Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ? აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენიმე კვირაა, რაც Yandex-ი სრულად რუსულ კომპანიად გადაიქცა. "რუსულ Google"-ად წოდებული გიგანტის ჰოლანდიურმა მშობელმა კომპანიამ, Yandex NV-მ, მისი კუთვნილი წილი სრულად გაასხვისა და რუსული ბაზარი დატოვა.
Yandex-ის აქტივების გაყოფის შესახებ გარიგება 15 ივლისს დასრულდა, როცა ინვესტორების რუსულმა კონსორციუმმა ბიზნესის უმეტესი ნაწილი ნაღდი ფულითა და აქციებით, დაახლოებით 5,4 მილიარდ დოლარად გამოისყიდა ჰოლანდიური კომპანიისგან.
Yandex-ი არკადი ვოლოჟის მიერ დაფუძნებული მილიარდიანი ბიზნესი იყო. 60 წლის ბიზნესმენი კი კარგა ხანს სანქციების ქვეშ იყო მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სწორედ ვოლოჟმა თქვა უარი მის დარჩენილ წილებზე Yandex-ში და, როგორც თავად Spiegel-თან ამბობს, ღირებულებაზე იაფადაც გაყიდა, რათა სუფთა ფურცლიდან დაეწყო საქმიანობა ევროპაში. ვოლოჟი ამჟამად ნიდერლანდებში, ამსტერდამში ცხოვრობს და ახალი კომპანია, Nebius Group-იც უკვე დააფუძნა.
რაც შეეხება Yandex-ს - კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო საუბრები მათი სერვისების მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების რისკების შესახებ. დასავლურ მედიაში აქტიურად იწერებოდა და დღემდე საუბრობენ კომპანიის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.
არსებობდა ეჭვებიც, რომ კომპანიის მფლობელები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქცირებულთა სიაში სწორედ ზემოხსენებული ინფორმაციის გამო მოხვდნენ. სწორედ შეზღუდვების დადების შემდეგ დაიწყო კომპანიამ განვითარების განსხვავებულ ვექტორზე ფიქრი და ამიტომაც გასხვისდა რუსული აქტივები სრულად.
Yandex-ი რუსულმა კონსორციუმმა შეიძინა - გავრცელებული ინფორმაციით, მფლობელებს შორის ერთ-ერთი ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა.
კომპანია საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად ტაქსის გამოძახების სერვისით არის წარმოდგენილი. თუმცა კითხვის ნიშნები ამ მიმართულებითაც არსებობს. მაგალითად, 2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს რუსული ტაქსის კომპანიების ბაზებზე სრული წვდომა ექნებოდა და ამას კომპანიებს კანონი დაავალდებულებდა - მანამდე ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყო სავალდებულო.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფსბ-ს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს) ქართველი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციაზეც ექნება წვდომა? - Yandex Go Georgia-ში ქართულ მედიასაშუალებებს განუცხადეს, რომ საქართველოდან მომხმარებლების მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში არც აქამდე მოხვედრილა და არც ცვლილების შემდეგ იდგა ამის საშიშროება.
"ბიზნესფორმულას"ცნობით, კომპანიაში 2023 წელს აცხადებდნენ, რომ "რუსეთის ფარგლებს გარეთ, მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემების მოთხოვნა, ისევე, როგორც ადრე, შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნითა და დადგენილი საერთაშორისო პროცედურების გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ინტერპოლიც ჩართულია".
მაშინ ამ საკითხზე კომენტარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმაც გააკეთა. ქართულმა უწყებამ მედიასთან განმარტა, რომ ტაქსის სერვისის პროვაიდერ ნიდერლანდურ კომპანია International B.V.-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შეეძლოთ ეთქვათ - ქართველი მომხმარებლების ინფორმაცია დაცული იყო.
როგორც ქართული უწყება მომხმარებლებს ატყობინებდა, ტაქსის კომპანიის მონაცემთა ბაზებში ინფორმაცია სხვადახვა კატეგორიადაა დაყოფილი, მათ შორის, ქვეყნების მიხედვით. გარდა ამისა, ინფორმაცია დაშიფრულია და მესამე პირისთვის მისი წაკითხვა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
"ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება აღირიცხება აპლიკაციის საშუალებით. მესამე პირებისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის არცერთი პერსონალური მონაცემი (მათ შორის, ტელეფონის ნომრები და, არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის სახელი), რადგან სისტემა, სადაც აღნიშნული მონაცემები ინახება, მას გაუგებარს ხდის, როგორც ადამიანებისათვის, ისე მანქანური წამკითხველის ფორმატებისთვის და ა.შ.",- აცხადებდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
და მაინც, რამდენად სენსიტიურ ინფორმაციაზეა საუბარი? როგორც ცნობილია, Yandex-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი. აპლიკაციას ეძლევა წვდომა სატელეფონო ცნობარზე/ბაზაზე, იმ მოქალაქეთა ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ვისთანაც მიმოწერა აქვს; გეოლოკაციაზე; სოციალურ ქსელებში "მოწონებებზე", იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც საძიებო სისტემებში ეძებს და სხვა. Yandex-სა და Yandex Go-ს ასევე აქვს წვდომა მთელ რიგ ელექტრონულ მონაცემებზე - HTTP-სათაურები, IP-მისამართი, cookie ფაილები, wi-fi ქსელის მონაცემები და სხვა; გადახდის ბარათის დეტალები.
ანუ, საუბარია უაღრესად მნიშვნელოვან და დეტალურ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომლის დაუცველობა და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან მათზე შესაძლო წვდომა პოტენციურად სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქისთვის. და თუკი ამის ალბათობა უფრო რეალური გახდა 2024 წელს, Yandex-ის სრულად რუსულ საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, როგორც ამაზე დღეს დასავლეთში ღიად საუბრობენ, მაშინ საქმე შეიძლება სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს...
თუმცა, პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების გარდა, კითხვის ნიშნები ჩნდება Yandex-ის, როგორც დამსაქმებლის მიმართაც. რამდენიმე დღის წინ ონლაინგამოცემა NewsPost-მა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, სადაც ქართველი მძღოლები ტაქსის კომპანიის მხრიდან უსამარათლო დამოკიდებულებასა და გადაწყვეტილებებზე საუბრობდნენ.
მედია წერდა, რომ, მათი ინფორმაციით, ქართველ მძღოლებს მომხმარებელთა მხრიდან გაკეთებული შეფასებებით დაგროვილი რეიტინგი ხელოვნურად უმცირდებათ. Yandex-ში დასაქმებულები ამბობდნენ, რომ ხშირად მაღალანაზღაურებადი შეკვეთები ებლოკებათ, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ.
მძღოლები ამბობდნენ, რომ ისინი ტაქსის კომპანიაში საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ და შეკეთებისა თუ ცვეთასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც მათ ჯიბეზე გადადის, ამ დროს კი Yandex-ი ამ დასაქმებულებს ხელოვნურად ბლოკავს და კომპანიის მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ შეკვეთით.
"ვმუშაობდი და არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე... მინიმუმ ათი ადამიანი ვიცი, ვინც ამ დღეში აღმოჩნდა... მე რომ მაგას მივხვდი, ჩემი მანქანებიც ჩამოვაშორე კომპანიას, რაოდენობა შეადგენდა ათს და ყველას ასე ემართებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რეიტინგს"…
"ამხელა ფასიანი მანქანა სამ და ხუთ ლარად მამუშავებინეთ, მანქანა მოვსპე და იმის მაგივრად, მადლობა უთხრათ ხალხს, ატყუებთ... იგონებთ რეიტინგებს და ბლოკავთ"...
ეს ქართველი მძღოლების კომენტარებია Yandex-ში მუშაობასთან დაკავშირებით. NewsPost-ი წერს, რომ მათი ჟურნალისტი რამდენიმე მძღოლსაც გაესაუბრა. მათთან ინტერვიუში Yandex-ში დასაქმებულები ამბობენ, რომ ამ პრობლემას ქართველი მძღოლები მასობრივად აწყდებიან.
ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Yandex-ი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას გეგმავს - საუბარია მიტანის სერვისის დამატებაზე.
მაშინ, როცა Yandex-ი საქართველოში აქტიურად აფართოებს საკუთარ ბიზნესარეალს, ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური აქტორები Yandex-ის საქმიანობის აკრძალვაზე ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდნენ. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა. გაერთიანებულ სამეფოში, The Guardian-ის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წევრები მოუწოდებდნენ მთავრობას ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებისას, რომ Yandex-ის ოპერირება ქვეყანაში შეჩერებულიყო. ხოლო ლიეტუვამ Google Store-სა და Apple Store-ს მიმართა თხოვნით, Yandex-ის აპლიკაცია ამოეღოთ, რადგან ის ქვეყნის "ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენდა".
- რატომ ფართოვდება "იანდექსი" საქართველოში მას შემდეგ, რაც სრულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდა?
- ვინ ითანამშრომლებს რუსულ "იანდექსთან" ქართული ბიზნესიდან?
- რამდენად რისკიანია ქართული ბიზნესისთვის "იანდექსთან" თანამშრომლობა?
- რამდენად რისკიანია მომხმარებლისთვის "იანდექსის" აპლიკაციით სარგებლობა?
- ლობირებს თუ არა ვინმე საქართველოში "იანდექსის" გაფართოებას?
ეს ის კითხვებია, რომელზეც ჯერ პასუხები არ ჩანს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ კითხვების დასმას და დაინტერსებული აუდიტორიისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.