ზაფხულში წასაკითხი ბიზნესლიტერატურა
By Ben Walker
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზაფხული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს, სექტემბრის საქმიანი პერიოდის დადგომამდე მაქსიმალურად განიტვირთოს და ძალები აღიდგინოს. მიუხედავად დასვენებისა, ახალი და საჭირო ინფორმაციის მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანია და მეტიც, ამისთვის შესაძლოა შვებულების პერიოდი საუკეთესო იყოს.
თუ ბიზნესლიტერატურა გაინტერესებთ, გთავაზობთ 5 წიგნს ზაფხულში წასაკითხად:
1. Shoe Dog – ფილ ნაიტი
Nike-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგო აქვს, რომელსაც ათლეტები მთელ მსოფლიოში ატარებენ. ფილ ნაიტმა, ორეგონის უნივერსიტეტის ყოფილმა მორბენალმა, განიზრახა შეექმნა და გაეყიდა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა Adidas-ს – ბრენდს, რომელიც 1960-70-იან წლებში სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე სრულად დომინირებდა. ბევრი ახალგაზრდა ანტრეპრენერის მსგავსად, ნაიტსაც ამბიციური მიზნები ჰქონდა, თუმცა – შეზღუდული რესურსები. 1962 წელს იაპონიაში გაემგზავრა, რათა მცირე წარმოების ბიზნესებთან გარიგება დაედო, მგზავრობის თანხა კი მამისგან ისესხა. მოგვიანებით მან თავისი ყოფილი მწვრთნელი, ბილ ბაუერმანი დაარწმუნა, 500 დოლარი ინვესტიცია ჩაედო ახალი წამოწყების 50%-იან წილში.
1972 წელს ნაიტმა საკუთარი ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო და საფუძველი ჩაუყარა Nike-ს. Shoe Dog, რომელიც მემუარებია, კარგად აჩვენებს ნაიტის მიზანდასახულობას – შეექმნა ბრენდი, რომელიც Adidas-თან კონკურენციას ღირსეულად შეძლებდა. დაარსებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ Nike-ის გაყიდვებმა 270 მილიონ დოლარს მიაღწია.
ეს წიგნი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მემუარები. ნაიტის უშუალო და პირდაპირი სტილი დეტალურად აღწერს Nike-ის ადრეულ პერიოდს და გვიჩვენებს, თუ როგორ მოაქვს დეტალებისადმი ყურადღებას უდიდესი შედეგი.
2. The Road Less Stupid – კით კანინგემი
ბიზნესლიტერატურის აბსოლუტური უმრავლესობა ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო ან როგორ გააკეთო ეფექტურად. კანინგემი წარმატებას სრულიად საპირისპირო რაკურსიდან უდგება, რაც პირველ რიგში სულელური შეცდომების თავიდან არიდებას გულისხმობს.
კანინგემი აზროვნების ხუთ საბაზისო დისციპლინაზე ამახვილებს ყურადღებას:
- იპოვეთ მთავარი დასასმელი კითხვა
- განაცალკევეთ პრობლემა მისი სიმპტომებისგან
- დაეყრდენით ფაქტებს და გადაამოწმეთ ვარაუდები
- გაითვალისწინეთ შედეგები
- შექმენით სწორი სისტემა
მართლაც, სიმპტომი და პრობლემა სრულიად განსხვავებული რამ არის. მაგალითად, თქვენი გაყიდვები შესაძლოა იზრდებოდეს, მაგრამ მოგება მცირდებოდეს. ხომ არ აკეთებს გაყიდვების გუნდი გადაჭარბებულ ფასდაკლებებს ბაზრის წილის დასაკავებლად? რა ხდება ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით? ხომ არ ღირს საწვავის დანამატის შემოღება ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მერყევი ფასების კომპენსირებისთვის? პრობლემა არასოდეს მარტივად არ გვარდება, სანამ მის სიღრმეში არსებულ მიზეზებს არ გამოვიკვლევთ.
ეგებ დადგა დრო, მოაწყოთ მენეჯმენტის შეხვედრა რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად? არსებული კომპანიის თავიდან შექმნა რომ გიწევდეთ, რას გააკეთებდა თქვენი გუნდი სხვანაირად? მარკეტინგის განყოფილებაში კადრების გადაჭარბებაა თუ ნაკლებობა? "სულელური" შეცდომის თავიდან არიდება შესაძლოა ბევრად უფრო მოგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი კონკრეტული მიზნის წარმატებით მიღწევა.
3. Unreasonable Hospitality – ვის გიდარა
ბიზნესში მომუშავე ადამიანების უმეტესობა ასობით, შეიძლება ათასობით რესტორანშია ნამყოფი – სწრაფი კვების ობიექტებიდან დაწყებული, მიშლენის ხუთვარსკვლავიანი რესტორნებით დამთავრებული. სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთი თვეც რომ გქონდეთ გატარებული, აუცილებლად შეხვდებოდით როგორც ზრდილობიან და ხელგაშლილ სტუმრებს, ისე რამდენიმე გადაჭარბებულად პრეტენზიულ კლიენტს. თუ სტუმრის პერსპექტივიდან შევხედავთ, უმეტესობა ამ უკანასკნელ კატეგორიაში თავადაც ყოფილვართ.
ამ სფეროს პროფესიონალმა, ვის გიდარამ, ათწლეულები დაუთმო იმის ხელახლა განსაზღვრას, თუ რას ნიშნავს იდეალური სერვისი. როდესაც მან Eleven Madison Park ჩაიბარა, რესტორანი კრიზისში იყო. ბუნებრივია, რომ მომხმარებელი ითხოვს მეტს, როდესაც მთავარ კერძში 80 დოლარს იხდის, ვიდრე მაშინ, როცა 14,95 დოლარს იხდის. ამ ინდუსტრიაში დეტალებისადმი ყურადღება კრიტიკულია. მაგალითად, პერსონალს მოუწოდებენ, დაამყარონ თვალით კონტაქტი და გაიღიმონ, როცა მომხმარებელს 3 მეტრის რადიუსში მიუახლოვდებიან, ხოლო 1,5 მეტრით მიახლოებისას სიტყვიერად მიესალმონ. სტანდარტული მისალმება ასე ჟღერს: "საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე ბენი ვარ და ამ საღამოს მე მოგემსახურებით. გთხოვთ, გადახედოთ მენიუს, მე კი მალე დავბრუნდები სასმელების შეკვეთისთვის". თითქოს მარტივად ჟღერს და არაფერია ამაში რთული.
ვინაიდან ეს გამოცემა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სექტორით არ შემოიფარგლება, შესაძლოა იკითხოთ: "რატომ უნდა წავიკითხო წიგნი რესტორნის მომსახურებაზე?" პასუხი მარტივია: ნებისმიერი ბიზნესი ხვდება რთულ მომხმარებლებს.
მომხმარებელთა მომსახურება უმეტესი კომპანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა დეტალი გაითვალისწინო. მაგალითად, როდესაც ოფისში რეკავენ, ტელეფონს რეალურმა ადამიანმა უპასუხოს და არა ავტომოპასუხემ. როდესაც პოტენციური კლიენტი ელფოსტით მიმართავს კომპანიას, გაყიდვების ან მენეჯმენტის გუნდის წევრმა მას ოპერატიულად უნდა გასცეს პასუხი.
უმაღლესი სერვისის უზრუნველსაყოფად არსებობს უამრავი ეფექტური ბიზნესსტრატეგია. გიდარა გვირჩევს გვყავდეს წარმატებული გუნდი და არა უბრალოდ ცალკეული ინდივიდები.
საუკეთესო მიმტანის მომსახურებაც კი დამოკიდებულია შეფმზარეულსა და სამზარეულოს პერსონალზე და პირიქით – ოსტატურად მომზადებული კერძი კარგავს ხარისხს, თუ ის დიდხანს შეყოვნდება, სანამ კლიენტის მაგიდამდე მივა. თუ სამზარეულოსა და დარბაზის პერსონალს ერთმანეთთან არ აქვთ სწრაფი კომუნიკაცია და არ თანამშრომლობენ, სისტემა იშლება.
აზრი მარტივია: პატივისცემით მიესალმეთ თქვენს მომხმარებლებს, მოუსმინეთ მათ მოთხოვნებს, განუმარტეთ, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ მათ მოლოდინს, თუ რამის გაკეთება არ შეგიძლიათ, იყავით გულწრფელები და გადაუხადეთ მადლობა თქვენი კომპანიისადმი გამოცხადებული ნდობისთვის.
4. The Hard Thing About Hard Things – ბენ ჰოროვიცი
ვინმეს უთქვამს თქვენთვის, რომ საკუთარი კომპანიის დაარსება ან გენერალური დირექტორატობა რთულია? თუ არა, იცოდეთ, რომ ასეა. ანტრეპრენერობა ან ბიზნესლიდერობა უაღრესად რთული, თუმცა, იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა.
ბენ ჰოროვიცი გვთავაზობს მიგნებებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ბიზნესლიდერებისთვის, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში. ის ხაზს უსვამს ძლიერი გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება უშუალოდ აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობაა. სწორი და უტყუარი ინფორმაციის მოპოვება სწორედ ის არის, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ასეთ კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ანტრეპრენერს სურს წარმატებული კომპანიის შექმნა, ყველა ლიდერი არ არის ბუნებრივად დახელოვნებული ადამიანების მართვაში. თუმცა, საკვანძო გუნდის ეფექტური მართვა, ისევე როგორც თანამშრომლების აყვანისა თუ დათხოვნის კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ხელმძღვანელისთვის. წარმატებული CEO უნდა იყოს როგორც მრავალმხრივი, ისე მაღალკვალიფიციური, ასე ვთქვათ, ყველაფრის მცოდნე და ამავდროულად თავისი საქმის ოსტატი. რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარი არის ის, რაც უმაღლესი დონის ლიდერებს ახასიათებთ.
5. Burn Rate – ენდი დანი
ბევრს გამოუცდია პროფესიული გადაწვა. ენდი დანს, რომელიც ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელი იყო, განზრახული ჰქონდა, თავისი კვალი დაეტოვებინა. თავისი სტარტაპის შენებისას იგი წააწყდა როგორც კაპიტალის მოზიდვისა და მარკეტინგის სირთულეებს, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს.
უამრავმა ადამიანმა, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სავარაუდოდ, თავისი პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლო. დანს გაუმართლა და აცნობიერებს ამ ფაქტს: "ეს არის წიგნი მენტალურ დაავადებაზე, მოყოლილი ანტრეპრენერის მიერ, რომელსაც გაუმართლა და ნაპირზე გასვლა შეძლო, იმის მიუხედავად, რომ ეს ნაპირი სიურპრიზებით სავსე ადგილია", – სწორედ ასეთი შთამბეჭდავი შესავალი აქვს წიგნს.
დანის ბიპოლარულმა აშლილობამ ის მუდმივი აღმასვლისა და დაღმასვლის მდგომარეობაში ჩააგდო. ალკოჰოლსა და კოფეინის დიდ დოზებზე დამოკიდებულებამ დააზიანა არა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება, არამედ მის გარშემო მყოფებიც. როდესაც მან საბოლოოდ დათმო CEO-ს პოზიცია, ეგონა, რომ ხანგრძლივი შვებულება ენერგიით დამუხტავდა. თუმცა, დანმა მალევე გააცნობიერა, რომ სწორედ კომპანიის მართვა იყო მისი ენერგიის წყარო და უქმად ყოფნა ბევრად უარესი აღმოჩნდა.
დანის ისტორია მკითხველში აღძრავს ემპათიას, რადგან მან არაერთი გამოწვევა გადალახა.
და ბოლოს, ანტრეპრენერებისა და ბიზნესლიდერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა გამოცდილებებსა და მიგნებებზე დაყრდნობით მუდმივი სწავლა და განვითარება. ამასთან, არ დაივიწყოთ კარგი მხატვრული ლიტერატურაც, რამდენადაც მას აქვს შესაძლებლობა, შთაგონების წყაროდ იქცეს როგორც თქვენი ბიზნესის, ისე თქვენი პიროვნული ზრდისთვის.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი