Get All Access for $5/mo

"ზარადენტი" - ყველა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურება ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტომატოლოგიური კლინიკა "ზარადენტი" არსებობის 23 წელს ითვლის, დღეს კი განვითარების ახალ ეტაპზეა − რამდენიმე თვის წინ "ზარადენტის" განახლებული ფილიალი სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გაიხსნა, რომელიც მუშაობას ახალი, მაღალკვალიფიციური გუნდითა და დიდი შემართებით აგრძელებს.

"ზარადენტი" მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა ორთოპედია, ქირურგია, პაროდონტოლოგია, თერაპია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოდონტია, იმპლანტოლოგია, რენტგენოლოგია და ვიზიოლოგიური კვლევა. კლინიკაში მისული პაციენტი კონსულტაციას თავდაპირველად პაროდონტოლოგთან გადის, რომელიც კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჯანმრთელობას ეცნობა, ამის შემდეგ კი პაციენტი დანარჩენი მიმართულებების ექიმებთან აგრძელებს მკურნალობას.

"ზარადენტმა" განვითარების საინტერესო გზა განვლო. პაციენტების მატებასთან ერთად, საჭირო გახდა გაფართოება და დღეს კლინიკა განახლებული კონცეფციით აგრძელებს მუშაობს.

"თავდაპირველად, ერთსავარძლიანი კაბინეტი გვქონდა. საქართველოში აწყობილი სავარძელი გვედგა. შემდეგ ორსავარძლიანში გადავედით. დრო მომწიფდაისეთი კლინიკები იყო გარშემო, გაზრდა და განვითარება გვჭირდებოდა. არსებული კაბინეტი 45 2-ზე მეტ შესაძლებლობას არ იძლეოდა, პაციენტებიც მომრავლდნენ. ტექნიკაც გვჭირდებოდა და რაღაცები შესაცვლელი იყო", იხსენებს კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამუნა ზარანდია.

Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ "ზარადენტის" გუნდი, მოგიყვეთ იმ გზის შესახებ, რაც სტომატოლოგიურმა კლინიკამ გასული 20 წლის განმავლობაში წარმატებით გაიარა და დღეს ერთ-ერთ მოწინავე კლინიკას წარმოადგენს, პროფესიონალი კადრებით.

თამუნა ზარანდია თერაპევტი

თამუნა ზარანდია "ზარადენტის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. პროფესიით სტომატოლოგია, თერაპევტი, თუმცა დღეს ძირითადად კლინიკის ადმინისტრაციულ საკითხებს ხელმძღვანელობს.

თამუნამ სტომატოლოგიური კლინიკის დაარსება საკუთარ ბიძაშვილთან − დიეგო ზარანდიასთან ერთად გადაწყვიტა. ორივე მათგანი სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და დასაქმების შესაძლებლობას ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამუნამ სტუდენტობის პერიოდში გარკვეული გამოცდილების დაგროვება შეძლო, ლიცენზიის აღების შემდეგ დასაქმება გაუჭირდა, ამიტომ საკუთარი კლინიკის გახსნა გადაწყვიტა.

"მართალია, უნივერსიტეტში სწავლის დროს ვმუშაობდი, მაგრამ ამხელა საქმის დაწყება რთული იყო იურიდიული, ფინანსური მხარე და რაც მთავარია, პაციენტთან მარტო რჩები პირისპირ და ზურგს უკან ვერ ხედავ ლექტორს. ასე დავიწყეთ მუშაობა მე და დიეგომ, პირველი ფართი ავიღეთ და მეგობრების დახმარებით რემონტი გავაკეთეთ. მაშინ ვიყიდე მობილურიც, პრობლემის შემთხვევაში ქირურგისთვის ან თერაპევტისთვის რომ დაგვერეკა", იხსენებს თამუნა ზარანდია.

"ზარადენტმა" საქმიანობა ჯერ კიდევ 2001 წელს ერთი სავარძლით და ორი ექიმით დაიწყო − დიეგო ორთოპედ-ქირურგი იყო, თამუნა კი თერაპიაში მუშაობდა. ორივე მათგანს ძალიან უყვარდა საკუთარი საქმე და მუდმივად განვითარებასა და წინსვლაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

Entrepreneur-თან საუბრისას თამუნა აღნიშნავს, რომ ყოველთვის სურდა ჰქონოდა კლინიკა, სადაც ექიმებს გაზრდისა და საკუთარი ოცნებების ასრულების შესაძლებლობა ექნებოდათ. სწორედ ამ ძლიერმა სურვილმა და მეუღლის მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ თამუნა კვლავ სტომატოლოგიურ ინდუსტრიას დაუბრუნდა.

"ჩემი კლინიკა მეორე სახლივითაა. ძალიან მიყვარს, ბევრია ნაფიქრი და მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, თავს კარგად გრძნობდნენ, რადგან თუ კარგად გრძნობენ თავს, კარგ შედეგებსაც აჩვენებენ. აბსოლუტურად არაფერში ვზღუდავ ექიმებს. უბრალოდ ყველას ვეუბნები, რომ ხარისხიანად, კეთილსინდისიერად აკეთონ თავიანთი საქმე პაციენტის მიმართ. არც თანხა, არც მასალა, არაფერს არ ვზოგავ კლინიკაში. კლინიკა მარაგდება ისე, რომ ექიმებმა სრულყოფილი სამუშაო გასწიონ", ამბობს თამუნა ზარანდია.

იმისათვის, რომ პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ, კლინიკაში დენტოსის პროგრამას იყენებენ და ამით, პაციენტების მოლოდინის რეჟიმს აკონტროლებენ, რაც ნაკლებ დისკომფორტს ქმნის. წარმატებული, მოქნილი და შედეგიანი მკურნალობისთვის, სხვადასხვა მიმართულების ექიმებს შორის კომუნიკაციის გასამარტივებლად ჩანაწერების სისტემაც შემოიღეს.

თამუნას თქმით, კლინიკის ყველაზე დიდი მიღწევა "ზარადენტის" გუნდი და ის პროფესიონალი ექიმები არიან, რომელიც პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

"ძალიან მიხარია, რომ ასეთი გონიერი, პერსპექტიული ექიმები და ასისტენტები გვყავს. ეს არის ყველაზე დიდი შენაძენი. მათზე დგას "ზარადენტი". ესენი რომ არ ყოფილიყვნენ ასეთი მოტივირებულები, რა თქმა უნდა, ის შედეგი არ იქნებოდა. აბსოლუტურად მოგყვებიან, გისმენენ, გთავაზობენ განსხვავებულს და შენც აანალიზებ შემდგომ ყველაფერს", ამბობს თამუნა ზარანდია.

ახლა "ზარადენტის" გუნდი 20 ექიმსა თუ ასისტენტს აერთიანებს, რომლებიც საოცარი გუნდურობით გამოირჩევიან, მუდმივად ზრუნავენ ერთმანეთის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. გარდა იმისა, რომ ექიმები თავადაც მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებასა და საინტერესო სიახლეების გაცნობაზე ზრუნავენ, კლინიკის ადმინისტრაციაც არაერთ ღონისძიებას ახორციელებს მათთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

"ყოველთვის ვეუბნები თანამშრომლებს: დაწერეთ და მაგიდაზე დამიდეთ, თუ რაიმე წინადადება გაქვთ. სამსახურში რომ მოვდივარ, მაგიდაზე მხვდება ბარათები. თუ რაიმეს აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაშინ უნდა დამარწმუნონ, რატომ არის ეს აუცილებელი. შემდეგ, თუ არის ამის საშუალება, გაითვლება, გეგმაში ჩაჯდება და გაკეთდება ეტაპობრივად. ახლა არაფერი მახსენდება ისეთი, რომ მოუგვარებელი ყოფილიყო. ყველაფერი მოგვარდა", ამბობს თამუნა ზარანდია.

სამომავლოდ "ზარადენტს" არაერთი საინტერესო გეგმა აქვს: უპირველესად, დამატებითი აპარატურის შეძენა სურთ, რათა მომსახურება პაციენტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდეს. გარდა ამისა, თამუნას საინტერესო და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებაც უნდა, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას გულისხმობს.

"ჯერ ცოტა წელში გავიმართოთ და ასეთი სოციალური აქტივობა მინდა, დავგეგმოთ კვირის რომელიღაც დღეს, ექიმების სურვილის მიხედვით, კლინიკაში ჩაეწერებიან სოციალურად დაუცველი დევნილები და ერთი დღე ამაზე იმუშავებს კლინიკა, ადამიანებს უსასყიდლოდ დავეხმარებით", ამბობს თამუნა ზარანდია.

დიეგო ზარანდია ქირურგი-ორთოპედი

დიეგო 15 წლის იყო, როდესაც სოხუმიდან თბილისში ჩამოვიდა. სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში სურდა, ბავშვობიდანვე კარგად ხატავს, თუმცა ვერ შეძლო. "მირჩიეს, ძალიან კარგი ხელი გაქვს და შენგან კარგი სტომატოლოგი დადგებაო", ამიტომ გამოცდები სტომატოლოგიაზე ჩააბარა. მოგვიანებით კი თამუნასთან ერთად კლინიკა "ზარადენტი" დააარსა, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია, წარმატებით ხელმძღვანელობს.

დიეგო "ზარადენტში" ქირურგ-ორთოპედია, ასევე ესთეტიკის მიმართულებით მუშაობს. გასული 22 წლის განმავლობაში განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო. ბოლო წლებია აქტიურად გადის პრაქტიკებს საზღვარგარეთ და არაერთი სირთულის ნამუშევრებს ქმნის.

"ესთეტიკა ისეთი რაღაც არის, რაც ვიზუალურად ჩანს. დგება გარკვეული მომენტი, როდესაც უკვე პროფესიონალიზმის პიკს მიაღწევ. მე როგორ მივაღწიე, იცით? ბევრი შეცდომა დავუშვი საკუთარ საქმეში. დაახლოებით 4-5 წელია, რაც ესთეტიკაში გადავედი და ჩემი ნიშა დავიჭირე. 23 წლიდან ბოლო 5 წელიწადში დიდი ცნობადობა მომიტანეს ამ პაციენტებმა. დავანახე საზოგადოებას, რომ ესთეტიკა, ღიმილი ეს სავიზიტო ბარათია", ამბობს დიეგო ზარანდია.

ხელოვნებისადმი სიყვარული დიეგომ სტომატოლოგიაში გადმოიტანა. იგი თვითნასწავლია, დღემდე ხატავს და არაერთი საინტერესო ნამუშევრის ავტორია. მისი თქმით, ეს უნარები სამუშაო პროცესს უმარტივებს და ცდილობს, რომ სტომატოლოგია ხელოვნების დონეზე აიყვანოს, რაც აშკარად კარგად გამოსდის.

"ჩემგან არასდროს დადგებოდა იურისტი, ეკონომისტი. მედიცინა მაინც ხელოვნებაა, მით უმეტეს ესთეტიკა. მომწონს ამასთან მუშაობა, რომელსაც ხედვა უნდა. ღიმილი ხელოვნების დონეზე ამყავს. ერთ და ორ კბილს არ ვაკეთებ, ვქმნი კბილების დიზაინს, რომელიც სახესთან შესაბამისი და ბუნებრივია", ამბობს დიეგო ზარანდია.

თუმცა, სანამ დიეგო სტომატოლოგიაში საკუთარ ადგილს იპოვიდა, როგორც თავად ამბობს, არაერთი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოოდ დიდი წარმატება მოუტანა. სწორედ ამ შეცდომებმა მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ცვლილებები იყო საჭირო.

"7-8 წლის წინ ნათესავები შევიკრიბეთ, სულ ჩემი პაციენტები იყვნენ. რომ გაიცინეს, ყველას ერთი ფორმის კბილები ჰქონდათ. როგორ შეიძლება ახალგაზრდას და ასაკოვანს ერთი ფორმის კბილები ჰქონდეთ?.. დავფიქრდი: დიეგო, რაღაცა უნდა მოიმოქმედო, რადგან ერთ ადგილას გაჩერდი-მეთქი და მას შემდეგ დაიწყო ცვლილებები", ამბობს დიეგო ზარანდია.

ამას ისიც ემატება, რომ იგი საკუთარ ნამუშევრებს საკმაოდ კარგად უწევს პოპულარიზებას. მან უკრაინაში PR-სკოლა და ასევე ფოტოგრაფიის კურსი გაიარა, რომლებსაც დღემდე საკმაოდ აქტიურად იყენებს. საკუთარი ბრენდი შექმნა − Dr. Diego და საზოგადოებას, სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარი შესაძლებლობები დაანახა. იგი ხშირად მასტერკლასებსაც ატარებს სხვა ექიმებისთვის, რათა მათ საკუთარი ნამუშევრები უფრო უკეთ წარმოაჩინონ.

დიეგო პროფესიული კუთხითაც მუდმივად ცდილობს განვითარებას. ხშირად დადის ევროპაში მასტერკლასებზე, აქტიურად ესწრება საქართველოში არსებულ შეხვედრებს და ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყოს. შეიძლება ითქვას, რომ იგი დღეს საკმაოდ წარმატებული ექიმია, რასაც დამოუკიდებლად მიაღწია.

"ამბობენ, რომ თავმდაბალი ვარ და ყოველთვის ვპასუხობ პაციენტებს. Live-ები მაქვს საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის. რისი საშუალებაც აქვს პაციენტს, იქამდე მივყვები ყოველთვის. მეგობრული დამოკიდებულება მაქვს პაციენტებთან და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ღამის სამ საათზეც ავმდგარვარ და მისაუბრია პაციენტთან, რადგან მას ვჭირდებოდი", ამბობს დიეგო.

თეონა ზარანდია თერაპევტი

თეონა "ზარადენტის" გუნდის წევრი ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი იყო და ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა. სწორედ აქ გადადგა პირველი ნაბიჯები სტომატოლოგიურ კარიერაში და მალე ლიცენზირებულ თერაპევტად ჩამოყალიბდა. როგორც თავად ამბობს, "ზარადენტი" მას არა მხოლოდ კარიერულად, არამედ პიროვნულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაშიც დაეხმარა.

"თამუნასთან და დიეგოსთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, პროგრესული ადამიანები არიან. გარდა იმისა, რომ პროფესია შევისწავლე, პიროვნულადაც საკმაოდ გავიზარდე. ის უნარები განვივითარე, რომლებიც მჭირდება იმისათვის, რათა სრულყოფილი ექიმი ვიყო. უამრავი პაციენტი იყო, ვუყურებდი ამ ყველაფერს, ვისმენდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გახლდათ ჩემთვის", ამბობს თეონა ზარანდია.

თეონა, ისევე, როგორც "ზარადენტის" სხვა თანამშრომლები, მუდმივად ზრუნავს საკუთარი თავის განვითარებაზე, სამომავლოდ კი სურს თერაპიის კუთხით კიდევ უფრო განვითარდეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ მიმართულებით დაეუფლოს.

გაფართოების შემდეგ ახალ გუნდთან ერთად მუშაობა საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა მისთვის. თუ მანამდე თავად უწევდა ასისტენტად მუშაობა, დღეს "ზარადენტში" მასაც ასისტენტები ჰყავს და მუდმივად ცდილობს მათ განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.

"ზოგჯერ მაბრაზებენ, ზოგჯერ მე ვაბრაზებ. მაგრამ ყოველთვის მინდა, მაქსიმალურად აითვისონ ის უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მომავალში კარგი ექიმები გახდნენ. მე არ მიყვარს პედაგოგიური ტონი, უბრალოდ მინდა მივანიშნო, რომ ყურადღება მიაქციონ, რაღაცები დაიჭირონ და შემდეგ ეს გამოიყენონ. მიხარია, რომ მყავს ასისტენტები და მაქვს შესაძლებლობა მათ ჩემი უნარები და გამოცდილება გავუზიარო", ამბობს თეონა ზარანდია.

როგორც ხედავთ, დიეგო და თამუნა ზარანდიების მრავალწლიანმა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო. გასული 20 წლის განმავლობაში მათ შეძლეს, არ დაეგდოთ ე.წ. თამასა და მუდმივად განვითარებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი. დღეს "ზარადენტი" საკუთარ ექიმებს განვითარების არაერთ შესაძლებლობას, ხოლო პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია