White Perla – ტურისტული ბრენდი, რომელიც აჭარაში ტურიზმის ოთხი სეზონის განვითარებას უწყობს ხელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
White Perla ("თეთრი პერლა") 2025 წლის 15 სექტემბერს დაარსდა ბათუმში, როგორც ახალი ტურისტული ბრენდი, რომლის მიზანიც აჭარაში ტურიზმის ოთხი სეზონის განვითარების ხელშეწყობაა. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნინო კაკაბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარა უკვე აღიარებულია ევროპის ოთხი სეზონის დანიშნულების ადგილად, ბაზარზე ჯერ კიდევ დომინირებს ზაფხულზე ფოკუსირებული, სეზონური ტურიზმი.
"ჩვენი მიზანია ამ ტენდენციის შეცვლა – შევთავაზოთ ახალი ხედვა, სადაც ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში აქტიურია და დაფუძნებულია კულტურაზე, ბუნებასა და ავთენტურ ადგილობრივ გამოცდილებაზე.
ამჟამად "White Perla • თეთრი პერლა" ბრენდის ჩამოყალიბების ფაზაშია: ვმუშაობთ კონცეფციაზე, ვიზუალურ იდენტობაზე, პარტნიორულ ქსელსა და ტურისტული პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც 2026 წლიდან ბაზარზე სრულად ამოქმედდება", – ამბობს ნინო კაკაბაძე.
ის აღნიშნავს, რომ 2025 წელს აჭარაში ტურიზმის სექტორი უკვე მაღალი კონკურენციით გამოირჩეოდა, ამიტომ ახალი ბრენდის შექმნა ამ გარემოში ნამდვილად მოითხოვდა სიფრთხილესთან ერთად სითამამესაც. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ მხოლოდ სტანდარტული ტურების შეთავაზება საკმარისი არ იქნებოდა. ნინო კაკაბაძე ამბობს, რომ White Perla ფოკუსირებულია ხარისხზე, მდგრად განვითარებასა და გრძელვადიან ხედვაზე – არა სწრაფ შედეგებზე, არამედ მყარ საფუძვლებზე.
"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ახალი ბრენდის დამკვიდრება უკვე გადატვირთულ ბაზარზე. როცა იწყებ ნულიდან, ყველაზე რთულია ნდობის მოპოვება – უნდა შექმნა ის სივრცე, სადაც ადამიანები გენდობიან ხარისხის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის გამო", – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, სერვისის ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბება და ისეთი ტურისტული პროდუქტის განვითარება, რომელიც თავიდანვე გამოირჩევა შინაარსითა და განსაკუთრებული მიდგომით.
"ინსპირაციას მაძლევს შესაძლებლობა, თავიდანვე შევქმნა სწორად – არა მხოლოდ ტურების გაყიდვაზე ორიენტირებული ბიზნესი, არამედ ბრენდი, რომელსაც ექნება საკუთარი ფილოსოფია და ღირებულებები.
მჯერა, რომ ტურიზმი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა არ არის – ეს არის კულტურის, ისტორიისა და ქვეყნის პრეზენტაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პროექტის მართვა – ეს არის შესაძლებლობა, აჭარა და საქართველო სწორად, ღირსეულად და თანამედროვე სტანდარტებით წარმოვაჩინოთ", – ამბობს ნინო კაკაბაძე.
კომპანიის დირექტორის თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში, მთავარი მიზანი ბრენდის სრულფასოვანი ჩამოყალიბებაა – ვიზუალური იდენტობის დასრულება, ციფრული პლატფორმის ამოქმედება და პირველი სატესტო ტურების გაშვება.
"2026 წლიდან White Perla ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას როგორც ტურისტული კომპანია, რომელიც წარადგენს თემატურ, კულტურულ და სეზონურ ტურებს ბათუმსა და აჭარის რეგიონში.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ჩვენი მიზანია White Perla იქცეს იმ ბრენდად, რომელიც აჭარის ოთხი სეზონის კონცეფციას რეალურ, ხელშესახებ ტურისტულ გამოცდილებად გარდაქმნის – მაღალი სტანდარტებისა და თანამედროვე ხედვის შენარჩუნებით", – ამბობს White Perla-ს დირექტორი და დამფუძნებელი, ნინო კაკაბაძე.