"ზრდასრულთა განათლების სისტემა საქართველოში განვითარებას საჭიროებს" — ნინო ელბაქიძე და ზრდასრულთა განათლების ახალი ეტაპი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში განათლების სისტემაზე საუბრისას ჯერ კიდევ იშვიათად გვესმის ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე. ეს სისტემა დაურეგულირებელია და დღეისათვის განათლების არცერთ საფეხურთან არ ასოცირდება ცალსახად. ნინო ელბაქიძისთვის ეს საკითხი პროფესიულ მოწოდებად იქცა და სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ზრდასრულებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ნინოს საქართველოსა და გერმანიის განათლების სისტემებში სწავლისა და მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. ის დასაქმებული იყო როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში. ნინო განათლების მეცნიერებების მაგისტრია გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან და პროფესიული განათლების მასტერ-ტრენერია ასევე გერმანიაში, მაგდებურგიდან.
2024 წელს კი მან დააფუძნა ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ადამიანების მხარდაჭერას - მათ განვითარებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება ორგანიზაციებს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და შენარჩუნებაში.
"2022 წელს ევროპის ტრენინგების ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც თვალები ამიხილა," - იხსენებს ნინო.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზრდასრულთა მხოლოდ 3%-ია ჩართული ზრდასრულთა განათლების სისტემაში, მაშინ როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია.
ეს აღმოჩნდა სიგნალი, რომელიც ნინოსთვის საკმარისი იყო პირველი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად.
"ეს იყო შოკის მომგვრელი ინფორმაცია - ის, თუ რაოდენ მცირე იყო ზრდასრულთა ჩართულობა განათლებაში. მაშინვე მივხვდი, რომ სერიოზული დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და უნდა დაგვეწყო მოქმედება. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტე დამეფუძნებინა ორგანიზაცია, რომელიც კონტრიბუციას შეიტანდა ზრდასრულების უწყვეტი განათლების საქმეში," - ამბობს იგი.
ნინოს ინსტიტუტი ეხმარება ზრდასრულებს, იპოვონ თავიანთი გზა - გაიღრმაონ უკვე არსებული პროფესიული უნარები, ან სულაც ახალი სფერო აირჩიონ. ფორმალური თუ არაფორმალური განათლების საშუალებით, მათ ეძლევათ შანსი, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები.
"ბაზარი თითქოს სავსეა სხვადასხვა ტრენინგითა და სასწავლო კურსით, მაგრამ როცა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ზრდასრულებისთვის ეს ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება," - გვიყვება ნინო.
ბოლო წლები, ნინოს თქმით, საკმაოდ არასტაბილურია ბოლო ათწლეულში. მაგრამ სწორედ ასეთ გარემოში დაიბადა ინსტიტუტი.
"ჩვენ ტურბულენტურ დროში ვცხოვრობთ. როდესაც ადამიანები გრძნობენ შფოთვასა და გაურკვევლობას, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების შესაბამისი უნარები, რომლებიც დაეხმარებათ, შეიძინონ თავდაჯერებულობა, მოერგონ ახალ რეალობას და შეინარჩუნონ თავიანთი პროფესიული აქტუალობა. ამას გარდა, 21-ე საუკუნეში სრულიად შეიცვალა ლიდერობის კონცეფცია. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, გაეცნონ და დანერგონ ლიდერობის თანამედროვე ტენდენციები," - ამბობს ნინო.
მისი აზრით, ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აუცილებელი. ინსტიტუტი იქცევა იმ პლატფორმად, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ზრდასრულებსა და ორგანიზაციებს, მოემზადონ ცვლილებების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რასაც ნინო წააწყდა, პარადოქსი იყო: ერთი მხრივ, შრომის ბაზარი ითხოვს კადრებს, მეორე მხრივ, ზრდასრულები ვერ საქმდებიან საჭირო უნარების ნაკლებობის გამო.
"ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ეს ორი მხარე ერთმანეთს - დამსაქმებელი, რომელსაც ესაჭიროება ადამიანური კაპიტალი განვითარებისათვის და შესაბამისი კადრი, რომელსაც სურს თავის ქვეყანაში წარმატებით დასაქმება", - აღნიშნავს ნინო.
ინსტიტუტი ასევე მუშაობს ორგანიზაციებთან, რომლებსაც სჭირდებათ კადრების მოძიება და შენარჩუნება. პარალელურად, ზრდასრულებს სთავაზობს გადამზადებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს ეძლევათ პროფესიული განათლების მიღების შანსი უცხოეთში, რაც კარიერულად მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს.
გენდერული სტერეოტიპები დღესაც დამაბრკოლებელია ქალებისთვის, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა მათ კარიერული ცვლილება სურთ. ნინოს თქმით, ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქალების გაძლიერების პროგრამებია.
"გვყავს გოგონები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს. ასევე, გვყავს ქალები, რომელთაც სურთ, შეიცვალონ პროფესია, მაგრამ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ".
ინსტიტუტი მალე დაიწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას დამსაქმებლებისთვის, რათა შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობა გაძლიერდეს . ერთ-ერთი ახალი მიმართულება კი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალების მხარდაჭერა იქნება.
ნინო და მისი გუნდი საკუთარ თავს ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელოვან ძალად ხედავენ საქართველოში.
"ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს, რომლებიც არასტაბილური გარემოს მიუხედავად, ირჩევენ განვითარებას. ვეხმარებით ორგანიზაციებს კადრების შერჩევასა და შენარჩუნებაში. გვაქვს საერთაშორისო კონტაქტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, მივაწოდოთ ზრდასრულებს ხარისხიანი განათლება", ამბობს ნინო.
კონსულტაციისთვის ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
Vetinstitute2020@gmail.com
WhatsApp: +995599069274