ZhuZhu: როგორ იქცა ერთი კულინარიული ექსპერიმენტი ინოვაციურ ქართულ გასტრონომიულ ბრენდად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასტრონომიაში ინოვაცია ხშირად ნაცნობი გემოების სრულიად განსხვავებული ფორმით წარმოდგენას ნიშნავს. სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული ZhuZhu, ბრენდი, რომელმაც კოქტეილი დესერტად აქცია და ალკოჰოლური ჟელე-კოქტეილის სრულიად ახალი კონცეფცია შექმნა.
ქართული ინგრედიენტების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ექსპერიმენტული მიდგომის შერწყმით ZhuZhu მომხმარებელს განსხვავებულ გემოსთან ერთად ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს.
Entrepreneur ქეთი სულამანიძეს, ZhuZhu-ს თანადამფუძნებელს, ბრენდის შექმნის ისტორიაზე, ქართულ გემოებზე, საერთაშორისო გეგმებსა და იმ ხედვაზე ესაუბრა, რომელიც ქართული გასტრონომიის მომავალს უკავშირდება.
როგორ გაჩნდა ZhuZhu-ს იდეა და რატომ გადაწყვიტეთ კოქტეილის სრულიად ახალი ფორმით, ალკოჰოლური ჟელე-დესერტით, წარდგენა?
ZhuZhu-ს ისტორია პატარა კულინარიული მარცხით დაიწყო. ამერიკაში პირველად დავაგემოვნე მარტივი Jello Shot და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, მეგობრებისთვის თავად მომემზადებინა. სამზარეულოში დიდი გამოცდილება არ მქონდა და შედეგიც სრული ჩავარდნა აღმოჩნდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტის სწორად შექმნა არც ისე მარტივია.
დავფიქრდი, ვის შეეძლო ამ იდეის რეალურ პროდუქტად ქცევა, და ერთმანეთს გავაცანი ჩემი ორი მეგობარი, შეფი ვლადიმერ რუსეცკი და ხარისხის კონტროლის სპეციალისტი ანნა ჭიღლაძე. ვლადიმერს ჩვეულებრივი ინგრედიენტების მოულოდნელ და დახვეწილ გემოებად გარდაქმნის განსაკუთრებული უნარი აქვს, ხოლო ანნას ქიმიის სფეროში მიღებული გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა ჟელატინის, ტექსტურისა და სტაბილურობის სწორად დამუშავებაში დაგვეხმარა.
პირველივე ექსპერიმენტის დროს ჩურჩხელა და ბეილისი სრულიად ახალ, ქართული ხასიათის ჟელე-კოქტეილად ვაქციეთ. ასე შეიქმნა, მაგალითად, ბეილისისა და ჩურჩხელის კომბინაცია, კარამელიზებული ნიგვზითა და ზღვის მარილით. ქინძი ლიმონჩელოს შევუხამეთ, თაფლი და ლიმონი – ჭაჭას, მექსიკური ტეკილა კი აჯიკასა და სვანურ მარილს.
ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ Jello Shot, მას ჰქონდა მრავალფენიანი გემო, განსხვავებული ტექსტურა და საკუთარი იდენტობა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ შეგვეძლო შეგვექმნა არა ამერიკული პროდუქტის ქართული ვერსია, არამედ სრულიად დამოუკიდებელი გასტრონომიული გამოცდილება.
რა გამოარჩევს ZhuZhu-ს სხვა კოქტეილებისა თუ დესერტებისგან?
ZhuZhu არც მხოლოდ კოქტეილია და არც ტრადიციული დესერტი, ის ამ ორ გამოცდილებას აერთიანებს. კოქტეილის არომატი და ალკოჰოლური ხასიათი წარმოდგენილია საკვებად, დესერტის ფორმით. სწორედ ამ გამოცდილებას გამოხატავს ჩვენი სლოგანიც, "შე-ჟუჟუ-ნდი გემოვნებით": მსუბუქად, დახვეწილად და გემოს სრული შეგრძნებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იდეის სიახლე, არამედ გემოს ბალანსი, ტექსტურა, ვიზუალი და მიწოდების ფორმაც. გემო ყოველთვის პირველ ადგილზეა, ალკოჰოლი არ უნდა დომინირებდეს, ის ინგრედიენტებთან ერთად ერთიან, ჰარმონიულ კომპოზიციას უნდა ქმნიდეს. სხვადასხვა გემოში ალკოჰოლის შემცველობა 7%-დან 28%-მდე მერყეობს, ხოლო სურვილის შემთხვევაში უალკოჰოლო ვერსიებსაც ვამზადებთ.
Gastro Week Tbilisi-მ, Taste Tbilisi-მ და Tbilisi Open Air-მა რა გამოცდილება შეგმატათ?
სამივე ღონისძიებამ ZhuZhu განსხვავებული აუდიტორიის წინაშე წარადგინა. Gastro Week-ზე გასტრონომიით დაინტერესებულ სტუმრებს შევხვდით, Taste Tbilisi-ზე კი, საქართველოს შეფთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროფესიონალებსა და ახალი გემოების მაძიებლებს. Tbilisi Open Air-ზე პროდუქტი უკვე ბევრად უფრო ფართო და დინამიკურ გარემოში წარვადგინეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრების პირველი რეაქციების უშუალოდ დანახვა იყო. ბევრი თავდაპირველად ვერ ხვდებოდა, კონკრეტულად რას ვთავაზობდით, თუმცა დაგემოვნების შემდეგ მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდნენ და სხვა გემოების დაგემოვნებაც სურდათ.
განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა შემთხვევები, როდესაც სტუმრები გვეუბნებოდნენ, რომ მსგავსი რამ აქამდე არასოდეს დაეგემოვნებინათ და ZhuZhu-ს შეკვეთას საკუთარ ქორწილში, კორპორაციულ ღონისძიებასა თუ კერძო წვეულებაზე გეგმავდნენ. ამ გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ZhuZhu მხოლოდ ცნობისმოყვარეობას კი არ იწვევს, მას რეალური მოთხოვნაც აქვს.
როგორია თქვენი ხედვა ქართულ გასტრონომიაში ინოვაციების განვითარების შესახებ და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ZhuZhu-ს ამ პროცესში?
ქართულ სამზარეულოს უნიკალური ინგრედიენტები, ძლიერი იდენტობა და დიდი ემოციური ღირებულება აქვს. ვფიქრობთ, ინოვაცია ტრადიციის უარყოფას არ ნიშნავს. პირიქით, ის შეიძლება იყოს გზა, რომლის საშუალებითაც ნაცნობი გემოები ახალ თაობასა და საერთაშორისო აუდიტორიას სრულიად განსხვავებული ფორმით გავაცნოთ.
ZhuZhu-ს როლი სწორედ ამ ორ სამყაროს შორის ხიდის ფუნქციის შესრულება შეიძლება იყოს, ქართული არომატების ინტეგრირება თანამედროვე კოქტეილის კულტურაში, ახალი ფორმატების გამოცდა და იმის ჩვენება, რომ ქართული გასტრონომია მხოლოდ კლასიკური კერძებით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია იყოს ექსპერიმენტული, თანამედროვე და საერთაშორისო გასტრონომიული სივრცისთვის საინტერესო.
რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში, ახალი გემოები, საერთაშორისო ბაზარი თუ სხვა საინტერესო თანამშრომლობები?
ZhuZhu ყველაზე ძლიერად სწორედ საერთო გამოცდილების ნაწილად მუშაობს. როდესაც ის ლანგრით ჩნდება, სტუმრები ინტერესდებიან, ერთმანეთს ეკითხებიან, რა არის, ერთად აგემოვნებენ და მიღებულ ემოციასაც ერთმანეთს უზიარებენ. ამიტომ პროდუქტი ბუნებრივად მოერგო ქორწილებს, გალა ვახშმებს, კორპორაციულ საღამოებს, ბრენდულ ღონისძიებებსა და კერძო წვეულებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, სად გამოჩნდება ZhuZhu, არამედ ისიც, როგორ იქნება წარმოდგენილი. ამიტომ ვთანამშრომლობთ იმ ქეითერინგ კომპანიებთან, ღონისძიებების ორგანიზატორებსა და სივრცეებთან, სადაც ხარისხი, ესთეტიკა და სტუმრის გამოცდილება ისეთივე პრიორიტეტულია, როგორიც ჩვენთვის. ასე ZhuZhu მენიუს რიგითი ელემენტი კი არა, ღონისძიების კონცეფციის ორგანული ნაწილი ხდება.
უახლოეს მომავალში ვაგრძელებთ ახალი და სეზონური გემოების განვითარებას. გვინდა მენიუში მუდმივად ჩნდებოდეს ისეთი კომბინაციები, რომლებიც ქართულ ინგრედიენტებს მოულოდნელ ალკოჰოლურ ბაზებსა და თანამედროვე ტექნიკებთან აერთიანებს.
საერთაშორისო ბაზარი ჩვენი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან გვჯერა, რომ ქართული გემოებით შექმნილ თანამედროვე კოქტეილ-დესერტს საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ პროდუქტის ხარისხი, ხელწერა და ის ემოცია, რომლის გამოც ZhuZhu შეიქმნა.