"ვინომე" - ქართული ბრენდი, რომელიც დავარგების უნიკალური ტექნოლოგიით განსაკუთრებულ ღვინოს ქმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვინომეს" დაარსების იდეა შემთხვევით არ გაჩენილა, დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი, როგორ დამეწყო მეღვინეობა, თუმცა მთავარ გამოწვევას საკუთარი ნიშისა და კონცეფციის შექმნა წარმოადგენდა", - თამუკა არავიაშვილი, მეღვინე და "ვინომეს" თანა-დამფუძნებელი.
თამუკა აღნიშნავს, რომ დღეს ქართული ღვინის ინდუსტია მზარდია, ქართული ღვინო კარგად გაიცნო როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა მომხმარებელმა.
"მაღალი კონკურენციის პირობებში გადავწყვიტეთ, ჩვენი ღვინის სტილში ღვინის დავარგების განსხვავებული მიდგომა დაგვენერგა, რამაც გაამართლა და ინტერესიც გამოიწვია".
"ვინომეს" ღვინის ნიშა დავარგებულ, სრულად განვითარებულ ღვინოშია. ბრენდმა 2024 წელს 2016 წლის მოსავალი პირველად წარადგინა. გარდა დავარგებისა, მოსავალი ბრკეზე ხერესის დავარგების ტექნოლოგიით გამოირჩევა, რაც ღვინოს მსუბუქი ოქსიდაციის ტონებს უვითარებს.
"ჩემთვის ნატურალური ღვინის წარმოების პროცესი ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლდათ. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ქართული ღვინო ერთ-ერთი მოწინავეა".
თამუკა ამბობს, რომ ინტერესის პარალელურად, ნატურალური ღვინის ხანგრძლივი დავარგების პოტენციალს ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს.
"ჩვენს ღვინოში გოგირდის ან რაიმე ქიმიური დანამატის გამოყენება შეზღუდულია. მიზანი ისეთი ბუნებრივი და ხარისხიანი ღვინის შექმნა იყო, რომელიც წლებს გაუძლებდა, სწორედ ამიტომ დავარგებული ნატურალური ღვინის კონცეფცია შევიმუშავეთ".
თამუკა ამაყობს მიღებული გადაწყვეტილებით.
"ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო დრო არ არსებობს. მთავარია რწმენა და გამბედაობა საკუთარი თავისა და საქმის მიმართ.
განსაკუთრებით რთულია სტარტაპის წამოწყება, რადგან შენებას საძირკვლის ჩაყრით იწყებ. ამავდროულად, ეს მეტ მოტივაციას გაძლევს, საკუთარი თავი შენი გადაწყვეტილების მართებულობასა და მნიშვნელობაში დაარწმუნო".
აღნიშნავს, რომ 2024 წელი მისთვის დიდ ფინანსურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კლება, კურსის ცვლილება და მზარდი კონკურენცია შეინიშნება. თუმცა ამ ფაქტორებმა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.
თამუკას აზრით, ყველა ბიზნესის წამოწყებას თან გამოწვევები სდევს. უფრო მარტივია, აწარმოო ხარისხიანი ღვინო, ვიდრე მისი გაყიდვა შეძლო. საკუთარი ნიშის პოვნას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
მიიჩნევს, რომ ნატურალური ღვინის მიმართულება სამიზნე აუდიტორიას ზღუდავს, პოტენციური ბიზნესპარტნიორების სია მცირდება. ღვინის წარმოების მოცულობა მუდმივად შეზღუდულია, ნატურალური ღვინის ტექნოლოგიური სირთულეებიდან გამომდინარე.
"როგორც ჩვენს სფეროში იტყვიან, ღვინით მოვიწამლე. ჩემი ინსპირაცია კი ის მეღვინეები გახლავთ, რომელთაც საკუთარ ღვინოზე საუბრისას, თვალები უბრწყინავთ. რამდენიმე წლის წინ პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობდი, ამერიკელ ღვინის ექსპერტ მიქელ ჰუდინთან (Miquel Hudin), რომელმაც ქართულ ღვინოს წიგნი მიუძღვნა - Georgia: A Guide to the Cradle of Wine.
მოვლილი ასობით მარნის, გამორჩეულ მეღვინეებთან შეხვედრის და საოცარი ისტორიების მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი ღვინის ინდუსტიაში იყო. იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ოცნებებს მიჰყვებიან, ყველაზე დიდ შთაგონებას ვიღებ".
"ვინომეს" მეღვინეობის სამომავლო გეგმები ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას უკავშირდება.
"ჩემი საოჯახო მეღვინეობის მიმართულებიდან გამომდინარე, ხარისხი ვენახიდან იწყება. მთავარი მიზანი ნატურალური, ქიმიკატების გარეშე გაშენებული ვენახია. ვგეგმავ, დამატებით მწვანისა და რამდენიმე ქართული ჯიშის გაშენებას, რათა წარმოების ზრდა და განვითარება შევძლო, ამავდროულად კი, ხარისხი შევინარჩუნო. ასევე, დამატებით, საჭირო ინვენტარის შეძენას ვაპირებ.
მთავარ მიზანს ექსპორტზე ღვინის გატანა წარმოადგენს. ჩემი მთავარი გამოწვევაც მცირე რაოდენობის წარმოებაა, რაც დისტრიბუტორებთან კომუნიკაციის დროს პრობლემას მიქმნის. თუმცა ღვინის ინდუსტრია მრავალფეროვანია და მჯერა, მალე "ვინომე" თავის მომხმარებელს საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეხვდება.