Get All Access for $5/mo

რა დევს ჩემს საფულეში? - მაკო ჯაოშვილი როგორ ვხარჯოთ რაციონალურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაკო ჯაოშვილი

SEVENT - დამფუძნებელი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი

"ნებისმიერი რესურსი, ეხება ეს ფინანსებს, დროს თუ ენერგიას, რაციონალურად უნდა ვხარჯოთ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ყოველთვის როდი ვაკეთებთ ასე. მე გამოვიარე ცხოვრების ისეთი პერიოდი, როდესაც უყაირათოდ ვანაწილებდი თანხებს, მიმაჩნდა, რომ ფული "იმსახურებს" დახარჯვას. შემდეგ კი, როცა დავესწარი სატრენინგო კურსს "როგორ ვმართოთ ფინანსები გონივრულად", ვისწავლე შემოსავლების განკარგვისა და მოზომილი, აწონ-დაწონილი დანახარჯების შესახებ ოქროს წესი.

ფინანსური რესურსებისადმი გეგმაზომიერი დამოკიდებულების პრინციპული მიდგომა ნიშნავს, რომ წინასწარ გავთვალოთ შემოსავლების მოცულობა, დავადგინოთ ყოველთვიური ხარჯვითი წილი, შევადგინოთ პრიორიტეტების სია და ბიუჯეტი. ამით თანმიმდევრულად ვავსებთ "საფულეს" და არ ვაძლევთ დაცარიელების საშუალებას.

როგორ ვახერხებ ამას?

რამდენადაც ჩემი კომპანიის "ბედი" ძირითადად დამკვეთების მოთხოვნებითაა განპირობებული, მეტ სიფრთხილეს ვიჩენ: ვაზუსტებ, რა სახის შემოსავლებსა და ხარჯებზე გავაკეთო გათვლა. მცირებიუჯეტიანი პროექტის შემთხვევაში, ადამიანური რესურსი და გასაკეთებელი საქმეები ისე გამინაწილებია, რომ სასურველი შედეგისთვის ნაკლები დანახარჯით მიმეღწია. სწორი ბიუჯეტირება ნათლად გვაჩვენებს, როგორ მოვერგოთ არსებულ რეალობას.

როდესაც ფულადი სახსრების ეფექტურად მართვის უნარი შეგვწევს, უფრო მშვიდად, საინტერესოდ და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ვცხოვრობთ. გაცილებით მოგებულნი გამოვდივართ, თუკი შევადგენთ პერსონალურ ფინანსურ სტრატეგიას, რაც უზრუნველყოფს სწორად ხარჯვას და შემოსავლების გაზრდას.

პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ზუსტად ვსაზღვრავ, რა მოცულობა გადავინახო. საშუალოდ, ეს არის შემოსავლის 10-15% დაგროვებითი კაპიტალის სახით, შემდეგ კი ვანგარიშობ თვის განმავლობაში დასახარჯი რესურსის ოდენობას, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილები და შვილიშვილები გვახვევია გარს.

და მაინც, რაში ვხარჯავ დაუნანებლად?! წიგნების შესაძენად ყოველთვის მემეტება თანხა. ეს თვისება მრავალი წლის წინ შევიძინე, როდესაც მხოლოდ თარგმანებში აღებულ შემოსავალზე ვიყავი დამოკიდებული და დღემდე შემომრჩა. ჰონორარის მოცულობის მიუხედავად, თითო ლექსიკონს ან სახელმძღვანელოს მაინც ვყიდულობდი ყოველ ჯერზე. ახლა ვრწმუნდები, რომ თვითგანვითარებასა და განათლებაში ჩადებულმა ასეთმა ინვესტიციამ წლებთან ერთად მნიშვნელოვანი უკუგება მომცა.

გადამიხდია თუ არა დიდი თანხა სამოსში ან აქსესუარში? კი, რა თქმა უნდა. გული მკარნახობს ხოლმე, რომ ხარისხი, ფაქტურა, სტილი ზუსტად ჩემეულია და თვალის დაუხამხამებლად ვიღებ გადაწყვეტილებას. იგივე დამოკიდებულება მაქვს საინტერესო კონცერტზე დასწრების ან რამდენიმედღიანი მოგზაურობის დაგეგმვისას, რომელიც განტვირთვასა და ძალების აღდგენას ემსახურება.

ჩემი რჩევაა: ყოველთვიურად გადადეთ კონკრეტული დანაზოგი, დაფარეთ ხარჯები და ისიამოვნეთ ცხოვრებით."

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი