Get All Access for $5/mo

რა დევს ჩემს საფულეში? - ლიკა ხითარიშვილი როგორ ვხარჯოთ რაციონალურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლიკა ხითარიშვილი

"ფინკა ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი

"ფულის (ფინანსების) სწორი მართვა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ფულის დაზოგვის კულტურა ჩემი ინტერესის სფეროა და სადიპლომო პროექტის კვლევაც სწორედ დაზოგვის განმაპირობებელი და ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას დავუკავშირე.

დღევანდელ დღეს ნაღდი ფული მნიშვნელოვანწილად შეცვალა ელექტრონულმა ფულმა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემს საფულეში ყოველთვის არის როგორც პლასტიკური ბარათები, ასევე ნაღდი ფული. მაგალითად, ყოველდღიური ხარჯებისთვის, გარკვეული მიზნისთვის გადადებული/დაზოგილი თანხა, სარეზერვო თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის და შესაძლოა, სხვა ვალუტაც კონკრეტული მიზნისთვის. თითოეულ ამ თანხას თავისი კონკრეტული ადგილი აქვს საფულის სხვადასხვა დანაყოფში. ვფიქრობ, ნაღდი ფულის მენეჯმენტი ადამიანების უმრავლესობას უფრო მეტად უადვილდება, ვიდრე ბარათზე ელექტრონული ფულის მართვა, რადგან ვიზუალური აღქმა სწორ მართვაში გეხმარება.

ბავშვობიდან დამამახსოვრდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის გმირის − ოთარაანთ ქვრივის ხუთი ქისა და მისი ფულის მართვის მეთოდი. გემახსოვრებათ, ერთ ქისაში ინახავდა საოჯახო მეურნეობისთვის დასახარჯ თანხას, მეორეში ვენახის მოსავლელ ფულს (რომელიც საბოლოოდ შემოსავლის მომტანი იყო), მესამეში გადასახადებისთვის საჭირო თანხას, მეოთხეში სხვის მიმართ ვალდებულებების გასასტუმრებლად საჭირო ფულს, ხოლო მეხუთე ქისაში ანაწილებდა ფულს საკუთარი თავისთვის და უქონელთა დასახმარებლად. პირველ ოთხ ქისაში დათვლილი, გადანაწილებული თანხა ჰქონდა, ხოლო მეხუთეში მთლიან დარჩენილ თანხას, დაუთვლელად ინახავდა, რომელსაც დაუთვლელადვე ხარჯავდა, სანამ არ გამოელეოდა.

ჩვენს რეალობაში ეს გადანაწილება, პირადად მე, გადმოტანილი მაქვს როგორც ოჯახის სამეურნეო ხარჯი, ფინანსური ვალდებულებების, ჯანმრთელობასა და პირად საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯი, კულტურულ ღონისძიებებსა და მოგზაურობასთან დაკავშირებული, ასევე საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. პირველ სამ ნაწილს მკაცრად ვაკონტროლებ და შესაბამისად, პრიორიტეტიც ეს სამი კატეგორიაა, დანარჩენ ორში კი დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში ვახდენ ფულის გადანაწილებას.

ფულის რაციონალურად ხარჯვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როცა უამრავი მაცდური შეთავაზება და არჩევანი არსებობს შინიდან/ოფისიდან გაუსვლელადაც კი, ინტერნეტსივრცეში. ამ დროს ძნელია რაციონალურ გეგმას მივყვეთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმილი ბიუჯეტის ჩარჩოებში ვიმოქმედოთ. ჩემი რჩევაა, და მომხმარებლებსაც ყოველთვის ვურჩევთ, გავანაწილოთ თანხა როგორც ყოველთვიური, ასევე ყოველწლიური ბიუჯეტის ფარგლებში. რაიმე ნივთის შეძენამდე, ან ფინანსური ხარჯის გაწევამდე, ყოველთვის ავწონ-დავწონოთ ამ ნივთის საჭიროება, მისი ყიდვის შესაძლო ფინანსური შედეგი და მხოლოდ შემდეგ შევიძინოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას გავფილტროთ აუცილებელი და არააუცილებელი ხარჯები და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ასევე ვფიქრობ, ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენი ბიუჯეტის გარკვეული, თუნდაც მცირე ნაწილით უნდა ვაკეთოთ დანაზოგი გაუთვალისწინებელი ხარჯისა თუ რომელიღაც სამომავლო მიზნისთვის, რადგან ამგვარი დანაზოგები გვეხმარება გარკვეული ფინანსური სტაბილურობის შექმნაში."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს