ყველაფერი იწყება მასწავლებლით მასწავლებელთა ფორუმი - გარდამავალი ეტაპები განათლებაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მასწავლებლის კვალი მარადიულია; შეუძლებელია დაადგინო, სად მთავრდება მისი გავლენა."
ჰენრი ადამსი
საქართველოს უნივერსიტეტმა ახალი სტრატეგიული პროექტი დაიწყო - "საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის - ყველაფერი იწყება მასწავლებლით". პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი პროფესიული როლის გაძლიერებას, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის პარტნიორობის განვითარებას.
ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართა მასწავლებელთა ფორუმი "გარდამავალი ეტაპები განათლებაში", რომელმაც განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე პედაგოგები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.
უხილავი ხიდები
განათლებას ხშირად ცალკეული საფეხურების ერთობლიობად განვიხილავთ და ჩამოვთვლით - სკოლამდელი განათლება, დაწყებითი სკოლა, საბაზო და საშუალო საფეხური, შემდეგ კი უნივერსიტეტი. სინამდვილეში, განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სწორედ იმ "შუალედურ სივრცეებში" ხდება, როდესაც მოსწავლე ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის.
მასწავლებელთა ფორუმმა სწორედ ამ გარდამავალ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე პედაგოგები და ექსპერტები ერთობლივად აანალიზებდნენ იმ ეტაპებს, რომლებიც მოსწავლის განვითარების გზას განსაზღვრავს.
ბაღიდან სკოლაში გადასვლა, დაწყებითიდან საბაზო საფეხურზე გადასვლა, სკოლიდან უნივერსიტეტში შესვლა - ეს ცვლილებები მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის ადმინისტრაციული ეტაპები არ არის. ის მოიცავს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ, სოციალურ ცვლილებებს და იდენტობას. სწორედ ამ დროს შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, თუმცა ხშირად ჩნდება სირთულეებიც, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება.
განათლების სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს თანმიმდევრულად, როდესაც სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე პედაგოგები ერთმანეთს ერთიანი პროცესის თანამონაწილეებად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტის ფორუმმა შექმნა სივრცე პროფესიული დიალოგისთვის- სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება გამოცდილება, იდეები და პრაქტიკული მიდგომები.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ სფეროს ექსპერტების მოხსენებები, მონაწილეობა მიეღოთ თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიულ დისკუსიებში, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის ურთიერთკავშირსა და განვითარებას ეხებოდა.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული დიალოგი და იმ გამოწვევების გააზრება, რომლებიც მოსწავლეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხვდება. შესაბამისად, ფორუმის თემატიკაც მრავალფეროვანი იყო. შეხვედრებზე განიხილეს:
მასწავლებლის პროფესიის მომავალი
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასწავლებლის პროფესიის ტრანსფორმაციას XXI საუკუნეში. დღეს მასწავლებლის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე განათლებაში მასწავლებელი უფრო მეტად ხდება სწავლის პროცესის დიზაინერი, მენტორი და გზამკვლევი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ცოდნის დამოუკიდებლად დაუფლებაში.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელთა მომზადების თანამედროვე მოდელებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ მენტორობის სისტემასა და კვლევითი თუ რეფლექსიური პრაქტიკის გაძლიერებას.
ამასთანავე, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - როგორ შევინარჩუნოთ პროფესიონალი მასწავლებლები სისტემაში. ღირსეული ანაზღაურება, პროფესიული განვითარების მკაფიო გზა და მხარდამჭერი გარემო ამ პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სკოლა და უნივერსიტეტი
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლის პროცესს შეეხებოდა. მიმდინარე განათლების რეფორმების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რამდენად თანხვედრაშია სასკოლო კურიკულუმი ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების მოთხოვნებთან. ამ საკითხების კრიტიკული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ეტაპზე ვლინდება განათლების სისტემის ეფექტიანობა და მისი გავლენა ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.
განათლების სისტემის მდგრად განვითარებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაზღვრავს ძლიერი საუნივერსიტეტო მომზადება, მხარდამჭერი სასკოლო გარემო და განათლების პოლიტიკა, რომელიც სათანადოდ აფასებს მასწავლებლის პროფესიულ როლს.
მასწავლებელი ციფრულ ეპოქაში
თანამედროვე ეპოქაში განათლება ტექნოლოგიური გარდატეხის პირობებში ვითარდება. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული სისტემები, ახალი ტექნოლოგიები არა მხოლოდ ცვლიან სასწავლო პროცესს, არამედ განსაზღვრავენ კიდეც ცოდნის მნიშვნელობას.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, ალგორითმებთან თანამშრომლობის და მათი კრიტიკული შეფასების, ახალი ცოდნის შექმნის უნარებს. განათლება თანდათან ინტელექტუალური ავტონომიისა და პასუხისმგებლობიანი მოქმედების სივრცედ გადაიქცევა.
ციფრულ სამყაროში განათლების ტრანსფორმაცია და მასწავლებლის როლი ალგორითმების პირისპირ ფორუმის ერთ-ერთ საინტერესო დისკუსიის თემადაც იქცა.
პროფესიული დიალოგის სივრცე
გარდამავალ ეტაპებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ემოციურ მდგომარეობასა და ადაპტაციის უნარს. საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლისას, ჩნდება ახალი მოლოდინები, პასუხისმგებლობები და სოციალური გარემო. დაწყებით საფეხურზე - ახალი სოციალური სტრუქტურა; საბაზო საფეხურზე -მოზარდობის გამოწვევები და მოლოდინები; საშუალო საფეხურზე - თანატოლთა გავლენა და პროფესიული არჩევანი.
ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სირთულეების გადალახვაში და ხშირად ხდება მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საყრდენი.
ფორუმის ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესში ასაკობრივი განვითარების მნიშვნელობა. ბავშვის კოგნიტიური და ნეირობიოლოგიური განვითარების ცოდნა მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სასწავლო პროცესი და უკეთ გააცნობიეროს მოსწავლის საჭიროებები.
ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები შეიძლება იქცეს პედაგოგის ერთგვარ ნავიგაციის ინსტრუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სწავლის სტრატეგიებს სხვადასხვა ეტაპზე.
განათლების სისტემაში სწორედ გარდამავალი ეტაპებია ხშირად ყველაზე ნაკლებად შესწავლილი. ეს ის "ხიდებია", სადაც შეიძლება დაიკარგოს მოტივაცია, დაირღვეს ნდობა ან მოსწავლე აღმოჩნდეს მხარდაჭერის გარეშე.
ფორუმის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. მონაწილეებმა იმსჯელეს გარდამავალი ეტაპებისთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე, როგორ შეიძლება მათი პრევენცია და რა როლი შეიძლება შეასრულოს თანამედროვე კვლევებმა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა ამ პროცესში.
მოზარდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პროფესიის არჩევა. ამ პროცესში მასწავლებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეს თვითშემეცნების პროცესში, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში, სხვადასხვა პროფესიის გაცნობაში და იმ გზის პოვნაში, რომელიც მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა, ფორუმის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა.
უკუკავშირისთვის - მასწავლებლის ხმა ფორუმიდან
მასწავლებელთა ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა განათლების სფეროში პროფესიული დიალოგის გაძლიერებისა და მასწავლებლის როლის აღიარების მიმართულებით.
მონაწილეები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ ფორუმმა შექმნა აუცილებელი სივრცე პრაქტიკული მიდგომების გასაზიარებლად. პედაგოგების თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების გააზრება, რომელსაც მოსწავლე ბაღიდან სკოლაში, თუ სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლისას ხვდება:
"საქართველოს უნივერსიტეტმა გარემო და სივრცე შექმნა მასწავლებელთა ფორუმისთვის და რეგისტრაციის დაწყებიდან 3 საათში შევსებული ადგილები მკაფიოდ აჩვენებს - მასწავლებლებს ეს ძალიან გვჭირდება"- ნინო ლომიძე, მასწავლებელი
"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო გუშინდელი დღე. საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობდა მასწავლებელთა ფორუმს. საჭირო მოხსენებები მოვისმინეთ. სულზე რომ მოგისწრებს, ისე მნიშვნელოვანი იყო ეს ფორუმი. მადლიერებით და უკეთესის იმედით ვბრუნდები ბაღდათში"- ნათია ფურცელაძე, მასწავლებელი
"განსაკუთრებული დღე იყო - დავესწარი საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო ფორუმს, რომელიც მთლიანად მიეძღვნა განათლების გარდამავალ ეტაპებსა და მოსწავლის განვითარების გზაზე წამოჭრილ გამოწვევებს. მომხსენებლების თემები ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იყო, ასევე პარალელური ვორქშოფები. ბევრი ნაცნობი მასწავლებლის ნახვა და მათთან კომუნიკაცია სასიამოვნო იყო. ასევე, ის სითბო და ენერგია, რომელიც ასეთ შეხვედრებს თან ახლავს და ყოველთვის ვგრძნობ." ნათია უჩავა, მასწავლებელი
"დღეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი საგანმანათლებლო ფორუმს, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება სრულად მიეძღვნა იმ ტრანსფორმაციულ ეტაპებს და გამოწვევებს, რომლებიც მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების გზაზე იჩენს თავს.
მომხსენებლების მიერ წარმოდგენილმა თემებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებების სათავეში ყოფნა. პარალელურმა ვორქშოფებმა კი პრაქტიკული ხედვები შემოგვთავაზა ისეთი მიმართულებებით, რომლებიც რეალურად წაახალისებს ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ პრაქტიკებს" - სოფიო ქუხილავა, მასწავლებელი
მასწავლებელი განათლების ეკოსისტემის ცენტრალური ფიგურაა. სწორედ ამიტომ, პროფესიული დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
მასწავლებელთა ფორუმი ასეთი პროფესიული დიალოგისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, სადაც ფორუმში მონაწილე, განათლების სხვადასხვა საფეხურის პედაგოგები საკუთარ თავს ერთიანი, უწყვეტი პროცესის თანამონაწილეებად აღიქვამენ.
მასწავლებელთა ფორუმი წარმოადგენს მთელწლიანი პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში დაგეგმილია პროფესიული შეხვედრები, აქტივობები და თანამშრომლობითი ინიციატივები მასწავლებლებისთვის.
პროექტის საბოლოო ეტაპი იქნება "მასწავლებლის გავლენის ჯილდო", სადაც აღინიშნება ის მასწავლებლები და საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებმაც განსაკუთრებული პოზიტიური გავლენა მოახდინეს მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე.
პროექტით საქართველოს უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ ხედვას - იყოს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ინსტიტუცია, არამედ განათლების სისტემის აქტიური პარტნიორი, რომელიც მასწავლებლებთან და სკოლებთან ერთად მუშაობს მომავალი თაობის განვითარებაზე.
და სწორედ ამიტომ, ამ პროექტის მთავარი გზავნილი ისევ ერთ მარტივ იდეას უბრუნდება: ყველაფერი იწყება მასწავლებლით.