Get All Access for $5/mo

Web3 ტექნოლოგია ქუჩის არტეფაქტებისა და კოლექტიური მეხსიერების აღსაბეჭდად ინტერვიუ ლისანდრე ფოლიესთან | გაიცანით Touch Summit-ის სპიკერები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Touch

პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, ნეთვორქინგ სესიები მსოფლიოში წამყვან სპიკერებთან და სხვა - 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრი კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექ-კონფერენციას - Touch Summit-ს უმასპინძლებს.. ღონისძიება სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის წამყვანი მენეჯერებისთვის, დეველოპერებისთვის, მარკეტერებისთვის, დიზაინერებისთვის, სტუდენტებისთვის, ინოვატორებისთვისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაიმართება და შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: დიზაინი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და მომავალი.

როგორ ცვლის Web3 და მეტავერსი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას და რა გზა არსებობს იმისათვის, რომ სამუდამოდ შევინახოთ ქუჩის არტეფაქტების სახე? სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დიზაინისა და ტექნოლოგიების სინთეზს დაეთმობა. სპეციალურად მოწვეული სპიკერი კომპანია Nike-ის გენერაციული დიზაინის გუნდის ლიდი და სტარტაპ Streetartefacts-ის დამფუძნებელი, ლისანდრე ფოლიეა, რომელიც თავისი ინიციატივით ქუჩის ARქივისტებს გლობალური მიზნით აერთიანებს.

Entrepreneur გთავაზობთ ინტერვიუს Touch22-ის სპიკერ, ლისანდრე ფოლიესთან:

მოგვიყევით მეტი თქვენი სტარტაპის შესახებ - რას მოიცავს Streetartefacts და რა არის მისი ძირითადი მიზანი?

Streetartifacts.xyz-ის პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ 4K-ში, სტრუქტურირებული 3D სკანირებისა და გაფართოებული რეალობის (AR) დახმარებით, კოლექტიური მახსოვრობა გარდავქმნათ ისეთ გაფართოებულ სამყაროში, რომელიც დროს არ ექვემდებარება. სტარტაპის ძირითადი მიზანია, გლობალური მასშტაბით გააერთიანოს ის ე.წ. ARქივისტები, რომლებსაც ჩვენთან პარტნიორობით სურთ აღბეჭდონ საკუთარი ქუჩები და ხელი შეუწყონ მის ტრანსფორმაციას Web 3.0-ის გამოყენებით.

რამ შთაგაგონათ შეგექმნათ Streetartefacts? რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება?

პროექტის იდეა გაჩნდა 2020 წელს, აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, მაშინ, როდესაც პანდემიისა და სოციალური აჯანყებების პერიოდში ჩაკეტილ ქალაქში ვხვდებოდით ქუჩის მხატვრობასა და გრაფიტს. მხატვრობა იყო ყველგან - მაღაზიის კედლებზე, საწყობებში, მატარებლებში - ეს იყო საზოგადოების მხრიდან აღშფოთების პირდაპირი გამოვლინება, სიხარული თუ ტკივილი ან უბრალოდ სურვილი, საკუთარი კვალი დაეტოვებინათ. ჩვენ გვსურდა, აღგვებეჭდა ის სოლიდარობა, ეფემერულობა და ქუჩების ურთიერთკავშირი, რასაც იმ პერიოდში ვხედავდით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რაიმე ხერხით განგვეხორციელებინა პროექტი, რომელიც იმჟამინდელ კულტურას ასახავდა.

რა სირთულეები შეგხვდათ პროექტის განხორციელების გზაზე? რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?

ამ გზაზე ყველაზე რთული მასშტაბირებაა. პროტოტიპი და მთავარი კონცეპტი ძალიან მცირე დროში შეიქმნა და იმისათვის, რომ გლობალური პლატფორმა გავხდეთ, საჭიროა სრულად განვაახლოთ დემო ვერსია. ამჟამად ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში დაფუძნებულ ციფრულ სააგენტოსთან ერთად.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები Streetartefacts-თან ერთად?

გუნდის უახლოესი გეგმაა, Streetartefacts-ის პლატფორმაზე დავამატოთ მომხმარებლის გვერდი, საიდანაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დარეგისტრირდეს და ჩვენს მონაცემთა ბაზაში 3D ფორმატში ატვირთოს ქუჩის არტეფაქტები. ამასთან, გვაქვს სურვილი, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ინსტიტუციებთან და ადმინისტრაციასთან - იმ ადამიანებთან, ვინც აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში.

Touch Summit-ზე იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც საკუთარი სტარტაპის წამოწყება სურს, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, უკან იხევს. რა რჩევას მისცემდით ამ ადამიანებს? საიდან უნდა დაიწყონ საკუთარ საქმეზე მუშაობა?

საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საკუთარი ხედვა აჩვენო, პროტოტიპის შექმნაა. დაიწყეთ თუნდაც მარტივი პროტოტიპით და ეს იქნება გზა, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ, ნამდვილად არის თუ არა ბაზარზე მისი საჭიროება და ინტერესი. ამასთან, საჩვენებელი ვერსია დაგეხმარებათ, მიიღოთ უკუკავშირი საზოგადოებისგან და იფიქროთ შემდგომ განვითარებაზე.

სამიტის სპიკერების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ მითითებულ ბმულზე.

დაინტერესებული პირებისთვის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Touch22-ის ვებგვერდზე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან