ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თავისუფლების 4 მარტივი ნაბიჯი პენსიაზე ადრე გასასვლელად ლატარიაში დიდი ფულის მოგება ან მსუყე მემკვიდრეობის მიღება სულაც არ არის აუცილებელი.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პენსიაზე ადრე გასვლა გსურთ? წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება, როდესაც სამსახურში სიარული სავალდებულო აღარ იქნება. ყოველდღიური დანახარჯებისთვის საკმარისი ფული უკვე გექნებათ და სიმდიდრისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა აღარ დაგჭირდებათ. ამასთან, საკუთარი დროის გაკონტროლებასაც შეძლებთ. დახარჯულ დროს ხომ უკან ვერასოდეს დაიბრუნებთ! რატომ უნდა შეალიოთ იგი ვიღაც სხვას, როდესაც შეგიძლიათ, საკუთარ თავს მოახმაროთ და ის აკეთოთ, რაც გიყვართ.
პენსიაზე ადრე გასასვლელად ლატარიაში დიდი ფულის მოგება ან მსუყე მემკვიდრეობის მიღება სულაც არ არის აუცილებელი. ეს არც სწრაფი გამდიდრების სქემაა. ადამიანების უმრავლესობამ ამას მხოლოდ უბრალო მათემატიკის გამოყენებით მიაღწია: გამომუშავებულ თანხას მინუს ხარჯი – სწორედ ეს არის თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობის წყარო.
თქვენი მიზანი ამ შეფარდების საუკეთესო გამოყენებაა. თუ საკუთარი წესებით გსურთ ცხოვრება, ამ მრავალნაცად და სწორ ნაბიჯებს გაეცანით.
1. აკონტროლეთ თქვენი დანახარჯები
ეს სიტყვები ალბათ ძალიან ხშირად გსმენიათ და ნამდვილად ასე უნდა მოიქცეთ! დაფიქრდით, რაც ნაკლებს დახარჯავთ, მით მეტი ფულის დაზოგვას ან ინვესტირებას შეძლებთ. გარდა ამისა, გაცილებით მოკრძალებულ ცხოვრებას შეეჩვევით, რაც სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ახალ ცხოვრებასთან შეგუებას გაგიადვილებთ.
დანახარჯების შემცირების ბევრი განსხვავებული გზა არსებობს:
შეამცირეთ ზედმეტი დანახარჯები
დაფიქრდით, მეტისმეტად ბევრს ხომ არ იხდით საკაბელო ტელევიზიაში; ან სრულიად ტყუილად ხომ არ ეწევით სატრენაჟორო დარბაზის ხარჯებს, რადგან იქ იშვიათად დადიხართ; ონლაინ შოპინგის რომელიმე საიტის წევრი ხომ არ ხართ? ნამდვილად გჭირდებათ ეს ყველაფერი? რაც უცილებელი არ არის, თავიდან მოიცილეთ.
ნაკლები დახარჯეთ ბინაზე
ამის მოგვარებასაც შეძლებთ. იქნებ სულაც არ გჭირდებათ თანამედროვე ბინა ექსკლუზიურ, მაღალსართულიან კორპუსში? სცადეთ ბინასთან დაკავშირებული გადასახადების შემცირება, რასაც ადვილად მოახერხებთ შედარებით მოკრძალებულ ბინაში გადასვლით, ან სხვასთან ერთად ცხოვრებითა და გადასახადების გაყოფით. გაოცებული დარჩებით, რამდენის დაზოგვას შეძლებთ ყოველთვიურად ამ ცვლილებებით.
შეადგინეთ კვების ბიუჯეტი
თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, გარეთ კვება თქვენს დანახარჯებს სწრაფად გაზრდის. ბიუჯეტს შინ კვების შემთხვევაშიც ვერ გააკონტროლებთ, თუ საკუთარ ხარჯებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ.
2. დაზოგეთ გონივრულად
ხარჯების შემცირების შემდეგ გაცილებით მეტი ფული გექნებათ. ეს თანხა ბანკის სარგებლის პროცენტიან შემნახველ ანგარიშზე შეიტანეთ. მოგვიანებით, მისი მეშვეობით, თქვენი ხარჯების დაფარვასაც შეძლებთ და 9-დან 5 საათამდე მუშაობაც აღარ დაგჭირდებათ.
ნახეთ, როგორ ხდება ეს: თუ საკუთარი შემოსავლის 1%-ს დაზოგავთ, ერთი წლის ხარჯების დასაფარი თანხის დასაგროვებლად 99 წელიწადი დაგჭირდებათ; 10%-ის დაზოგვის შემთხვევაში – 9, ხოლო 50%-ის შემთხვევაში – მხოლოდ 1. ასე რომ, იმდენი დაზოგეთ, რამდენიც შეგიძლიათ და იმასაც მიაღწევთ, რომ თქვენთვის მუშაობა სავალდებულო აღარ იქნება.
გაითვალისწინეთ, ფული უფრო მეტი მაშინ გაქვთ, როდესაც არ ხარჯავთ. მოდით, ამ საკითხს ასე მიუდექით: დაზოგვით, მატერიალური პროდუქციის ნაცვლად, დროს იძენთ. როცა არ მუშაობთ, მეტი დრო გრჩებათ ოჯახის, მეგობრებისა და იმ საქმისათვის, რომელიც გიყვართ.
3. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები
ცნობილია, რომ ადამიანი იმას ემსგავსება, ვისთანაც ბევრ დროს ატარებს.
თუ თქვენი მეგობრები ფულს გარეთ ხარჯავენ და ისეთ რამეებს ყიდულობენ, რისი უფლების მიცემაც საკუთარი თავისთვის არ შეუძლიათ, სავარაუდოდ, თქვენც ამ ტიპის ცხოვრების სტილში ჩაგითრევენ. გაითვალისწინეთ, თავს მშვიდად მხოლოდ იმ ადამიანების გვერდით იგრძნობთ, რომლებიც თქვენს ღირებულებებს იზიარებენ, მსგავსი მიზნები აქვთ და ფინანსური დამოუკიდებლობის გზასაც მშვიდად შეუდგებით.
4. კიდევ ერთი სამუშაო
ნაკლები თანხის დახარჯვა და მისი შენახვა კარგია, მაგრამ დამატებითი შემოსავალი მართლაც შესანიშნავი იქნებოდა! შეგიძლიათ, სამსახურში ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ, მაგრამ არც შემოსავლის მეორე წყაროს დამატება იქნებოდა ურიგო, არა?
თქვენს შესაძლებლობებსა და ინტერესებს გადახედეთ. იქნებ რაღაც ისეთი განსაკუთრებული შეგიძლიათ, რაც ადამიანთა უმრავლესობისთვის პრობლემაა?
თუ ასეა, ეს შესაძლებლობა სასწრაფოდ უნდა გამოიყენოთ, რომ მისი საშუალებით გამომუშავებული თანხა გვერდზე გადადოთ.
დაიწყეთ! ამაზე უკეთესს საკუთარ თავს ვერაფერს გაუკეთებთ. შეუდეგით დაზოგვას, ნაკლები დახარჯეთ, თანამოაზრეები გაიჩინეთ და კიდევ ერთი სამსახური მოძებნეთ.
რაც ადრე დაიწყებთ, მით მალე აღმოჩნდებით თქვენს მიზანთან, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და საოცნებო ცხოვრებასთან.