XUXU – ახალგაზრდა ქალი ანტრეპრენერების წარმატებული ბიზნესი ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრეატიული იდეების ბიზნესად ქცევა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც შპს "არომაალკოს" დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, საქართველოში შემოეტანათ გერმანული წარმოების პროდუქტი XUXU, რომელიც ბაზარზე თავისი კონცეფციით გამოირჩევა და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. XUXU ალკოჰოლური სასმლის სრულიად ახალ კატეგორიას მიეკუთვნება - ეს არის მარწყვის ლიქიორი, რომლის დაგემოვნებისას მკაფიოდ იგრძნობა ნატურალური მარწყვის გემო.

ნათია კვირკველიძე:

"გემოვნური თვისებებით XUXU უნიკალური პროდუქტია. ის საშუალებას გვაძლევს, ვისიამოვნოთ მარწყვის ლიქიორის უნიკალური და განსხვავებული გემოთი, ისევე როგორც დამოუკიდებლად და მარტივად დავამზადოთ მრავალფეროვანი კოქტეილები. ასევე, გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის დამზადებისას, როგორიც არის: ნამცხვარი, ნაყინი, პოპკორნი და ა.შ. ამ სასმლის მეშვეობით შეგვიძლია წვეულებას მრავალფეროვნება და ხალისი მარტივად შევმატოთ".

საქართველოში რამდენიმე უმსხვილესი ალკოჰოლური სასმლის სადისტრიბუციო კომპანიის ოპერირების პირობებში, XUXU-ს წარმომადგენლებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სირთულეები გარდაუვალი იყო. თუმცა, როგორც თავად იხსენებენ, უფრო მეტ გამოწვევას შეხვდნენ, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ. მიუხედავად ამისა, XUXU-მ უნიკალური ნიშის დაკავება შეძლო.

ნათია კვირკველიძე:

"ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი გერმანელი პარტნიორების დარწმუნება იყო იმაში, რომ საქართველო მზად არის ამ პროდუქტისთვის და რომ სწორედ ჩვენ ვართ ის კომპანია და ადამიანები, ვისაც შეუძლია მათი პროდუქციის საუკეთესოდ წარდგენა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამომხმარებლო ბაზარი – ხშირად მომხმარებელი არჩევანს აკეთებს უკვე კარგად ნაცნობ პროდუქციაზე. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მრავალფეროვნება და სიახლეები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ინდუსტრიის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში".

Entrepreneur-თან საუბრისას ნათია და ლიკა ამბობენ, რომ გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებული გამოწვევაა, როდესაც საუბარი ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციაზეა.

ლიკა გეგელაშვილი:

"გენდერული სტერეოტიპების გამო ერთგვარად კომიკური სიტუაციებიც გამოვცადეთ. ყოველთვის, როცა სხვადასხვა ობიექტთან შეხვედრებს ვგეგმავთ ჩვენი პროდუქტის გასაცნობად, გაკვირვებულ რეაქციებს ვიღებთ. საქართველოში, ალკოჰოლის ინდუსტრიაში უკვირთ, როცა აღმოაჩენენ, რომ საქმე აქვთ ორ ახალგაზრდა ქალთან. თავდაპირველად ჩვენთან პარტნიორობას არასერიოზულადაც კი აღიქვამდნენ, თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და გულწრფელი ენთუზიაზმის ძალით, შეხვედრები განსხვავებული ემოციებით სრულდებოდა. საბოლოოდ ყოველთვის ვგრძნობთ აღტაცებას ჩვენი გამბედაობით, რომ ბიზნესში ჩავერთეთ".

XUXU-ს დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობისა და გამოცდილების

კვალდაკვალ მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღეს. ერთ-ერთი და უმთავრესი ის იყო, რომ ადამიანს არასოდეს უნდა შეეშინდეს გამოწვევების წინაშე დადგომის. ამბობენ, რომ თამამად უნდა ვიაროთ სიახლეებისკენ და ვიყოთ მზად დიდი ცვლილებების გამოსაწვევად.

ლიკა გეგელაშვილი:

"მგონია, რომ თანამედროვე ეპოქაში სრულიად ნორმალურია, როცა გარკვეულ ეტაპზე მივაგნებთ სფეროსა და საქმიანობას, რომელიც უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე ის, რაც უნივერსიტეტში სწავლისას ავირჩიეთ. ამის არ უნდა შეგვეშინდეს – პირიქით, ეს მხოლოდ ხალისს და მოტივაციას სძენს ცხოვრებას".

ნათია კვირკველიძე:

"ქალებს და გოგონებს ვურჩევთ, ნუ შეეშინდებათ მოქმედების. ცხოვრება მოძრაობაა. უნდა დავიჯეროთ საკუთარი თავის, ვენდოთ შინაგან ხმას და მივყვეთ ოცნებებს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვიზრუნოთ განვითარებაზე და მივიღოთ საკუთარი თავი უპირობოდ – როგორც წარმატებული, ისე დამარცხებული. ხშირად სწორედ მარცხი გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ ჩვენი ნამდვილი რესურსები, გავძლიერდეთ და მეტი ცოდნა მივიღოთ".

XUXU-ს დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ანტრეპრენერი არის ენთუზიასტი, ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ბედავს, თვალი გაუსწოროს რისკებს, თამამად გაუმკლავდეს გამოწვევებს და განავითაროს კონკრეტული სფერო. რაც მთავარია, სხვისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცეს.

ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის წარმატების გზაზე მნიშვნელოვანია მოტივაცია და შთაგონების წყარო. ნათიასა და ლიკასთვის ინსპირაცია ადგილობრივი ბაზრის განვითარების პერსპექტივაა – როდესაც ქართველ მომხმარებელს ხელი მიუწვდება ახალ, განსხვავებულ, მრავალმხრივი გამოყენების პროდუქტზე. ამასთან ერთად, უმთავრესი მოტივაციაა, როცა პროდუქტი დიდ მოწონებას იმსახურებს და სწორედ ასე მოხდა XUXU-ს შემთხვევაში.

ინტერვიუს ბოლოს XUXU-ს დამფუძნებლების სამომავლო გეგმებითაც დავინტერესდით. ლიკა გეგელაშვილისა და ნათია კვირკველიძის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ბრენდის გაფართოება და მისი ცნობადობის ზრდაა:

"ვგეგმავთ პროდუქტის უფრო მასშტაბურ ხელმისაწვდომობას, როგორც ონლაინპლატფორმებზე, ასევე სხვადასხვა ობიექტზე. ჩვენი მიზანი არის XUXU-ს გაზრდილი წარმომადგენლობა როგორც რითეილ სექტორში, ისე ჰორეკა სივრცეში. დამატებით, ჩვენი ონლაინპლატფორმა მომხმარებლებს შესთავაზებს სასაჩუქრე შეფუთვებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როგორიცაა, მაგალითად: წინასაქორწილო წვეულება, დაბადების დღე ან მეგობრების შეკრება. XUXU ადამიანებს ყოველთვის შესანიშნავი განწყობის შექმნაში დაეხმარება".