლეებს, არა მხოლოდ წაკითხულის გააზრება შეძლონ, არამედ მოსმენილის გააზრებაც და თანამედროვე, ყოველდღიურად გამოყენებადი ლექსიკით საუბარი.
რამდენი გაკვეთილისგან შედგება კურსი და რა თემებს მოიცავს?
Express Yourself შედგენა 20 კონკრეტული თემისგან და ნაწილდება 36 გაკვეთილზე, რომელიც გრძელდება 3 თვის განმავლობაში. სახელმძღვანელოში შეტანილია ძალიან საინტერესო სტატიები, თემატური იდიომები და ვიდეომასალები. ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მუსიკა, ტექნოლოგიები, კულტურა, ჯანსაღი კვება, სპორტი და ა.შ.
წიგნის თითოეული თავი დაგეგმილია ერთნაირად და მოიცავს ანალიტიკურ კითხვას, ლექსიკის გამდიდრებას, თემატური ვიდეომასალის განხილვასა და იდიომებს. მაღალხარისხიანი ფოტოები სრულად შესაბამისია ტექსტებთან და აადვილებს აღქმის უნარს.
ვის ეკუთვნის წიგნის დიზაინი?
სახელმძღვანელოს დიზაინი სიმონ ორმოცაძეს ეკუთვნის, რომელიც SpeakUp-ის თანადამფუძნებელი და ციფრული პროექტების მენეჯერია. სიმონი ასევე არის ბიზნესკონსულტანტი და მოქმედი ტრენერი, გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო კომპანია როი ჯგუფს.
იგი მაქსიმალურად შეეცადა, ჩემი ჩანაფიქრი გაეცოცხლებინა, ფერადი, ილუსტრირებული, დახვეწილი და მიმზიდველი გაეხადა. ისეთი, რომ წიგნი არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ გარეგნულადაც საინტერესო ყოფილიყო.
სახელმძღვანელოს აქვს მყარი ყდა და სქელი ფურცლები, არ ირეკლავს შუქს და მეცადინეობის დროს არის ძალიან კომფორტული. სახელმძღვანელოს ბოლოს ნახავთ ლექსიკონს, სადაც ყველა უცხო სიტყვის და იდიომის ახსნა-განმარტებაა მოცემული. თემატური ვიდეოების ყურება კი QR კოდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
თქვენს პედაგოგებზე რას გვეტყოდით, როგორია თქვენი სასწავლო ცენტრის გუნდი?
ცენტრი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ხალისიანი და სერტიფიცირებული პედაგოგებით, რომლებსაც სწავლების დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი საუბრობენ უცხო ენაზე ისე, როგორც მშობლიურ ენაზე.
სად მდებარეობს თქვენი სასწავლო ცენტრი და როგორ უნდა გაიაროს მსურველმა რეგისტრაცია?
ჩვენი სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ადვილად მისადგომ რაიონში – დიღმის მასივი, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი მარადმწვანე ხეივნითა და ტყეპარკით.
რაც შეეხება კურსზე რეგისტრაციას, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.speakup.ge და მენიუდან აირჩიეთ კურსი Express Yourself (ან სხვა სასურველი კურსი) და გაიარეთ მარტივი პროცესი. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ მალევე დავუკავშირდებით მსურველს და ჩავნიშნავთ გასაუბრებას.