Visual Fragments - მინიატიურული კინემატოგრაფიული სამყარო ბრენდებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თამთა ამაშუკელი ნიუ-იორკში მცხოვრები კრეატიული დირექტორი და დიზაინერია, რომელმაც დააფუძნა სტუდია Visual Fragments-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მინიმალიზმისა და ვიზუალური პოეზიის შერწყმით ქმნის აუდიტორიისთვის ემოციურ დონეზე აღქმად ბრენდულ გამოცდილებებს.
"Visual Fragments-ში ვქმნი მინიატიურულ კინემატოგრაფიულ სამყაროს თითოეული ბრენდისთვის. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ "გესმის" სუნამო კადრში, როგორი "გემო" აქვს კულინარიულ პროდუქტს სიჩუმეში და როგორ "გრძნობ" კანის მოვლის საშუალების ტექსტურას თუნდაც ეკრანის მეშვეობით. თითოეული კადრი ჩემთვის არის ისტორია, თითოეული დეტალი - ემოცია, ყოველი პროექტი - ახალი თავგადასავალი. მჯერა, რომ იდეები სიუჟეტებად უნდა გარდაიქმნას, ბრენდები - ემოციად, კონტენტი - ხელოვნებად. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნად აქცევს ვიზუალურ კომუნიკაციას - ის არა მხოლოდ ჩანს, არამედ იგრძნობა", - ამბობს თამთა ამაშუკელი.
თამთა ამაშუკელის თქმით, მისი პროფესიული გზა მრავალმხრივია და მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, UI/UX დიზაინს, კონცეფტუალურ განვითარებასა და AI ტექნოლოგიების შემოქმედებით გამოყენებას. თუმცა მისთვის ტექნოლოგიას ყოველთვის ინსტრუმენტის ხასიათი გააჩნია და ის, რაც რეალურად აინტერესებს, იდეის ემოციად, პროდუქტის - ნარატივად, ხოლო ვიზუალური კონტენტის ხელოვნების ფორმად ქცევაა.
"გახსნილი ვარ იდეებისთვის, რომლებიც არ თავსდება ჩარჩოებში და მომწონს სირთულეები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ქმნიან. ძალიან მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა არა უბრალოდ გააკვირვოს ადამიანი, არამედ გულში რაღაც შეარყიოს. ყოველ ახალ პროექტში ვხედავ შესაძლებლობას, რომ შევქმნა ის, რაც არა მხოლოდ თვალს დაიპყრობს, არამედ გონებაში დატოვებს კადრს, რომელსაც ვერავინ წაშლის", - ამბობს თამთა ამაშუკელი.