You can be on Entrepreneur’s cover!

6 გზა ფულის მოძრაობის პრობლემების მოსაგვარებლად ფულის მოძრაობის კრიზისის დროს ყველაზე უარესი უმოქმედობაა.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Harry Strauss, Pixabay

კომპანიების უმრავლესობას მთელი წლის განმავლობაში სტაბილური შემოსავალი არ აქვს. გარკვეული თვეების მანძილზე მაღალი გაყიდვებია, მაგრამ არის თვეები, როდესაც მხოლოდ ცოტაოდენი თანხა თუ შემოდის. ამასთან, შეიძლება გაუთვალისწინებელმა დანახარჯებმა და კლიენტთა ვადაგადაცილებულმა გადახდებმაც შექმნას სირთულეები. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენი ფულის მოძრაობის პრობლემის გადაჭრა ნამდვილად შესაძლებელია.

ფულის მოძრაობის პირველადი პრობლემების გარკვევა

პირველ რიგში, ძიება თავიდან დაიწყეთ და პრობლემის მოგვარების გონივრული სტრატეგიის განხორციელებას მხოლოდ შემდეგ შეუდექით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ გაარკვიეთ, რამ გამოიწვია ის. შესაძლოა, ასეულობით მიზეზი არსებობდეს, მაგრამ ფულის მოძრაობის პრობლემებს, როგორც წესი, 3 მიზეზი აქვს:

1. გაყიდვების პრობლემები

მოდით, დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული დამნაშავით - გაყიდვების პრობლემებით. როდესაც საკმარის პროდუქციას არ ყიდით, ბუნებრივია, ფულის მოძრაობის პრობლემას აუცილებლად გადააწყდებით. მთავარია იმის დადგენა, რატომ ვერ ყიდით საკმარის საქონელს.

გაყიდვების პრობლემა ამ სამთაგან ერთ-ერთს უკავშირდება: (1) ფასი მეტისმეტად მაღალია; (2) ბაზარზე ეს პროდუქტი პოპულარული არ არის; (3) არ ცდილობთ შესაბამისი აუდიტორიის მოძებნას და არც სასარგებლო მარკეტინგული ინიციატივები გაქვთ.

უმეტეს შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ თქვენი გაყიდვების პრობლემა, სინამდვილეში, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. რაც მალე გამოიძიებთ ამ საკითხს და დაადგენთ, რა აფერხებს გაყიდვებს, მით სწრაფად მოაგვარებთ პრობლემას.

2. გაზრდილი ხარჯები

თუ თქვენი კომპანიის გაყიდვებიდან მოგების მიღება გამართულად მიდის, ჩანს, გაყიდვების პრობლემა არ გაქვთ. ამის შემდეგ ხარჯები უნდა შეამოწმოთ. თუ შემოსავლები მაღალია, ფულის ნაკადის მოძრაობა კი - მაინც არადამაკმაყოფილებელი, სავარაუდოდ, გაყიდვების შემდეგ რაღაც ხდება. თქვენი ფული სადღაც, არასწორი მიმართულებით მიედინება. ამას ხარჯთაღრიცხვის კარგად გადახედვა მოჰფენს ნათელს.

საკუთარ დანახარჯებზე თვალის დახუჭვა ადვილია, როცა ყველაფერი შესანიშნავად მიდის და ფულის მოძრაობის მაჩვენებელი დადებითია. როგორც კი თქვენს ბიუჯეტს სირთულეები გაუჩნდება, მოგიწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.

6 გზა ფულის მოძრაობის პრობლემათა მოსაგვარებლად

როგორც კი გაარკვევთ საკუთარი ფულის მოძრაობის პრობლემათა მიზეზებს, მისი მოგვარება უნდა დაიწყოთ. არ დაივიწყოთ მთავარი – თქვენი ბიზნესი მოკლევადიან პერსპექტივაში აქტიური უნდა დარჩეს, გრძელვადიანში კი წარმატება მოიპოვოს. განიხილეთ ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი:

1. მოკლე ვადით დიდი ფასდაკლება გამოაცხადეთ

თუ თქვენი კომპანია ნორმალურად აწარმოებს საქმიანობას, დროებითი პრობლემების მოსაგვარებლად ფულის სწრაფი მიშველებაც კმარა. ამისთვის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზა გახლავთ სასწრაფო ფასდაკლების გამოცხადება. ცხადია, ეს იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც პროდუქციას ყიდიან და სტაბილური შემოსავალი აქვთ.

სწორად განხორციელებული ფასდაკლების აქცია საშუალებას მოგცემთ, მოკლე ვადაში მიიღოთ შემოსავალი. მართალია, თანხა სტანდარტულზე მცირე იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მეორეხარისხოვანია. ნაღდი ფული ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია, და უფრო მეტად საჭიროც.

2. გაზარდეთ ფასები

შესაძლოა, გაყიდვების საკითხში პრობლემა საერთოდ არ გაქვთ, მაგრამ ფულის მოძრაობაში მაინც გარღვევაა. ამ დროს რა ხდება? მსგავს შემთხვევაში ფასდაკლება კარგს არაფერს მოგიტანთ, რადგან ფაქტია, პრობლემას რენტაბელობის ნაკლებობა ქმნის.

ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ფასების გაზრდაა. გაითვალისწინეთ, ამით შეიძლება ის მომხმარებელი დაკარგოთ, რომელიც ფასების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა, მაგრამ თუ თქვენი პროდუქცია და მომსახურება ხარისხით გამოირჩევა, ნახავთ, რომ უმრავლესობა მაინც თქვენი ერთგული დარჩება, დაკარგულ გაყიდვებსაც აანაზღაურებს და მეტი თანხაც შემოგივათ.

3. გახსენით საკრედიტო ხაზი

ფულის ნაკადის მოძრაობის პრობლემის დროს ბიზნეს საკრედიტო ხაზი, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა ტიპის დაფინანსებაზე კარგი საშუალებაა, რადგან სრულიად მისაღები პირობები აქვს, თანხის ბრუნვის შესაძლებობით და კონკრეტულად ბიზნეს საკრედიტო ხაზის მეშვეობით მხოლოდ იმ თანხის პროცენტს გადაიხდით, რომელსაც გამოიყენებთ. როგორც კი ვალს გადაფარავთ, მაშინვე მთელი თანხა კვლავ ხელმისაწვდომი გახდება. თავისი არსით, საკრედიტო ხაზი თქვენი ბიზნესის საკრედიტო ბარათია.

4. იმუშავეთ მხოლოდ კონტრაქტით

თუ მომსახურების ბიზნესი გაქვთ, საუკეთესო გზა ფულის მოძრაობის კრიზისის ასაცილებლად მხოლოდ კონტრაქტით მუშაობა იქნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მთლიანად მშრალზე არ დარჩებით, მაგრამ სრულ და დროულ გადახდებს თქვენთვის ვერ უზრუნველყოფს.

კონტრაქტზე დამყარებული გადახდის სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, გაცილებით ზუსტი პროგნოზი გააკეთოთ მოცემულ პერიოდში ფულის მოძრაობის შესახებ. ვარაუდების ნაცვლად, სულ მცირე, ზოგადი ციფრი მაინც გექნებათ. ამგვარად, ეს ნაბიჯი უდავოდ კეთილგონიერების გამოჩენაა თანამედროვე ქაოსურ ბიზნესსამყაროში.

5. უფრო გამართულად შეადგინეთ ანგარიშფაქტურები

თუ თანხების შეგროვება თქვენი კომპანიისთვის პრობლემაა და საამისოდ ბრძოლა გიწევთ, ანგარიშფაქტურების შედგენის თქვენეულ მეთოდს გადახედეთ. გაითვალისწინეთ, ამ ფრონტზე მდგომარეობის გაუმჯობესება კლიენტებთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ფაქტურები დროულად უნდა შეადგინოთ, დოკუმენტები პროგნოზირებადი და ადვილად გასაგები იყოს და სამუშაოს დასრულებისთანავე ან, მაქსიმუმ, რამდენიმე დღის შემდეგ გაიგზავნოს. ანგარიშფაქტურაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული გადახდის დრო, ვადები და განხორციელების გზები. და ბოლოს, ხარჯები იმდენად ზუსტად უნდა იყოს გამიჯნული, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მთლიანი თანხის გამოთვლასთან დაკავშირებით.

6. დაიქირავეთ უკეთესი თანამშრომლები

ბოლოსდაბოლოს, ფულის ნაკადის ქრონიკული პრობლემები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ კარგი გუნდი არ გყავთ და თანამშრომლები საბუღალტრო აღრიცხვის მოგვარებასაც კი ვერ ახერხებენ. მართალია, ამის გაკეთება არცთუ სასიამოვნო იქნება, მაგრამ, თუ ეს დადასტურდა, პასუხისმგებელი პირების სამსახურიდან გათავისუფლება და ახალი თანამშრომლების დაქირავება მოგიწევთ. კარგი გუნდი საბუღალტრო განყოფილებაში პრობლემური საკითხის გარკვევასა და ყველაფრის თავიდან დაწყებაში დაგეხმარებათ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს