Wasteless - სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Wasteless-ი, "საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია", არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომელიც 13 000-ზე მეტ მწარმოებელ და იმპორტიორ ორგანიზაციას აერთიანებს, შესაბამისად, ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში. Entrepreneur-ი Wasteless-ის თავმდჯდომარეს, გიორგი გულიაშვილს ესაუბრა.
გვიამბეთ თქვენი ბრენდის საქმიანობის, იდეის და მთავარი პასუხისმგებლობების შესახებ.
2020 წელს საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური ნარჩენების (საბურავები, ზეთები, ელექტრომოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები) მართვის ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც ამ ტიპის ნარჩენების მართვა კერძო სექტორს, იმპორტიორებსა და მწარმოებლებს, დაევალა. Wasteless-ი სპეციფიკური ნარჩენების ოთხივე მიმართულებით ფლობს ავტორიზაციას და მისი წევრი ორგანიზაციების სახელით, სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ასოციაციის მიზანია, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა შექმნას, შეგროვების პუნქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყოს, პარტნიორ კომპანიებს უნარჩენო და მდგრადი ბიზნესის წარმოებაში დაეხმაროს, ნარჩენები შეაგროვოს და პასუხისმგებლიანად გადაამუშაოს.
ასევე, ხელი შეუწყოს ქვეყანაში გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, აწარმოოს ფართომასშტაბიანი კამპანიები, რათა აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ნარჩენების მართვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეფექტურად იმართოს ნარჩენები, აღარ მოხდეს მათი განთავსება ნაგავსაყრელებზე და ბუნებაში, რითაც გავუფრთხილდებით გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.
როგორი მდგომარეობაა საქართველოში ნარჩენების არასათანადო გამოყენების საკითხში, რა გამოწვევები არსებობს და რა ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს ეს პრობლემა?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სპეციფიკურ ნარჩენებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის ნარჩენები შეიცავს სახიფათო კომპონენტებს, ქიმიურ ნაერთებს, მძიმე მეტალებს, ნავთობპროდუქტებს, ოზონდამშლელ ნივთიერებებს და სხვა სახის დამაბინძურებლებს, რომელთა გარემოში მოხვედრა იწვევს ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, საქართველოში სპეციფიკური ნარჩენები ხშირად არადანიშნულებისამებრ გამოიყენება, რაც მათი მავნე ზეგავლენის შესახებ არაინფორმირებულობისა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია.
მაგალითად, მეორადი სამანქანე ზეთები სოფლის მეურნეობაში ხშირად ალტერნატიულ საწვავად გამოიყენება. ასევე, სათბურების გასათბობად იყენებენ და სხვადასხვა ღუმელში წვავენ, რომლებიც შესაბამისი ფილტრებით არ არის აღჭურვილი.
ელექტრომოწყობილობებისა და აკუმულატორების ნარჩენების გადაზიდვა და დამუშავება სანებართვო საქმიანობებს განეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული სუბიექტები მაინც უნებართვოდ აგროვებენ.
შეგროვებულ ნარჩენებს ფერადი ლითონების ამოსაღებად შლიან, ხოლო დანარჩენს, მათ შორის სახიფათო ნაწილებს, სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ტოვებენ ან მუნიციპალურ ურნებში ათავსებენ.
ასეთი ტიპის დაბინძურება იწვევს უამრავ დაავადებას, თუმცა ეს არის უხილავი საფრთხე და ხშირად ამის შესახებ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. საერთაშორისო კვლევებით კი დასტურდება, რომ სპეციფიკური ნარჩენების არაფორმალური სექტორის მიერ გამოყენება დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
განსაკუთრებით რა ტიპის ადგილები ან მოსახლეობის რომელი ჯგუფი ზიანდება მავნე პროცესებით?
განსაკუთრებული ზიანი ადგება დიდი ქალაქების მოსახლეობას, სადაც კომპაქტური დასახლებები არსებობს. არაფორმალურ მომხმარებლებს ხშირად თავიანთ ავტოფარეხებში აქვთ ნარჩენების კუსტარული დამუშავების პუნქტები მოწყობილი, რაც განაპირობებს სახიფათო ნივთიერებების მოხვედრას ნაგავსაყრელებზე. საქართველოში ძველი ნაგავსაყრელების დახურვისა და ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენების პოლიტიკა შემუშავებულია და გეგმებიც არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. შესაბამისად, ოპერირება ხდება ძველი ნაგავსაყრელებით, იქ მოხვედრილი სახიფათო ნივთიერებები დაუბრკოლებლად ხვდება ნიადაგში და მიწისქვეშა წყლებში. ამას ემატება სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც ძირითადად სოფლებში გვხვდება და როგორც წესი, მდინარის კალაპოტსა და ხევებში არის ხოლმე მოწყობილი. მდინარეების წყლით ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა და საბოლოოდ ეს მავნე ნივთიერებები იმ პროდუქტებშიც აღწევს, რომელსაც ჩვენ საკვებად ვიყენებთ. თუმცა დაბინძურების დონე მასშტაბურ ხასიათს მაინც დიდ ქალაქებში იძენს.
რამდენად მაღალია მოსახლეობის ცნობიერების დონე და როგორ ცდილობენ ან შეუძლიათ, რომ პროცესში მონაწილეობა სცადონ?
მოსახლეობაში ცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს: ქვეყანაში არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჯერ კიდევ გასავითარებელია ნარჩენების განცალკევებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ საპილოტე პროექტებს. ასეთი პროექტების განხორციელებას მაშინ აქვს აზრი, როცა მათში მდგრადობისა და სისტემური გაგრძელების შესაძლებლობები არის გათვალისწინებული. ნარჩენების ახალმა კანონმდებლობამ ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას.
Wasteless-მა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ელექტრომოწყობილობებისა და ბატარეების შეგროვების პუნქტების მოწყობა. ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ჩაბარების პუნქტი ფუნქციონირებს. ძირითადად ეს პუნქტები პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელებშია განთავსებული. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მიიტანოს მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები და ბატარეები და ამ ყუთებში განათავსოს. ასოციაცია ამ ნარჩენებს აგროვებს და პასუხისმგებლიანად, გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით გადაამუშავებს.
ბატარეების გადამუშავება არათუ საქართველოში, რეგიონშიც შეუძლებელია, ამიტომ ასოციაცია გეგმავს ევროპაში განახორციელოს ბატარეების ექსპორტი და იქაურ ქარხნებში გადაამუშაოს. ჩაბარების პუნქტების რაოდენობა ეტაპობრივად დაემატება.
Wasteless-ის მიზანია ყველა უბანში არსებობდეს ასეთი ადგილი. ასოციაცია მომხმარებელს ასევე სთავაზობს ადგილზე მომსახურების სერვისსაც, თუ მათ გააჩნიათ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც მწყობრიდან გამოსულია და მოცილება სურთ, შეუძლიათ მიმართონ და სრულიად უსასყიდლოდ გაიტანენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომოწყობილობებისა და ბატარეების შეგროვების პუნქტების გამოჩენამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, ხშირად მოგვმართავენ სხვადახვა ქალაქიდან და რეგიონიდან, რათა ასეთი პუნქტები მათ სიახლოვეს შეიქმნას. საბურავების, ზეთების და აკუმულატორების შეგროვება ძირითადად იმ სერვისცენტრებიდან ხდება, სადაც ისინი იცვლება. ასოციაცია, დაახლოებით, 500 სერვისცენტრთან თანამშრომლობს ამ მიმართულებით.
როგორია ევროპული სტანდარტი და რით განსხვავდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მაღალი ხარისხი მივიღოთ?
ევროპასა და დასავლურ ქვეყნებში ამ მიდგომების დანერგვა 90-იანი წლებიდან დაიწყო. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა ევროდირექტივების მოთხოვნების შესრულება, რომლებიც ძალიან მაღალ სტანდარტებს აწესებს ნარჩენების მართვის მიმართულებით.
ჩვენთან თუ სპეციფიკური ნარჩენების მხოლოდ ოთხი ნაკადის მართვას არეგულირებს კანონმდებლობა, ევროპულ ქვეყნებში 12-30 ნაკადამდე რეგულირდება. მაგალითად, საფრანგეთში 30 სხვადასხვა ტიპის ნარჩენის სეპარირებული გროვდება და ამას კანონმდებლობა არეგულირებს.
ბელგიასა და ჰოლანდიაში საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. თითოეულ ამ ქვეყანაში 500-ზე მეტი მუნიციპალური რეციკლირების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის ყველა განცალკევებულად შეგროვებული ნარჩენი, ხოლო იქიდან ნაწილდება სხვადასხვა პასუხისმგებელ ორგანიზაციასა და გადამამუშავებელ საწარმოებზე. ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული კერძო და საჯარო თანამშრომლობა.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია, საქართველოშიც შეიქმნას მუნიციპალური რეციკლირების ცენტრები და ნარჩენები განცალკევებულად შეგროვდეს. მუნიციპალიტეტებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან. აუცილებელია, შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები და რისი გადამუშავებაც საქართველოში შესაძლებელია და რენტაბელურია, უნდა გადამუშავდეს ადგილზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნარჩენების მართვას გააჩნია ორმაგი დატვირთვა და ღირებულება: ერთი - გარემოსდაცვითი და მეორე - ეკონომიკური. ნარჩენი არის ამავე დროს რესურსი და მათი გადამუშავებით შეიძლება დაიზოგოს ბუნებრივი რესურსების დიდი რაოდენობა, რომელიც, სამწუხაროდ, ამოწურვადია. ასეთი მიდგომების განვითარება ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია ყველამ (მომხმარებელმა, წარმომქმნელმა, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა, გადამამუშავებელმა სექტორმა) გაითავისოს პასუხისმგებლობა და თანამშორმლობის მაღალი ხარისხი აჩვენოს.
თქვენი კომპანია თუ აწარმოებს რაიმე ტიპის კამპანიას საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად?
Wasteless-ს ცნობიერების ამაღლების კამპანია დაწყებული აქვს. ასოციაცია პარტნიორ კომპანიებთან ერთად აქტიურად ახორციელებს და ერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელსაც როგორც წამახალისებელი, ასევე ცნობიერების ამაღლების დატვირთვა გააჩნია. ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი და ასოციაციას ამბიციური გეგმები აქვს.
სექტემბრიდან აქტიურად იგეგმება უნივერსიტეტებსა და სკოლებთან საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება, რადგან მივიჩნევთ, რომ ადამიანის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდის ჩამოყალიბება, ამ ასაკში ხდება. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, მათ შორის რეგიონალურ დონეზე. ეტაპობრივად კი მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა ასაკისა და სეგმენტისთვის მორგებულ კამპანიებს, მრავალფეროვან და საინტერესო სიახლეებს.
საზოგადოებას ჩართულობისა და მოტივაციის გასაზრდელად ეტაპობრივად ჩვენს პარტნიორ პასუხისმგებლიან კომპანიებთან ერთად ვთავაზობთ სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებსა და შეთავაზებებს.
რა შესაძლებლობას ქმნის ეს პროცესები ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასთან დაკავშირებით?
ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა გულისხმობს შეგროვების პუნქტების მოწყობას, ნარჩენების შეგროვებას, დროებით განთავსებას ნარჩენების რეციკლირების ცენტრებში, აღდგენასა და გადამუშავებას. ყოველივე ამის განხორციელება დაკავშირებულია მწვანე სამუშაო ადგილების შექმნასთან.
ასოციაცია მეორე წელია, რაც აქტიურად ახორციელებს საქმიანობას ბაზარზე და მისი საქმიანობის ფარგლებში უკვე მოხერხდა 10 000 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენის შეგროვება და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მიწოდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, გადაზიდვის, შენახვისა და გადამუშავების პროცესში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული. რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშნველოვანია გადამამუშავებელი საწარმოების სიმძლავრეების გაზრდა, რაც, თავისთავად, ახალ სამუშაო ადგილებსაც გულისხმობს.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმა და როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა უახლოეს დროში არსებული მდგომარეობა?
ასოციაციის მიერ შესაგროვებელი ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამის მიღწევა მხოლოდ გამართული, სრულყოფილი შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მეორეს მხრივ, აუცილებელია შეგროვებული ნარჩენების აღდგენა და გადამუშავება. ამ მხრივ გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში სპეციფიკური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესაძლებლობები მწირია და გაზრდას საჭიროებს. რიგ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს გარკვეული ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები, ამიტომ კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიწყო საუბარი საქართველოში შესაბამისი ზომის, თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმოების დაფუძნებაზე. ამ დიალოგში აქტიურად არიან ჩართული მგვ ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებები. შემუშავებულია კონკრეტული საწარმოების აშენებისა და ამუშავების გეგმები. უახლოეს 2-3 წელიწადში ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება და საზოგადოება შეძლებს დაინახოს, თუ როგორ ეფექტურად მიმდინარეობს ნარჩენების მართვის რეფორმის განხორციელება.
Wasteless-ი გაწევრდა ელექტრომოწყობილობების ნარჩენების მართვის საერთაშორისო ასოციაციაში WEEE Forum-ში, რომელიც, თავის მხრივ, სპეციფიკური ნარჩენების მართვის 55 ასოციაციას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მათთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებები და მათი გამოცდილების გაზიარება. ასოციაცია აპირებს ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას და რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის ჩართვას ნარჩენების სწორი მართვის კამპანიაში, ასევე საზოგადოების ინფორმირებას და მოტივირებას, რათა ისარგებლონ ნარჩენების შეგროვების თანამედროვე სისტემებით და პასუხისმგებლიანად განათავსონ მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენი.
ნარჩენების მართვის მიმართულებით დასავლეთის ქვეყნებს ათეულობით წელი დასჭირდათ მაღალი სტანდარტების მისაღწევად. ჩვენ შეგვიძლია მათი გამოცდილება გავიზიაროთ და განვითარების ეს გზა უმოკლეს დროში გავიაროთ, თუ შესაბამისი ნება და მონდომება იქნება.