5 საუკეთესო ფინანსური რჩევა ანტრეპრენერებს ფინანსური მრჩეველების მიერ რეკომენდებული ბიზნესის ზრდისა და მისი უსაფრთხოების დაცვის გამოცდილი გზები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინანსების სამყაროში ორიენტირება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით, სტარტაპების საკმაოდ კონკურენტუნარიან ეკოსისტემაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, ნებისმიერმა უნდა იფიქროს, სიცოცხლის დაზღვევაზე, საპენსიო, დანაზოგებისა და გადასახადების დაგეგმვაზე, და საზიარო სარგებლობის ფონდებზე. ეს ყველაფერი შესაძლოა, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, თუ ამავე დროს, ახალი ბიზნესის განვითარებას (ან ძველის შენარჩუნებას) ცდილობთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სათანადოდ უნდა დაგეგმოთ, როგორ უნდა იმუშაოს თქვენმა ფულმა და ფინანსური მიზნებიც დასახოთ, თუნდაც, ამ დროს კომპანიას მართავდეთ. ქვემოთ, ფინანსური მრჩეველების ხუთი საუკეთესო რჩევაა ანტრეპრენერებისთვის, რომ მათ თავიანთ მოგზაურობაში გამოიყენონ.
1. შეიმუშავეთ ფინანსური მიზნები
რამდენი უნდა იყოს თქვენი დაზოგილი თანხა? რა გაქვთ გადაწყვეტილი, თანხის გაზრდა, მისი დაზოგვა და შვებულების დროს გამოყენება, თუ ერთ მშვენიერ დღეს სახლის შეძენა? შესაძლებელია, ეს ყველაფერი ერთდროულად ვერ მოხერხდეს, როდესაც კომპანიასაც ხელმძღვანელობთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ყველაფერი შესაძლებელია, თუ მუშაობისას თქვენს ინტერესებს არ დაივიწყებთ.
თუ ჯერ კიდევ არ იცით ზუსტად, რა უნდა გააკეთოთ თქვენი ფინანსებით ან როგორ უნდა ჩაუყაროთ საფუძველი თქვენს ძლიერ ფინანსურ მომავალს, სერტიფიცირებულ ფინანსურ მრჩეველებთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. ისინი მიზნების დასახვაშიც დაგეხმარებიან და მათ მიღწევაშიც თუ რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში სისტემატურად იმუშავებთ. შესაძლოა, ეს ყოველთვიურად მხოლოდ გარკვეული თანხის გადადებას ნიშნავდეს. ფინანსური მრჩეველი სტრატეგიის შემუშავებაშიც დაგეხმარებათ, რომ ამ გეგმის განხორციელება რეალობად აქციოთ.
2. შეადგინეთ ბიუჯეტი
ბიუჯეტი ნებისმიერი ფინანსური გეგმის საფუძველია და ეს სრულიად ბუნებრივია. მის გარეშე, თქვენი ბიზნესი გემივით იქნება, რომელსაც საჭე არ აქვს. უპირველესად, თქვენს ხარჯებს გადახედეთ, მათ შორის ბინის, კომუნალური მომსახურების, კვების და მათ შორის, გართობისაც. თქვენი ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს. ამ თანხიდან გამოთვალეთ, რამდენის გადადება შეგიძლიათ ყოველთვიურად. სავარაუდოდ, გართობის ხარჯების შემცირება მოგიწევთ, მაგრამ არ შეშინდეთ - მეგობრებისა და ოჯახის მონახულებას, სადილად წასვლას და თუ მოისურვებთ, ფილმების ნახვასაც, უწინდებურად შეძლებთ. ან სულაც შესაძლოა, უბრალოდ, მთლიანი ხარჯების შემცირება დაგჭირდეთ. ბიუჯეტის შედგენის სისტემას გადახედეთ, რომელიც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი - ელექტრონული ცხრილი იქნება ეს თუ ფინანსური დაგეგმვა ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Mint, PocketGuard, You Need a Budget თუ Wally.
ერთ-ერთი მაგალითია, 50/30/20 პროპორციის დაცვა, რომელიც შემდეგს გულისხმობს: ფინანსების 50 პროცენტის აუცილებელი ხარჯებისთვის გადადება, 30 პროცენტით - სურვილების შესრულება, და 20 პროცენტით კი, - დანაზოგის გაკეთება. თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებები მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, ბიუჯეტის შედგენა კი, მიზნების განსაზღვრაში და მათ შესრულებაში დაგეხმარებათ.
3. შეისწავლეთ საინვესტიციო შესაძლებლობები
კარგად მოიფიქრეთ, როდის გსურთ სახლის შეძენა და როდის - გირაოს გადახდა. იქნებ იმაზე ფიქრობთ, რომ ინვესტირება და გაცილებით დიდ რისკზე აჯობებს წასვლა. ან შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, რომ ინვესტირებას გაცილებით კონსერვატულად უნდა შეხედოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეტაპზე ხართ, საინვესტიციო შესაძლებლობები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოთ.
ისეთ საშუალებებს გადახედეთ, როგორიცაა კომპაქტ დისკები, ობლიგაციები, აქციები და ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში. თითოეულს თავისი უპირატესობები აქვს და ნაკლოვანებები, იმის მიხედვით, ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით და როგორი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. ზოგადად, თუ ახალგაზრდა ხართ, გასარისკად კარგი დროა. თუ აქციები დაეცემა ან ბიტკოინში (ან სხვა კრიპტოვალუტაში) ჩადებული ინვესტიცია ფასს დაკარგავს, საკმარისი დრო გექნებათ მდგომარეობის გამოსასწორებლად. მეორე მხრივ, როდესაც პენსიას უახლოვდებით, სჯობს, თავი დაიზღვიოთ და დარწმუნდეთ, რომ იქამდე, ვიდრე ფიქსირებული შემოსავალით დაიწყებთ ცხოვრებას, დიდ დარტყმას არ მიიღებთ.
4. პენსიაზე გასვლის გეგმა
იმ პერიოდზე ზრუნვის დაწყება, როდესაც აღარ იმუშავებთ, არასოდეს არის მეტისმეტად ადრე ან მეტისმეტად გვიანი. საწარმო, რომელიც ადრეულ ეტაპზე დააფუძნეთ, შესაძლოა, ამჟამად თქვენი საყვარელი სამუშაო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი მომავლის მყარი საფუძვლის ჩაყრას ვერ შეძლებთ. ბევრ ახალგაზრდა ანტრეპრენერს შევხვედრივარ, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ საკმარისი თანხა დაზოგონ, და 20, 30 თუ 40-იან წელს რომ გადააბიჯებენ, პენსიაზე გავიდნენ. პენსიაზე გასასვლელად ეკონომიის გეგმა შეიმუშავეთ, თანხა იმ ანგარიშზე შეიტანეთ, რომელზეც თუ არ შეეხებით, მოიმატებს. საკუთარ თავს უთხარით, რომ ამ ფულის შეხება აკრძალულია და ეს წესი განუხრელად შეასრულეთ.
თქვენს კომპანიაში დაგროვებითი საპენსიო ფონდით დაიწყეთ და ამ უპირატესობით ისარგებლეთ. შესაძლოა, თქვენი საპენსიო-შემნახველი ანგარიში დიდი სტიმულიც იყოს და ამასთან ერთად, მოტივაციის შენარჩუნების საშუალებაც, რადგან თქვენი თვალით დაინახავთ, როგორ განუხრელად იზრდება თქვენი ფული.
5. გააგრძელეთ სწავლა
ფინანსური დაგეგმვა, შესაძლოა, არც ისე მარტივი იყოს, განსაკუთრებით, თუ უკვე მართავთ ბიზნესს. უამრავ ტერმინში, აკრონიმში უნდა გაერკვეთ, სამართლებრივი შედეგები გაითვალისწინოთ და ნაბიჯები გადადგათ. ყველაფერი უნდა იცოდეთ, სიცოცხლის დაზღვევის პოლისებით დაწყებული, სავალუტო ბაზრისა და ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშით, აქციებითა და ობლიგაციებით დამთავრებული. სხვადასხვა აპლიკაციები უნდა შეამოწმოთ, რომლებმაც შესაძლოა, გაცილებით სასიამოვნო პროცედურად აქციონ ინვესტირება და ბიუჯეტის შედგენა. ისეთი ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, ბუღალტერი იქნება ეს თუ ფინანსური მრჩეველი, რომლებიც მიმდინარე და მომავალი ფინანსური საკითხების გარკვევაში დაგეხმარებიან. ყველა ეკონომიკური მოვლენის კურსში იყავით, ამასთან, მხოლოდ იმ სფეროში კი არა, რომელშიც თქვენი კომპანია საქმიანობს, არამედ, მთელ ეკონომიკაში. ამ ყველაფერს აუდიო წიგნებით, ინტერნეტით ან სხვადასხვა გაკვეთილებით შეძლებთ.
შეეცადეთ, მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ და ამიტომ, ერთ ჯერზე, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგით. ფინანსური დაგეგმვა სერიოზულ პრობლემად არ ჩათვალოთ, მხოლოდ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობად მიიჩნიეთ. პირად ფინანსებზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად არ გაიხადოთ, თქვენი ფინანსური მომავლის მნიშვნელობა, და სწავლისა და ზრდის პოტენციალი სათანადოდ შეაფასეთ.