VERVE – ქართული ტრადიციული მეღვინეობის თანამედროვე არომატი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოს მეღვინეობის ბაზარი დინამიკურად ვითარდება, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. თუმცა ადგილობრივ წარმოებაში არ არსებობდა არომატიზებული ცქრიალა სასმელი. სწორედ ამ სიცარიელემ წარმოშვა VERVE-ს იდეა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე, ქართული პროდუქტი, რომელიც ერთდროულად გამორჩეულიც იქნება და ხარისხიანიც", – ელენე კუხალაშვილი, VERVE-ს დამფუძნებელი.

ელენე იხსენებს, რომ მას ყოველთვის სურდა რაღაც განსხვავებული, ქართული, მაღალი ხარისხის, ემოციურად მყარი პროდუქტის შექმნა, რომელიც განსაკუთრებით ქალების გულს მოიგებდა. VERVE მომხმარებელს ოთხ განსხვავებულ არომატს და სრულიად ახალ გემოვნურ გამოცდილებას სთავაზობს.

"შეიძლება ითქვას, რომ ბრენდმა, გარკვეულწილად, დაარღვია მეღვინეობის სფეროში არსებული სტერეოტიპები. ვაჩვენეთ, რომ ტრადიცია და სიახლე ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიახლეს ქმნი. VERVE-ს იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჩემს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ მის განხორციელებას სერიოზული გამოწვევები ახლდა.

საბოლოოდ, გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მივიღე, როცა თავს ყველაზე ძლიერად ვგრძნობდი – დედა გავხდი. ეს ჩემთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. თითქოს ნიშანი მივიღე, დრო იყო გარისკვისა. ზოგჯერ, როცა ფიქრობ, რომ შესაფერისი დრო არ არის, სწორედ მაშინ დგება ის მომენტი, როცა ნაბიჯი უნდა გადადგა".

ელენე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ყველაზე დიდი სირთულე იყო იდეის რეალობად ქცევა. ამას თან მრავალი ტექნიკური და ტექნოლოგიური გამოწვევა ახლდა, მაგრამ შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და მან ყველა დაბრკოლება გადალახა. ამ პროცესმა კი ფასდაუდებელი გამოცდილება მისცა და რთული პროცესების ეფექტიანად და თავდაჯერებულად მართვა ასწავლა.

"ჩემთვის ინსპირაციის მთავარი წყაროა ყოველდღიური სიახლეები, ადამიანები და მათთან ურთიერთობა. თუმცა ყველაზე დიდი მოტივაცია მაინც ჩემი საქმისადმი დამოკიდებულება და VERVE-ს მიმართ უსაზღვრო სიყვარულია. უზარმაზარ შთაგონებას მაძლევს მომხმარებლების პოზიტიური ემოციები, მათი აღფრთოვანება და გულწრფელი უკუკავშირი.

ჩვენი მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. უახლოეს ერთ წელში გვინდა, HORECA სექტორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გავაფართოოთ და ადგილობრივი მომხმარებლების წილი გავზარდოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მიზნად გვაქვს, VERVE იქცეს ბრენდად, რომელიც ხარისხთან, სიახლესა და თანამედროვე ქართულ სტილთან ასოცირდება.