Black Friday Sale! 50% Off All Access

WOOD Crafters - ძველი ხის სახლებისგან შექმნილი თანამედროვე ავეჯი და მადონა სურმანიძის ანტერპრენერული გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატებული კარიერის მიტოვება და სიახლეების ძიება მარტივი არასდროს არის, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებში. თუმცა, მადონა სურმანიძემ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, მაღალანაზღაურებად სამსახურზე უარი ეთქვა და საკუთარ ბიზნესსაქმიანობაზე კონცენტრირებულიყო. ასე გაჩნდა მასიური ხის ავეჯის საწარმო Wood Crafters.

როგორც მადონა გვიყვება მას ყოველთვის სურდა, ოჯახის, ჰობისა და საყვარელი ადამიანებისთვის მეტი დრო ჰქონოდა, ხოლო კორპორატიული საქმიანობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომაც სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სტარტაპი დააფუძნა და ამით მეუღლის ჰობი ბიზნესად აქცია .

"ყოველთვის მქონდა მიზანი მქონოდა მეტი დრო ცხოვრებისთვის და ოჯახისთვის, მუდმივად ვყოფილიყავი მოძრაობაში და ამეთვისებინა ახალი ჩემთვის საინტერესო პროფესიები, შემექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც შექმნიდა რაღაც ღირებულს და საინტერესოს სხვებისთვის", - ამბობს ის.

სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში მადონა სურმანიძე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი ძლიერი ბიზნესლიდერები არიან ქალები , განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც რატომღაც "კაცის საქმედ" არის მიჩნეული. ავეჯის წარმოებაც ამ კატეგორიაში აღმოჩნდა, თუმცა ანტრეპრენერმა მიღწეული წარმატებით საპირისპირო აჩვენა.

Wood Crafters მრავალმხრივ გამორჩეული კომპანიაა - შეიძლება ითქვას, რომ მათი ბიზნესმოდელი მთლიანად სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის გატარებაა. საწარმოში დამზადებული ხის ავეჯის 95% მეორადი მუხის ხის მასალით მზადდება, რაც იმას ნიშნავს რომ ახალი ხის ავეჯის შექმნა არ საჭიროებს ხის ახალ მასალებს., ამით კომპანია ზრუნავს გარემოზე და ინტერიერში ეკო გარემოს შექმნისთვის იყენებს საუკუნოვანი, ძველი მუხის ხის სახლებს.

"ვქმნით თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს, რომელიც ამავდროულად არის ისტორიის ნაწილი და ანტიკვარი, ამიტომ საკმაოდ აქტუალურია მომხმარებლებში და მათი კმაყოფილება, კომპლიმენტები და აღფრთოვანება გვაძლევს ყველაზე დიდ ძალას და მოტივაციას", - გვიყვება მადონა სურმანიძე.

ანტრეპრენერი ამბობს, რომ მის საქმიანობაში ბევრი ასპექტით ამაყობს. გარდა იმისა, რომ ბუნებრივი მასალით ეკოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქციას ქმნიან, მათ მიერ წარმოებული ავეჯი უნიკალურია რადგან ერთდროულად გახლავთ თანამედროვეობის და სიძველის სინთეზი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Wood Crafters მუდამ იცავს დედლაინებს და მომხმარებელთან მომსახურების დასავლურ სტანდარტებს.

"ვქმნით ხარისხიან ქართულ უნიკალურ ავეჯს კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომელიც დარჩება თაობებს. მეამაყება ის ფაქტიც, რომ იდეალურად "ვმეგობრობთ დედლაინებთან", რაც, სამწუხაროდ, იშვიათი ფუფუნებაა ქართველი მომხმარებლისთვის და ამას თავად მომხმარებლები აღნიშნავენ. მაქსიმალურად მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული გუნდი ვართ", - აცხადებს ანტრეპრენერი.

როგორც მადონა სურმანიძე იხსენებს, ბიზნესის დაწყება არ იყო მარტივი, ყოველი ნაბიჯი ახალ გამოწვევას უდრიდა, მაგრამ ამის გამო Wood Crafters უკან არასდროს დაუხევია. ერთერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მადონა პროფესიონალი კადრების პოვნას ასახელებს. მართალია, ახლა ეს პრობლემა გადაჭრილია და კომპანიაში საუკეთესო ოსტატები არიან დასაქმებულნი, თუმცა საწყის ეტაპზე მათი პოვნა მარტივი არ ყოფილა.

"თავიდან ყოველი ახალი ნაბიჯი წინააღმდეგობასთან გამკლავების ტოლფასი იყო, ალბათ ყველა ბიზნესისთვის ჩვეულებრივი ამბავია ეს, სხვაგვარად განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეუღლის ფუნქცია მოვალეობები თავიდანვე იდეალურად გადანაწილდა და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენეთ ორივემ ამ საქმეში, რაც ძალიან დაგვეხმარა. გამოწვევები იყო, არის და იქნება მომავალშიც ეს ბუნებრივი პროცესია მანამ, სანამ რაღაცას ქმნი და ვითარდები. ძალიან დიდი ადრენალინია, გადახედო განვლილ გზას, რომელიც მხოლოდ შენ იცი, თუ რამდენ პატარ-პატარა, სხვისთვის შეუმჩნეველ, მაგრამ შენთვის მნიშვნელოვან გამარჯვებებს ინახავს". როდესაც გენდობა ისეთი კომპანები როგორებიც არიან რედისონი, ლოპოტა, კარპე დიემ გუდაური და ა.შ. ხვდები რომ სწორმა შრომამ და ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და იქ ხარ სადაც უნდა იყო. - ამბობს ის.

სიახლეებისადმი მზაობა, მუდმივად ახლის ძიება და სირთულეებისგან გაკვეთილის სწავლა მადონა სურმანიძის ის თვისებებია, რომლებიც ანტრეპრენერულ საქმიანობაში ძალიან ეხმარება. თავად კიდევ ერთ თვისებას გამოყოფს - ოპტიმიზმი და დამარცხების მიმართ უშიშრობა.

"ყველა ადამიანს აქვს თვისებები, რომლებიც მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ჩემ შემთხვევაში ეს არის ოპტიმიზმი - ის, რომ არ მეშინია მარცხის და პირიქით, იგივენაირად საინტერესოა ჩემთვის როგორც გამარჯვება. ვფიქრობ რომ ვარ ბევრნაირი და ერთნაირი სიამოვნებით შემიძლია ვადაპტირდე რამდენიმე რადიკალურად განსხვავებულ სფეროში. ჩემი 1 დღე საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ახალ-ახალი გამოცდილებებით არის სავსე, რომელიც ისევ და ისევ რადიკალურად განსხვავებულ სფეროებს მოიცავს", - ამბობს ის.

მადონა სურმანიძე ანტრეპრენერული საქმიანობის გარდა ფრილანსერიცაა. ძველი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ბიზნესის წამოწყებასთან ერთად E-commerce სფერო შეისწავლა და ახლა ციფრულ მარკეტინგშიც ისეთივე წარმატებით მუშაობს სხვა კომპანიებისთვის, როგორც საკუთარი ხის წარმოების ბიზნესში. ამბობს, რომ ეს ერთერთი ყველაზე კომფორტული საქმიანობაა, რადგან შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა და ბევრად ნაკლებ დროში, ბევრად მეტი საქმის მოსწრება

"ვმუშაობ სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, დღის მანძილზე სულ რამდენიმე საათით და საცობებში დაკარგული დროის ნაცვლად ამ დროს ვუთმობ საკუთარ ჰობის ცეკვას, ფიგურულ სრიალს, ვარჯიშს ", - გვიყვება მეწარმე ქალი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში მადონა ამბობს, რომ მისთვის კომფორტის ზონა ასოცირდება დისკომფორტთან. მისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სიახლეები და საქმიანობები, რომლებიც საშუალებას მისცემს ყოველი მომდევნო დღე წინას არ ჰგავდეს .

"ჩემი მთავარი ადრენალინიც ცხოვრებაში არის გამოწვევები და სიახლეებთან შეჭიდება, ზუსტად კომფორტის ზონა იწვევს ჩემში დისკომფორტს და სურვილს ვაკეთო რაღაც ახალი ნაყოფიერი და საინტერესო"

ინდუსტრიული ტრენდები

კომპანია "რემოდელი" ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს გთავაზობთ

განაახლე ნებისმიერი ფართი სწრაფად და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე