ყავა ძვირდება - და რაც Shark Tank-ის ვარსკვლავმა, კევინ ო'ლირიმ ოდესღაც ხალხს უთხრა ყავის ყიდვაზე, კვლავ სიმართლეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დაივიწყეთ ავოკადოს ტოსტი; თქვენი ლატე ისევ პრობლემაა - კევინ ო'ლირის აზრით. ეს არ არის თქვენი წარმოსახვა - ბოლო წლებში ყავა უფრო ძვირი გახდა. მიწოდების პრობლემა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ყინვამ ბრაზილიაში მოსავალი გაანადგურა - ეს კი მსოფლიოში არაბიკის წარმოების თითქმის ორ მესამედს შეადგენს.
არაბიკის მარცვლების ფასი 2023 წლის აგვისტოში 13-წლიან უმაღლეს ნიშნულზე ასცილდა - $2,59 ერთი ფუნტი. სხვა ფაქტორები, როგორიცაა კლიმატის კრიზისი, მხოლოდ გვახსენებს, რომ მომხმარებლებისთვის ყავის ღირებულება ალბათ კვლავ გაიზრდება.
Starbucks-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ნიკოლმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყავის ქსელი გადახედავს ფასებს - და შეიძლება ასევე, შეამციროს შეთავაზებები და აქციებიც.
საკუთარი ყავის მომზადება არის ერთ-ერთი გზა, რომ შეამციროთ მზარდი ფასების გავლენა - თანაც, ყავასა და მზა საკვებზე ხარჯის თავიდან არიდება თქვენს ფინანსებსაც გააუმჯობესებს.
Shark Tank-ის ვარსკვლავი, კევინ ო'ლირი დიდი ხანია აფრთხილებს ხალხს ისეთი მცირე სიამოვნებებისთვის თანხის უაზროდ დახარჯვის გავლენაზე, როგორიცაა Starbucks-ის ყავა ან სენდვიჩი. მისი თქმით, ხარჯები სწრაფად გროვდება, ნაკლებ თანხას ტოვებს ინვესტიციებისთვის.
წიგნში Cold Hard Truth on Men, Women & Money ო'ლირიმ ნათლად აღწერა ფულის უაზრო ხარჯვის საფრთხეები. "მოჩვენებითი ფული მკვდარი ფულია. ფული, რომელიც უაზრო რაღაცებზე დაიხარჯა, სწორედ ის ფულია, რომელიც უნდა ქცეულიყო ინვესტიციად", - დაწერა მან 2012 წელს პირველად გამოქვეყნებულ წიგნში და საყვედურობდა ხალხს, თუ "როგორ უდარდელად მიდის ფული ტუალეტში".
O'Leary Ventures-ის თავმჯდომარემ გამოთვალა, რომ ადამიანი, რომელიც დღეში $10-ს ხარჯავს სიგარეტზე, კვირაში $12-ს ყავაზე, კვირაში $8 -ს ჟურნალებზე და თვეში $200-ს ლანჩებზე, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, "ცეცხლს უკიდებს" დაახლოებით $276 000-ს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თანხას 6%-იანი წლიური დამატებითი შემოსავალი შეეძლო მოეტანა.
"თუ თქვენ ფულს ხარჯავთ კაპუჩინოსა და ჟურნალებზე, ძალიან დიდი შანსია, რომ სიბერეში ჯერ კიდევ ყავას მოამზადებთ ან ჟურნალის სტენდზე იმუშავებთ", - განაცხადა მან.
ახლა ნაკლები ადამიანი ყიდულობს ჟურნალებს, მაგრამ ო'ლირის მაგალითში ისინი ადვილად შეიძლება ჩანაცვლდეს სტრიმინგ სერვისებით ან საკვების მიტანის მომსახურებით. მან ურჩია მომხმარებლებს, უარი თქვან სპონტანურ შოპინგზე და დანაზოგი განათავსონ სპეციალურ საინვესტიციო ანგარიშში, რადგან ადამიანები უარს უფრო ადვილად ამბობენ ცუდ ჩვევებზე, როცა ხედავენ, როგორ იზრდება მათი დაგროვილი თანხა.
თავად ო'ლირი, რომელიც საკუთარ თავს Mr. Wonderful-ს უწოდებს, ცნობილია ცუდ იდეებზე პირდაპირი და გულწრფელი შეფასებებით. გასულ წელს Erika Taught Me პოდკასტში მან შეარცხვინა ფულის უაზროდ მფლანგველები, რომლის კლიპიც სექტემბერში Instagram-ზე გააზიარა.
"შეწყვიტეთ ყავის ყიდვა $5,50-ად. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის დღიური ხარჯვის 15-20% "სულელურ რაღაცებზე" მიდის. სამსახურში მიდიხართ, $15-ს ხარჯავთ სენდვიჩზე - რას აკეთებთ, სულელი ხართ? თქვენ შეგიძლიათ $0,99 დახარჯოთ, სახლში სენდვიჩი მოამზადოთ და თან წაიღოთ", - განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქალაქებში კარიერას იწყებენ, ხშირად "დაახლოებით $15 000-ს ანიავებენ ყოველწლიურად", და ასეთი უაზრო ქცევა ფინანსურ პრობლემებს იწვევს.
ცნობილმა ინვესტორმა წლების განმავლობაში უამრავი პირადი ფინანსური რჩევა გაუზიარა მკითხველებსა თუ მსმენელებს. მისი მთავარი რჩევაა, რომ შესყიდვები ინვესტიციასავით განიხილონ - რა შედეგს მოიტანს ის მომავალში?