Get All Access for $5/mo

ზრუნვა საკუთარ თავზე? მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველთვის მიკვირდა და ვფიქრობდი იმაზე, თვითმფრინავის აფრენამდე ბორტგამცილებლის მიერ მგზავრთა უსაფრთხოების შესახებ ჩატარებული ინსტრუქციისას, რამდენად სწორია ბავშვებთან ერთად მყოფი მშობლების გაფრთხილება – ავარიული დაშვებისას ჯერ თქვენს თავს დაეხმარეთ და შემდეგ თქვენს პატარას, ჯერ საკუთარ თავს მიაწოდეთ ჟანგბადი და შემდეგ თქვენს პატარას...

ვინც ამ საკითხზე ღრმად არ ჩაფიქრებულა, რომ შეეკითხო, როგორ მოიქცევი ასეთ სიტუაციაში, პირველად ვის დაეხმარები, ბავშვს თუ საკუთარ თავსო, უმრავლესობა დაუფიქრებლად გიპასუხებთ – რა თქმა უნდა ჯერ ბავშვს. და მართალიც იქნება, თუმცა...

მუდამ ვფიქრობდი, რამდენად სწორი იყო ეს მითითება და ბოლოს მივხვდი, რომ გამოცდილ პილოტებსა და ეკიპაჟის წევრებს ნამდვილად დაეჯერებათ.

და რაც მთავარია, ეს არა მხოლოდ თვითმფრინავით მგზავრობისას, არამედ ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყველა სიტუაციაში – ოჯახში, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში გასათვალისწინებელი რჩევაა.

ყველას გვინახავს და საკუთარ მაგალითზეც გამოგვიცდია, ჩვენზე მზრუნველი დედ-მამა, ბებია-ბაბუა თუ უახლოესი ადამიანები როგორ იკლებენ ყველაფერს ჩვენთვის, რაც ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად უჯდებათ.

საზოგადოება და სოციუმიც თითქოს შეთანხმებულია, რომ ეს ასეც უნდა იყოს – აბა ბებია რის ბებიაა, შვილიშვილზე ზრუნვაში თვალსა და ხელს შუა თუ არ ჩამოჭკნა, რადგან არასდროს რჩება დრო საკუთარი თავისთვის; აღარც დედაა ისეთი მოღიმარი და თვალებგაბრწყინებული; მამასაც ეტყობა ნერვიულობისა და დაძაბული, პასუხისმგებლობებით დატვირთული ცხოვრების კვალი...

დროა ამ საკითხს სხვანაირად შევხედოთ და გავიაზროთ, რომ საყვარელ ადამიანზე ზრუნვა საკუთარი ჯანმრთელობის შეწირვის ხარჯზე არც სწორია და არც აუცილებელი. და არა იმიტომ, რომ ეგოისტები გავხდეთ, არამედ სრულიად საპირისპიროდ – საკუთარ თავზე ზრუნვით კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე, რადგან მათ, უპირველესად, ჯანმრთელი, ლაღი, წელში გამართული, ძლიერი, მატერიალურად და ფიზიკურად შეძლებული ვჭირდებით.

ძველი მიდგომა – მე შენზე ვიზრუნებ, შენ კი ჩემზე, ახლით უნდა შეიცვალოს – მე ჩემზე ვიზრუნებ შენთვის, შენ შენზე იზრუნე ჩემთვის.

დიახ,

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო.

შენ შენზე იზრუნე, რომ ჩემზე უკეთ იზრუნო.

თვითგანვითარება, პერსონალური ზრდა, ჩვენს თავში ინვესტირება საუკეთესო კონტრიბუციაა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ იმ კომპანიის, იმ გუნდის, იმ ოჯახისა თუ სოციუმის მომავალში, რომლის ნაწილიც ხარ და რომლისთვისაც გული შეგტკივა.

რაც უფრო ძლიერდები, რაც უფრო მეტად განათლებული, ჭკვიანი, უნარიანი და შეძლებული ხდები, მით უკეთ შეგიძლია საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა.

ამიტომაც დაეჯერება თვითმფრინავის გამოცდილ ეკიპაჟს, რომლებიც იმიტომ კი არ გვაფრთხილებენ მშობლებს, ჯერ საკუთარ თავს დავეხმაროთ და შემდეგ ჩვენთან ერთად მყოფ პატარას, რომ ბავშვი მეორეხარისხოვანია, არამედ პირიქით – ეს რჩევა, უპირველესად, ბავშვების წინაშე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს.

ბევრი კი, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, საპირისპიროდ ფიქრობს და ხშირად საკუთარ ჯანმრთელობასაც სწირავს საყვარელი ადამიანის გამო, ის კი ავიწყდება, რომ საკუთარ თავს თუ არ მიხედა, ამით საფრთხეს საკუთარ თავსაც უქმნის და ზრუნვის ობიექტსაც.

გახსოვდეს: შენი პერსონალური განვითარება საუკეთესო კონტრიბუციაა შენი შვილებისა და ახლობელი ადამიანების უკეთეს მომავალში.

როცა მშობლები კარგად არიან, შვილებიც კარგად გრძნობენ თავს.

როცა მშობლები ბედნიერები არიან, შვილებიც ბედნიერად გრძნობენ თავს.

გააძლიერე საკუთარი თავი და ასე უფრო მეტად გააძლიერებ შენს ოჯახს, მეგობრებს, გუნდს, ორგანიზაციას, გარემოს...

საკუთარ თავზე ზრუნვა დანაშაული არაა.

პირიქით! ეს პასუხისმგებლობაა მშობლების, შვილების, მეუღლის, მეგობრების, კოლეგების, კომპანიისა და გნებავთ, ქვეყნის წინაშე.


გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია